№6 რატომ უქმნის საფრთხეს ზოგიერთი ქალის ოჯახურ ბედნიერებას ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
დაკარგული სიყვარულის შესახებ, ალბათ, ბევრი წაგიკითხავთ. თავის წუხილს გაგიზიარებთ ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონდა წარუმატებელი ურთიერთობა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ შეყვარებული ადამიანები გაუაზრებელი ნაბიჯისგან დავიცვათ? ფაქტი ისაა, რომ მაგალითები აქ არ გამოდგება. თავის წილ შეცდომას ყველა უშვებს. ზოგჯერ კი, უბრალოდ, ადამიანები ერთმანეთისთვის არ არიან დაბადებულები. ამიტომ, ალბათ, არ ღირს, მთელი ცხოვრება დაკარგულ სიყვარულზე გლოვა. უნდა დააფასო ის, ვინც კონკრეტულ მომენტში შენ გვერდით არის. ფსიქოლოგები გვირჩევენ, დიდხანს არ დავრჩეთ მოგონებების ტყვეობაში და ვიცხოვროთ დღევანდელი დღით.
ანა (39 წლის): ერთ დილით შევხვდი კაცს, რომელიც წლების წინ ძალიან მიყვარდა. მას ახლა ცოლი ჰყავს და ბავშვს ელოდება. არადა, ჩვენი დაშორების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვი არ უნდოდა. ეს ამბავი ათი წლის წინ იყო. მეუბნებოდა, ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვარო. როცა ჩვენი ურთიერთობა დასრულდა, მეგონა, გული გამისკდებოდა. ძალიან ცუდად ვიყავი და ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებაში კარგი აღარაფერი მოხდებოდა. ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან. სამი წლის წინ კი შევხვდი ადამიანს, რომელმაც უარის თქმის შანსი არ დამიტოვა და ცოლად გავყევი.
– უცნაური მიზეზია ოჯახის შესაქმნელად.
– არ ვიცი, შეიძლება, უცნაურია, მაგრამ მე მაშინ მიმაჩნდა, რომ სწორად ვიქცეოდი. ვერ ვიტყვი, რომ ქორწინებაში არ გამიმართლა. ძალიან კარგი ქმარი მყავს, მაგრამ როგორ გითხრათ, რაღაც მაკლია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ჩვეულებრივია.
– არაჩვეულებრივი იქნებოდა, რომ გყვარებოდათ?
– ძალიან ცუდად ჟღერს ხომ? შევეცდები, უკეთესად ავხსნა. მოვყვები, რა დამემართა, ყოფილი შეყვარებული რომ დავინახე. ერთმანეთს მივესალმეთ, შემდეგ კი ცოტა ვისაუბრეთ. სულ ორი სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს, გულწრფელად, რომ გითხრათ, საუბრისას გული ისე მიცემდა და ვცახცახებდი, ბოლო 13 წელია, მსგავსი არაფერი განმიცდია. წამოვედი. მთელი გზა ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და მათი შეჩერება არ შემეძლო.
– იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ეს ილუზია იყო. დაშორდით და არ იცით, როგორ განვითარდებოდა თქვენი ურთიერთობა ოჯახში. იდეალური ადამიანები არ არსებობენ. მათ თავად ვქმნით ჩვენს წარმოსახვაში.
– დაშორების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. იმ დროისთვის უკვე აღარ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, როცა ერთმანეთით საერთოდ არ ვიღლებოდით. მთელი ორი წელი დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი. ვოცნებობდით, ვუყურებდით ფილმებს, სტუმრად დავდიოდით, ვსაუბრობდით, ვთამაშობდით... ყველაფერში ურთიერთთანხმობას ვგრძნობდით, თითქოს შეპყრობილი ვიყავით ერთმანეთით... ქმართან მსგავსსაც კი ვერაფერს ვგრძნობ.
– სცადეთ და არ გამოგივიდათ?
– ეჭვი მეპარება საკუთარ თავში. მგონი, ახლა ის სიტუაცია მაქვს, ერთს რომ უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს უყვარდეს.
– ანუ, ქმართან გაქვთ ისეთი ურთიერთობა, როდესაც ერთმანეთი სულაც არ უყვართ, უბრალოდ, ერთად ყოფნა გადაწყვიტეს?
– დაახლოებით ასეა. უბრალოდ, ეს იმის მერე გავაცნობიერე, რაც ჩემს ყოფილ შეყვარებულს შევხვდი.
– თავს ხომ არ იტყუებთ? შეუძლებელია, ერთად ყოფნის გადაწყვეტილება არ მიეღო, ძალიან რომ ჰყვარებოდით. შვილიც როგორ არ უნდა ნდომოდა საყვარელი ქალისგან?
– მგონი, მაშინ ორივე შევცდით. გამოუცდელები ვიყავით. მოგვეჩვენა, რომ ჩვენი გრძნობები მოკვდა, რომ ისეთები არ ვართ, როგორებიც იდეალურ შემთხვევაში უნდა ვყოფილიყავით, რომ ვნება გაქრა და უკეთესი იქნებოდა, ერთმანეთს დავშორებოდით... ახლა კი ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ.
– ფიქრობთ, რომ ისიც ნანობს თქვენთან დაშორებას?
– მე ასე მომეჩვენა და იმ შეხვედრის შემდეგ ცხოვრება ამომიყირავდა. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გამოცდი ნამდვილ სიყვარულს. დაკარგვის მერე კი აცნობიერებ, რომ მასთან შედარებით ყველაფერი არარაობაა.
– მგონი, არ უნდა იფიქროთ ამაზე. გაქვთ ოჯახი და თქვენი ყურადღება მეუღლისკენ უნდა მიმართოთ.
– მინდა, მაგრამ მიჭირს. სულ მასზე მეფიქრება. გაოგნებული დავდივარ. ჩემი ქმარი რაღაცას გრძნობს. ვამჩნევ ხოლმე მის ეჭვიან გამოხედვას, მაგრამ არაფერს მეკითხება. არც მე ვაპირებ რამის ახსნას. მაგრამ ძალიან ვნერვიულობ, როგორ მოვიშორო ის საშინელი განცდა, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას აღარ მაძლევს?
– თქვენ ფიქრობთ, რომ თუ მას გაჰყვებოდით ცოლად, უფრო ბედნიერი იქნებოდით? მთავარი პრობლემა ხომ ეს არის?
– დიახ. მგონი, რომ ეს არის. ვხვდები, რომ არმომხდარ ამბავზე დასკვნების გაკეთება სისულელეა და შეიძლება, თანაცხოვრებისას ერთმანეთი დაგვეხოცა, მაგრამ მე ხომ ეს არ ვიცი. ის აღმაფრენა, ის ემოციები მენატრება, რაც მასთან ყოფნის დროს მქონდა. საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ეს მონატრება ჩემზე ძლიერია. საერთოდ რატომ შევხვდი, ხომ ვიყავი ჩემთვის...
– არაფერში გამოგადგებათ ნოსტალგია, რომელიც იმ ადამიანის შეყვარებაში შეგიშლით ხელს, რომელიც გვერდით გყავთ.
– ვხვდები ამას. მაგრამ ხომ გეუბნებით, ვერაფერს ვაკეთებ. ბუნებრივია, არ მინდა, ოჯახი დამენგრეს. ერთი წლინახევრის შვილი მყავს და მას დედაც უნდა და მამაც. მით უმეტეს, რომ ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი მამაა... მაგრამ ამ შინაგან „ნგრევას“ რა მოვუხერხო, მართლა არ ვიცი. თანაც, მეშინია – რომ დამირეკოს, შეხვედრა მთხოვოს, კეთილგონიერება ვერ დამიცავს და აუცილებლად დავუშვებ შეცდომას. კიდევ რა მჭირს, იცით? საკმარისია, ქმარმა რამე მაწყენინოს, რომ ეგრევე, ყოფილ შეყვარებულზე, მის გაიდეალებაზე ვიწყებ ფიქრს. გგონიათ, ვერ ვხვდები, რომ ეს დიდი შეცდომაა? ჩემს ოჯახს სერიოზული საფრთხე ემუქრება – არ ვიცი, რა მოხდება, მან რომ ინიციატივა გამოიჩინოს და ჩვენი ინტენსიური ურთიერთობის სურვილი გამოთქვას...
– ალბათ, ყველაფერი ისევ თქვენზეა დამოკიდებული.
– ვიცი. რა თქმა უნდა, ჩემზეა დამოკიდებული. ნერვები მეშლება საკუთარ თავზე – რატომ ვარ ასეთი სუსტი. როგორ მოვახერხო და ამოვიღო გულიდანაც და თავიდანაც.
– სანამ შემთხვევით შეხვდებოდით, გეფიქრებოდათ მასზე?
– მეფიქრებოდა, მაგრამ ძალიან ზედაპირულად, ასე სიღრმისეულად – არა და დიდი იმედი მქონდა, რომ საერთოდაც წაიშლებოდა ჩემი მეხსიერებიდან.
– მეხსიერებიდან წაშლა არ უნდა სცადოთ. უბრალოდ, უნდა თქვათ, რომ ის თქვენი ცხოვრების გადაშლილი ფურცელია.
– როგორ მინდა, მაგის გაკეთება შემეძლოს... როგორ მინდა, საღი აზრით შევხედო ამ ყველაფერს. იმას კი ვხვდები, ჩემი ქმარი არ იმსახურებს ჩემგან ტყუილსა და შეურაცხყოფას. მოვერიდები მასთან ნებისმიერი ფორმით კონტაქტს – მხოლოდ ეს შემიძლია გავაკეთო, ისიც, დიდი ძალისხმევის ფასად.