№6 რა უხდება ვარიკოზულ ვენებს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სტატისტიკურად ცნობილია, რომ ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან. ოფიციალური სტატისტიკით, ვარიკოზი აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს. ვარიკოზი, ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება – ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას. ამ დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ორსულობა, სიმსუქნე, ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, არააქტიური ცხოვრების წესი. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხელი აბაზანები, კიდურებზე მზისა და სითბოს ზემოქმედება კიდევ უფრო მეტად აფართოვებს ვენებს.
ვენური უკმარისობა ვლინდება სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც ძლიერდება დიდხანს დგომის ან ჯდომისას. მოგვიანებით თავს იჩენს გამბრჯენი ტკივილები წვივებში, კანის ქავილი და წვა, ღამის კრუნჩხვები. საგულისხმოა, რომ ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე არ არის დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მძიმე გართულებების წინამორბედი შესაძლოა, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც კი იყოს. ამასთან, ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტები სულაც არ უჩივიენ ძლიერ დისკომფორტსა და ტკივილებს.
ქრონიკულ ვენურ უკმარისობას განვითარების რამდენიმე სტადია აქვს. ნულოვან სტადიაზე დაავადებას არანაირი გამოვლინება არ აქვს, თუმცა დაავადების პირველ სტადიაზე ფეხზე წვრილი კაპილარები ჩნდება, მეორე სტადიაა კანქვეშა ვენების ვარიკოზი, მესამე ეტაპზე ვარიკოზს ემატება ფეხების შეშუპება დღის ბოლოს (რომელიც დილამდე გაივლის ხოლმე), შემდეგ არის ეგზემა (კანის ანთებითი პროცესები) და კანის ტროფიკული წყლულები, რომლებმაც შესაძლოა, ადამიანი ინვალიდობამდე მიიყვანოს.
ვარიკოზით დაზიანებული ფეხებისთვის კარგია ბერულას თბილი ნაყენის აბაზანები: თასში ჩაყარეთ 200 გრამი ხმელი ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. თბილ ნაყენში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათით გააჩერეთ, თან დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ არ გაგრილდეს. ეს პროცედურა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას.
ერთი სუფრის კოვზი სვიის მარცვალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი, 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. გაგანიერებულ ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.
ვარიკოზული ვენებისა და ანთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბუნებრივი საშუალება ნიორია. იგი შლის ტოქსიკურ ნარჩენებს ორგანიზმში და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. დღეს გაგაცნობთ იმ გზას თუ როგორ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნიორი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ. აიღეთ რამდენიმე კბილი გახეხილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი. კარგად შეურიეთ ინგრედიენტები და გააჩერეთ მშრალ და გრილ ადგილას 12 საათის განმავლობაში. ნარევი შეიზილეთ კანში და დაიმასაჟეთ მანამ, სანამ სითხეს არ შეიწოვს ბოლომდე. ამის შემდეგ შეიხვიეთ თბილად და 50 წუთის შემდეგ მოიხსენით.
გაიმეორეთ პროცედურა სასურველი შედეგის მიღწევამდე.