კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 რატომ მოითხოვა სამშობლოდან გაქცეულმა ელიგუმ ორბელმა საქართველოსთან ახლოს ცხოვრება

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  ისტორიკოს სტეფანოს ორბელიანის წინაპარი, ივანე ორბელი დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი იყო. 1110 წელს დავით მეოთხე სელჩუკთა ყურადღების მოსადუნებლად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მტრისგან ფარულად, გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი და სარდლები, აბულეთი და ივანე ორბელი, გაემართნენ და „მოიპარეს სამშვილდე“. ესე იგი, მოულოდნელად, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგად, სწრაფად აიღეს სამშვილდის ციხე-ქალაქი და საქართველოს დაუბრუნეს.
  ივანე ორბელის ვაჟი, ასევე სახელგანთქმული სარდალი, ამირსპასალარი სუმბატი, სიცოცხლის ბოლოს, სვიმონის სახელით, ბერად შემდგარა ბეთანიის ანუ მართლმადიდებლურ, ქართულ მონასტერში. მაშასადამე, მართლმადიდებელი, ქართველი იყო.
  მისი ვაჟი, ივანე ამირსპასალარი, აუჯანყდა გიორგი მესამეს და დემნა უფლისწულის გამეფებას ითხოვდა. ივანეს ასული დემნას მეუღლე იყო. მაშასადამე, ივანეც მართლმადიდებელი იქნებოდა, რადგან მამა მართლმადიდებელი ჰყავდა და ასულიც. საქართველოს უფლისწული ცოლად ვერ მოიყვანდა არამართლმადიდებელს. მართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდებელს ჯვარს არ სწერს სხვა სარწმუნების წარმომადგენელზე (ასევე იქცევიან სომხებიც სხვა აღმსარებელთა მიმართ). მეფისწულები, მით უმეტეს, სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებზე ვერ ქორწინდებოდნენ. ევროპის მონარქისტულ (და არამონარქისტულ) ქვეყნების სამეფო ოჯახებში ახლაც ასეა.
  როგორც გვიამბობს გასომხებული ორბელების წარმომადგენელი, არმენთა მიტროპოლიტი და ისტორიკოსი, სტეფანოს ორბელიანი, გიორგი მესამემ აჯანყების წამოწყებისათვის დასაჯა ორბელთა საგვარეულო. გადარჩა მხოლოდ ამირსპასალარ ივანე ორბელის ძმა, ლიპარიტი, თავის ორ ძესთან, ელიკომთან (ელიგუმ, ელიკუმ) და ივანესთან ერთად. ისინი უცხოეთში ყოფილან წასული მეფე გიორგის წინააღმდეგ აჯანყებისთვის სამხედრო დახმარების მოსაპოვებლად, ადარბადაგანისა და ჩრდილოეთ ირანის დიდ ათაბაგთან. ივანეს ძმა ლიპარიტიც მართლმადიდებელი იქნებოდა. ლიპარიტი და მისი ვაჟები საქართველოში ვერ დაბრუნდნენ, სიკვდილით დასჯა ელოდათ. მალე ლიპარიტი დარდით გარდაცვლილა.
  აჯანყების დამარცხების მომდევნო, 1178 წელს, მეფე გიორგიმ, თავისი ასული თამარი თანამეფედ გამოაცხადა. როგორც გვიამბობს სტეფანოზი, ორბელების სახელი აიკრძალა ჩვენს ქვეყანაში. ალბათ, სინამდვილეშიც ასე იქნებოდა, რადგან, მეფის წინააღმდეგ აჯანყება სამშობლოს ღალატად ითვლებოდა და ეს არ ეპატიებოდათ.
  1184 წელს გარდაიცვალა მეფეთ მეფე გიორგი მესამე. ივანე ლიპარიტის ძე ორბელი შემოეხვეწა მეფეთა მეფე თამარს და სთხოვა, დაებრუნებინათ სამშობლოში. თამარმა  შეიწყნარა, დააბრუნა ივანე ორბელი საქართველოში და დაუბრუნა ორბეთის ციხე.
ივანე ორბელის ძმა, ელიკომ ლიპარიტის ძე ათაბაგთან დარჩა. სტეფანოს ორბელიანის თქმით, ის დაწინაურებულა ათაბაგის კარზე. შემდეგ, ელიკომისვე მოთხოვნით, გადაუყვანიათ ნახჭევანში, რათა საქართველოსთან უფრო ახლოს ყოფილიყო.
  ათაბაგმა შეუსრულა თხოვნა: „ამისთვის ინება ათაბაგმან და მისცა მას ციხე ერინჯაკისა, რომელი არს ალინჯა, ჯაჰუკი და ქარვასლა ნახჩევანისა და სხვა მრავალი საბოძვარი, და დაადგინა იგი ძალმთავრად მხარესა მას. რამეთუ გაეყო ქუეყანა თვისი ძეთა თვისთათვის და მიეცა ხორასანი, არაყი და ქუემოთი კერძო სპარსეთისა ყიზლ-არსლანისთვის, ხოლო ზემორე მხარე სპარსეთისა ადრაბადაგანი, ესე იგი ადრიბეჟანი, ირანი, რომელი ზემორე ვსთქვით, და ნაღჩივანი მიეცა ფალავანისათვის. ამისთვის იპყრა ხელი ამისი და მისცა ელიკომს, შეუთვალა მას: „შენ ექმენ მაგას მამად და ეგე იყოს შვილი შენი“. და წარგზავნა იგი მრავლითა უნჯითა და ჩინებულითა დიდებითა ქალაქსა მას ნახჩივანს“.
  სტეფანოს ორბელიანის ეს სიტყვები, თითქოს, ელიკომს ჩააბარა ათაბაგმა თავისი ძე, გადაჭარბებული უნდა იყოს. სტეფანოსი ძალიან აქებს წინაპარს.
ალბათ, იქ გასომხდა ორბელთა ეს შტო. რადგან, სტეფანოს ორბელიანის თქმით, ნახჭევანში ყოფნისას ელიკომ ორბელს მასთან მოუწვევია სომხური ეკლესიის სივნიეთის ეპისკოპოსი, სტეფანე გრიგოლის ძე.
  სტეფანოსი წერს: „მაშინ მოვიდა ელიკომ და დაიპყრა საზღვარი იგი, უხმო ეპისკოპოსსა სევნიელთასა უფალსა სტეფანეს, ძესა უფლისა  გრიგოლისსა, დიდითა მხიარულებითა მიიღო იგი, დაეცა წინაშე მისსა და აღიარა შეცოდებანი თვისნი დიდითა შენანებითა და სთხოვდა მას ჰსჯულსა. და დასდვა თავსა მისსა ხელი და აკურთხა იგი“.
ესე იგი, სომეხთა ეპისკოპოსმა დალოცა ელიკომი და შეუნდო შეცოდებანი.
  ელიკომის მიერ სომხური ეკლესიის წარმომადგენელთან დაკავშირება, შეიძლება, ქართველებისადმი გაბრაზებით იყო განპირობებული და არ უნდოდა ქართული ეკლესიის წიაღში დაბრუნება. საქართველოდან გაქცეული ორბელები, თავისთავად ცხადია, მეფე გიორგის ადანაშაულებდნენ და არა საკუთარ თავს. სომხეთის ეკლესიის მიტროპოლიტი, სტეფანოს ორბელიანი, ობიექტური ვერ იქნებოდა,  თავისი წინაპრების დამცველი გახლდათ და არა გიორგი მეფისა.
სივნიეთი, იგივე სიუნიქი (სისაკანი) სომხური ოლქია, სევანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიწებზე. თამარ მეფის ჯარებმა, როგორც წერს სტეფანოს   ორბელიანი, აიღეს და საქართველოს შეუერთეს სომხური ტერიტორიები (თითქოს მხოლოდ მხარგრძელების დამსახურებით) და ჩამოთვლის მათ:
„გამოიხსნეს ქუეყანა სპარსთაგან. აიღეს არანიდამ, რომელი არს ქალაქი ერთი მცირისა სომხითისა, ვიდრე ქვემო ბასენამდინ და ბარკუშატიდამ მაჟნაკერტამდის, აიღეს ყარსი, ვაღარშაკერტი, რომელსა ეწოდება, აწცა ვალაშკერტი, კაღზევანი, მარი, ანის ქალაქი, ანბერდი, ბიჯნი, გარნი, დვინი, ქალაქი განძაკი, რომელი არს განჯა, ჰერი, შამქორი. შაქი, რომელი ზემორე ვსთქვით, ბარდა და ჩარაბერდი. ხოლო აიღეს წელსა უფლისასა 1211 სივნელთ ქუეყანა: ოროტნი, ბარდა, ბღენი, ბარკუშატი, თუმცა სხვასა და სხვას რიცხვში აიღეს, გარნა ერთობით ამათ განათავისუფლეს მწარისა მონობისაგან უსჯულოთასა“.
ესე იგი, სომხური ტერიტორიები დაიხსნესო, აღიარებს სტეფანოსი.
  ელიკომს არ სურდა დაქორწინება მაჰმადიანზე, უნდოდა დაქორწინებულიყო სომეხზე. სტეფანოს ორბელიანი წერს:
  „ამის შემდგომად ეძიებდა ელიკომ ქორწინებასა, და ვერა რომელსა ჰპოვებდა ქრისტიანეთაგან შესაფერსა თვისაა, რათა ქვეყანა იგი ჯერეთ სპარსთა მთავროებისა ქუეშე იყო. რომლისთვის ინება მძახლობა სევნელთ ეპისკოპოზისა უფლისა სტეფანესი და  დისწული მისი ჭაჰუკს, რომელ და მისი იყო, მეუღლე აზნაურისა და მდიდრისა ერთისა ჭაჰუკელისა, რომელსა ეწოდებოდა აბაზ. რომელ დიდისა მხიარულებითა თავს-ისხა ეპისკოპოსმან, ისიძა იგი და მისცა მას ქალი იგი შვენიერი. და მიეცა მისგან ძე ერთი უტურფესი, რომელსა ეწოდა სახელი მამისი თვისისა ლიპარიტ“.

скачать dle 11.3