№7 სენტიმენტალური მკვლელი
ჯოშუა ებოტი
დეიდა ჯეინი დაფიქრდა. რეიჩელს – ახალგაზრდა, მომხიბვლელ ქვრივს ცრემლები გადმოსცვივდა.
– არაფერი მიშველის, დეიდა ჯეინ. რატომ მეც არ მოვკვდი. ციხეში მაინც ვერ გავძლებ.
– წინასწარ რატომ დარდობ, საყვარელო. ჯერ შენზე ეჭვი არავის მიუტანია.
– ჰო, მაგრამ უბედურება ისაა, რომ იმ დილით აფთიაქში ცოტა დარიშხანი ვიყიდე – თაგვებისთვის. აფთიაქარმაც დამიმახსოვრა. ეს საშინელი ადგილია, საზიზღარი ხალხით. ადამიანები მხოლოდ ჭორებით სულდგმულობენ. რამდენჯერ ვთხოვე გოდფრის, გავყიდოთ სახლი და გავემგზავროთ აქედან-მეთქი. არ დამიჯერა. ახლა კი...
დეიდა ჯეინმა, როგორც შეეძლო, ანუგეშა ქალი და უპირველესად, იმ ექიმის მონახულება გადაწყვიტა, რომელმაც მისტერ დემენის სიკვდილის დასკვნა დაწერა. ექიმი რულონსონი ასაკში შესული კაცი აღმოჩნდა. მან უთხრა, რომ როცა შეშინებულმა მოახლემ დაურეკა და პაციენტთან მივიდა, ახალგაზრდა ჯენტლმენი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ბოდავდა და რაღაც გაუგებარ სიტყვებს ამბობდა. თვალის გუგები გაფართოებული ჰქონდა, ამიტომ ექიმმა გადაწყვიტა, რომ ის სოკომ მოწამლა.
– როგორც ჩანს ის ვახშმის მერე გახდა ცუდად. ცოლს უხმო საშველად, მაგრამ ვერ გააგონა. ხმაურზე მოახლეს გაეღვიძა და მოხუცი დემენის მომვლელთან ერთად სასტუმრო ოთახში ჩავიდნენ. ბატონის დანახვაზე შეშინებულებმა მე დამირეკეს.
– ექიმო, მოხუცი ჯენტლმენი ახსენეთ. მასაც თქვენ მკურნალობთ?
ექიმმა რულონსონმა მხრები აიჩეჩა.
– იმ ბებერ ბუზღუნას გულისხმობთ? სამკურნალო არაფერი სჭირს. საკმაოდ ჯანმრთელია. მხოლოდ მხედველობის წვეთებს ვუწერ და დამამშვიდებელ საშუალებებს. ახალგაზრდა შვილი მოუკვდა და გეგონება, რომ საერთოდ არ დარდობს.
– ექიმო, ხომ არ ფიქრობთ, რომ საცოდავი გოდფრი დემენი ცოლმა მოწამლა? – ჰკითხა დეიდა ჯეინმა. ექიმი დაფიქრდა და თავი ყოყმანით გააქნია.
– რეიჩელი კარგი გოგოა. მიუხედავად იმისა, რომ ქმართან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა, ვეჭვობ, მკვლელობაზე წასულიყო. მაგრამ, ისიც არის, რომ ვერაფრით ვხსნი მის გულგრილობას, ქმარი საშველად უხმობდა და თავისი ოთახიდან არც კი გამოვიდა.
– თქვენ თქვით, რომ როცა პაციენტთან მიხვედით ის ბოდავდა. ხომ ვერ გაიხსენებთ, რას ამბობდა?
– გაუგებარ სიტყვებს. მე ვიფიქრე ამაზე, მაგრამ ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა... თუკი, საერთოდ, უნდოდა რამის თქმა. როცა მზარეულს ველაპარაკე, მან თქვა, რომ რამდენიმე სოკო ცოტა საეჭვოდ მოეჩვენა და ისინი გადაყარა. ეტყობა, იქ კიდევ იყო რამდენიმე ცალი შხამიანი სოკო და ვფიქრობ, მოწამვლა მაინც ამან გამოიწვია. გუგების გაფართოება ასეთი მოწამვლის პირველი ნიშანია.
– დიახ, ასევე ატროპინით მოწამვლისაც, – ჩაილაპარაკა დეიდა ჯეინმა, – თვალის წვეთები, რომელსაც მოხუც ჯენტლმენს უწერდით, ხომ შეიცავს ატროპინს. ექიმო, ასეა?
ექიმმა გაოცებით შეხედა დეიდა ჯეინს. თვალები ეშმაკურად რომ უციმციმებდა.
– დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, ვერ მივხვდი, ამით რისი თქმა გინდათ?
– არაფრის. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო და ვარაუდია. თუმცა, არც თუ უსაფუძვლო.
დეიდა ჯეინმა მოსამსახურე გოგოსაც და მზარეულსაც პირველად ის ჰკითხა, ხომ ვერ გაიხსენებდნენ, რას ამბობდა მომაკვდავი.
ქალებმა ერთმანეთს გადახედეს:
– ისეთი შეშინებულები ვიყავით, რომ ამ სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. თითქოს კონკრეტულად რაღაცას გვთხოვდა და ჩვენ მივიჩნიეთ, რომ შველას ითხოვდა. ექიმთან დავრეკეთ და ქალბატონსაც დავუძახეთ, რომელიც მაშინვე არ გამოვიდა თავისი ოთახიდან. მგონი, ღრმად ეძინა.
– იქნებ როგორმე ერთი სიტყვა მაინც გაიხსენოთ? – ჩააცივდა დეიდა ჯეინი.
– მგონი რაღაც ბრიკეტი ახსენა... – ყოყმანით ჩაილაპარაკა მოახლემ.
– ბრიკეტი?
– ჰო, ალბათ, გაყინული თევზის ბრიკეტები რომაა. საწყალი, აგონიაში იყო. ეს ხომ ნათელია.
– თუ არ ვცდები, მისტერ დემენი, ქიმიით იყო გატაცებული. შეიძლება, მისი ბიბლიოთეკა ვნახო?
მოახლემ მხრები აიჩეჩა, მაგრამ პატივსაცემი ქალბატონი ბატონის კაბინეტამდე მაინც მიაცილა. თუმცა, დაუფარავი ეჭვით უყურებდა ამ ცნობისმოყვარე, ხანშიშესულ ქალს. გამოცდილი გამომძიებელივით რომ სვამდა შეკითხვებს. დეიდა ჯეინმა ორ საათზე მეტი გაატარა კაბინეტში. ლექსიკონებში და ცნობარებში იქექებოდა. მერე მოზეიმე სახით გამოვიდა იქიდან და მოხუცი მისტერ დემენის ნახვა მოინდომა.
– პირდაპირ გკითხავთ, – დაიწყო დეიდა ჯეინმა ოთახში შესვლისთანავე და მოხუც ჯენტლმენს გამომცდელი მზერა მიაპყრო, – ახლა უნდა მითხრათ, რატომ მოწამლეთ საკუთარი შვილი. თქვენ ხომ მას სასმელში თქვენი თვალის წვეთების დიდი დოზა შეურიეთ. ახლა პასუხი უდანაშაულო ადამიანმა, მისმა მეუღლემ, რეიჩელმა უნდა აგოს. ეს ხომ უსამართლობაა?! არ ფიქრობთ, რომ ეს გოგო უსამართლო სასჯელს არ იმსახურებს?
მოხუცს ყოყმანი დაეტყო. დეიდა ჯეინმა სინანულით გადააქნია თავი.
– ცოდოა რეიჩელი, ძალიან ცოდოა.
– რეიჩელი მართლაც კარგი გოგოა, – ამოიოხრა მოხუცმა ჯენტლმენმა. ის ყოველთვის მესარჩლებოდა, როცა ჩემი შვილი ამბობდა, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში უნდა გადავეყვანე. წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ. ვიცოდი, ერთხელაც ვეღარ გაუწევდა წინააღმდეგობას... ამიტომაც მოვწამლე. ის ცუდი ქმარი და უფრო ცუდი შვილი იყო. მაგრამ გეთანხმებით, რეიჩელმა პასუხი არ უნდა აგოს იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. ქალბატონო, მე თქვენ თვალები ამიხილეთ. მზად ვარ, ინსპექტორთან გავიმეორო რაც მოგიყევით...
დეიდა ჯეინი რეიჩელს თმაზე მიეფერა:
– ჩემი ჯიუტი და სულელი გოგო. ხომ გეუბნებოდი, რომ ეს კაცი შენი შესაფერისი არ იყო. ბრიკოკარპინი – ეს არის ატროპინის გამანეიტრალებელი საშუალება. აი, რას ითხოვდა შენი ქმარი და ვერავინ მიუხვდა. ამან გამიყვანა მკვლელის კვალზეც.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ