№7 რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა ლევან გაბაძემ „ლურჯი ვეშაპის“ თემატიკაზე ფილმის გადაღება და სუიციდის რამდენი შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში ბოლო წლებში
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ბოლო წლებია, რაც ქვეყანაში სუიციდი და სუიციდის მცდელობების ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა. ამას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2019 წელს სუიციდისა და სუიციდის მცდელობის სულ 429 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს – 873 შემთხვევა იყო, ხოლო 2017 წელს კი – 630. ადამიანის თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, დაუდგენელია. თინეიჯერებისა და მოზარდების სუიციდის ძირითად მიზეზად თამაშ „ლურჯ ვეშაპს“, იგივე „მკვლელ თამაშს“ ასახელებენ, რომელიც 2016 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. როგორც ამბობენ, თამაში რამდენიმე დავალებისგან შედგება, ბოლოს კი, კურატორის მითითებით, მოთამაშე თავს იკლავს. როგორ ზემოქმედებენ ბავშვებზე ამის დამადასტურებელი წყარო არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს დააკავეს ფილიპ ბუდეიკინი, იგივე ფილიპ „ლისი“, სტუდენტი, ფსიქოლოგი, რომელიც უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ის ამტკიცებდა, რომ „ლურჯი ვეშაპი“ შექმნა. ეს „მკვლელი თამაში“ გახლავთ გლობალური პრობლემა, რომელიც საქართველოსაც შეეხო და სამწუხაროდ, არა ერთი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით... ახალგაზრდა რეჟისორმა, ლევან გაბაძემ გადაიღო მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით – „ლურჯი ვეშაპი“, რომლის მიზანიც ამ პრობლემის პრევენციაა. ფილმმა ეროვნული კონოცენტრის მოწონება დაიმსახურა და მომავალში სხვადასხვა ფესტივალზე წარადგენენ.
ლევან გაბაძე: ფილმის გადაღების იდეა წამოვიდა პრობლემიდან, რომელიც გლობალურია და საქართველოსაც შეეხო. ჩვენ შევხვდით ბევრ ადამიანს, მოვიძიეთ ინფორმაციები, კონსულტაციები გავიარეთ ფსიქოლოგებთან, რადგან ძალიან სენსიტიური თემაა და გვინდოდა, სწორად მიგვეწოდებინა საზოგადოებისათვის. ფილმი, ძირითადად, მოზარდებისთვის შეიქმნა, ამიტომ ფაქიზად შევეხეთ ამ საკითხს. შევხვდით ქალბატონ ნანა ბერძენიშვილს, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა ეს ტრაგედია. სწორედ, მასთან და ფსიქოლოგთან ერთად დავწერეთ ფილმის მთავარი გზავნილი მოზარდებისთვის.
– შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა ისტორიები მოისმინეთ?
– ბავშვები აღწერდნენ, მაგალითად, როგორ ხდებოდა დავალების მიცემა, როგორ აყენებდნენ საკუთარ თავს დაზიანებებს და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევა თითქმის იდენტურია. ბავშვები დაშინებულები გვიყვებოდნენ, რომ მათზე ყველაფერი იცოდნენ და აშანტაჟებდნენ – თუ დავალებებს არ შეასრულებდნენ, მათ ოჯახის წევრებს გაუსწორდებოდნენ. არიან ბავშვები, რომლებიც მწარე მოგონებასავით იხსენებდნენ იმ პერიოდს, როდესაც ჩართულები იყვნენ თამაშში, თუმცა მერე მიხვდნენ, რომ რასაც ეუბნებოდნენ, ყველაფერი ტყუილი იყო. ერთმა ქალბატონმა მიამბო, რომ შენიშნა, როგორ შეიცვალა მისი შვილი – გახდა აგრესიული, უკონტაქტო. ამ ყველაფრის შემდეგ გაუჩნდა ეჭვები და ბავშვს თვალთვალი დაუწყო. მერე შეძლო, რომ პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქალბატონი ნანას მაგალითი გვქონდა და იმდენად რთული საკითხია, გამართლებულად აღარ ჩავთვალე, სხვა ოჯახიც მომეძებნა და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამემძიმებინა.
– რამდენად იქნება ეს ფილმი პრობლემის პრევენცია? თამაშის პოპულარიზაციას ხომ არ შეუწყობს ხელს?
– ფილმი სწორედ თამაშის პრევენციისთვის შევქმენით და არა – პირიქით. ვინც ნახავს, არავინ იფიქრებს, რომ პრობლემის პოპულარიზაციას უსვამს ხაზს. მთავარი მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და არ მოექცნენ ვიღაცის ზემოქმედების ქვეშ. გარდატეხის ასაკში მშობლისთვის რთულია, მოჰკიდო ბავშვს ხელი და ფსიქოლოგთან წაიყვანო ან დასვა და გულახდილად გესაუბროს თავის პრობლემებზე. ამიტომ ვეცადეთ, ყველა მოზარდამდე ეკრანიდან მიგვეყვანა ფსიქოლოგი. თუ მათ აწუხებთ ისეთი რამ, რაზეც ვერავისთან საუბრობენ, ამ ფილმიდან თითოეულ შეკითხვაზე მიიღებენ პასუხს.
– ფილმში როგორ ვითარდება სიუჟეტი?
– სამი სიუჟეტია გაერთიანებული, ეს არის ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ, რეალურად მოხდა და მათზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება. მხატვრული
ფილმისთვის ერთი კონკრეტული ამბავი არ იქნებოდა საინტერესო, ამიტომ გადავწყვოტეთ, რამდენიმე ამბავი გაგვეერთიანებინა და მათზე დაყრდნობით შევქმენით ერთი სცენარი. ფილმის სიუჟეტი ვითარდება საგამოძიებო მოქმედებებზე, ოჯახურ ურთიერთობაზე – ნათლად ჩანს დედა-შვილის დამოკიდებულება, თუ როგორ გადაარჩენს დედა შვილის სიცოცხლეს. ასევე, არის კურატორის თემა, როგორ მოქმედებს ის და როგორ ახერხებს ამ თამაშში ბავშვების ჩართვას. ნახავენ, რომ აღნიშნული თამაშიდან თავის დაღწევა ძალიან მარტივია. ასევე, მარტივია ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება, ყველანაირი ზეწოლის, პრობლემებისა და გართულებების გარეშე.
ფილმისთვის ერთი კონკრეტული ამბავი არ იქნებოდა საინტერესო, ამიტომ გადავწყვოტეთ, რამდენიმე ამბავი გაგვეერთიანებინა და მათზე დაყრდნობით შევქმენით ერთი სცენარი. ფილმის სიუჟეტი ვითარდება საგამოძიებო მოქმედებებზე, ოჯახურ ურთიერთობაზე – ნათლად ჩანს დედა-შვილის დამოკიდებულება, თუ როგორ გადაარჩენს დედა შვილის სიცოცხლეს. ასევე, არის კურატორის თემა, როგორ მოქმედებს ის და როგორ ახერხებს ამ თამაშში ბავშვების ჩართვას. ნახავენ, რომ აღნიშნული თამაშიდან თავის დაღწევა ძალიან მარტივია. ასევე, მარტივია ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება, ყველანაირი ზეწოლის, პრობლემებისა და გართულებების გარეშე.
– როგორც ჩანს, ფილმი, ძირითადად, მოზარდებზეა გათვლილი.
– მთავარი მაინც გარდატეხის პერიოდია, ამიტომ მივიჩნიეთ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ამ საკითხზე. თუმცა ფილმი არ არის მხოლოდ, მოზარდებისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, არის ოჯახურ ურთიერთობებზეც და დედებიც დაინახავენ საკუთარ თავს, იმას, რომ შვილთან ურთიერთობა არაა მეორეხარისხოვანი და ბავშვებისთვის ამ ასაკში ოჯახი ყველაზე დიდი საყრდენია.
– პრობლემა გლობალურია და მსგავს თემატიკაზე კიდევ არის ფილმი გადაღებული?
– არსებობს ბევრი ვიდეორგოლი, რომლებიც ძირითადად, ამ თამაშის წესებს ეხება, მაგალითად, როგორ იკაწრავენ ხელებს. როგორც ასეთი, ფილმი პირველად ჩვენ შევქმენით, რომელიც გახლავთ მხატვრული და არის 15-წუთიანი.
– როდის გაიმართება ფილმის პრეზენტაცია და ფესტივალებზე თუ გეგმავთ გატანას?
– კონსულტაციები ეროვნულ კინოცენტრთან გავიარეთ, ნახეს ფილმი და მათგან დიდი მოწონება დაიმსახურა. გავაკეთეთ ორ ენაზე – ქართულ-ინგლისურად. რა თქმა უნდა, ვემზადებით ფესტივალებისთვის – გვინდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში წარვადგინოთ. ამ ეტაპზე მისი გადაღება და მონტაჟი დასრულებულია. რაც შეეხება პრემიერას, თვის ბოლოს გვექნება.
– ფილმის სკოლებში ჩვენება თუ იგეგმება?
– ამ საკითხზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ზუსტად არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ვფიქრობ, მისი ჩვენება საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი. რაც უფრო მეტი მოზარდი ნახავს, უკეთესია.
– მთავარი გზავნილი ახსენეთ და რა იგულისხმეთ?
– რატომ ერთვებიან ბავშვები თამაშში? იმიტომ, რომ ეს არის ინტერესი და ცნობისმოყვარეობა, შემდეგ კი ხდება ჩათრევა. ამ ფილმიდან ისინი დაიკმაყოფილებენ იმ ცნობისმოყვარეობას, რაც ამ საკითხის მიმართ აქვთ. მთავარი გზავნილია ინფორმაცია – როგორ უნდა შეძლონ თავის დაღწევა ამ ყველაფრისგან. მთავარი სათქმელია ის, რომ კურატორს არ აქვს არანაირი ბერკეტი, არავითარი ძალა და მათზე მანიპულირება უბრალო სიტყვებით ხდება.
– „მკვლელი თამაშის“ რამდენი სავალალო შემთხვევაა საქართველოში დაფიქსირებული?
– ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, თუმცა ქალბატონი ნანა ყოველდღიურად ჩართულია ამ საქმეში, შეხვედრები აქვს ბავშვებთან, მშობლებთან და მისი თქმით, სამწუხაროდ, არ განელებულა მოზარდების ინტერესი ამ თამაშის მიმართ. საერთო სურათიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ, ეს თამაში დღესაც ძალიან დიდი პრობლემაა მოზარდებისთვის.
– ეს თქვენი პირველი ნამუშევარია?
– არა, დაახლოებით ათი წლის წინ გადავიღე პირველი ფილმი, რომელიც ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო და ისიც სოციალურ საკითხს ეხებოდა. მაშინ საქართველოში ჩატარდა ფესტივალი, სადაც ჩემი ფილმი წარვადგინე და პირველი ადგილი ავიღე. ამის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, თუმცა მეტწილად მაინც ამ სფეროში ვიყავი: სარეკლამო რგოლებსა და დოკუმენტურ ფილმებზე ვმუშაობდი. ამ ფილმით მინდა, რომ ჩვენი სათქმელი თითოეულ ბავშვამდე მივიდეს და დავეხმაროთ მათ, გაიგონ, სიცოცხლე ღირებულია და არაფრის შეეშინდეთ!