№7 მხრის ტკივილის მიზეზები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მხრის ტკივილი მოიცავს ნებისმიერ ტკივილს, რომელიც აღმოცენდება მხარში ან მის გარშემო. მხრის ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს უშუალოდ სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან. მხრის ტკივილი, როგორც წესი, უარესდება საქმიანობით და მხრის ან მკლავის მოძრაობით.
მხრის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებებმა. მხრის ტკივილს, რომელიც აღმოცენდება სხვა სტრუქტურიდან, გადაცემითი ტკივილი ეწოდება. გადაცემითი მხრის ტკივილი, როგორც წესი, არ უარესდება მხრის მოძრაობასთან ერთად.
მხრის ტკივილის შესაძლო მიზეზებია: სისხლძარღვების არარსებობით გამოწვეული ნეკროზი (ვასკულარული ნეკროზი), მხრის წნულის დაზიანება, ხელის მოტეხილობა, ბურსიტი, კისრის რადიკულოპათია, მხრის ამოვარდნილობა, გაყინული მხარი, გულის შეტევა, შეჯახება, მყესის ან იოგის დაჭიმვა და გაწყვეტა, ოსტეოართრიტი, რევმატიული პოლიმიალგია, რევმატოიდული ართრიტი, როტატიული მანჟეტის დაზიანება, აკრომიოკლავიკულური სახსრის ამოვარდნა, სეპტიური ართრიტი, ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, გულმკერდის გასავალის სინდრომი, ხრტილის გაგლეჯა.
მხრის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია სხვა ორგანოების დაზიანებასთან და მხარში გადაცემა:
* კისრის მალების დაზიანება;
* კისრის მალათაშუა დისკის პათოლოგიები;
* კისრის კუნთების დაზიანება;
* პერიკარდიუმის დაზიანება, პლევრის დაზიანება;
* პერიტონეუმის დიაფრაგმალური ნაწილის დაზიანება;
* ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები;
* ვასკულარული პათოლოგიები (მიოკარდიუმის ინფარქტი, ვარიანტული სტენოკარდია, აორტის ანევრიზმა)
სპეციალისტთან მიმართვა რეკომენდებულია:
თუ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ტკივილი შენარჩუნდა და ნორმალური ფუნქციონირების უნარი დაირღვა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუ გამოხატულია სახსრის არამდგრადობა მაგალითად, ამოვარდნილობა, მოტეხილობა.
თუ გამოხატულია საგანგაშო ნიშნები და სერიოზული დაავადებების რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ინფექცია (გამოხატულია ცხელება).
„გაყინული“ მხარი (ადჰეზიური კაფსულიტი) მხრის მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. დაავადება, ჩვეულებრივ 40-დან 60 წლამდე ვითარდება და უფრო ხშირია ქალებში. სახსრის „გაყინვა“ მხრის თავის გარშემო ქსოვილების გასქელებით, შეშუპებითა და გამკვრივებითაა გამოწვეული, რის გამოც სასახსრე სივრცე ვიწროვდება და მხრის ძვლის თავის თავისუფალ მოძრაობას უშლის ხელს. შედეგად, ნებისმიერი მოძრაობა შეზღუდული და მტკივნეული ხდება. რა იწვევს „გაყინულ“ მხარს? „გაყინული“ მხრის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. მაგალითად, (ა) ხანგრძლივად მხრის უმოძრაობა. თუ მხრის მოტეხილობის ან ტრავმის შემდეგ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მხარს აღარ ამოძრავებთ, ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს განვითარებას; (ბ) შაქრიანი დიაბეტი – პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით „გაყინული“ მხარი 2-4 ჯერ უფრო ხშირია, თუმცა ამის ზუსტი მიზეზები უცნობია; (გ) სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია გულისა და ფილტვების დაავადებები; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების გაძლიერება; პარკინსონის დაავადება და დიუპიუიტრენის კონტრაქტურა (ხელის გულის შემაერთებელი ქსოვილის დამოკლება).