კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№7 როგორ კვდებოდნენ ქალები ქმრის შიშით ვანო სარაჯიშვილის გამო

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  საქართველოს სარაჯიშვილამდის მომღერალი არა ჰყოლია. წარსულში მას მრავალი მოზარე ჰყავდა... მუდამ მოსთქვამდნენ ქართველი პოეტები: გურამიშვილი და ბარათაშვილი, ილია და აკაკი, ვაჟა და კ. მაყაშვილი. ამიტომაც ქართული პოეზია – ეს იყო მტირალი თვალი საქართველოსი. საქართველოს აკლდა დიდი მომღერალი და ვანო სარაჯიშვილი მოვიდა საქართველოში...
  ამბობენ, რომ საზღვარგარეთ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო თავის კარიერაში, მაგრამ მან ევროპაში ცხოვრებას, სამშობლოში დაბრუნება არჩია. 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ უფლისწულის პარტია მისი გედის სიმღერა გამოდგა... გიმნაზიაში სწავლისას ხშირად უკრავდა სალამურზე და გარშემო მყოფებს ართობდა. 1900-1901 სასწავლო წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ყაზარმა თბილისში იყო და ვანოს ხელი არ შეშლია, მეგობარს, სანდრო კავსაძეს, გაჰყოლოდა გუნდში, რომელთან ერთადაც ვანომ მთელი საქართველო სიმღერით მოიარა. მალე ვანოს ნაცნობ-მეგობრებმა მომღერლის ნიჭის შემფასებლად ილია ჭავჭავაძეს უხმეს, რომელმაც მოკლედ მოჭრა: „უსათუოდ უნდა გაიგზავნოს სასწავლებელში, დახმარება დაენიშნება“. მართლაც, ცოტა ხანში მატარებელი ვანოს რუსეთისკენ მიაქანებდა. ვანოს 25 წელი ჯერაც არ შესრულებოდა, როცა აკაკი წერეთლის ვაჟმა, ალექსანდრემ თავის დასში მიიწვია და რთული საოპერო პარტიების შესრულება ანდო... იტალიური საოპერო სკოლისკენ გზა კი პროფესორ პანაევა-კარცევას მოწაფეობისას გაიკვლია. იტალიურ დასში ვანოს დებიუტი „ტრავიატაში“ ალფრედის პარტიით შედგა. იტალიაში, მაესტრო კასტელანოსა და თავისი ნიჭის წყალობით, ვანო საუკეთესო ბელკანტოდ აღიარეს და იქვე „სარაჯინად“ მონათლეს. იმხანად მილანში ქართველი მომღერალი ელენე თარხნიშვილი ცხოვრობდა. სწორედ მის სახლში გამართულ საღამოებზე დაუახლოვდა ვანო მსოფლიოში განთქმულ მომღერლებს: ფიოდორ შალიაპინს, ჯირალდინის, ტიტო რუფოსა და სხვებს. თურმე, გრიმის წასმა არ ჰყვარებია. შინაურებში ხუმრობდა კიდეც „ერთ მსუბუქ მურს გადვისობ და თვალის თამაშით ისეთ ოტელოს   წარმოგიდგენთ, რომ ყველა ქალი თავისი ქმრის შიშით კვდებოდეს“... ყველა ფიქრობდა, რომ ვანო ევროპაში დარჩებოდა, მაგრამ ის დიდი ხნით სხვაგან ვერ ძლებდა და დროდადრო სამშობლოში ბრუნდებოდა.
  საზღვარგარეთ სახელმოხვეჭილი სარაჯიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს. ის მთავარ პარტიებს ასრულებდა ოპერებში. 1923-1924 წლების სეზონი „აბესალომ და ეთერით“ დაიხურა. ვანომ თავისი საყვარელი აბესალომის პარტია უკანასკნელად იმღერა. 1924 წლის ნოემბერში კი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.
  სარაჯიშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში ყველაზე უფრო სახალხო და ჭეშმარიტად სახელგანთქმული არტისტი, უზადო ხმისა და, როგორც იტალიელებმა მართებულად უწოდეს, შესანიშნავი ბელკანტოს პატრონი იყო. გარდაიცვალა იმ ასაკში, რასაც მსოფლიოს წარმატებული მომღერლებისთვის კარიერის ზენიტი ჰქვია და ეს გარდაცვალებაც, ცოტა არ იყოს, ქართული ხასიათის, დაუდევრობის ბრალია – არასათანადო ზრუნვა ჯანმრთელობასა და ხმაზე. გარდაცვალებამდეც და მის მერეც „საქართველოს ბულბული” სხვა არცერთი მომღერლისთვის არ უწოდებიათ. სხვათა შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ ვანო სარაჯიშვილი გიორგი ლეონიძის ქორწილში მღეროდა.
  ...ვანო სარაჯიშვილის ბიოგრაფია ძალიან მოკლეა, შემოქმედებითი ცხოვრება კი – დაუსრულებელი. პეტრე სარაჯიშვილის ოჯახში მეთერთმეტე ბავშვი – ვანო, 1879 წლის პირველ მაისს დაიბადა. ნოტარიუსის, ინჟინერ-ტექნოლოგისა და მათემატიკის მასწავლებლის, პეტრე სარაჯიშვილის ოჯახი ცნობილ მუსიკალურ ოჯახად ითვლებოდა, სადაც სიმღერა და ცეკვა კარგად ან, როგორც იმ დროს იტყოდნენ, რიგიანად გამოსდიოდათ (ghn.ge). სარაჯიშვილს ყველა ჟანრში სიმღერა შეეძლო – გუნდი იყო ეს (დიდხანს მღეროდა სანდრო კავსაძის გუნდში), ხალხური სიმღერა (დღემდე ითვლება „ოროველას” საუკეთესო შემსრულებლად), საეკლესიო მრავალხმიანი გალობა, რომანსები თუ ოპერა. პეტერბურგის პრესამ მშვენიერი რეცენზიები გამოაქვეყნა: „როგორც ჩანს, ბატონ სარაჯიშვილს გაუვლია ბელკანტოს დიდებული სკოლა, ის აღჭურვილია ვრცელი სუნთქვისა და შესანიშნავი ფრაზირების უნარით; მომღერალს მოალერსე ტემბრის ტენორი აქვს“.  მოუთმენლად ელოდნენ ვანოს ჩამოსვლას თბილისში. ჩამოვიდა, მაგრამ სამშობლოში ხმის ამოღება გაცილებით ძნელი აღმოჩნდა. „აქაურ მკვიდრს არ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ჩვენს სცენაზე; გარდა ამისა, რუსეთში ბევრი უმუშევარი არტისტია“, – ამბობდა თეატრის დირექცია. საჭირო გახდა მეფისნაცვლის კარზე მომუშავე გავლენიანი ადამიანების ჩარევა, რათა პეტერბურგის სცენაზე ბრწყინვალე გამარჯვებების შემდეგ ვანო სარაჯიშვილისთვის თბილისის სახაზინო თეატრში დებიუტის საშუალება მიეცათ.
  1906 წლის 12 ოქტომბერს პირველად გამოვიდა ვანო სარაჯიშვილი თბილისის ოპერის სცენაზე „ტრავიატაში”. დარბაზში ტევა არ იყო. სპექტაკლმა ტაშის გრიალში ჩაიარა. 20 ოქტომბერს ვანომ ჰერცოგის პარტია შეასრულა „რიგოლეტოში“. სცენა ყვავილებით აივსო. ბევრი ძვირფასი ნივთი მიართვეს. გამოქვეყნდა რეცენზიები. „ტიფლისსკი ლისტოკი“ წერდა: „მეტად აღტაცებულ მსმენელს არ შეიძლება, თვალში არ მოხვდეს სანიმუშო უცვლელობა სარაჯიშვილისა, როგორც მომღერალ-ხელოვანისა. მას, როგორც ჩანს, სურს, იცოცხლოს და ისუნთქოს მხოლოდ სიმღერის ხელოვნების სიმართლითა და პოეზიით, რომლითაც ის თავისი საოცარი ნიჭისა და მომხიბვლელობის ძალით ცოცხლად და მხატვრულად აერთებს ერთ მთლიანობად... ეს მოვლენა ძალიან იშვიათად გვხვდება სცენაზე... სარაჯიშვილი განსაკუთრებული მომღერალ-ხელოვანია, რომელსაც შეიძლება, დაუსრულებლად უსმინოთ. ჩვენ არ ვარჩევთ ამ მსახიობის სიმღერას. ვერავითარი ანალიზი, ვერავითარი მოგონებანი ვერ დაგვიბრუნებს იმ ესთეტიკურ აღტაცებას, რომელმაც საზოგადოება შეიპყრო. მივესალმებით ჭეშმარიტი, კეთილშობილი ხელოვნების სინათლისა და სითბოს ამ ზეშთაგონებულ  მატარებელს“.  ქართველი საზოგადოება სიხარულით შეეგება საყვარელ მომღერალს. სახაზინო თეატრში გასტროლებზე მიიწვიეს. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ჯორჯ ბიზეს „მარგალიტების მაძიებელში“, რაზეც იმდროინდელ პრესაშიც წერდნენ. გასტროლები დიდი მხატვრული და მატერიალური წარმატებით დამთავრდა დეკემბრის დამდეგს. თეატრი მუდამ სავსე იყო. ვანო სარაჯიშვილი საერთო შემოსავლის 25 პროცენტს იღებდა. ესე იგი, თითქმის 500 მანეთს თითო გამოსვლაში. 1920 წლის დამდეგს ვანო სარაჯიშვილმა თავისი მრავალფეროვანი რეპერტუარი დრამატული ტენორის პარტიებით გაამდიდრა. „კარმენში” მისი სასცენო პარტნიორი მეცო-სოპრანო ფატმან მუხტაროვა მოგონებებში წერდა: „ასეთი ხოზე „კარმენში“ მე არ მყავდა და არც მეყოლება“. ვანო სარაჯიშვილმა ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში“ აბესალომის გამორჩეული სახე შექმნა. ალბათ, სასწაული ზუსტად ისეთ ამბავს ჰქვია, როგორიც თბილისის ოპერის თეატრში გასული საუკუნის ოციანი წლების ერთ მშვენიერ საღამოს მოხდა: მაყურებლის წინაშე ორი ბუმბერაზი ადამიანი იდგა – ზაქარია ფალიაშვილი, რომელიც თავად დირიჟორობდა „აბესალომ და ეთერს“ და ვანო სარაჯიშვილი – აბესალომის პარტიით. თბილისი ამ წარმოდგენას, სავარაუდოდ, სუნთქვაშეკრული უსმენდა.
ვანო სარაჯიშვილის ქუჩური გარჩევა  თაღლით პედაგოგთან
  როდესაც ვანო სარაჯიშვილი იტალიაში მოღვაწეობდა, იმ დროს მილანში იმყოფებოდა ერთი ცრუ და მატყუარა პედაგოგი, ვინმე პოლანსკი, რომელმაც თავისი დაპირებებით დააჯერა ქართველი მომღერალი, რომ ქალაქ პარმაში გასტროლებს გაუმართავდა. პარმაში ყველაზე უფრო მკაცრი და კრიტიკული თეატრი იყო, სადაც ვანო სარაჯიშვილს ოპერაში „მანონი“ მთავარი პარტია უნდა ემღერა. ამისთვის პოლანსკიმ ქართველ საოპერო მომღერალს, ჰონორარის სახით, 5 000 ლირა დასტყუა. დღემდე უცნობია, რატომ დაუმალა ეს ამბავი ვანო სარაჯიშვილმა თავის მეგობრებს, შესაძლოა, თაღლითი პოლანსკის მითითების გამოც. მან შეიძინა საკმაოდ ძვირად ღირებული კოსტიუმი ოპერა „მანონში“ გამოსასვლელად და ერთ მშვენიერ დღეს მილანიდან გაქრა. მისი მეგობრები ვერ მიხვდნენ, სად უნდა გამქრალიყო ასე უეცრად ვანო სარაჯიშვილი, ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი გაარკვიეს. მალე ეს „საიდუმლო“ ყველასთვის ცნობილი გახდა: ვანო სარაჯიშვილი მალე დაბრუნდა მილანში და თავის მეგობრებს მოუყვა, თუ როგორ მოხერხებულად, არაკაცურად და თაღლითურად მიატოვა ის პოლანსკიმ მილანში. ოპერა „მანონის“ რეპერტიციაზე კი დირიჟორმა ქართველ მომღერალს უთხრა, რომ მხოლოდ იტალიური სკოლის გავლის შემდეგ შეეძლო ოპერებში სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერა ვანო სარაჯიშვილმა ბრწყინვალედ იცოდა (წყარო: artionfo). დირიჟორის ასეთმა დაუმსახურებელმა შენიშვნამ ფიცხი ვანო სარაჯიშვილი ძალიან ააღელვა და მას სილა გააწნა, რისთვისაც ქართველი საოპერო მომღერალი დააპატიმრეს და დილამდე საპატიმროში ჰყავდათ. პოლანსკიმ კარგად იცოდა ვანო სარაჯიშვილის ხასიათი, ამიტომ გადაიკარგა და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ, როცა ქართველი მომღერალი ცოტათი დამშვიდდა, ისევ გამოჩნდა. მიუხედავად თავისი გულკეთილობისა, ვანო სარაჯიშვილმა პოლანსკის არაკაცური საქციელი არ აპატია და ქუჩაში შეხვედრის დროს ქართველებისთვის შესაფერისად გაუსწორდა.


скачать dle 11.3