კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 უალერსოდ დარჩენილი ქალები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

დასარული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #5-6(997)
– ასე უბრალოდ, ადექი და აჩუქე გარდაცვლილი დედის სახსოვარი? – მანანიკო აშკარად დააინტერესა ჩემმა ამბავმა.
– ჰო, ასე უბრალოდ, – გამეღიმა მე.
– და აპატიე? ყველაფერი აპატიე?
– ჰო, ყველაფერი.
– და არასდროს გინანია?
– არასდროს, – ვთქვი დარწმუნებით, რადგან ნამდვილად ასე იყო.
– მე ამას ვერ შევძლებდი. უფრო სწორად, არ ვიზამდი. რასაც მე არ გაგიკეთებ, იმის გაკეთებას არც შენ გაპატიებ. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის საქციელზე.
– ჰო, მაგაში ნამდვილად გეთანხმები, – ვთქვი ორაზროვნად.
– მერე რა მოხდა? – მკითხა ბაბიმ, რომელიც დაძაბული მაკვირდებოდა, თითქოს ხვდებოდა, რომ რაღაც მძიმე გადაწყვეტილება მქონდა მიღებული.
– რომელ „მერე“, მაშინ, კლასში?
– ჰო. ის ამბავი როგორ გაგრძელდა, შენ და მარიკა ისევ მეგობრებად დარჩით?
– შენ წარმოიდგინე, რომ დავრჩით. მართალია, თავიდან გვქონდა რაღაც დაძაბულობა და გაუცხოება, მაგრამ მერე თანდათან ყველაფერი მოგვარდა.
– ის მედალიონი?
– აი, ის მედალიონი, – ყელზე ჩამოკიდებული მედალიონი დავანახვე ბაბის.
– გეხვეწები, მაჩვენე, რა! – ისე გულით შემეხვეწა, უარი ვეღარ ვუთხარი. მოვიხსენი და გავუწოდე.
– შეიძლება, გავხსნა?
 თავი დავუქნიე. ბაბიმ მედალიონი გახსნა და იქ ორი სურათი დახვდა.
– დედაშენი რომელია?
– მარჯვნივ რომაა.
– მეორე ვინ არის? – იკითხა გაოცებულმა მანანიკომ.
– მეორე მარიკაა. გაგიკვირდათ, არა? მარიკა სამი წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით. სიკვდილის წინ ძალით დამიბრუნა ეს მედალიონი თავისი სურათით. მანამდეც არაერთხელ სცადა დაბრუნება, მაგრამ არ ვართმევდი.
– კი მაგრამ, იმის მერე, რაც მაშინ გაგიკეთა, როგორღა განაგრძო შენთან მეგობრობა?
– მე განვაგრძე. ვგრძნობდი, რომ მაშინვე მოინანია. მთელი ცხოვრება სინანულში იყო.
– უცნაური ადამიანი ხარ, – თვალზე ცრემლი მოადგა ბაბის, – მე ალბათ ამას ვერ შევძლებდი.
– დათო? – იკითხა უცებ მანანიკომ.
– რა დათო? – ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა.
– დათო საერთოდ აორთქლდა შენი ცხოვრებიდან?
– პრინციპში, ჰო. იმ დღის მერე დათოც, მეც და მარიკაც სხვადასხვა სკოლაში გადავედით, მაგრამ დათო ხშირად მირეკავდა ხოლმე. მე ისევ მიყვარდა, თუმცა არ ვუმხელდი. ერთ დღეს კი, უკვე სტუდენტობისას, თვითონ ამიხსნა სიყვარული: დილით, ლექციებზე რომ მივდიოდი, სადარბაზოსთან დამხვდა ყვავილებითა და ბეჭდით, სიყვარულში გამომიტყდა და ხელი მთხოვა... – მე მოგონებებმა წამიღო და გავჩუმდი.
– მერე? – ვეღარ მოითმინა მანანიკომ.
– მე ბედნიერებისგან კინაღამ ცაში ავფრინდი და ტირილი დავიწყე.
– მერე? გაჰყევი ცოლად?
– არა. მინდოდა, ეს მოულოდნელი ბედნიერება გამეხანგრძლივებინა და ვთხოვე, ერთი-ორი თვე მაინც ვიყოთ შეყვარებულები-მეთქი და ისიც დამეთანხმა. ბეჭედი კი მაინც გამიკეთა თითზე.
– მერე? – იკითხა ბაბიმ.
– მერე არაფერი, – ვთქვი ჩუმად და ტირილი ძლივს შევიკავე, – ორი თვე ვხვდებოდი, მართლა უბედნიერესი გოგო ვიყავი. ერთ დღეს კი დამირეკა და მითხრა, ცოლი შევირთეო. ხმა არ ამომიღია, მაშინვე უკან გავუგზავნე ბეჭედი საერთო ნაცნობის ხელით, მაგრამ არ გამომართვა – ჩვენი სიყვარულის სახსოვრად გქონდესო.
– ეს ბეჭედია? – ბაბიმ თანაგრძნობით შემხედა და მერე ჩემს ბეჭედს შეავლო მზერა.
– ჰო. სულ მიკეთია. თავიდან განვიცდიდი, მაგრამ უკვე შევეჩვიე.
– დათოს გამო აღარ გათხოვდი? – ისევ თანაგრძნობა დავიჭირე ბაბის ხმაში.
– უბრალოდ, აღარავინ შემყვარებია, – თავი ავარიდე პირდაპირ პასუხს.
– არც ახლაა გვიან. 38 წელი სწორედ ის ასაკია, როცა ქალი ყველაზე „აპეტიტნია“. აბა, ბალზაკი სულელი კი არ იყო, ერკვეოდა ბიჭი ქალებში! – ვითომ გამამხნევა გულჩვილმა ბაბიმ და მალულად მოიწმინდა ცრემლი, – ოღონდ, არ მითხრა ახლა, შენ რატომ არ თხოვდებიო. ჯერ ერთი, მე სულ სხვა სიტუაცია და პრობლემები მაქვს და, თანაც, არც ჩემს კართან დამდგარა ხელის მთხოვნელთა რიგი. საერთოდ, ყველაფერი ბედზეა დამოკიდებული, – ამოოხვრით თქვა ბაბიმ ყველაზე გაცვეთილი და ტრაფარეტული ფრაზა, მერე კი დაამატა: – და ადამიანის მიერ ჩადენილ შეცდომებზე.
– იმის მერე დათო აღარ გინახავს? – მკითხა მანანიკომ, – ეკონტაქტებით ერთმანეთს?
– შემთხვევით ქუჩაში თუ შევხვედრივართ, – ვთქვი მშვიდად, – ერთი-ორჯერ დამირეკა, შობა და 8 მარტი მომილოცა, სულ ეს იყო.
– ისევ იმ ცოლთან არის?
– არ ვიცი და არც მაინტერესებს. იმას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი.
– და იმასაც აპატიე? – უცებ აფეთქდა მანანიკო.
– ჰო, ეგრე გამოვიდა.
– შენ იმიტომ გაჩნდი ამქვეყნად, რომ პასუხი არავის არაფერზე მოსთხოვო და ყველას ყველაფერი აპატიო? – არ ცხრებოდა მანანიკო, – და, საერთოდ, არსებობს ადამიანი, ვისაც რამეს არ აპატიებ?
– ჩემი აზრით (ამას ახლახან მივხვდი), პატიების უნარი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭია და მიხარია, თუ ამ ნიჭის რაღაც მარცვალი მეც გამაჩნია. მაგრამ ჩემი ეს უნარი სულაც არ არის უსასრულო და ამოუწურავი.
– ვაშა! – ტაში შემოჰკრა მანანიკომ, – ესე იგი, დადის ამ ცოდვილ მიწაზე ადამიანი, რომელსაც შენ შეცდომას ვერ ან არ აპატიებ. ასეა?
მე თავი დავუქნიე.
– ღმერთო ჩემო, როგორ მაინტერესებს, ვინ არის ის ბედისგან განწირული! ჩვენ არ გვეტყვი?
– გეტყვით, მანანიკო, სწორედ ამის სათქმელად მოვედი აქ, – მე ღრმად ამოვისუნთქე და დაძაბულმა განვაგრძე: – ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ შენ ხარ ის ადამიანი!
– მე?! მე რა მჭირს შენი საპატიებელი? – რამდენიმეწამიანი გაოგნების შემდეგ უცებ აფეთქდა მანანიკო, – შენ თუ რაღაცები გელანდება, ეგ შენი პრობლემაა. არ გინდა ჩემთან მეგობრობა? გზა მშვიდობისა, კალთებს არავინ დაგახევს. იმ ვიღაც მარიკამ რა არ დაგწამა, რა არ მოგიგონა, გაგქურდა, მიწასთან გაგასწორა და იმას აპატიე, მეგობრობაც კი განაგრძე მასთან, მე კი ასეთი რა დავაშავე?
– ის მაშინ ბავშვი იყო, სისულელით მოუვიდა ყველაფერი და მერე სიცოცხლის ბოლომდე სინანულში იყო. შენ კი, შენ რა ქენი? ფული დაკარგე და შენს უახლოეს დაქალებზე მიიტანე ეჭვი. თან, როგორ მოიქეცი? ყავაზე დაგვპატიჟე სამივე, მერე ძაღლიანი პატრული დაგვაყენე თავზე, ორი მეზობელიც კი შემოიყვანე მოწმეებად, კარი ჩაკეტე და, ისე, რომ არც კი გაწითლებულხარ, ჩხრეკა და დაკითხვა მოგვიწყვეს სამართალდამცველებმა შენ თვალწინ, შენს სახლში და შენი დავალებით. მე სულაც არ ვაპირებდი შენთვის ასეთი ახსნა-განმარტების მოცემას, მაგრამ თვითონ მაიძულე. შენ ჩვენში ეჭვი შეიტანე, სულში ჩაგვაფურთხე... მეტს აღარ გავაგრძელებ. ახლა თავად ბრძანე, რა ჰქვია ამას?
– მერე, არ აღმოვჩნდი მართალი? არ აღიარა ქალბატონმა ქურდობა და არ მომიტანა მეორე დღეს მამამისმა ჩემი ორასი ლარი?! მე თავიდანვე ვიცოდი, ვინც იყო ქურდი, ერთი-ორჯერ რაღაცა შევამჩნიე, მაგრამ შემეცოდა და არაფერი ვუთხარი. იმან კი იფიქრა, შემრჩაო და გაჯეჯილდა!
– თუკი იცოდი, ვინ იყო ქურდი, ჩვენ რატომ გაგვიყვანე საქმეში? და, საერთოდ, თუკი დიდი ხანია ხვდებოდი, რომ სოფო ქურდი იყო, რას დაიდაქალე, რატომ შემოიყვანე ჩვენს სამეგობროში და რატომ განაგრძობდი მასთან ასეთ ახლო ურთიერთობას? ბოლოს და ბოლოს, შენ თვითონ არ შესთავაზე მეგობრობა? რამდენადაც მახსოვს, სოფოს თვითონ არ მოუკაკუნებია არცერთი ჩვენგანის კარზე და არ უთხოვია, დამიმეგობრეთო, – აღარ დავუთმე მე.
– ამიტომ თავზე უნდა ექნა? რატომ უნდა შევარჩინო ვინმეს წვალებით ნაგროვები ფული? რა, არ უნდა მემხილა? შენსავით უნდა მეპატიებინა, მეთქვა, გაჩუქეო, რომ ხახვივით შერჩენოდა და მეორედ მეტი მოეპარა? არა, გეკითხები, რატომ უნდა მეპატიებინა? ხომ მე გამოვდექი მართალი?
– შეიძლება, არ გეპატიებინა, მაგრამ მხილების სხვა ფორმა უნდა გამოგეძებნა. შენ ახლა მაინც თუ წარმოგიდგენია, რა დღეში  ვიყავით მე და ბაბი, ან თუნდაც სოფო, როცა ის პოლიციელი ქალი ტანზე ხელებს გვიფათურებდა ჩხრეკისას, ძაღლი გარშემო გვივლიდა და გვყნოსავდა, შენი ორი მეზობელი კი, რომლებსაც ჩვენც კარგად ვიცნობთ, დაეჭვებული ღიმილით შემოგვცქეროდა?! მაგრამ, იცი, რაშია საქმე? შენ, შეიძლება, ძირითადი ეჭვი სოფოზე გქონდა, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში, თუნდაც ერთი პროცენტით მაინც უშვებდი, რომ შესაძლოა, მე ან ბაბის წაგვძლია სულმა და გავიწყვიტეთ შუბლის ძარღვი.
– ისე, ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული. მსგავს სიტუაციაში, შეიძლება, თქვენც იგივე გეფიქრათ ჩემზე.
– იცი, რა მიკვირს ჩემი თავისგან? თხუთმეტი წელი ვმეგობრობდი შენთან და თურმე საერთოდ არ მცნობიხარ. მართალია, სიკეთეც ბევრჯერ მახსოვს შენგან, მაგრამ ამ შეურაცხყოფას ვერასდროს გადავყლაპავ. ვწუხვარ, რომ ასე დასრულდა ჩვენი მეგობრობა. აღარასოდეს დამირეკო, მე შენს ნომერს დავბლოკავ.
– ბაბიც თან მიგყავს? – წყენა, სიბრაზე და ირონია ერთმანეთში იყო გადახლართული.
– ბაბი სრულწლოვანი ადამიანია, თვითონ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. მე დღემდე საერთოდ არ მილაპარაკია მასთან ამ თემაზე.
– მე არსად არ მივდივარ, – ჩაიჩურჩულა ბაბიმ.
– თუ გინდა, შენც წაბრძანდი, არცერთი არ მჭირდებით, მე სოფოც მეყოფა. ისე, ერთ მეგობარზე მეტი არც არის საჭირო, გამჭორავი და გამკილავი არავინ გეყოლება! – იყვირა მანანიკომ.
– შენ რა, სოფოს შეურიგდი და ისევ მეგობრობთ? – კინაღამ გადაირია ბაბი, –  იმ ყველაფრის შემდეგ?
– ჰო, რატომ გაგიკვირდა? ამ ქალბატონმა თუკი აპატია იმ ვიღაცა მარიკას და გამოთაყვანებულ დათოს, მე რატომ არ შემიძლია, დაქალს შეცდომა ვაპატიო? თუ, ეს მარტო ამისნაირი „წმინდანების“ პრეროგატივაა? – და ხელი ჩემკენ გამოიქნია.
– აღარასოდეს გაბედო არცერთის სახელის ხსენება! – ვთქვი მკაცრად და ავდექი.
ბაბი ისევ გაჩუმდა და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მე კი წამოვედი – სამუდამოდ დავტოვე ჩემი ყოფილი უახლოესი მეგობრის ბინა, სადაც ასე ძალიან მიყვარდა ხოლმე მისვლა.
ჩემს სახლამდე კარგა დიდი მანძილი იყო, მაგრამ ფეხით გავლა მომინდა, მით უფრო, რომ შემოდგომის თბილი საღამო იდგა. მივდიოდი ნელი ნაბიჯით და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობდი: ვინ ვარ მე, დადუნა ნიჟარაძე? რისთვის გავჩნდი ამქვეყნად, ნუთუ მართლა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველას ყველაფერი მივუტევო? მაშინ, მანანიკოს რატომ არ ვაპატიე? და, საერთოდ, რა შემრჩა ხელში ამ პატიება-არპატიებით? არაფერი, სრულიად არაფერი! ვინ შემომრჩა ცხოვრებაში ახლობელი? – დედ-მამა აღარ მყავს, და-ძმა არც არასდროს მყოლია. მარიკა გარდაიცვალა, დათომ მიმატოვა. მანანიკოს სამუდამოდ დავშორდი, რომც შევურიგდე, მასთან ვეღარ ვიმეგობრებ. სოფოს პიროვნებაც აბსოლუტურად მიუღებელი გახდა ჩემთვის. ბაბი? ბაბი ხომ დამრჩა? თუმცა, რა ვიცი, დამრჩა კი?! აი, ახლა, ერთი ადამიანიც კი არ მეგულება დედამიწაზე, რომელთანაც შემიძლია, მივიდე, მხარზე თავი ჩამოვაყრდნო, ჩემი სატკივარი ვუამბო... არავინ მეგულება ისეთი, ვინც მომისმენს, გამიგებს, რჩევას მომცემს, დამამშვიდებს... ან რაღა დროს ჩემი ხნის ქალისთვის რჩევის მიცემა და გულაჩუყებით ჩურჩულია. სიყვარულში რომ არ გამიმართლა, ასე თუ ისე, გასაგებია – ნახევარ მსოფლიოს არ უმართლებს ამ საკითხში, მაგრამ, არც მშობლები, არც მეგობრები, არც შეყვარებული... რატომ დავრჩი ასე მარტო, უმეგობროდ, უსიყვარულოდ, უმამაკაცოდ, უალერსოდ?! თუმცა რა, განა მარტო მე ვარ ასე? განა მანანიკო, ბაბი და სოფოც ასე არ არიან? ან თუნდაც მხოლოდ საქართველოში რამდენ ქალს არ ენატრება მამაკაცის ალერსი, თუნდაც გათხოვილებს?!
დათო... ნეტავი სად არის ახლა, ამ წუთას? ისევ იმ ცოლთან არის თუ გაეყარა და ჩემსავით მარტო დარჩა? ღმერთო ჩემო, ისევ მასზე ვფიქრობ!.. ნეტავი როგორ მოვიქცევი, სახლში რომ მომაკითხოს, ისევ მთხოვოს ხელი, ან, სულაც, ახლა შემხვდეს, ხელი გადამხვიოს, მკერდზე მიმიხუტოს და არაფერი არ მითხრას, ისე გამომყვეს გვერდით... ან უცებ დამიძახოს: „დადუნა!“ – მერე გამოიქცეს ჩემკენ და სირბილისა და მღელვარებისგან აქოშინებულმა, საყვედურით მითხრას: „სად ხარ, გოგო, აქამდე, გული გადამეღალა შენს ლოდინში!“
ეს ყველაფერი ისე ცხადად წარმოვიდგინე, ვიგრძენი, როგორ გამიჩერდა პულსი და შემეკრა სუნთქვა. ეს შეგრძნება სასიკეთო წინათგრძნობად ჩავთვალე და ნაბიჯი შევანელე – დრო მივეცი დათოს, ჩემი ფიქრები დასწეოდა იქ, სადაც იყო და მერე თავისი გულის კარნახის შესაბამისად მოქცეულიყო.
ნაბიჯი შევანელე, თვალები დავხუჭე და ოცნებაში წასულმა გავიღიმე, მაგრამ იმწამს, თითქოს ხელი მკრა ვიღაცამ, უცებ გამომაფხიზლა მეხივით თავსდატეხილმა შინაგანმა ხმამ – მივხვდი, რომ ჯერ ბოლომდე არ ვიყავი მზად მასთან შესახვედრად და, შესაბამისად, არ ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი, ჩემი ფიქრები თუ ოცნება რომ ამსრულებოდა. არ არის გამორიცხული, მეთქვა, შენთვის არ მცალია-მეთქი.
მაინც კუს ნაბიჯით მივედი სახლამდე, თან ქურდივით მალულად ვიყურებოდი აქეთ-იქით, სადმე დათო ხომ არ ჩანს-მეთქი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. იმედგაცრუებისგან კინაღამ ხმამაღლა ავტირდი. იმედის ბოლო წვეთი „გავიმხნევე“ და წვრილქუსლა ფეხსაცმლის ნელი და მონოტონური კაკუნით ავუყევი კიბეებს მეხუთე სართულამდე, თუმცა არც კიბეებზე დამხვედრია ვინმე.
ასეთი მარტოობა არასდროს მიგრძნია. ახლა მართლა ამოვუშვი ზლუქუნი. ცრემლის ღვრით ამოვიღე ჩანთიდან გასაღები, აკანკალებული ხელით ძლივს მოვარგე კარს და წვალებით გადავატრიალე. შუქი არც ამინთია. ჩანთა იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე მივაგდე და ფეხსაცმელები არც კი გამიხდია, პირდაპირ სამზარეულოსკენ გავკაკუნდი – ერთი ფინჯანი ყავა ჩემთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასმელი იყო.
ჩამრთველს თითი მივაჭირე და შუქის ანთებასთან ერთად ისეთი შევყვირე, საკუთარი ხმის შემეშინდა – მაგიდასთან ვიღაც იჯდა, თავი მოხრილ მკლავზე ედო და ეძინა. ჩემმა ყვირილმა გამოაფხიზლა, ღიმილით შემომხედა და ნამძინარევი ხმით მითხრა:
– სად ხარ, გოგო, აქამდე! იმდენი წელია, გელოდები, ლამის ჩამეძინა, დავიღალე ლოდინით, – და ხმამაღლა გაიცინა.
– დათო?!. – მხოლოდ ამ ერთი სიტყვის თქმა მოვახერხე, მეტი არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ გულის წასვლის მომენტში დავინახე, როგორ ბოდიშის მოხდით მიღიმოდა დაგვიანებული ბედი და მივხვდი, რომ ჩემთვის ფეხის დადებას ნამდვილად აღარ აპირებდა.
დასასრული
скачать dle 11.3