№7 ჭეშმარიტი რაინდი
რუსეთის არმიის ოფიცერს, ვინმე აკიმოვს, ქართველები აუგად მოუხსენიებია და ნიკო ლორთქიფანიძემ სილა გააწნა.
დუელი გარდაუვალი იყო.
აკიმოვმა, რომელსაც პირველი სროლის უფლება ჰქონდა, საგულდაგულოდ დაუმიზნა, მაგრამ ააცდინა.
საპასუხოდ ნიკომ ჰაერში გაისროლა. მეორედაც ააცდინა აკიმოვმა, ნიკომ კვლავ ჰაერში დაცალა დამბაჩა. ოფიცრის სეკუნდანტებმა დუელი შეაჩერეს.
საღამოს ნიკოს სეკუნდანტმა წერილი მიიღო:
„მოწყალენო ხელმწიფენო, ნება გვიბოძეთ, გამოვთქვათ ჩვენი აღტაცება თქვენი მრწმუნებლის განსაცვიფრებელი მოქმედების გამო. ჩვენ, სამხედროები, საფრთხის დროს სიკვდილს ისე ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, რომლისთვისაც ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ როცა ვხედავთ სამოქალაქოტანისამოსიან ადამიანს, რომელსაც საბედისწერო წამს, თავისი ღირსების დაცვის დროს თავი ისე უჭირავს, თითქოს სიკვდილს აბუჩად იგდებს, ეს აღტაცებას იწვევს. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს თავად ლორთქიფანიძის ქცევას დუელის დროს... იგი ჭეშმარიტი რაინდია. სამწუხაროდ, ვერ განვუცხადეთ ეს ბრძოლის ველზე, რათა უფრო მეტად არ დაგვემცირებინა ჩვენი, ისედაც დამცირებული ამხანაგი, ამიტომ გთხოვთ, ბატონებო, გადასცეთ მას ჩვენი უღრმესი პატივისცემა“.