№6 რეანიმატოლოგი ლევან რატიანი: „ბედნიერებაა, როდესაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების თანამონაწილე ხარ“
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი
საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, წარმატებული ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი ყოველდღიურად სიკვდილ-სიცოცხლის სადარაჯოზე დგას და თავდაუზოგავად იბრძვის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადასარჩენად. სიკვდილთან მებრძოლი რეანიმატოლოგი, გამორჩეულად ენერგიული, ოპტიმისტი და მიზანდასახულია. იშვიათად შემხვედრია ასეთი საინტერესო, მრავალმხრივ განათლებული და ინტელექტუალური ექიმი, რომელთან საუბარიც ამოუხსნელი ამოცანასავითაა. ფიქრობს, რომ რომელ ეპოქაშიც უნდა ეცხოვრა, ყველგან ექიმი იქნებოდა და ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოლებდა.
ლევან რატიანის მინი-დოსიე:
წარმოშობით სვანი, ფოთში გაიზარდა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულმა, განსაკუთრებული უნარებით გამორჩეულმა სტუდენტებმა, წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. იმავე წელს სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომურ სწავლებაში ჩააბარა ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახდა. პარალელურად, სწავლობდა სადოქტორო პროგრამაზე და 2012 წელს მედიცინის აკადემიური დოქტორი გახდა.
ლევან რატიანის შრომითი ბიოგრაფია იმდენად ვრცელია, რომ მისი რეგალიების გადმოტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ცნობისთვის გეტყვით, რომ მან ექიმის კარიერა 2008-2011 წლებში ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმობიდან დაიწყო და საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის კიდეც დაჯილდოვდა. 2010 წელს მაიამის უნივერსიტეტის ჯექსონის სახელობის კლინიკაში შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის კურსები გაიარა. 2011 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომური, უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამის – „პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვა საგანგებო სიტუაციების დროს“ – ავტორი და პედაგოგი. არ დარჩა კლინიკა, სადაც ორმოცდაათამდე სამედიცინო სტატიის ავტორმა, თავისი პროფესიული კვალი არ დატოვა.
– ბატონო ლევან, მრავალფეროვანი ბიოგრაფია გაქვთ, როგორც ვიცი, ექიმობამდე ინტელექტუალური თამაშები გიტაცებდათ, თუმცა ექიმობასაც არ შეუშლია ხელი, მონაწილეობა მიგეღოთ ინტელექტუალურ თამაშში – „რა? სად? როდის?“.
– ეს იყო ბავშვობაში, ძალიან მაინტერესებდა ისტორია და ხშირად დავდიოდი რეგიონულრ ტურებში, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე თბილისში. მივხვდი, რომ ექიმობა მინდოდა, შევწყვიტე ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა და ბიოლოგიაზე გადავერთე.
– ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია გაქვთ, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ემსახურებით, ამ გადასახედიდან – იმავე პროფესიას აირჩევდით?
– სიმართლე გითხრათ, ექიმობა ჩემთვის პროფესიაზე მეტია, მთელი ჩემი ცხოვრებაა და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ექიმების მიმართ. დღესაც რომ თავიდან ვაკეთებდე არჩევანს, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. ბევრი სიცოცხლე გადამირჩენია და ბევრიც ისეთი ადამიანი წასულა ჩემი ხელიდან, რომლებთან ერთადაც მიბრძოლია სიცოცხლისთვის. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების თანამონაწილე ხარ.
– რატომღაც, რეანიმატოლოგები ეგუებიან სიკვდილს, რა განცდა გაქვთ, როდესაც პაციენტს ვერ შველით?
– თითოეული პაციენტის სიცოცხლეზე გამარჯვება – ეს შენი გამარჯვებაა. დიახ, არსებობს ცნება, რომ რეანიმატოლოგი ეგუება სიკვდილს, რაც ჩემთვის მიუღებელია. არ შეიძლება მკურნალი შეეგუოს სიკვდილს, იმიტომ რომ სიკვდილზე გამარჯვება ექიმის ხელახალი დაბადებაა. მე ასე ვცხოვრობ და მეამაყება, რომ ექიმი რეანიმატოლოგი ვარ, რადგან ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ვემსახურები. ეს დარგი იმ ექიმებისთვისაა, ვისაც კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი აქვთ. არავის ეწყინოს, მაგრამ რეანიმატოლოგი არ არის რიგითი ექიმი, ესაა ექიმი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს – რაც შეიძლება, მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს.
– იღბლიანი ხართ?
– ძალიან. ვფიქრობ რომ იღბლიანობას სიკეთე და ზოგადად, ადამიანის ხასიათი განაპირობებს.
– საქართველოს ისტორიის რომელ დროში იცხოვრებდით და ვინ იქნებოდით?
– ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, დავით აღმაშენებლის პერიოდში ვიცხოვრებდი და ისევ ექიმი ვიქნებოდი. ძალიან მიყვარს მისი ცხოვრება და ისტორია.
– ფიქრობთ, რომ ქართული მედიცინის ისტორიას წერთ?
– თუ დამცალდა, აუცილებლად დავწერ ქართული მედიცინის ისტორიას. მინდა, მქონდეს ისეთი კლინიკური ცენტრი, რომელიც მოწინავე იქნება ბაზარზე. ექიმობა ქართველებისთვის შესისხლხორცებული პროფესიაა. ვფიქრობ, საქართველო მოწინავე უნდა იყოს მსოფლიო ჯანდაცვის კუთხით და ალბათ, დადგება დრო, როცა ქართველი ექიმები ისტორიაში ჩაიწერებიან.
– წარმოგვიდგინეთ თქვენი ოჯახი...
– მეუღლე ექიმი პედიატრია. სამი ვაჟი გვყავს, ოჯახისთვის ნაკლებად ვარ. იციან, რომ ჩემთვის მთავარი პროფესიაა და ეგუებიან ამ ყველაფერს.
– თქვენთვის, როგორც სიცოცხლისთვის სიკვდილთან მებრძოლისთვის, რა არის სიცოცხლე?
– სიცოცხლე ყველაფერია. ხშირად ვფიქრობ, მე რომ ექიმი რეანიმატოლოგი არ ვყოფილიყავი, გავიგებდი თუ არა, რა არის სიცოცხლე?! სიცოცხლე ბედნიერებაა და ჯერ კიდევ ვაჟა ამბობდა: „სიცოცხლე მშვენიერია, სიკვდილი გარდაუვალი!“ სად გადის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის – ეს ძნელი წარმოსადგენია.
– გწამთ იმქვეყნად ცხოვრების გაგრძელების?
– ღმერთის მწამს და სულ ვწერ, რომ ჩვენ იმქვეყნად ისევ შევხვდებით ერთმანეთს!