№6 რა საიდუმლო მისია დააკისრა სტალინმა მოსკოვში გადმოყვანილ ბერიას
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ჩემი აზრით, ბერიას დამტკიცება ჰიტლერთან კავშირის მთავარ როლზე სტალინს ბერიას ძალოვანმა სტატუსმა („ენკავედეს“ უფროსობამ), ბერიას გონიერებამ და თანამემამულეობამ (ეროვნებით ქართველობამ) გადააწყვეტინა. რაც უნდა თავი გაიგიჟონ სხვადასხვა ჯურისა თუ ფორმაციის მკვლევარ-პუბლიცისტებმა და აიტაცონ, რომ სტალინი თავს ქართველად არ მიიჩნევდა და ყველაზე მეტად რუსებს ენდობოდაო, ფაქტი ფაქტად რჩება – საბჭოთა დიქტატორი ყველანაირად ქართველი იყო და ყველაზე მეტად მაინც ქართველებს ენდობოდა... ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „ჟარგონის ენით რომ ვთქვათ, ეშმაკი ლავრენტი ბერია სტალინს მიუხვდა გულისნადებს და საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულს, მოგვიანებით კი უკვე მოსკოვში, სტალინს აბსოლუტურად ქართული გარემო შეუქმნა: ქართული სუფრა და სასმელები, რაც აგრერიგად უყვარდა სტალინს; ქართული მომსახურე და დაცვის პერსონალი; ქართული ფოლკლორი და ასე შემდეგ. ამიტომ, ტყუილია იმის მტკიცება, რომ თითქოს სტალინი რუსულ ყაიდაზე ცხოვრობდა და საკუთარ თავს რუსად მიიჩნევდა. ეს სიყალბეა. სტალინი ქართველი იყო. ეს არასოდეს დაუმალავს და ბერიამაც ამ „სიმებზე“ ააწყო სტალინთან ურთიერთობა. თანაც, ისე დაუახლოვდა ბელადს, რომ 1940 წლის დასაწყისში სტალინმა ბერია საიდუმლო მისიით ბერლინში მიავლინა...“
მას მერე, რაც საბჭოეთ-გერმანიას შორის თავდაუსხმელობის პაქტი დაიდო და საიდუმლო ოქმსაც მოეწერა ხელი, სტალინს თავისი პოლიტიკური პარტიის (იგულისხმება თამაში) წარმატებულად გაგრძელებისთვის ჰიტლერთან ფარული კავშირი სჭირდებოდა და 16 იანვარს ლავრენტი ბერია საიდუმლოდ მიავლინა ბერლინში.
ფაშისტური გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი, რაიხსფიურერ ჰენრიხ ჰიმლერის ერთ-ერთი მოადგილე, ვალტერ შელენბერგი თავის მემუარებში ასე აღწერდა ბერიას საიდუმლო ვიზიტს ბერლინში: „ვიცოდით, რომ ბერია კავკასიელი იყო, კერძოდ კი ქართველი და რომ მან თავისი სამშობლო საბჭოთა კავშირში მოწინავე პოზიციებზე გაიყვანა. ვიცოდით ისიც, რომ საბჭოთა უშიშროებაში, მას მერე, რაც ბერია ჩუადგა სათავეში, უცხოელი ჯაშუშების რიცხვი, ფაქტობრივად, ნულამდე დავიდა (1940 წლისთვის ყველა ჩვენი აგენტი გამოვლენილი და განეიტრალებული იქნა). ჩვენი ინფორმაციით, ბერია მრავალმხრივად განათლებული ადამიანი იყო. თავისუფლად ფლობდა 6 ენას (მათ შორის გერმანულს). ერთი სიტყვით, მთელი ეს ინფორმაცია რომ რაიხსფიურერს (ჰიმლერს) გადავეცით, მან თქვა: ღირსეული და ჭკვიანი კაცი ჩანს და აშკარაა, რომ მას სტალინი დიდად ენდობაო... ბერლინში ბერია 16 იანვარს, დილით ჩამოფრინდა და დღის 2 საათზე რაიხსფიურერს (ჰიმლერს) შეხვდა. მათ 3 საათის განმავლობაში ისაუბრეს. საღამოს 10 საათზე კი ბერია ფიურერმა (ჰიტლერმა) მიიღო რაიხსკანცელარიაში და მათაც 3-საათიანი საუბარი ჰქონდათ. 17 იანვარს, ღამის 3 საათზე კი ბერიამ ბერლინი დატოვა...“
ბერიას ბერლინში ფარული ვოიაჟის შემდეგ, საბჭოთა და ფაშისტურმა დაზვერვებმა ერთმანეთში საიდუმლო თანამშრომლობის ხელშეკრულება სიტყვიერად გააფორმეს, რის საფუძველზეც 1941 წლის 22 ივნისამდე თანამშრომლობდნენ. ცვლიდნენ ინფორმაციას. საბჭოეთმა გერმანიას ათასზე მეტი ანტიფაშისტი გადასცა, რომლებიც საბჭოეთს აფარებდნენ თავს. გერმანიამ კი საბჭოეთს – ამდენივე მეფისდროინდელი ანტიკომუნისტი, ვინც გერმანიაში ცხოვრობდა. ჰიტლერთან შეხვედრაზე ბერია ფაშისტ ფიურერს სტალინთან საიდუმლო შეხვედრაზე მოელაპარაკა და ასეთი შეხვედრა ერთი თვის მერე შედგა, რამაც კიდევ წელიწად-ნახევრით გადასწია საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი. ფარული ბერლინური მისიის გარდა, ლავრენტი ბერიამ, სტალინის დავალებით, საიდუმლო დიპლომატიური მისიები განახორციელა სკანდინავიის ქვეყნებსა და დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე. ერთი სიტყვით, მოსკოვში გადმოყვანამდე, 3 წლის განმავლობაში, ბერია სპეცსამსახურის უფროსობას სტალინის საიდუმლო დიპლომატის როლს უთავსებდა და საკმაოდ წარმატებითაც“.