№6 რომელ სამ ცოდვაზე იზრდება ადამიანში არსებული ყველა ვნება და რა ორი სიტყვა მართავს სამყაროს
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ადამიანები ხშირად ვცდით უფალს ჩვენი სურვილებით, თხოვნებით და როდესაც არ ვიღებთ იმას, რაც გვსურს, შემდეგ ვყვედრით, ვსაყვედურობთ. როგორი უნდა იყოს ჩვენი თხოვნა, როგორ უნდა ვმადლობდეთ უფალს, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ერთ დღესაც უფალი გაგვიყვანს ამ სოფლიდან და პასუხს მოგვკითხავს. მას ჩვენი სახლის პარამეტრები, სართულეები არ აინტერესებს, გვკითხავს: შენს სახლში რამდენად იყო სითბო, სიყვარული, თუ მოდიოდნენ სტუმრები, რამდენი ადამიანი შეიფარე სახლში. არ გკითხავს იმას, სად მუშაობდი, არამედ როგორი უფროსი იყავი, როგორი ხელქვეითი, როგორ ექცეოდი თანამშრომლებს. უფალს არ აინტერესებს შენი თვალები, კანი, აინტერესებს, როგორ ათბობდი ადამიანებს და მათი როგორი მეგობარი იყავი. იმას კი არ გვკითხავს, რამდენჯერ წირავდი, რამდენჯერ ეზიარებოდიო, არამედ როგორ ეზირებოდი, როგორ წირავდი, როგორ ლოცულობდიო. ღმერთს აინტერესებს როგორ იქცეოდი და როგორ ცხოვრობდი. ამისთვის იშვა ის დედამიწაზე და შობის შემდეგ გადის უდაბნოში, სადაც იცდება ეშმაკის მიერ.
– უდაბნოში საკმაოდ საინტერესო დიალოგი გაიმართა ქრისტესა და ეშმაკს შორის.
– ძალიან საინტერესო დიალოგია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გვახსოვდეს. ეშმაკი ეუბნება ქრისტეს: თუ ძე ხარ ღვთისა, ეს ლოდები, ქვები პურებად გადააქციეო. ქრისტე რომ დამორჩილებოდა ეშმაკს, გადაიქცეოდა ქვები პურებად, დანაყრდებოდა ხალხი, ქრისტეს გამოაცხადებდნენ მეფედ და იქნებოდა შედარებით უკეთესი მდგომარეობა, ოღონდ არა სულიერი, არამედ ხორციელი. თუ შენი სული არ იკვებება და არ არის შეერთებული ქრისტესთან, კვლავ მოგშივდება, იქნები პირუტყვი და იცხოვრებ უღმერთოდ. ქრისტე კი პასუხობს: არა პურითა ერთითა ცხონდების კაცი, არამედ ღვითს პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. პირველი საცდური ეს არის პური, ანუ ყველაფერი, რაც ჩვენი გასტრონომიული მოთხოვნილებებია. მეორე: სანახაობა. დააყენებს ეშმაკი ტაძრის ქიმზე: გადახტიო, რამეთუ დაწერილია ანგელოზები აგიტაცებენ და ფეხიც კი არ გადაგიბრუნდებაო. ქრისტე პასუხობს: არ გამოსცადო ღმერთი შენი.
– თუმცა ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ ღმერთის გამოცდას ცდილობენ.
– ბევრი ადამიანი მოდის ეკლესიაში და სცდის ღმერთს. ექიმი ეუბნება, წამალი დალიეო და ის ამბობს: არ მინდა, მე ღმერთი განმკურნავსო. ბევრი მოძღვარი არ უშვებს ადამიანს ექიმთან: პარაკლისს გადაგიხდი და კარგად იქნებიო, არავითარი ოპერაცია არ გჭირდებაო. ეს არის ღმერთის გამოცდა. რომ ვერ განკურნო, მერე რა ეშველება იმ ადამიანს? ნასვამი არ უნდა დაჯდე საჭესთან და არ უნდა თქვა: მე ღმერთი გადამარჩენსო. სიცივეში თბილად უნდა ჩაიცვა და არ უნდა თქვა: წირვაზე მივდივარ და არ გავცივდებო. ბავშვი ცუდად არის, ახველებს და ამბობენ: წაიყვანე აზიარე, გამოკეთდებაო. კი არ უნდა აზიარო, წამალი უნდა დაალევინო. ზიარებას სულ სხვა დანიშნულება აქვს, სულის წამალია და განმკურნებელი. სხეულის წამალიც არის, მაგრამ ღმერთი არ უნდა გამოსცადო, ისეთი რამ არ უნდა სთხოვო, რასაც ვერ მიიღებ. განა გაუჭირდება ღმერთს და ვერ მოგცემს, უბრალოდ, რომ მიიღებ, მერე სხვა რამე მოგინდება, დაბრკოლდები და იტყვი: რატომ არ შემისრულა, ღმერთი არ არსებობსო. ჩვენ რასაც ვითხოვთ, ღმერთმა ყველაფერი რომ შეგვისრულოს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. სამყაროს ორი სიტყვა მართავს: უფალო, შემიწყალე! შეწყალება ითხოვე და ყველაფერი გამოგივა, შეგიწყალებს უფალი. პავლე მოციქული ამბობს: ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტებას, ცუდს ითხოვთო. შეიძლება, ის შენთვის კარგია, მაგრამ სხვისთვის – ცუდი. ამიტომ თავს ნუ გადავიღლით თხოვნებით და უფალსაც ნუ შევაწუხებთ. თუ ვინმეზე ცუდს გაიგებთ, არ დაიჯეროთ და თუ არის ამის გამკეთებელი, მაშინ სთხოვე უფალს, შეიწყალოს. არ უნდა ვიყოთ ჭორიკნები და სხვისი განმკითხველები. მესამე მდგომარეობა არის, როდესაც ეშმაკმა ქრისტეს დაანახვა ამ სოფლის სილამაზე და უთხრა: ამ ყველაფერს შენ მოგცემ და თაყვანი მეციო. ეს ისედაც ღმერთის არის, რომელიც ადამიანს მისცა. თუმცა ადამიანს ეშმაკმა წაართვა, მოატყუა სამოთხეში. ის გამოცდა, რაც ადამმა სამოთხეში ვერ ჩააბარა, ჩააბარა ქრისტემ. თვალის ცდუნება, სულის ცდუნება, სილაღე ამა სოფლისა – ამ სამ ცოდვაზეა ამოზრდილი ყველა ცოდვა, ყველაზე ლამაზი ადამიანის სულია, რომ დაინახავ მის სულს, შეგიყვარდება. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანების სულს და მას სხვაგან ვეძებთ: ცხოველებში, შენობებში, ქალაქებში და მათ ვაკერპებთ, აღარც გვახსოვს ღმერთი. თუ ჩვენ ვიქნებით პურის, სანახაობის მონები, დიდებისმოყვარეები, მონობაში აღმოგვხდება სული. მონები ვართ კუჭის, სანახაობის და ყველგან პირველობა გვინდა. ეკლესიაშიც კი სანახაობა გვინდა. ფარისევლობაა, როცა ვიღაცას აჩვენებ, როგორ ლოცულობ, როგორ გაიღე მოწყალება და როგორი ახლოს ხარ პატრიარქთან. უყვართ მოძღვრებს: მივლენ პატრიარქთან, დაიჩოქებენ და სტიქაროსანს სთხოვენ: ფოტო გადამიღე, კურთხევა ავიღეო. კურთხევის აღება კარგია, მაგრამ ამას ნურავის აჩვენებ, ეს ფარისევლური მდგომარეობაა. ფარისევლები ზუსტად ასე იქცეოდნენ: აჩვენებდნენ ხალხს, როგორი სიმპათურები, მორიდებულები იყვნენ, ქალებისკენ არ იხედებოდნენ, ასეთი სულიერები იყვნენ.
– როგორ უნდა ვისწავლოთ უფლის მადლიერება?
– ბედნიერ წუთებში, ანუ როცა მადლიერი ხართ იმ მდგომარეობით, რაშიც ხართ, მაშინ ადიდეთ უფალიო. მაგრამ მაშინ მიდიხარ ეკლესიაში, როცა პრობლემები გაქვს, ცუდად ხარ. მეორე მდგომარეობა: სიჩუმეში უფალს თაყვანი ეციო. შედი შენს ოთახში და მშვიდად, წყნარად ეცი უფალს თაყვანი, არაფერზე უნდა იფიქრო. სულის ცხონებისა და შეწყალების გარდა სხვა არაფერი უნდა ითხოვო. როცა რაღაც გტკივა შენ, ან ოჯახის წევრს, ან ახლობელს, ამ დროს უფალს მიენდე: მე ვიცი, უფალო, რომ მტკივა. ვიცი, რომ ჩემი განვლილი ცხოვრების გამო ამის ღირსი ვარ და მჯერა, რომ განმკურნავ. რთულ წუთებში ეძიეთ უფალი, რომელიც უზენაესი მოსამართლეა. ის დაალაგებს ყველაფერს, მოაგვარებს, შეარიგებს. არავინ დარჩება დაუსჯელი, სამსჯავროს გარეშე, ამიტომ ეძებეთ უფალი, რომ მანამდე მოაგვაროთ ყველაფერი.