№7 რისთვის ამზადებს საფუძველს ამერიკელი სენატორების წერილები და რა უსიტყვო გარიგება არსებობს დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხრეთ კავკასიაზე
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
სანამ ჩვენ გვგონია, რომ ჩრდილოელი ოკუპანტის პირველი პირი საგონებელსა და იზოლაციაშია, პუტინმა ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავიც აღნიშნა ისრაელში, მაჰმუდ აბასსაც შეხვდა – ტრამპს სამშვიდობო გეგმის დეტალების განსახილველად. ამის შემდეგ ნეთანიაჰუ ვაშინგტონს ეწვია, იქიდან კი მოსკოვში შეიარა, რაც იმას მიანიშნებს, რომ მოსკოვი დიდი გეოპოლიტიკური პროცესების ცენტრშია. რაც, ცხადია, არ გამორიცხავს დასავლეთთან დაპირისპირებასაც. ეს პროცესი იმ ეჭვსაც აღძრავს, იქნებ მხარეებმა სამხრეთ კავკასიაზეც მიაღწიეს რამე უსიტყვო შეთანხმებას და ამერიკელ კონგრესმენ-სენატორთა გამაფრთხილებელი წერილებიც სამომავლოდ იმ ფუნდამენტის ჩაყრის მცდელობაა, რომ საქართველომ პოლიტიკური კურსი თავისით, განა გარე ფაქტორების იძულებით, შეიცვალაო. ამ ვარაუდს ანალიტიკოს ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– პუტინი ანგარიშგასაწევი ფიგურა ხდება გეოპოლიტიკურ პროცესებში და მისი იზოლაციიდან გამოყვანაა დაწყებული?
– ბოლო წლებში იცვლება გეოპოლიტიკური ბალანსი მსოფლიოში. ჯერ არ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ხდება აშშ-ის თანასწორი, ეს მხოლოდ რუსეთის სურვილია. თანასწორობა არ გამოიხატება ბირთვული ქობინების რაოდენობით. ამას, უპირველესად, სჭირდება საპირწონე ეკონომიკა იმ ეკონომიკებისა, რომლებთანაც გინდა, რომ ითანამშრომლო, როგორც თანატოლმა და ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკის მოცულობის მხრივ პირველ-მეორე ადგილას არიან აშშ და ჩინეთი. რუსეთის მცდელობა, იყოს მათი თანასწორი, უკავშირდება ორ ფაქტორს: რუსეთის სამხედრო პოტენციალს და იმას, რომ რუსეთი არის სსრკ-ის სამართალმემკვიდრე. ამაზე დაყრდნობით ცდილობს რუსეთი ამოტივტივებას და ისეთ მოთამაშედ გახდომას, როგორიც იყო სსრკ, ოღონდ ავიწყდებათ, რომ საბჭოთა ეკონომიკასთან რუსული ეკონომიკის შედარება არც კი შეიძლება.
– თუმცა რუსეთის ოქროს მარაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა. აღარ აქვს არც საგარეო და არც საშინაო ვალი, მათ სახელმწიფო რეზერვებს სრულად შეუძლიათ ამის დაფარვა.
– ეს ცნობილი ფაქტია და არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ვამბობ. რუსეთის ბიუჯეტი 300 მილიარდ დოლარზე ნაკლებია, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი კი – ამაზე ორ-ნახევარჯერ მეტი. მხოლოდ ბირთვული ქობინები და აგრესიულობით გამოხატული გავლენების გაფართოების სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ აღგიქვამენ თანატოლ მოთამაშედ. აღგიქვამენ საშიშ მოწინააღმდეგედ, მაგრამ არათანაბარ პარტნიორად. ის, რომ ელაპარაკებიან, არაფერს ნიშნავს, ელაპარაკებიან ჩრდილო კორეის ლიდერსაც და ტრამპი მზადაა, ელაპარაკოს ირანის ლიდერსაც.
– მაშინ რატომ არის ჩართული პუტინი გეოპოლიტიკურ პროცესებში?
– რუსეთის გააქტიურება შესამჩნევი გახდა სირიის მოვლენებში, ის 2015 წელს ჩაერთო სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში და საკმაოდ ეფექტიანადაც. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც რუსეთის მომხრეებზე, ისე მოწინააღმდეგეებზე და მოულოდნელად მთელმა მსოფლიომ დაინახა აბსოლუტურად განსხვავებული რუსული არმია. ამასთან, ასადის ხელისუფლების შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასავლეთის პასიურობამ, რუსეთმა კარგად გამოიყენა ამ წლებში აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები და სირია, ფაქტობრივად, მთლიანად დაბრუნდა რუსეთის, ირანისა და თურქეთის გავლენის ქვეშ, თუმცა რუსეთის გავლენა ამ ორის გავლენაზე დიდია. ამის შემდეგ დაიწყო რუსეთმა გაცილებით მეტი აქტიურობა საერთაშორისო არენაზე და აჩვენა ძალა თავის გეოპოლიტიკურ მეტოქეებს ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში.
– მაგრამ მხოლოდ ისრაელის ინიციატივა ხომ არ იქნებოდა შუამავლობა აშშ-სა და რუსეთს შორის?
– ისრაელი თავის პრობლემებს აგვარებს. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასრულება მნიშვნელოვანია ტრამპისთვისაც და, რა თქმა უნდა, რუსეთი ტრადიციულად პალესტინის მხარესაა, მაგრამ ისეთი ურთიერთობა ააწყო ნეთანიაჰუმ, რუსეთს უჭირს აშკარად საპირისპირო განცხადების გაკეთება. პუტინი ჩავიდა ისრაელში და ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ნეთანიაჰუს ერთ-ერთ სვლად იმასაც დავამატებდი, რომ რუსეთის როლი აღიარა და გამოყო საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფებაში და მეორე მსოფლიო ომში. მეტიც, ლენინგრადის ბლოკადის ობელისკი გახსენს იერუსალიმში და ვნახეთ ცრემლმორეული პუტინი სიტყვით გამოსვლისას. აი, ასეთ ნაბიჯებს დგამს ისრაელის დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ტრამპი და აშშ ისრაელის მოკავშირეები არიან და ნეთანიაჰუს ეს აქტივობები ამას უკავშირდება, ისრაელი არ აწარმოებს სპონტანურ პოლიტიკას, ის თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს თავისი გრძელვადიანი მიზნებისკენ, ამ ურთიერთობებში რუსეთი თავის ინტერესებსაც გამოხატავს და, გვინდა თუ არა, ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან მოთამაშედ გვევლინება. მაგრამ მე მაინც ჩამოვწევდი მის როლს ზუსტად იქ, სადაც ამერიკის პრეზიდენტები მიუთითებენ ხოლმე: რუსეთი არის რეგიონული და არა მსოფლიო ლიდერი. მთელი ამ რუსული აქტივობების მიზანია ძველი გავლენების აღდგენა. ბევრი ფაქტორი მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, თავისი პოზიციებიდან, წარმატებით ახორციელებს იმ გეგმას, რასაც ძველი გავლენების აღდგენა ჰქვია. ბევრს ლაპარაკობენ საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, თუმცა არ მგონია, რომ პუტინის მიზანი ეს იყოს. მისი პირველი ამოცანაა, არ დაუშვას „ნატოს“ შემდგომი გაფართოება თავის საზღვრებთან და მეორე ამოცანაა, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკები რაღაც კავშირში გააერთიანოს ან კავშირს მიღმა დატოვოს. კავშირს მიღმა ნიშნავს, ეგრეთ წოდებულ, უბლოკო სტატუსს, რასაც ავრცობენ კრემლთან დაახლოებული პარტიები. სამწუხაროდ, მათ არ ესმით, რომ წინასწარ ამ საკითხის ჩუქებით არაფერი გვრჩება რუსეთთან სალაპარაკო. სხვა საკითხია, მიაღწევს თუ არა რუსეთი თავის ამოცანებს, მაგრამ ჩვენ ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ საგარეო მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რისი ნაკლებობაცაა და ძალიან ცუდადაც გვიბრუნდება. აუცილებელია ეროვნული თანხმობა. ვისაუბრე ისრაელის მაგალითზე, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან თავიანთ გეგმას და გრძელვადიან ინტერესებს ატარებენ. ჩვენთან კი, რატომღაც, მოკლევადიანი და ვიწრო ინტერესები დგას ყველანაირ ინტერესზე მაღლა. ვერ მივეჩვიეთ, რომ საგარეო ფრონტზე ვიყოთ ერთიანნი და ერთმანეთს ვეომოთ შიდა საკითხების გამო. არ ვამბობ, რომ ევროსტრუქტურებსა თუ აშშ-ში ჩვენს პარტნიორებთან არ ვისაუბროთ დაუფარავად, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ აშშ-მა არ დაკარგოს ინტერესი საქართველოსადმი და არ აღგვიქვას ზედმეტ ტვირთად. ის ურთიერთობა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდება ამერიკასთან, შესანარჩუნებელია და ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, თუ გვსურს, მივაღწიოთ ჩვენს საწადელ მიზანს: დავაღწიოთ თავი იმ სივრცეს, საიდანაც ჯერჯერობით ვერ გამოვდივართ ოკუპაციის გამო.
– მესმის, რომ ფრთხილობთ შეფასებებისგან, ამიტომ სხვაგვარად დავსვამ კითხვას: მაშინაც კი, თუ გამოვრიცხავთ შეთანხმებას და პოლიტიკურ ვაჭრობას მხარეებს შორის, შექმნილი საგარეო ვითარებით შეიძლება, ისარგებლოს პუტინმა და სათავისად მოაწყოს ვითარება?
– ჭიდილია, პოზიციების გამოხატვაა. ბევრი რამ საჯაროდ არ ითქმება ხოლმე, ალბათ, არსებობს დიპლომატიური მიმოწერები, პირისპირ შეხვედრებისას საუბრები. შეიძლება, პუტინი და ტრამპი ისე ხშირად ვერ ხვდებინ ერთმანეთს, მაგრამ იმართება შეხვედრები პომპეოსთან, სხვებთან. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი თავის პოზიციებს, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცის შესახებ, აქტიურად გამოხატავს და ის, რაც ხდება, არის ძალიან ცუდი. ასევე, ძალიან ცუდად მენიშნა სტეპან ბანდერას საიდუმლო დოსიეს მოულოდნელად გასაჯაროება, რომ ის თანამშრომლობდა ნაცისტებთან და, ცხადია, რომ აშშ-ს კიდევ უამრავი მასალა ექნება.
– საინტერესოა ის, რომ ბანდერა გმირია პროდასავლურად განწყობილი უკრაინელებისთვის, იქნებ ისრაელი გაითვალისწინა აშშ-მა? ებრაელები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ბანდერას განდიდებას.
– არ მგონია, რომ აშშ-ს ისრაელისთვის გაეგორებინა კოჭი, არ ითხოვდა ისრაელი ბანდერას ან სხვების დოსიეების გასაჯაროებას. პირიქით – ეს ზელენსკისთვის იყო საკმაოდ ცუდი. თან, დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ზელენსკი ისრაელში ჩავიდა და ჩვენ იქ ვიხილეთ, რაც ვიხილეთ – მას სიტყვა არ მისცეს. თუმცა ოფიციალურად ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავისი ადგილი დაუთმო ჰოლოკოსტის მონაწილეებს, მაგრამ ამის საჭიროება არ იდგა და უარესად გაანაწყენა ოფიციალური ისრაელი.
– აღნიშნეთ, ჩვენ ინტერესი არ უნდა დავუკარგოთ ამერიკელებს და მათი ინტერესი არ არის, რომ ინტერესი არ დაკარგონ? ასე ჩვენ იმედზე არიან თავიანთ ინეტერესებში? ჩვენ დავუკარგავთ, თუ რუსეთი დაუკარგავს?
– უფრო ჩვენ დავუკარგავთ, ვიდრე რუსეთი.
– ჩვენ მეტი რა ვქნათ?!
– ჩვენ უნდა დავანახვოთ თანხმობა და მზადყოფნა იმ კურსისადმი, რომელზეც ვიდექით აქამდე და, ჩემი აზრით, ის ჭიდილი, რომელიც დღეს ვაშინგტონში მმართველ ძალასა და მის ოპონენტებს შორის არის, საზიანო იქნება ქვეყნისთვის. მე მაწუხებს, რა იქნება ხვალ.
– ანუ ეს ჭიდილი, უფრო ზუსტად, იმის დემონსტრირებაა, ვინ უფრო ცუდი და კარგია, შესაძლოა, დასრულდეს იმით, რომ აშშ-მა დაკარგოს ინტერესი და შეგვატოვოს რუსეთს?
- როგორც მოლდოვა... მოლდოვას საკმაოდ დიდხანს ეხმარებოდა დასავლეთი, იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიც. ყველანაირად ცდილობდნენ გადაქაჩვას დასავლური ვექტორისკენ, მაგრამ დღეს ეს ასე დამთავრდა, ხვალ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ დღეს მოლდოვაში ხელისუფლება მთლიანად პრორუსულია. წლებია, მე ამაზე ვლაპარაკობ და ვწერ. საერთაშორისო საკითხებში უნდა ვიყოთ ერთიანი, ჩვენ კი ერთმანეთთან ვკინკლაობთ.