კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 რატომ ვერ მოიშორა ქართველმა საზოგადოებამ „უმცროსი ძმის“ კომპლექსი და როგორ მოირგო დასავლეთმა „უფროსი ძმის“ როლი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მართალია, დასავლეთს საბჭოთა საქართველოშიც ეტრფოდნენ, რაც სავსებით ბუნებრივი იყო, რადგან ის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და მოგვიანებითაც, ანუ ახლაც დასავლეთი თავისუფლების სიმბოლოდ რჩება, თუმცა ერთგვარი გაღმერთებაც შეინიშნება ყველაფრის, ოღონდ კი დასავლური იყოს. მეორე მხრივ, ეს არა დასავლეთის, უფრო მეტად საქართველოს მოქალაქეებში ღრმად გამჯდარი ჰომო-სოვეტიკუსის „დამსახურებაა“ და ხანდახან ისეც კი ხდება ხოლმე, რომ საბჭოური მორჩილება ჩანაცვლებულია დასავლური მონური მორჩილებით. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძესთან ერთად ვიმსჯელებთ – როგორი აღმოჩნდა დასავლეთი, როდესაც ახლოდან შევათვალიერეთ?
– უსიამოვნო ასოციაცია იქმნება: ადრე მნიშვნელოვანი იყო, რას იტყოდა მოსკოვი, ახლა მნიშვნელოვანია, რას იტყვიან დასავლეთის ცენტრებში. მექანიკურად ჩავანაცვლეთ ერთი ცენტრი მეორით? როგორი აღმოჩნდა დასავლეთი ახლოდან და როგორები აღმოვჩნდით ახლოდან მათთვის ჩვენ?
– ეს საკმაოდ ფართო და ღრმა თემაა და იმისთვის, რომ გაეცეს ყოვლისმომცველი და პროფესიული პასუხი და ვფიქრობ, ამ კითხვას უნდა გაეცეს კიდეც კომპეტენტური პასუხი, საჭიროა, დამოუკიდებელმა მკვლევრებმა ჩაატარონ სათანადო სოციოლოგიური კვლევა, რომ გავიგოთ, რეალურად რა დამოკიდებულებები არსებობს დასავლეთისადმი. თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩატარებულია კონკრეტული კვლევები. მაგალითად, ევროპის ფონდი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები 2012 წლიდან მოყოლებული ან უფრო ადრიდან, ატარებს გამოკვლევას, რომელსაც ჰქვია „საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებები ევროპასთან და ევროპულ ფასეულობებთან“. იმ კვლევებში საინტერესო ტენდენციები იკვეთება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გაშუქებულა ქართული მედიით.
  ლიტონი სიტყვებით საუბარი რომ არ გამომივიდეს, მაგალითებს მოვიტან: მათ შორის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, 45 პროცენტამდეც კი აღწევდა გარკვეულ პერიოდებში ისეთების რიცხვი, რომელთა აზრით, ევროკავშირთან მზარდი ინტეგრაცია საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ეროვნულ ტრადიციებს, ადათ-წესებს, კულტურასა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ტენდენციაა, ერთი მხრივ, ადამიანი მომხრეა ევროკავშირში ინტეგრაციის, მეორე მხრივ, ამას მიიჩნევს საფრთხედ.
– ანუ ხვდებიან, რომ პოლიტიკური არჩევნით სხვა გზა არ გვაქვს, თუმცა საფრთხეებსაც ხედავენ?
– ჩემი სუბიექტური შეფასებით, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება ევროკავშირთან ეფუძნება არა ღირებულებით ერთობას, არამედ ეს უფრო მომხმარებლური დამოკიდებულებაა. ასეთი დამოკიდებულება გულისხმობს, რომ ისინი განიხილავენ ევროკავშირსა და ევროსტრუქტურებს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტს, როგორც ქვეყნისა და თავიანთი კეთილდღეობის გარანტს. ის, რომ ჩვენ ახლა უვიზო რეჟიმი გაგვეხსნა ევროპასთან, კიდევ ერთი სტიმული და პლუსია. ერთი სიტყვით, განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს დასავლეთისადმი ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ფენასა და ასაკობრივ ჯგუფში და ამას კვლევებიც ადასტურებს. თუ შედარებით ახალგაზრდა თაობებს შეიძლება, ითქვას, რომ ღირებულებებითი ერთობის უფრო მეტი განცდა აქვთ, საშუალო და უფროს თაობაში ეს დამოკიდებულება უფრო სხვანაირია. მათ მოსწონთ ევროკავშირი, იმიტომ რომ ის არის მდიდარი, წარმატებული, აყვავებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი შინაგანად ეწინააღმდეგებიან ცხოვრების იმ წესსა და ღირებულებების სისტემას, რაც გაბატონებულია ევროკავშირში ბოლო წლებში. ჩვენ ვხედავთ, რა ტენდენციებმა იჩინა თავი ბოლო წლებში ევროკავშირში და თავად იქ რა წინააღმდეგობა შეხვდა ამას ევროკავშირის კონსერვატიულად განწყობილ საზოგადოებაში და დღეს შეიძლება, ითქვას, რომ ევროკავშირში ლიბერალიზმი ერთგვარად უკანდახევის პროცესშია, სამაგიეროდ, აღმავლობას განიცდის კონსერვატიული, ტრადიციონალისტური მიდგომები. ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ტრამპიზმს“ და ამას მოწმობს ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები. ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ: საშუალო და უფროსი თაობას მენტალური და ისტორიული მეხსიერება აკავშირებს საბჭოთა კავშირთან, რაც, ძირითადად, ასოცირებულია რუსეთთან. ისინი ენობრივი ფაქტორის გამო ისევ რჩებიან რუსულ კულტურულ-საინფორმაციო სივრცეში, უჭირთ, გაითავისონ ევროპული ღირებულებები და მსოფლმხედველური სისტემა. მით უფრო, რუსეთი რბილი ძალისა და სხვა საშუალებების დახმარებით, ყველანაირად ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, როგორც ქრისტიანობის, ტრადიციული ღირებულებების დაცვის ბურჯად და ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, მართლაც, რუსეთს განიხილავს ამ ღირებულებების მთავარ დამცველად. ეს იკვეთება კიდეც კვლევებში. მრავალჯერ გაკრიტიკებული „ენ დი აისა“ და „აი არ აის“ კვლევებში 25-30 პროცენტი სტაბილურად ამბობს, რომ მომხრეა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების და არ უნდათ ევროკავშირი.
– თუმცა, დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ არც კი იცის, რას ნიშნავს ეს ევრაზიული კავშირი.
– არ იციან, მაგრამ მათ იციან...
– რომ იქ არის რუსეთი.
– დიახ, დიახ... იციან, რომ ეს არის რუსეთის მიერ შექმნილი გაერთიანება, იქ მთავარი ძალაა რუსეთი და შესაბამისად, პირდაპირ ვთქვათ, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა არის რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნების ირიბად გაცხადებული სურვილი. როდესაც საქართველო იყო რუსეთის, ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი, ჩვენ გვახსოვს, როგორი მძაფრი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას, როდესაც აქ ჩამოდიოდა რომელიმე მოსკოველი მაღალჩინოსანი და მენტორულ-მბრძანებლური ტონით მიგვითითებდა, რა იყო ჩვენთვის უკეთესი, რა უნდა გაგვეკეთებინა და ასე შემდეგ. ამანაც შეუწყო ხელი იმას, რომ საზოგადოების ფართო ფენები ასე სწრაფად და ენერგიულად ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. დღეს ჩვენ რას ვხედავთ?! მართალია, ეს არ კეთდება ისეთი ფორმით, როგორც რუსეთი იქცეოდა, ნაჯახისებურად და სალდაფონურად, მაგრამ საკმაოდ მკაცრი ტონით ხანდახან გვახსენებენ ხოლმე, თუ ვინ არის უფროსი და უმცროსი ძმა.
– როგორ ფიქრობთ, უფროსი ძმები იმიტომ ხომ არ ჩნდებიან, რომ ჩვენ გვაქვს „უმცროსი ძმის“ კომპლექსი? თუ, უბრალოდ, ძლიერებსა და მდიდრებს აქვთ „უფროსი ძმის“ კომპლექსი?
– მართალს ბრძანებთ, ჩვენ ვერ დავძლიეთ „უმცროსი ძმის“ კომპლექსი, იმიტომ რომ ვერ ჩამოვყალიბდით თვითკმარ ერად, საზოგადოებად. დამოუკიდებლობის 28-ე წელიწადია, ეროვნული იდეა და იდეოლოგია ვერ შევიმუშავეთ და არ ვიცით ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი ხაზი, საით მივდივართ. ევროკავშირსა და „ნატოში“ გაწევრიანება ჩვენი გაცხადებული მიზნებია, მაგრამ ეს არის ინსტრუმენტები იმისთვის, რომ განვითარების რაღაც დონეს მივაღწიოთ. ის, რაც მთავარია, რაც განსაზღვრავს ერის თვითმყოფადობასა და მისი განვითარების მიმართულებას, ეს ჩაკარგულია. მეორეც – სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა (და მოგეხსენებათ, რა პერიოდი გავიარეთ, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით), იძულებით გავხდით საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესების მძევალი. ეს დაიწყო შევარდნაძის მმართველობიდან, გააღრმავა მიხეილ სააკაშვილმა და ინერციით გადმოჰყვა „ქართულ ოცნებასაც“. მე მოვისმინე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადება, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი თავი თავადვე არ გვეყუდნისო. სხვა ლიდერებისგანაც მომისმენია განცხადებები, რომლებიც ჩემში, როგორც მოქალაქეში, რომელსაც აქვს სურვილი, იცხოვროს დამოუკიდებელ სახელმწიფოში, არ იწვევს ენთუზიაზმს. კი ბატონო, გასაგებია, შეიძლება, გავიაროთ კონსულტაცია ვენეციის კომისიასთან კონსტიტუციის შესახებ, მაგრამ ვენეციის კომისია არ უნდა წყვეტდეს, თუ რა უნდა ჩაიწეროს ჩვენს კონსტიტუციაში. ქვეყნის გარეთ არ უნდა წყდებოდეს ის, თუ როგორი საარჩევნო სისტემაა უკეთესი საქართველოსთვის. ეს უნდა გადაწყვიტონ საქართველოს მოქალაქეებმა და, თუ ამაზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, გამოვიყენოთ პირდაპირი დემოკრატიის ფორმები, ჩავატაროთ რეფერენდუმი ან პლებისციტი და ამით დამთავრდება ეს პოლიტიკური „ბალაგანი“.
– მომხვდა ყურში ერთ-ერთი ამერიკელი კანონმდებლის ფრაზა, ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესსო. მე მგონი, ქართველი ხალხი არც იმას იმსახურებს, ბუშსა და პუტინს ერთად ეცეკვა რუსულ „ჩასტუშკებზე“.
– ბუში და პუტინი რომ ერთად ცეკვავდნენ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქართველი ხალხი რას იმსახურებს, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს.
– მეც ეს ვთქვი, მეც არ მომეწონა, მაგრამ ჩემი საქმე არ არის, ვისთან იცეკვებენ ისინი.
– მაგ კონტექსტში ჩვენც არ მოგვეწონა, მაგრამ ხომ არ ვეტყვით ამერიკელებს, ჩვენ არ მოგვწონს, რომ მათ ერთად იცეკვეს და კიდევ რაღაც-რაღაცებიც. ასევე, ნამდვილად არ მგონია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის რომელიმე ქვეყანას ან ევროკავშირის ერთმა ქვეყანამ მეორეს მიუთითოს, რომ არ მოგვწონს თქვენი საარჩევნო სისტემაო. ეს არის ტენდენცია, რომელმაც შეიძლება, შედეგად მოიტანოს ისეთი რამ, რომ თითზე კბენანი აღმოჩნდეს გვიან. რა თქმა უნდა, რუსეთი გაფაციცებით აკვირდება საზოგადოების განწყობების ცვლილებას  და აუცილებლად შეეცდება საქართველოსა და დასავლეთს შორის გაჩენილი თუნდაც მცირე ბზარის გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. იტყვის, ჩვენ ვიყავით ცუდი იმპერია, მაგრამ არც ესენი არიან უკეთესები. ჩვენთან არის თაობათა შორის კონფლიქტი. ისინი, ვინც ცდილობს აგრესიული ფორმით მოახვიოს თავზე ქართველ საზოგადოებას ის, რაც თავად მიაჩნიათ პროგრესულად, საპირისპირო შედეგს იწვევენ. გვახსოვს და ახლაც არის იდეოლოგი, რომელიც ამბობდა, რომ ქართველი ხალხი საჭიროებს შოლტის შემოკვრას, მიხეილ სააკაშვილიც იმავეს ამბობდა, რომ ჩამორჩენილი ქართველები მან და მისმა გუნდმა მიუახლოვეს ცივილიზებულ  სამყაროს. როდესაც ასეთ ენაზე ელაპარაკები საზოგადოებას, მიიღებ კონტრრეაქციას და ჩვენ ეს ვნახეთ. ამდენად, კარგი იქნება, თუ ისინი, ვინც ჩვენთან დასავლურ ღირებულებებზე ზრუნავენ, დაფიქრდებიან, რომ არ მიიღონ საპირისპირო შედეგი.

скачать dle 11.3