№6 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ვარ დასაოჯახებელი. მინდა, შევქმნა ქრისტიანული ოჯახი, მაგრამ ხელი არ მემართება. ვფიქრობ, ჯადო მაქვს გაკეთებული. გთხოვთ მირჩიოთ, რა მოვიმოქმედო ბედის გახსნის მიზნით?
პასუხი: შესაძლოა, მართლაც მოქმედებდეს თქვენზე ბოროტი ძალა, ეკლესია არ უარყოფს ამ ძალების არსებობას, მაგრამ თქვენი ბედი ერთჯერადი ქმედებით არ გაიხსნება, თუ არ დაიწყებთ ეკლესიურ ცხოვრებას. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოვა თქვენზე სულიწმიდის მადლი და კურთხევა ღმრთისა.
კითხვა: რამდენად სასარგებლოა ადამიანმა ხშირად თქვას აღსარება?
პასუხი: აღსარებას ხშირად თქმა სასარგებლოც არის და აუცილებელიც, რადგან ადამიანი უცებ ივიწყებს თავის ცოდვებს, ხოლო როდესაც ამა თუ იმ ცოდვაზე მოძღვარს ვესაუბრებით, მისი დახმარებით შევეცდებით, ამოვძირკვოთ ისინი. გარდა ამისა, სინანული ცოდვებზე თვალს აგვიხელს და როდესაც ადამიანი ერთ ცოდვას მოინანიებს, შემდეგ დაინახავს მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ. ვინც ეჩვევა, პასუხი აგოს საკუთარ ცოდვებზე ამ ცხოვრებაში, მას არ გაუჭირდება პასუხის გაცემა ქრისტეს სამსჯავროზე წარდგენისას. მონანიებით განწმენდილი ადამიანი შეურცხვენლად წარდგება ქრისტეს სამსჯავროზე და ღირსეულ ადგილსაც დაიმკვიდრებს.
კითხვა: სად იმყოფება იმ ადამიანის სული, რომელიც გონზე არ არის და რომელი ლოცვები უნდა წავუკითხოთ მას ამ დროს?
პასუხი: იმ ადამიანის სული, რომელიც გონზე არ არის, მის სხეულშივეა. სულის სხეულიდან გასვლა მის გარდაცვალებას ნიშნავს. არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც სულს უჭირს სხეულიდან გასვლა. ამ დროს ადამიანი იტანჯება, ამიტომ მოძღვარი კითხულობს სპეციალურ ლოცვას. ჭირისუფალს კი მხოლოდ ის ევალება, პირნათლად მოუაროს ავადმყოფს და როგორც შეეფერება ქრისტიან ადამიანს, ყოველდღიური ლოცვებით შეეწიოს.
კითხვა: ამბობენ, რომ ჭირისუფლის ტირილი და გლოვა ცოდვაა და მან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი, რათა ამ საქციელით თავისი მიცვალებული არ დაამძიმოს, რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს?
პასუხი: ტირილი ემოციის გამოხატვის საშუალებაა და არ არის ცოდვა. ოღონდ ჭირისუფალს მოეთხოვება, რომ ტირილსა და გლოვაში ზომიერების ზღვარს არ გადასცდეს. წმიდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: „იმწუხრე, იტირე, მაგრამ ნუ უჩივი ბედსა შენსა, ნუ სულმოკლეობ, ნურც ნაღვლიანობ. შესწირე მადლი უფალს, პატიოსან ჰყავ განსვენებული და შემოსე იგი შესამოსელთა გლოვისაითა. შფოთვითა შენითა შეურაცხყოფ მიცვალებულს, განარისხებ უფალსა და ავნებ თავსა შენსა“.