№7 ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 21 წლის, ჯანმრთელი გოგო, თუმცა ძალიან ვარ დამოკიდებული რეგულაქსზე. რა შეიძლება გამოიწვიოს?
პასუხი: პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ საფაღარათო პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ კვების შეცვლა ეფექტს არ იძლევა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან საფაღარათო საშუალების დიდი რაოდენობით მოხმარების დროს აღინიშნება მინერალების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, აგრეთვე, ალბუმინურია და ჰემატურია. კალიუმის დაკარგვა იწვევს გულის მუშაობის დარღვევას და კუნთების სისუსტეს.
კითხვა: რა საკვები მივიღო, რომ კუჭში არ შევიკრა?
პასუხი: შეკრულობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის აუცილებელია ჯანსაღი, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვები: ხილი (ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი), ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ბოლოკი, თალგამი...), მწვანილი და სხვა. შეკრულობის დროს, ასევე, რეკომენდებულია, ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი, კარგად მოხარშული საქონლის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები. საჭმელი მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, ერთსა და იმავე დროს. უხვად მიიღეთ სითხე, მაგრამ ერიდეთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, ასევე, კარაქს, ქონს, მათ ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი.
კითხვა: საყლაპავი მილის დიაფრაგმული თიაქარი მხოლოდ ქირურგიულად იკურნება თუ სხვა საშუალებაც არსებობს?
პასუხი: საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის დროს პაციენტთა მცირე ნაწილს შესაძლოა, ქირურგიული მკურნალობა დასჭირდეს. ოპერაციის საკითხი დაისმის, როცა ცხოვრების სტილის შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა რეფლუქსის შემაწუხებელი სიმპტომების ლიკვიდაციისთვის საკმარისი არ არის ან ვითარდება დაავადების გართულებები.
კითხვა: ბოლო ერთი თვეა, ხშირად მითამაშებს მარცხენა თვალი, რაც ძალიან შემაწუხებელია. ვის მივმართო?
პასუხი: ამ მდგომარეობას ბლეფაროსპაზმი ჰქვია. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც საკუთრივ თვალის პათოლოგია, ისე ნერვული სისტემის დაავადებები. ქუთუთოების სპაზმის გამოვლენას ხელს უწყობს თვალის ზედაპირის ან ქუთუთოს შიდა ნაწილის გაღიზიანება (დაღლილობა, ქარი, ჭარბი სინათლე, მოწევა, სტრესი, უძილობა, ალკოჰოლი, კოფეინიც კი). რადგან თქვენთვის ასეთი შემაწუხებელია, სასურველია, ჯერ ოფთალმოლოგს მიმართოთ. საჭიროების შემთხვევაში, ოფთალმოლოგი გადაგამისამართებთ ნევროლოგთან.
კითხვა: 3 წელია, მაქვს წითელი, ბრტყელი ლიქენი. ვიმკურნალე, მაგრამ პერიოდულად ისევ მიჩნდება გამონაყარი. შესაძლებელია თუ არა, განვიკურნო ამ დაავადებისგან ან ვმართო?
პასუხი: წითელი, ბრტყელი ლიქენი არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახასიათებს პერიოდული გამწვავება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე