№7 მიმბაძველი
მწერლები ერთმანეთს ხშირად ორაზროვანი ფრაზებითა და რითმებით ეხუმრებოდნენ ხოლმე, რაშიც საკმაოდ ღრმა, ფარული აზრი იყო ჩადებული.
1937 წელია. მწერალთა კავშირის დარბაზში „ხალხის მტრებს“ მიწასთან ასწორებენ. ოცკაციან პრეზიდიუმში გოგლა ლეონიძეც იჯდა, რომელმაც თვალი მოჰკრა დარბაზში მჯდომ კონსტანტინე გამსახურდიას. მან სტალინის საყვარელი, ძვირად ღირებული პაპიროსი – „გერცეგოვინა ფლორი“ ამოიღო და გააბოლა. იმ პერიოდში კი მისი მოწევა შეიძლება, ბელადის მიბაძვად და შეურაცხყოფად მოენათლათ. ასეთი საქციელი კი დახვრეტას თუ არა ხანგრძლივ პატიმრობას მაინც ითვალისწინებდა. გოგლა „წაეკაიფა“ მეგობარს, ფურცელზე დაწერა: „გერცეგოვინა მოწია, ნეტავ ვის ბაძავს კოწია?“ და კონსტანტინეს გაუგზავნა. გამსახურდიამ ბარათი წაიკითხა და ბერიასთან მეგობრობით გულმოცემულმა, მეორე გვერდზე მიუწერა: „ყველა სამშობლოს მტერია, ვისაც არ უყვარს ბერია...“ – ანუ ტყუილად ყურებზე ხახვსაც ვერავინ დამაჭრისო.