№7 როდის უნდა გამოვიყენოთ ჟოლო
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ჟოლოს არა მარტო გემოსა და არომატისთვის აფასებენ, არამედ არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამოც.
ჟოლოს შემადგენლობაშია პოლივიტამინების დიდი რაოდენობა; ის მდიდარია A, B, C, D, E, PP ჯგუფების ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით, ბიოაქტიური ნივთიერებებით, ვაშლის, ღვინის, სალიცილის მჟავებით, ჭიანჭველამჟავით. ჟოლოს თესლი შეიცავს ცხიმებს, რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში ეთერზეთის დასამზადებლად.
ასევე, მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით ჟოლოს ფოთლები, რომლებიც შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინს, მიკროელემენტებს, შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), ფიტონციდებს.
ჟოლო, ტრადიციულად, გამოიყენება გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების, სახსრების ტკივილის, რადიკულიტისა და სხვა დაავადებების დროს. არის სიცხის დამწევი ეფექტური საშუალება.
ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს, რაც ანტიდეპრესანტების უმრავლესობის შემადგენლობაშია. ამიტომ ის სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრებაში საგრძნობია ნერვული დაძაბულობა.
ჟოლოს აქვს სისხლის აღდგენის უნარი, გამოირჩევა ანტიტოქსიკური ეფექტით, აუმჯობესებს მადას. ვიტამინების წყალობით, ჟოლო მოქმედებს კანის ტონუსსა და ფერზე.
ოფლმდენ ჟოლოს ჩაის ამგვარად ამზადებენ: 5–6 სუფრის კოვზ მშრალ კენკრას ასხამენ 3 ჭიქა მდუღარე წყალს. გაციებისა და მაღალი სიცხის დროს მას 2–3 ჭიქის ოდენობით ერთი საათის განმავლობაში სვამენ. ამ დროს, სჯობს, ავადმყოფი იწვეს და თბილად ეხუროს. მაღალი წნევის დროს ჟოლოს ჩაის ნახევარ-ნახევარი ჭიქის ოდენობით სვამენ.
ხალხურ მედიცინაში ჟოლოს იყენებენ გაზრდილი წინამდებარე ზომის შესამცირებლად. აღმოსავლურ მედიცინაში – უნაყოფობის დროს, ასევე, სქესობრივი უძლურებისას, როგორც სამკურნალო საშუალების ძირითად კომპონენტს (სხვა მცენარეებთან ერთობლიობაში).
ჟოლოს ფიტონციდები ებრძვის ოქროსფერ სტაფილოკოკს, სოკოს.
სხვა კენკროვანებისგან განსხვავებით, ჟოლო არ კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს თერმული დამუშავების დროს. ყველასთვის ცნობილია ჟოლოს მურაბის ეფექტი გაციებისა და მაღალი სიცხის დროს.
ჟოლოს ფოთლები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ასტიმულირებს ნაწლავების, საშვილოსნოს კუნთებს. ფოთლების ნახარში რეკომენდებულია ხანგრძლივი ფაღარათის, სისხლდენის დროს. გარეგნულად ის გამოიყენება პირისა და ყელის სავლებად ანთებითი დაავადებების დროს და ლოსიონის სახით – კანის ანთებითი დაავადებების დროს. ფოთლების ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს.
არ შეიძლება მისი მიღება, თუ ადამიანს აწუხებს თირკმელები, შარდ-სასქესო ორგანოებში აქვს კენჭები. ასევე, კენკრამ შეიძლება, გამოიწვიოს ალერგია. უნდა იფრთხილონ მათ, ვისაც აქვს გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (მათთვის შეიძლება მხოლოდ წყალში გახსნილი ახალი ჟოლოს წვენი). ჟოლოს მიღება დიდი რაოდენობით არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დროს.