№7 რომელ ასტროლოგიურ ასაკში გადის ადამიანი კრიტიკულ და დეპრესიულ პერიოდებს
დაბადების მომენტი ცხოვრების ათვლის წერტილია და ადამიანი სწორედ ამ წუთიდან იწყებს განვითარებას. სიცოცხლის განმავლობაში იგი განვითარების 12 ზოდიაქოს ნიშნის პერიოდს გადის. თითოეულ პერიოდს კი ადამიანის ცხოვრებაში გარკვეული გარდამტეხი როლი აკისრია. მაგალითად:
7 წლამდე ადამიანი ვერძივით, ანუ ზოდიაქოს პირველივე ნიშანივით, მოუთმენელი და ენერგიით სავსეა. მასში მოჭარბებულია ცნობისმოყვარეობა, მოუთმენლობა. ამ დროს ხდება ნიჭისა და ემოციის ჩამოყალიბება.
8 წლიდან
14 წლამდე ხდება ურთიერთობების გადაფასება, ემოციების მართვის სწავლა, მეხსიერების განვითარება და ურთიერთობათა ენერგოვიბრაციების უკეთ აღქმა, ანუ ის, რაც კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ახასიათებს.
15 წლიდან 21 წლამდე ადამიანი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს გადის. უჩნდება დამოუკიდებლობის, ლოგიკური აზროვნებისა და საპირისპირო სქესთან ურთიერთობების სურვილი. ხდება, მაქსიმალური ინფორმაციის მიღება და ათვისება.
22 წლიდან 28 წლამდე ადამიანი აკეთებს საკუთარი ცხოვრების ანალიზს, ფიქრობს მომავალზე. ამ დროს ხშირია დეპრესიები. ეს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის გავლის წლებია და მეტად კრიტიკული.
29 წლიდან 36 წლამდე ადამიანი გადის ლომის ზოდიაქოს ნიშანს. ცდილობს, სწორად მართოს საკუთარი ენერგია, გამოიყენოს დაგროვილი გამოცდილება, შეიქმნას მომავალი, განავითაროს ცნობიერება. ამ წლებში ადამიანი მეტად მგრძნობიარე ხდება და არ არის გამორიცხული, საბედისწერო შეცდომები დაუშვას.
37 წლიდან 43 წლამდე ხდება კარმული პროგრამის კორექცია, ანუ ის, რაც ჩვენი მისიაა დედამიწაზე. ეს ქალწულის ზოდიაქოს პერიოდია, როცა ადამიანს შეუძლია, პრობლემების დიპლომატიურად გადაწყვეტა, ცხოვრებისეული ცვლილებების დაგეგმვა და დაგროვილი ენერგიის სწორი ხარჯვა და გადანაწილება.
44 წლიდან 49 წლამდე ადამიანს შესწევს უნარი, აქტიურად იშრომოს და მიიღოს ის, რასაც იმსახურებს. ადვილად შეუძლია სიმშვიდის მიღწევა როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაში. ამ პერიოდში ადამიანი სასწორის ზოდიაქოს ნიშანს გადის.
50 წლიდან 57 წლამდე კარმულად რთული პერიოდია. ამ პერიოდში მორიელის ზოდიაქოს ნიშანს გადიხართ. გაძლიერებულია ინტუიცია, გეძლევათ შანსი, თავად აირჩიოთ ის, რაც შემდგომში თქვენსავე ცხოვრებაზე იმოქმედებს დადებითად ან უარყოფითად.
58 წლიდან 65 წლამდე, ადამიანი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს გადის. ინფორმაციულად მეტად დატვირთულია, უძლიერდება მოთხოვნილება, მაქსიმალურად დაიხარჯოს და იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, რისი გაკეთებაც შეუძლია.
66 წლიდან 72 წლამდე ადამიანი გადის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს. ემოციურად დატვირთული პერიოდია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს გაგიჩნდეთ სურვილი, განმარტოვდეთ და გადააფასოთ საკუთარი წარსული.
73 წლიდან 80 წლამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს გავდივართ. ამ დროს ადამიანს მართებს საკუთარი კარმული მისიის შესრულება დედამიწაზე. აუცილებელია ახლობლებთან მჭიდრო კონტაქტი და მათთვის სიყვარულისა და გამოცდილების გაზიარება.
81 წლიდან ზევით ადამიანი თევზების ზოდიაქოს ნიშნის გავლენის ქვეშაა, იკლებს ემოცია და ადამიანი ადვილად გრძნობს კოსმიურ ძალებთან კავშირს.