კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 უალერსოდ დარჩენილი ქალები

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #5(996)

  ერთი ძალიან ახლობელი ადამიანი მყავდა, ჩემი თანაკლასელი მარიკა, რომელთანაც ვმეგობრობდი, ყველაფერში მაგალითად მიმაჩნდა; ვცდილობდი, დავმსგავსებოდი, რადგან ერთგულებისა და სათნოების ეტალონად მიმაჩნდა და ამის გამო ჩემს ყველა საიდუმლოს ვუზიარებდი, მათ შორის ისეთსაც კი, ახალგაზრდა და გამოუცდელ გოგოებს რომ აქვთ ხოლმე: პირველი გაცნობა, პირველი მოწონება, პირველი სიყვარული, პირველი კოცნა, პირველი ეჭვიანობა, პირველი ცრემლი, პირველი იმედგაცრუება, პირველი განშორება... ერთი სიტყვით, ყველაფერი პირველი, ანუ ის, რასაც ყველას ვერც და არც მოუყვები.
მე მას თვალდახუჭული ვენდობოდი, ვუმხელდი ჩემს ყველა საიდუმლოს, თავის შესახებ კი მას არასდროს არაფერი მოუყოლია. მეგონა, არავის მოსწონს და არავის უყვარს-მეთქი და გულში მებრალებოდა კიდეც. ვფიქრობდი, ასეთი კარგი გოგოა – ლამაზი, თავმდაბალი, მორიდებული, ზრდილობიანი, მორცხვი, გულკეთილი, ერთგული და რატომ არავის მოსწონს-მეთქი, მაგრამ...
  ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ისე მოხდა, რომ მარიკა ავტობუსში ვიღაც გოგოსთან ერთად ამოვიდა. ისინი ჩემი სკამის უკან, ზურგშექცევით დასხდნენ. ჩვენ ერთმანეთი არ დაგვინახავს, მარიკას ხმა ვიცანი, როცა იმ გოგოს ჩემს ისტორიებს უყვებოდა და ორივენი ხმამაღლა იცინოდნენ. უფრო სწორად, ჯერ ჩემი ისტორიები ვიცანი და მერე – მარიკას ხმა. საკმაოდ ხმამაღლა ყვებოდა ჩემი მეგობარი და, ცხადია, მესმოდა. ისინი დამცინოდნენ და მასხრად მიგდებდნენ. მე ცუდად გავხდი და შემდეგ გაჩერებაზე ჩავედი, ოღონდ ისე, რომ მარიკას არ დავენახე. არადა, წესით, რამეს თუ არ ვეტყოდი, უნდა დავნახვებოდი მაინც და ამით მიმეხვედრებინა, რომ ყველაფერი გავიგონე. მაგრამ ვერ გავიმეტე – ვიფიქრე, ძალიან შერცხვება და ინერვიულებს-მეთქი და უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩავაყენე. იმისიც შემეშინდა, მერე როგორ უნდა შემეხედა თვალებში და ქურდივით გავიპარე.
  მეორე და მესამე დღეს სკოლაში აღარ წავედი – არ შემეძლო მარიკას ნახვა. მაგრამ როდემდე უნდა გამეცდინა გაკვეთილები? საღამოს თვითონ დამირეკა და ისეთმა გულაჩუყებულმა მომიკითხა, რაღაც მომენტში გავიფიქრე, ის ავტობუსიც და მასში გაგონილიც მომელანდა-მეთქი და კინაღამ ტირილი დავიწყე. მაგრამ მერე მთელი ჩემი სული და სხეული ისევ მოიცვა მეგობრის ღალატით გამოწვეულმა წყენამ და ტკივილმა და ძლივს ვაიძულე თავი, რომ ტელეფონში არაფერი მეთქვა. შეძლებისდაგვარად ჩვეულებრივად დაველაპარაკე და მეორე დღეს სკოლაში წავედი. მთელი კლასი დადარაჯებული მადევნებდა თვალს. გოგოები შიგადაშიგ ჩაიფხუკუნებდნენ ხოლმე, ბიჭები გაოცებული სახეებით მაკვირდებოდნენ და მხრებს იჩეჩდნენ. მხოლოდ მარიკა შემხვდა უმანკო კრავის გამომეტყველებით, ხელოვნური მზრუნველობით დამტრიალებდა თავს და მოგონილი თანაგრძნობით დამდევდა კუდში.
  გულმა ცუდი მიგრძნო, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. დაბნეული წავედი ჩემი მერხისკენ და ჩემს ადგილას დავჯექი, მაგრამ სულ რამდენიმე წამში ყველა შემომეცალა – ჩემგან მოშორებით დასხდნენ, თითქოს კეთრი მჭირდა.
– რა მოხდა? – ვკითხე დათოს, ჩემს თანაკლასელ ბიჭს, რომელიც შედარებით უკეთ იქცეოდა იმ მომენტში. ეს ის დათო იყო, რომელთანაც ვმეგობრობდი, სინამდვილეში კი სიგიჟემდე მიყვარდა, ოღონდ თვითონ არაფერი იცოდა. ჩემი სიყვარულის შესახებ ვიცოდით მხოლოდ მე და მარიკამ, რადგან მას მოვუყევი, როგორ შემიყვარდა დათო და როგორ ვმალავდი ჩემს გრძნობას.
– ამას მე მეკითხები? – უცებ გაბრაზდა დათო, – მგონი, მე უნდა გისვამდე ამ კითხვას.
მეგონა, მეხუმრება-მეთქი. გაღიმება ვცადე, მაგრამ ვიგრძენი, რომ არ გამომივიდა და მარიკას გავხედე – გულში კიდევ ვიტოვებდი იმედს, რომ ის მომეშველებოდა ან ამიხსნიდა, რაში იყო საქმე. მან კი ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო და პრანჭვა დაიწყო. ყველა გაისუსა.
– აღარ იტყვით, რა მოხდა? – ვიკითხე დაძაბული ხმით.
– რაში გჭირდება საკუთარ თავზე ასეთი ჭორების გავრცელება? – ნაწყენი ხმით მკითხა დათომ, – მე შენ ძალიან დიდ პატივს გცემდი, შენთან ვმეგობრობდი, შენ კი... – მერე ხელი ჩაიქნია და კლასიდან გავიდა.
– რა ჭორები გავავრცელე საკუთარ თავზე? – სულ მთლად დამაბნია დათოს სიტყვებმა.
– რა იცით, იქნებ სულაც არ არის ჭორი? – გაეცინა მეგის, კლასში ყველაზე შურიან და უშნო გოგოს, რომელთან დალაპარაკებასაც კი არ კადრულობდა არავინ, ჩემ გარდა, რადგან ძალიან მეცოდებოდა, ის კი მარიკას „ეტენებოდა“.
– რა ჭორი? – ჩავეკითხე დაზაფრული ხმით.
– მოდი, ნუღარ ვაწვალებთ და პირდაპირ ვკითხოთ, – მეგიმ შეთქმულივით გახედა მარიკას. მარიკამ ვითომ ვერ გაიგონა, სარკეში პრანჭვა განაგრძო, რაც მეგიმ თანხმობის ნიშნად მიიღო და არცთუ ორაზროვნად მკითხა: – რამდენი თვის ხარ?
– თვის თუ წლის? – ვერ მივხვდი, რისი გაგება უნდოდა.
– თვის, საყვარელო, თვის! – გადაიკისკისა მეგიმ და თავისი ყვითელი ღოჯები გამოაჩინა.
ძლივს ჩავწვდი მისი შეკითხვის შინაარსს და ვიგრძენი, როგორ ჩამომივარდა ნიკაპი.
– როგორ არ გრცხვენია! – მეგონა, ვიყვირე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩურჩულით ამოვიხავლე.
– მე რატომ უნდა მრცხვენოდეს, მე კი არ ვარ ორსულად თანაკლასელისგან თექვსმეტი წლის ასაკში! – ისევ ღოჯები გადმოყარა მეგიმ და ისევ მარიკას მიუბრუნდა მხარის აბმის მოლოდინში: – არა, მარი?
მარიკამ სარკე შეინახა, პირში საღეჭი რეზინი ჩაიდო, ყელზე ჩამოკიდებული ოქროს მედალიონი მექანიკურად გაისწორა ორი თითით და კევის ღლაჭუნით უპასუხა:
– ჩემგან რა გინდა, მე რა, სანთელი კი არ მეჭირა! თუკი თვითონ ამბობს, ესე იგი, მართალია! – მერე მე მომიბრუნდა და ურცხვად მკითხა: – ვისგან დაორსულდი, ის მაინც თუ იცი?
ეს უკვე მეტისმეტი იყო, მაგრამ წესიერად ვერ აღვიქვი მისი სიტყვების შინაარსი, რადგან მზერა ვეღარ მოვაშორე მის კისერზე ჩამოკონწიალებულ მედალიონს. მარიკა მიხვდა, რასაც მივშტერებოდი აღშფოთებული და გაოგნებული და სასწრაფოდ ამოაფარა თავის თეთრ მაისურს.
ის იყო, გადავწყვიტე, მეკითხა, ეგ მედალიონი ვინ მოგცა-მეთქი, რომ ზარი დაირეკა და კარის ჭრიალის ხმაც გაისმა. პირველი გაკვეთილი ფიზკულტურა გვქონდა, რომელიც თითქმის არასდროს გვიტარდებოდა, ამიტომ არავინ დაძრულა ადგილიდან, მით უმეტეს, ისეთი ინტრიგა იყო შემოგდებული, ვინ მოიკლებდა სიამოვნებას!
  კარის ჭრიალზე ყველამ იქით გაიხედა, ჩემი და მარიკას გარდა. ჩვენ დაძაბულები შევცქეროდით ერთმანეთს და თითქოს ველოდებოდით, პირველი ვინ ამოიღებდა ხმას, რომ მერე ერთ-ერთი ჩვენგანი თავს დასხმოდა სიჩუმის დამრღვევს, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მეგის წიკვინა ხმა გაისმა:
– აი, მამიკოც მოსულააა! – და ბოლო „ა“ ხმოვანი ისე გააგრძელა, კრივის დროს მოკრივის გვარს რომ აცხადებენ ხოლმე რინგზე.
ამ შეძახილმა მე და მარიკაც კარისკენ გაგვახედა. საკლასო ოთახში დათო შემოვიდა, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, მეგიმ მთელი ძალით დასცხო ტაში და დანარჩენებიც აიყოლია, თან ყვიროდა:
– გი-ლო-ცავთ! გი-ლო-ცავთ!
– რას მილოცავთ? – დათო აშკარად ვერ მიხვდა.
– პირველი გოგოს დაორსულებას, კლასში პირველ მამობას! – არ ცხრებოდა მეგი, – ოღონდ, ის ვერ გამიგია, რაღა ეს უპატრონო და ღარიბ-ღატაკი აირჩიე, დაილია შენი შესაფერისი გოგოები?
– მაგალითად, შენ, არა?! – გესლიანად ჰკითხა დათომ.
– თუნდაც! – გაეპრანჭა მეგი, მაგრამ ღოჯების დამალვა მაინც ვერ მოახერხა, მერე კი ისევ მარიკას გახედა – მომეხმარეო. ის კი იჯდა დაძაბული და თავჩაღუნული და სახეზე ეტყობოდა, რომ სიტუაციიდან თავის დაღწევის გზას ეძებდა.
– ახლა მე მომისმინე, მახინჯო, – დათომ მუშტები შეკუმშა და მეგის დასარტყმელ მანძილზე მიუახლოვდა, მაგრამ ბოლო მომენტში თავი შეიკავა და განაგრძო: – ჯერ ერთი, აქ არავინ არის ორსულად და ვინც შენ ეს ტყუილი გითხრა, ძალიან მწარედ აგებს პასუხს; მეორე – ასეც რომ იყოს, შენ მაინც არასდროს გელის ეს ბედნიერება, იმიტომ, რომ მახინჯი, ბოროტი და ბოღმა ხარ, თანაც უტვინო და იდიოტი, ამიტომ, მამაშენის ფულების მიუხედავად, შენთვის ლოყაზე კოცნასაც არავინ მოისურვებს  – პრიშჩიკები გადაედება; და, მესამე და მთავარი – ღმერთი არ დაუშვებს, რომ შენისთანები გამრავლდნენ. არც შენნაირები და არც მაგისნაირები, გასუსული რომ ზის შენ გვერდით, ვითომ მე არაფერ შუაში ვარო... არა, მარიკა? როგორ მწყდება გული, რომ ბიჭი არ ხარ...
                                                                                 ***
  დათოს სიტყვებმა ჯადოსავით იმოქმედა მთელ კლასზე და ყველა გაისუსა. ამ დროს ფიზკულტურის მასწავლებელმა, გულიკომ შემოიხედა და შეგვაქო:
– თქვენ კი გენაცვალოთ ჩემი თავი, ასეთი კარგები რომ მყავხართ! თქვენ აქ ისხედით ჩუმად, არსად გახვიდეთ, მე ბუფეტში ჩავალ და ჩაის დავლევ, კარგი? – და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, კარი გაიხურა.
– გოგოებთან ბოდიშს ვიხდი, ასეთი უზრდელი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, – თქვა დათომ და ისევ მარიკას მიუბრუნდა: – ახლა აბრძანდი ფეხზე, აღიარე შენი ნაძირლობა და დადუნას ბოდიში მოუხადე. დადუნასაც, მეც და დანარჩენებსაც!
მარიკა ადგილიდან არ დაძრულა და არც ხმა ამოუღია, ისევ ისე იჯდა, თავჩაღუნული და გაშეშებული.
– დროზე! – ისე იღრიალა დათომ, ფანჯრებმა ზრიალი დაიწყო.
– დაანებე თავი, – ვთხოვე დათოს, – თავისი ეყოფა. ვერ ხედავ, რა დღეშია?
– არაფერ დღეშიც არ არის. შენ გგონია, ნანობს? ახლა იმაზე ფიქრობს, თავი როგორ დაიძვრინოს და ყველაფერი იმ თავის „ხელის გოგოს“ როგორ გადააბრალოს. რატომღაც, ამ წამს ვიფიქრე, რომ კიდევ უარესი საშინელება აქვს ჩადენილი, რაც ახლა გაირკვა და იმაზე ფიქრობს, როგორ მოვიქცეო.
– მე რა შუაში ვარ, ჩემგან რა გინდათ? – წამოხტა მარიკა, – ამან თვითონ მოიგონა ყველაფერი და მითხრა, მერე კარგად ვიცინოთო, – და თითი მეგისკენ გაიშვირა.
– აი, ხომ ვთქვი, –  ჩაეცინა დათოს.
– მე-ე?! – ლამის თავზე დააცხრა მეგი, – შენ თვითონ არ ამბობდი, დათოს მაგას არ დავუთმობ და ასე თუ ჩამოვიშორებო?
– შენ არ მოიპარე მისი სახლიდან ოქროს მედალიონი –  დედამისის სახსოვარია და, რომ ვერ იპოვის, გამწარდებაო?! – არ შეარჩინა დაქალს „ჩაშვება“ მარიკამ.
– მერე, მე თუ მოვიპარე, ვის უკიდია გულზე იმ დღიდან დღემდე? – და მეგიმ თითი მკერდზე ატაკა დაუნდობელ მეგობარს.
მარიკა მიხვდა, რომ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა – მედალიონი არ უნდა ეხსენებინა, ეგებ მეგის დავიწყებოდა; მე კი ამდენ ხალხში არაფერს რომ არ ვეტყოდი, დარწმუნებული იყო. მაგრამ უკვე ნათქვამ სიტყვებს უკან ვეღარ დააბრუნებდა, ამიტომ, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, უმწეოდ ამოიკნავლა:
– ეს ჩემი მედალიონია, ბებიამ მაჩუქა დაბადების დღეზე!
– და დადუნას დედის სურათი ჩაგიდო შიგ? – დასცინა მეგიმ.
მარიკამ მექანიკურად ჩაბღუჯა მაისურის ქვეშ მოქცეული მედალიონი, ჩამოგლიჯა ძეწკვი და ჯიბეში ჩაიტენა.
– ჩემია, ბებიამ მაჩუქა! – გაჰყვიროდა მარიკა და კარისკენ იხევდა, – აშკარად გაქცევა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ დათო მიუხვდა, კართან გადაეღობა და ხელისგული გაუშვირა:
– დააბრუნე მედალიონი!
– შენ ვისი ტიკი-ტომარა ხარ! გაეთრიე აქედან!
– მომეცი მედალიონი, ვნახავ და, თუ მართლა შენია, დაგიბრუნებ.
– არა!
– რატომ, შენი ყოფილი დაქალის გარდაცვლილი დედის სურათის ამოღება დაგავიწყდა თუ ვერ მოასწარი? – დათომ ძალით ამოაღებინა ჯიბიდან ხელი, მუჭი გაახსნევინა და ჩაბღუჯული მედალიონი ძალით წაართვა.
– ახლა კი ერთ მარტივ ფოკუსს გავაკეთებ მთელი კლასის თვალწინ და ყველასთვის ნათელი გახდება, ვინ ტყუის! – დათომ მედალიონი გახსნა და შიგ ჩაკრული ლამაზი ქალის სურათი ყველას დაანახვა: – იცანით?
ბავშვებმა თავი დააქნიეს თანხმობის ნიშნად, მერე კი ყველა ერთად შეესია მარიკას, თითქოს რამდენიმე წუთის წინ თვითონ არ დამცინოდნენ და მამცირებდნენ.
მარიკა მერხზე დაემხო და მთელი ხმით აღრიალდა.
ჩემთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, შიშის გამო ტიროდა ის თუ სინანულის გამო. ამ წუთებში მასზე უბედური ადამიანი დედამიწაზე არ მეგულებოდა. ღოჯებიანი მეგიც კი არ მიმაჩნდა მასზე უბედურად. სულ რაღაც ერთი დღის წინ თავი კლასის დედოფალი ეგონა, ახლა კი ისინი, ვინც ყველაზე მეტად ექლესებოდნენ, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ და უამრავ ბოროტ საქციელში ამხელდნენ, ის კი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ბღაოდა. ერთ დროს ჩემი საყვარელი თანაკლასელები ბრბოდ იქცნენ და, ცოტა დამაკლდა, რომ მეც მათი ნაწილი გავმხდარიყავი, რომ უცებ ვიგრძენი, მეც, მიხეილ ჯავახიშვილის ერთი პერსონაჟივით, ეშმაკის ქვა მეჭირა ხელში. მოულოდნელად გამოვფხიზლდი, ჩავდექი დათოსა და მარიკას შორის და დათოს ვუყვირე:
– გაჩერდით! ახლა გამახსენდა – ეს მედალიონი მე ვათხოვე მარიკას, არა, კი არ ვათხოვე, ვაჩუქე და მერე დამავიწყდა! – სიმართლე გითხრათ, არ მახსოვდა, რომელი ფილმის თუ ლიტერატურული პერსონაჟის საქციელი გავიმეორე იმ მომენტში.
– ბოლო-ბოლო, ათხოვე თუ აჩუქე? – ეჭვით მკითხა დათომ.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ მე მივეცი.
– გარდაცვლილი დედის სახსოვარი?
– ჰო. ასე იყო საჭირო. სურათის ამოღება კი დამავიწყდა, მეტს აღარაფერს გეტყვით. დაუბრუნე მედალიონი, გთხოვ!
– შენი გამოსწორება არ იქნება! – თქვა დათომ, გაწყვეტილძეწკვიანი მედალიონი ხელში ჩამიდო და გასვლისას ღიმილით მითხრა: – ამიტომაც ხარ ყველაზე მაგარი გოგო!
  ჩემი ცხოვრების ეს უმძიმესი ეპიზოდი მანანიკოს და ბაბის რომ მოვუყევი, გაოგნებულები მისმენდნენ.
საკმაოდ გრძელი ამბავი გამომივიდა, მაგრამ ჩემი ორი უახლოესი დაქალი ისე სულგანაბული მისმენდა, ერთი შეკითხვითაც კი არ შეუწყვეტინებიათ ჩემთვის თხრობა.
  მე ძალიან დამღალა და ამაფორიაქა ბავშვობის დროინდელი ტკივილის გახსენებამ. რაღაც მომენტში ვინანე კიდეც: რატომ მოვუყევი, ჩემს გოგოებს არ ეგონოთ, ვტრაბახობ – ნახეთ, რა კარგი ვინმე ვარ-მეთქი. მანამდე ეს ამბავი არასდროს არავისთვის მომიყოლია, საკრალური საიდუმლოსავით ვინახავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე, როგორ მოგვექცა მანანიკო სოფოს, მე და ბაბის, რატომღაც მომინდა, ჩემს ამბიციურ დაქალს სცოდნოდა, რომ მეგობრობას მოფრთხილება სჭირდება. მანანიკოს საქციელი ჩემთვის არანაკლებ აღმაშფოთებელი იყო, ვიდრე ბაბის დის, მიუხედავად იმისა, რაც მან ჩაიდინა და ვიდრე თავად სოფოსი, რომლის საქციელზე კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია.
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3