№7 დამცაცხანებლები და დასაცაცხანებლები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ქვევრში ჩასაღვინებლები
ის, რომ ყველანი საბჭოთა წარსულიდან მოვდივართ, იმდენად ცხადი ფაქტია, რომ ვერა და ვერ გამოვსულვართ „უმცროსი ძმის“ როლიდან, ჰოდა, რაკი (რაღა ბალღობიდან) დაბადებიდან იქ ვსხედვართ (მენტალურად), ან ეს იარლიყი გვაქვს მოწებებული საფუძვლიანად და ყველა ამჩნევს, ან ვერა და ვერ (იქნებ არა და არა) გავიზარდეთ (ანუ ყურძნის მხოლოდ ქვევრში დაღვინება დავისწავლეთ).
ჰოდა, რაკი ვერ ან არ გავიზარდეთ, სავსებით ბუნებრივია, რომ, სადაც „უმცროსია“, იქ აუცილებლად გამოჩნდება „უფროსიც“ (და მერე რა, რომ, თუნდაც, ძმა?!).
ასეც მოხდა: მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაიჟინა, არჩევნები აუცილებლად მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდესო და მაშველად აშშ-ელი ზოგიერთი სენატორ-კონგრესმენიც და ევროპარლამენტარიც მოიხმეს (დაგვიცაცხანეს, როგორც „უფროსს“ შეჰფერის, ნუ ანცობთ, რასაც გეტყვით, ისე სჯობსო). მაგრამ, ვინაიდან დაცაცხანება საქმეს არ შველის, ეუთოსაც მიმართეს (წერილი მაინც წერილია, დასკვნა კი სულ სხვაა, აი, ტყემლითო, რომ იტყვიან).
მაგრამ ისე მოხდა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის („ოდირის“) დასკვნით, „საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი“, ანუ ზემოხსენებულმა „ოდირმა“ ოპოზიციის პროექტი დაიწუნა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ დაიწუნებდა (პირადი წერილები პირადი მოტივებითაც შეიძლება, დაიწეროს, ოფიციალური წერილები კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კანონებს უნდა ეყრდნობოდეს).
რა თქმა უნდა, საკამათოა, რა წესით უნდა ჩატარდეს არჩევნები და ისიც, რომ, თუ მაჟორიტარების მოცილებაა აუცილებელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან, მოტივით, „წურბელები არიანო“, პროპორციული ვითომ რატომაა „წურბელების“ საფრთხობელა?! მთავარი ისაა, როდესაც პოლიტიკოსები პოლიტიკურ პროცესს არა საკუთარ ამომრჩეველსა და პოლიტიკურ წონაზე დაყრდნობით ცდილობენ, არამედ უმცროს-უმცროსობის ჩარევით.
რაკი არ გცოდნიათო, ეუთოს დოკუმენტით ისიც შემოგვითვალეს, რომ (მომყავს ციტატა) „საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება“, რაც ფრიად სევდიანი დასკვნის წინაპირობაა: არასრულფასოვნებს, ამ სამყაროს დასაბამიდან მოყოლებული, არასდროს არაფერი სრულფასოვანი არ შეუქმნიათ.