№7 როგორ ააღორძინა და განავითარა ბერიამ საქართველოს სამთო კურორტები
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერია რომ ძალიან მოხერხებული ადამიანი იყო და ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზით რომ ვთქვათ, ერთი გასროლით ორ, ზოგჯერ სამ კურდღელსაც ერთად იჭერდა, არავის უკვირს... ისტორიკოს-პუბლიცისტი ანდრეი გამალოვი წერს: „ლავრენტი ბერიას უნიკალური თვისება ჰქონდა – სფერო, რომელიც მას ებარა, ძალიან მალე ხდებოდა ხოლმე მოწინავე და ერთი თავით მაღლა იდგა სხვებთან შედარებით. ამიტომ, სტალინი ტყუილად როდი აბარებდა ბერიას ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს, რადგან იცოდა, ეს საქმე სრულყოფილად გაკეთდებოდა და საბჭოთა ბელადს, აბა, მეტი რა უნდოდა? ბერია კი, თავის მხრივ, ოსტატურად ამთხვევდა ხოლმე, ეგრეთ წოდებულ საკავშირო თუ საუწყებო საჭიროებას თავისი სამშობლოს ინტერესებს და დიდად სარგებლობდა ამით. ბერიას ყოფილი თანაშემწე, ტიტე შონია იხსენებდა: „ბერია ძალიან საქმიანი ადამიანი იყო და სხვებისგან განსხვავებით, საგნებისა და მოვლენების განსხვავებული, ბევრად უფრო ღრმა ხედვა ჰქონდა. ეს არც იყო საკვირველი, რადგან მის ნიჭიერებას საზღვარი არ გააჩნდა. მეტიც, თავად ბერია იყო ბევრი წამოწყების ინიციატორი და განმხორციელებელი და თუკი საქართველოში 30-50-იან წლებში რაიმე კარგი გაკეთდა, ყველაფერი მასთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, ბერიას მხოლოდ ცუდი კუთხით წარმოაჩენენ და მისი ყველა დამსახურება სხვებმა მიიწერეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერიას კარგი, სასარგებლო საქმეების კეთებაში ბადალი არ ჰყავდა. ბერიას სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში სამთო-გამაჯანსაღებელი და სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება. თანაც ლავრენტი პავლოვიჩმა ეს ისე ეშმაკურად გააკეთა, რომ ადგილობრივი (საქართველოს) ბიუჯეტიდან კაპიკიც არ დახარჯულა. მთელი სახსრები საკავშირო ბიუჯეტმა გაიღო, სამაგიეროდ, მიღებული შემოსავლის ლომის წილი, სწორედ, საქართველოს ბიუჯეტში შედიოდა და ამ პატარა რესპუბლიკის განვითარებას ხმარდებოდა, რომელიც 1936-1938 წლებში მოწინავე პოზიციაზე გავიდა საბჭოთა კავშირში. 1932 წელს უშუალოდ ლავრენტი ბერიას ძალისხმევით შეიქმნა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, სწორედ იქ დამონტაჟდა იმ პერიოდისთვის მსოფლიოში უმძლავრესი ტელესკოპი. დაფინანსება ამ საკმაოდ ძვირად ღირებული საქმისთვის საკავშირო ასტროფიზიკის ბიუჯეტიდან მოდიოდა. სამაგიეროდ, ადგილზე ქართული კადრები იყვნენ დასაქმებული და სწორედ ამიტომ გახდა ქართული ასტროფიზიკური სკოლა საუკეთესო საბჭოთა კავშირში. ასევე, ბერიას ძალისხმევით აშენდა აბასთუმანში იმ პერიოდისთვის თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულება, სადაც ტუბერკულოზს, სახსრებსა და სხვა მძიმე დაავადებებს მკურნალობდნენ. აიგო მინერალური წყაროებით სამკურნალო შენობები. დაიდგა უახლესი (იმ პერიოდისთვის) აპარატურა, რომელიც გერმანიიდან ჩამოიტანეს და ეს ყველაფერი, ასევე, საკავშირო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მეტად საგულისხმო ისტორიაა კურორტ ბაკურიანთან დაკავშირებით. 1933 წელს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ლავრენტი ბერია და საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, გენერალი სერგო გოგლიძე, რომელიც ბერიას უახლოესი ადამიანი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო, ბორჯომის ხეობაში გაემგზავრნენ. მათ მეც თან ვახლდი. ამ მგზავრობის მიზანი იყო, შეერჩიათ მოხერხებული ადგილი უშიშროების საიდუმლო სკოლისთვის, რომელიც საქართველოში უნდა აშენებულიყო. ადგილი ცენტრიდან მოშორებული უნდა ყოფილიყო კარგად შენიღბული, თანაც საიდუმლო-ოპერატიული მუშაკების წვრთნისთვის კარგი ბუნებრივი პირობებით. ყველა ეს მოთხოვნა ბაკურიანმა დააკმაყოფილა. ადგილი თავად ბერიამ შეარჩია ტყეში და ძალიან მალევე სკოლაც ააშენა. სახსრები, რა თქმა უნდა, კვლავ საკავშირო ბიუჯეტმა გაიღო. თუმცა, ბერია ამით არ დაკმაყოფილდა და ისე მოეწონა ბაკურიანი, რომ საკავშირო სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო. და რადგან კურორტს საკავშირო სახელი დაარქვა, სახსრები კვლავ საკავშირო ბიუჯეტიდან წამოვიდა. სულ მალე ბაკურიანი, მართლაც, საკავშირო კურორტად გადაიქცა და იქ უცხოელი სტუმრებიც კი ჩამოჰყავდათ, რომლებმაც მას საქართველოს დაოსი უწოდეს...“
მოგვიანებით, როდესაც ბერია უკვე ვერაგულად მოკლეს და ყველა კანონის დარღვევით ასამართლებდნენ, ბრალად წაუყენეს, რომ საკავშირო ბიუჯეტიდან მოტყუებით გადაარიცხინა 390 მილიონი მანეთი, რომლითაც საქართველოს მთიანეთში სხვადასხვა ობიექტები აეშენებინათ და რომლებსაც, თითქოს, ქართველების გარდა არავის აკარებდნენ. ბრალდების მეორე ნაწილი ყოვლად უსაფუძვლო იყო, რადგან ეგრეთ წოდებულ, „ობიექტებზე“, სამთო კურორტებზე, არა მხოლოდ ქართველები ისვენებდნენ და ჯანმრთელობას იკაჟებდნენ, არამედ, მაგალითად, ყაზახეთის სტეპებიდან ჩამოსული საქონლის მწყემსებიც. ხოლო რაც შეეხება, 390 მილიონ მანეთს, ეს თანხა მართლაც საკავშირო ბიუჯეტმა გაიღო, მაგრამ აქ არანაირ დარღვევას არ ჰქონდა ადგილი და ყველაფერი ყველა კანონის დაცვით განხორციელდა. უბრალოდ, ბერიას მცირე ეშმაკობა ის იყო, რომ ყველა ამ ობიექტს საკავშირო სახელი მიანიჭა და ფულიც ცენტრიდან მოითხოვა.
ასე თუ ისე, ლავრენტი ბერია, თავად ბელადის შემდეგ, იყო და რჩება სტალინური მთავრობის ყველაზე თვალსაჩინო პიროვნებად და მისი საქმეები კვლავაც ყურადღების ცენტრშია და ალბათ, მეტი დრო სჭირდება მისი საქმიანობის დასაფასებლად.“