№7 რომელი კერძების მირთმევისგან უნდა შევიკავოთ თავი კორონავირუსის მძვინვარების პერიოდში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კორონავირუსისგან მომავალი საფრთხე უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია და რისკების შესამცირებლად თუ თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რჩევები, რომლებსაც კომპეტენტური ადამიანები გვაძლევენ.
დავით ნანობაშვილი (ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი): კორონავირუსის გავრცელებასთან მიმართებით, ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ის, თუ როგორ მოახერხებს ჩინეთის მთავრობა დაავადებულების კარანტინში მოქცევას. ასევე, ის ქვეყნები, რომელშიც ვირუსი დაფიქსირდა. მინდა, გითხრათ, რომ ებოლა, თავისი აგრესიულობით, არათუ ჩამოუვარდება კორონავირუსს, პროცენტულად, უფრო მეტი მსხვეპლიც მოჰყვა. მაგრამ ებოლავირუსი არ გავრცელდა მსოფლიოში ასეთი მასშტაბით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო – აფრიკელები არ გადაადგილდებიან ისე მასობრივად, როგორც ჩინელები. ჩინელები ძალიან ბევრი არიან, გადაადგილებაც ძალიან უყვართ და შესაბამისად, ვირუსის გავრცელებაც ძალიან სწრაფად მოხდა. ებოლას შემთხვევაში, ერთი კარანტინიც საკმარისი გახდა, იმისთვის, რიმ აფრიკის გარეთ მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულიყო. არავინ თქვას, რომ მწვანე ზონაში ვართ და კორონავირუსის საფრთხე არ გვემუქრება. ჩვენ გვაქვს დიდი პროექტი რიკოთის უღელტეხილზე – სწრაფმავალი ავტობანის მშენებლობის სახით, რომელსაც ჩინური კომპანია ასრულებს და დასაქმებული ჰყავს ჩინელები. ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ჩინური ახალი წლის შესახვედრად სამშობლოში იყვნენ წასულები და ამიტომ, რისკი საკმაოდ დიდია. უბრალოდ, იმედი გვაქვს, რომ ამ ხალხმა ვერ მოასწრო უკან დაბრუნება და კარანტინი შედეგს გამოიღებს. იქ სამედიცინო პერსონალიც არ არის დაცული. ჩინეთში საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო პერსონალის დაავადების და სამწუხაროდ, ლეტალური დასასრულისაც. საეჭვოა, რომ ჩვენ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გვექნება. მთავარია, მოსახლეობის მზაობა და განათლებულობა იყოს შესაბამისი.
– რისი ცოდნა დაგვეხმარება?
– რისკებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ასაკობრივი ფაქტორის გათვალისწინება. ვიცით, რომ ჩვილ ბავშვებს იმუნიტეტი არ აქვთ და ისინი დედაზე არიან დამოკიდებულები. დედებმა, რომლებსაც ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ ექვს თვემდე ბავშვი, მაქსიმალური უნდა გააკეთონ ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად. უნდა მისცენ იმუნომოდულატორები. ჩვილებთან და მეძუძურებთან ერთად რისკის ქვეშ არიან ახალნამშობიარები დედებიც. 6-დან 24-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში იმუნიტეტი ძლიერია, ამიტომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, რისკი ძალიან დაბალია. არ გამიგია, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვინმეს სიცოცხლე ლეტალურად დასრულებულიყო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, თითქოს, ახალგაზრდები გარანტირებული არიან, რომ არაფერი დაემართებათ. მით უმეტეს, საფრთხის ქვეშ არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც ხშირად იყენებენ ალკოჰოლს, ნარკოტიკულ საშუალებებს. ბევრს ჰგონია, რომ მარიხუანა ზიანს არ მიაყენებს მათ. მაგრამ ნარკოტიკული საშუალება, რა ფორმითაც არ უნდა გამოიყენო, მკვეთრად დაბლა სწევს იმუნურ სისტემას, ხშირ შემთხვევაში კი, ანგრევს. ამიტომ, მისი მომხმარებლები ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან. რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც გადიან ჰორმონალურ მკურნალობას, აქვთ ონკოდაავადებები და მათი იმუნური სისტემა შერყეულია. ეს ადამიანები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ. ჩვენი მთავრობა და მერია უფრო მკვეთრად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. სისულელეებში ყრიან ფულს, როცა ამ თანხით ბევრი მნიშვნელოვანი რამის გაკეთება შეიძლება. ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობის გაწირვაა.
– ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თვე-ნახევარი – ორი თვე მოვერიდოთ ხალხმრავლობას. თუმცა, გვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და სასურველია, გამოვიყენოთ ნიღბები, მხოლოდ იქ და არა ღია ცის ქვეშ, სადაც აზრი არ აქვს მათ გამოყენებას. არსებობს ოქსოლინის მალამო, რომელიც საკმაოდ კარგად დაგიცავთ, თუ ქუჩაში გასვლის ან მეტროში ჩასვლის წინ ცხვირში ამოისვამთ. ნიღაბი გარანტია არაა, ის იცავს, მაგრამ არა ჰერმეტულად. ამიტომ ეს მალამო კარგი საშუალებაა, თუმცა თბილისში აფთიაქებში უკვე აღარაა. შარშანაც ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება ნებისმიერი ვირუსის დროს მიზანშეწონილია. ძვირად ღირებული არაა, მისი მომარაგება პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს და ასე რომ არ ხდება, ნიშნავს, რომ მთავრობა, უბრალოდ, არ ზრუნავს ხალხზე. სურვილი არ აქვთ რამის გაკეთების და იმას ვერ ხვდებიან, რომ ისინიც იმ გარმეოში ცხოვრობენ, რომელშიც ჩვენ და შეუძლებელია, იზოლაციაში მოექცნენ. თუ ინფექციის აფეთქება მოხდა, პირობას გაძლებთ, ვერც ისინი გაასწრებენ.
ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, რომლებიც ჩვენ გვიტევენ, ერთი პრინციპით მოქმედებენ – ისინი ელოდებიან ჩვენს ორგანიზმში გარკვეული კონცენტრაციის შექმნას და მერე გადმოდიან შეტევაზე. ანუ, რაღაც დოზით რომ მივიღებთ ვირუსებს, ის შემდეგ იწყებს ჩვენს ორგანიზმზე შეტევას. ნიღაბი ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დახმარებით, რაც უფრო ნაკლებ ვირუსს მიიღებ, მით უფრო კარგად გაუმკლავდება თქვენი იმუნური სისტემა კორონავირუსს. წარმოიდგინეთ, ხართ სახელმწიფო და გყავთ ასიათასიანი ჯარი. თუ ოცდაათიათასიანი მტერი შეგიტევთ ასიათასიანი ჯარით გაუმკლავდები. მაგრამ თუ ნახევარი მილიონი შეგიტევთ, ან გაუმკლავდებით, ან ვერა. ანუ, მნიშვნელოვანია, რამდენი ხანი ხართ კონტაქტში იმ ადამიანთან, ვისაც კორონა ან სხვა ვირუსი აქვს. რაც შეიძლება, ნაკლები კონტაქტი უნდა გვქონდეს ადამიანთან, ვისგანაც შეიძლება, ვირუსები მივიღოთ. მეტრო დახურული სივრცეა და ვერსად გავექცევით, ამიტომ ოქსოლინი და ნიღაბი ერთ-ერთი გადამრჩენელია. მაგრამ, როცა ასეთი ადგილიდან გამოდიხარ, ის ნიღაბი უნდა გადააგდოთ, რადგან მასზე ვირუსი რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ვირუსი მარტო ცხვირიდან და სასუნთქი გზებიდან კი არა, ლორწოვანიდანაც ხვდება ჩვენს ორგანიზმში, მათ შორის თვალის ლორწოდანაც. დავუშვათ, ნიღაბი გეკეთათ მეტროში, ვიღაცამ ახველა, აცემინა, დაგროვდა ვირუსები ამ ნიღაბზე, შემდეგ მოიხსენით სახიდან და გადააგდეთ, მაგრამ ხელი არ დაგიბანიათ და თვალში ამოისვით. დამთავრდა, ეს ვირუსები მოხვდა სისხლძარღვებში. ამიტომ ხელები ძალიან ხშირად იბანეთ, ხანდახან ზედმეტად ხშირადაც. მით უმეტეს, ვისაც ნაწლავის ფლორა არ აქვს მწყობრში. დისბაქტერიოზის დროს ვირუსები უფრო აქტიურად ახერხებენ ჩვენს ორგანიზმში შემოჭრას, ამიტომ კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებიც რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან.
– ოჯახის პირობებში რა საშუალებები შეგვიძლია გამოვიყენოთ?
– ძალიან მარტივია ოჯახის პირობებში გამოიყენოთ დიდი რაოდენობით უჯრედისი, რომელიც შედის ვაშლის (ზოგადად, ხილის) და ბოსტნეულის შემადგენლობაში. მწვანილი, ხახვი დაგეხმარებათ ნაწლავის დაცლასა და გასუფთავებაში. ხახვი და ნიორი ძალიან კარგი საშუალებებია, ისინი კლავენ ვირუსებსა და ბაქტერიებს, მათი დაჭრის ან გახეხვის დროს გამოიფრქვევა ძალიან სასარგებლო ნივთიერებები – ფიტონციტები, რომელიც ძალიან ეფექტურია ვირუსებთან საბრძოლველად. ცოტ-ცოტა ნიორი რომ დავუმატოთ საკვებს ძალიან დაგვეხმარება. მხოლოდ სახლში კი არა, სამსახურშიც თუ გამოიძახებთ საკვებს, კარგი იქნება, თუ ერთ კბილ ნიორს იქონიებთ და ჩაახეხავთ. ჩაიში კი შეგიძლიათ, მცირე რაოდენობით ჩაახეხოთ კოჭა, ჯინჯერს რომ ვეძახით – ძალიან კარგი ეფექტი აქვს.
ისე, როგორც არასდროს, მოერიდეთ ზოგი საკვები პროდუქტის მიღებას, მაგალითად სუშის. ძალიან გემრიელია, მაგრამ ის მზადდება უმი თევზისგან, რაც ისედაც რისკია. სწორედ ამიტომ მოაქვთ სუშისთან ერთად ვასაბი და კოჭის მჟავე, ასე თუ ისე, ორივე პარაზიტებს კლავს. პარაზიტებთან ერთად, მასში შესაძლოა, იყოს ვირუსიც, რადგან ასეთ დაწესებულებებში, ძირითადად, აღმოსავლეთიდან ჩამოსული ადამიანები მუშაობენ. არც ის ვიცით, ვირუსი, რომელ პროდუქტში რამდენხანს ინარჩეუნებს სიცოცხლისუნარიანობას. ამიტომ ჯობს, საერთოდ, მოვერიდოთ მათ მიღებას.
სპირტი კლავს ვირუსს, ამიტომ ხელების გაწმენდა ან ნივთების დამუშავება საფრთხისგან დაგიცავთ. თერმული დამუშავებაც ძალიან სასარგებლოა. თუ სამსახურიდან მოდიხარ, თონის პური იყიდე ხელდაუბანელმა ან გვერდზე ვინმემ დაახველა და არასათანადოდ შეფუთული პური დაბინძურდა, მიიტანეთ სახლში და გადაატარეთ ყველა მხრიდან გაზის ცეცხლზე, რითაც ყველა ბაქტერია და ვირუსი დაიღუპება. სახლში შესვლისთანავე გამოიცვალეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და შეკიდეთ კარადაში, დახურულ სივრცეში. ხელები დაიბანეთ და პირველ რიგში, გაწმინდეთ თქვენი ტელეფონები სამედიცინო სპირტიანი საფენით. ეს დღეში რამდენჯერმე გააკეთეთ. ეს ხელსაწყო ყველაფერს იკრავს, ჩვენ კი ჩვენი სახის ცხიმით მას კარგად ვაკონსერვებთ და ეკრანზე ყველაფერი ფენებადაა დალექილი. ასე რომ, სახლში მისვლისას თუ მას არ გაწმენდთ, ჩათვალეთ, ტანზე გამოცვლა და ხელის დაბანა ფუჭია. კარგია, იმუნომოდულატორების მიღება, მარტო კორონავისრუსის წიანაღმდეგ კი არა, ის, ზოგადად, სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.