№7 როგორ გაანეიტრალა სტალინმა გენერალთა დიდი შეთქმულება
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მავანთ შესაძლოა, მოეჩვენოთ, რომ როი მედვედევი გადაჭარბებულად ხატავს აპოკალიფსურ სურათს კატასტროფის შესახებ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სამხედრო შეთქმულების სულისჩამდგმელი ლევ ტროცკი იყო. მას (ტროცკის) კი რუსეთი მსოფლიო რევოლუციის კოცონის გამჩაღებელ ხმელ შეშად მიაჩნდა და სტალინის დამხობის შემთხვევაში, სწორედ, ტროცკი მოვიდოდა ხელისუფლებაში. ის (ტროცკი) კი აუცილებლად გააკეთებდა ამას და სწორედ, ეს იყო პლანეტარული კატასტროფა, რაზეც როი მედვედევი ლაპარაკობს... სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინის, აქედან გამომდინარე კი, საბჭოთა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად გარეულები იყვნენ „ენკავედეს“ შეფი იაგოდა, სამთავრობო დაცვისა და სტალინის პირადი დაცვის უფროსი პაუკერი, ცეკას მდივანი აბელ ენუქიძე, რომელსაც ებარა კრემლის კომენდატურა და მთავრობის წევრთა კომუნალური თუ სხვა მომსახურება. იყო სტალინის უახლოესი თანამშრომელი და დიდი როლი ეკისრებოდა მომავალ შეთქმულებაში. ერთი სიტყვით, მონაწილეები ასი პროცენტით იყვნენ დარწმუნებულები, რომ სტალინს მოიშორებდნენ და ამაში, პირველ რიგში, ეჭვი არ ეპარებოდა თავად ტროცკის. თუმცა, მათ ვერ შეაფასეს სტალინის გენია, შეცდნენ და მათი შეთქმულება ისევე მომენტალურად დაიშალა, როგორც ბანქოსგან აშენებული სახლი. ნიშანდობლივია ის, რომ ეგრეთ წოდებული, გენერლების შეთქმულების კოდური სახელწოდება იყო „პავლიკი“, – ანუ მას იმპერატორ პავლეს სახელი ეწოდა, იმ იმპერატორის, რომელიც შეთქმულებმა ღალატით მოკლეს... სტალინს „ენკევედეს“ ერთგულმა აგენტებმა, ასეთები კი საბჭოთა ბელადს ყველა სტრუქტურაში ჰყავდა, დროულად მიაწოდეს ინფორმაციები შეთქმულების მზადების შესახებ და საბჭოთა ბელადს 1936 წლის აპრილის დასაწყისისთვის მაგიდაზე „პავლიკის“ სრული გეგმა ედო. აქედან გამომდინარე, იოსებ ბესარიონოვიჩმა ღონისძიებათა კონტრგეგმა შეადგინა და როდესაც 1936 წლის 1 მაისს სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე ადიოდა, საზეიმო აღლუმის მისაღებად, შეთქმულება უკვე განეიტრალებული იყო. შეთქმულთა ძირითადი ბირთვი ციხეში იჯდა. ნაწილმა თავი მოიკლა, ნაწილი კი თანამდებობიდან მოხსნეს და „ენკავედეს“ მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ – მათ დაპატიმრებაზე სანქციები იყო გაცემული. მართალია, ტროცკი შორეულ მექსიკაში ცხოვრობდა, სტალინზე ცილისმწამებლურ პასკვილებს წერდა და მისი დამხობისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ეს უფრო კომიკური სიტუაცია იყო და რომ იტყვიან, ის მხოლოდ გულს იფხანდა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ სამხედრო შეთქმულების არცერთი მონაწილე (იმათ გარდა, ვინც თავი მოიკლა), სასამართლოს გარეშე არ დაუხვრეტიათ და არც კი უწამებიათ. თითოეულ მათგანს გამომძიებლებმა დანაშაულის უტყუარი სამხილები დაუდეს წინ და ყველამ, ყოველგვარი იძულების გარეშე, აღიარა დანაშაული და ის, რომ სტალინის მოკვლას აპირებდნენ... გენერალი ვოლკოგონოვი წერდა: „სტალინი ძალიან განიცდიდა იმას, რომ შეთქმულთა შორის მისი მეგობრები, ძველი ბოლშევიკები იყვნენ. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ბელადმა მათივე (შეთქმულების) და მათი ახლობლების თხოვნის მიუხედავად, არცერთი მათგანი არ შეიწყალა და ყველანი სიკვდილით დასაჯეს... ეს კი სტალინმა ასე განმარტა: „ეს ადამიანები ჩემ წინააღმდეგ კი არა, ქვეყნის წინააღმდეგ წავიდნენ და და ამ ღალატის პატიება არ შეიძლება. ისინი მე გულიდან ამოვიგლიჯე და ეს იყო სისხლიანი ნაგლეჯები, რამაც ღრმა იარები დამიტოვა, თუმცა აუცილებელი“. ვერაფერს იტყვი, სახელმწიფოს მართვის ლოგიკა ასე მოითხოვს...“