№6 რა თვითგანადგურების კოდი აამოქმედა ქართველმა საზოგადოებამ უნებლიეთ და რატომ იქცა ქვეყანაში კარგ ტონად რეალობის ნეგატიურად შეფასება
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ისე მოხდა, რომ თვითგვემა ლამის ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესად იქცა. შესაბამისად, ზოგი მეტეორს ითხოვს, ზოგიც მეორედ მოსვლას წინასწარმეტყველებს, ზოგსაც მიაჩნია, რომ საქართველო დედამიწის ჯოჯოხეთია. თვალშისაცემია, რომ ადამიანებს მოსწონთ ლაპარაკი საკუთარ უბედობაზე, წარუმატებლობაზე, სიღარიბესა და არარეალიზებაზე, მეტიც, ეს ერთგვარად ათრობთ კიდეც და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ უბედურების ბანგი კიდეც აბედნიერებთ. მეორე მხრივ, ეს სხვა არაფერია, თუ არა თვითგანადგურების კოდი. როდის ჩაირთო ის და რატომ აღმოჩნდნენ ჩვენი თანამემამულეები ამისადმი მიდრეკილები? – საკითხს ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– მე ვაბუქებ, თუ ადამიანები მართლაც სიამოვნებას იღებენ უბედურებებსა და უარყოფითზე ლაპარაკით?
– მეც მხვდება თვალში ეს ტენდენცია.
– რატომ დაიბანგნენ ადამიანები უბედურებით. რა არის ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზი?
– სანამ მიზეზებზე ვილაპარაკებ, პრობლემასაც გამოვკვეთ. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს რეალობაში პიროვნებების, საზოგადოების ძალისხმევა მიმართული იყოს პრობლემების გადაჭრისკენ, ყველგან ვხედვათ დაუმთავრებელ, უკვე თითქოსდა ნორმად და კარგ ტონად ქცეულ დამოკიდებულებას, როდესაც რეალობის, ჩვენი თავის, ჩვენი კულტურის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეფასებები არის ცალმხრივი და ნეგატიური, უკიდურესად შავბნელად დახატული, უკიდურესი პოლარობით აღწერილი. ამას მოაქვს შედეგიც.
– ეს ხომ ნებაყოფლობით ჩართული თვითგანადგურების მექანიზმია?
– ქართულ კულტურაშიც არის ანდაზა, შეძახილმა ხე გაახმოო და ეს დამოკიდებულება ტიპური გახდა როგორც კრიტიკულად მოაზროვნე, ისე ნაკლებად მოაზროვნე ქართველ საზოგადოებაში. ამის შედეგი ისაა, რომ ჩვენი რეალობა, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, ჯერ ერთი, არ იცვლება და, მეორეც, მართლაც ემსგავსება შავბნელ რეალობას. იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში ასეთი განსაზღვრებაც არის: როგორც აღიქვამ რეალობას, ის ისეთი ხდება და აღარ არის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. როდესაც საზოგადოება მძიმედ აღიქვამს ჩვენს რეალობას, რეალურად სხვა რამეც რომ ხდებოდეს, როგორც აღიქვამენ, ისე ხდება. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და, მეორე – ეს არის საბჭოური გადმონაშთი. საბჭოთა ინტელექტუალიც და ინტელიგენტიც განიცდიდა, რომ ვერ ცვლიდა რეალობას, ამიტომ წუწუნი იყო აქტივობის გამოხატვის ერთადერთი საშუალება.
– და ეს ინერციით გრძელდება დღესაც?
– დიახ, ინერციით, იმის გამო, რომ უკეთესი გზა ვერ მოინახა, უკეთესი ტრადიცია ვერ შეიქმნა, ვერ დადგა ცვლილების ეტაპი, რაც დაგვეხმარებოდა რეალობის ახლებურად აღქმაში, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ამაში ჩვენი პიროვნული როლის ახლებურად აღქმაში. ასეთი გარდამტეხი მომენტი არ დადგა და ინერციით გაგრძელდა საბჭოური წუწუნი. სხვათა შორის, ჰომო-სოვეტიკუსი იმ დროსაც შეფასებული იყო, როგორც სამზარეულოში მუდმივად მოწუწუნე. ოღონდ ეს დღეს სამზარეულოდან გამოვიდა ტელეეკრანებზე, სოციალურ ქსელებში და ეს მდგომარეობა განიცდება, როგორც ცვლილების მომტანი. მაგალითად, თუკი ქუჩაა დასასუფთავებელი, ვიღაცამ შეიძლება, აიღოს ცოცხი და დაგავოს, ვიღაცამ კი, უბრალოდ, იწუწუნოს, აი, რა ჭუჭყიანია ქუჩა. იგივე შეიძლება, ითქვას სხვა მოუგვარებელ პრობლემებზეც, რომლებითაც დახუნძლულია ჩვენი საზოგადოება. ჩვენთან საბჭოთა ინერციით მოდის: მოდი, ვიწუწუნოთ, არადა, ეს ყველაზე იოლია, ყველაზე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ეს ეხება ოპოზიციასაც და იმ საზოგადოებასაც, ანუ ჩვენ, რომლებიც ამ ტალღას იოლად ავყვებით ხოლმე და წუწუნის შესაფერისად აღვიქვამთ რეალობას. და ეს არ არის სიახლე. მაგალითად, ფროიდი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-ან წლებში ნევროტულ ადამიანს ადარებდა მასას თავისი უპასუხისმგებლო ქცევით. ძალიან დაემსგავსა ჩვენი მასმედია და ჩვენი საზოგადოებაც ნევროტულ ადამიანს, რომელიც წუწუნებს, ვერ ცვლის რეალობას და არც არაფრის გამკეთებელია.
– მე ცოტა ხისტად ვიტყვი: ნევროტულებს დაემსგავსნენ თუ ნევროტულები არიან?
– ნევროტული ადამიანია ის, ვისაც აქვს შესაბამისი სიმპტომები და არაფერს ცვლის, ვერ პოულობს პრობლემის მიზეზს და წუწუნით უპასუხისმგებლოდ განაგრძობს თავისი სიმპტომების გამოხატვას, სადაც კი ამას მოახერხებს. და ეს ძალიან ჰგავს ჩვენს საზოგადოებას, როდესაც ყველაფერ ნეგატიურს თავზე ვიყრით და ჩვენივე რეალობაში ვერ ვხედავთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ უნდა შევცვალოთ ეს რეალობა და არც ის ვიცით, რა მიმართულებით უნდა შევცვალოთ. თუ არ დავინახეთ, როგორ უნდა შევცვალოთ პოზიტიურისკენ აღქმა, მაშინ ჩვენი რეალობა არ შეიცვლება და ამიტომ უპასუხისმგებლოდ ვიტრიალებთ ამ წრეში. ამ მხრივ, ბევრი რამ გვაქვს დასანახი და ახლებური აღქმა შეცვლის რეალობას.
– ოპონენტი იტყვის, არის უმუშევარი, არ აქვს შემოსავალი და ამ მოცემულობაში როგორ აღიქვას რეალობა პოზიტიურად?
– საქართველოში არის პოზიტიურიც და ნეგატიურიც და ეს ყველაფერი ყოველთვის ფარდობითია. მნიშვნელოვანია, რომ რეალობას აღვიქვამდეთ მთლიანობაში და არა ფრაგმენტულად. როდესაც ვიღაც ნევროტულად მხოლოდ ნეგატიურს ხედავს, იკარგება ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც პოზიტიურადაა აღსაქმელი და ჩვენი რეალობის საყრდენია. მაგალითად, ჩვენთვის ნეგატიური არის ის არასტაბილური ფონი, რომელიც შეიქმნა ძველი საზოგადოების სოციალური წყობის ახლით შეცვლით, რომელშიც ადამიანმა ვერ იპოვა თავისი თავი ადვილად, ასევე, წაგებული ომი.
– თან, ერთი არა, ორი ომი წავაგეთ დამოუკიდებლობის პერიოდში.
– დიახ, მაგრამ ეს ერთ დიდ წაგებაში გაერთიანდა. ასევე, სიღატაკე, განსაკუთრებით, პენსიონერების, იმიტომ რომ სხვა თაობებმა მეტ-ნაკლებად მოახერხეს სიღარიბის დაძლევა. მაგრამ გვაქვს პოზიტიურიც, რომელიც დასანახია ამ ნეგატიურის გვერდით. მაგალითად, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პირველებს მიგვეღო უვიზო მომისვლა ევროკავშირთან ჩვენს რეგიონში და ახლაც არ აქვთ ეს საშუალება რეგიონის დანარჩენ სახელმწიფოებს. უვიზო მიმოსვლით ბევრმა ისარგებლა კულტურულად და სოციალურად და მოახერხა, დაენახა დასავლეთის საზოგადოება რეალურად და არა სტერეოტიპებით. მეორე მხრივ, ჩვენ რეგიონში ყველაზე უფრო დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება ვართ და ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამ. მე ვხედავ, როგორ ფრთხილად ლაპარაკობენ ადამიანები დღეს, თუნდაც, თურქეთში, რომ არ გაიგოს მათმა სახელმწიფომ. კრინტს ვერ ძრავენ ვერც თურქეთში, ვერც აზერბაიჯანში, ვერც რუსეთში. ანუ გარშემომყოფ ქვეყნებთან შედარებით თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხით ჩვენ ვართ ძალიან დასაფასებლად მაღლა. და ეს ჩვენი სიამაყეა, რომ ჩვენს საზოგადოებას შეუძლია კრიტიკულად ლაპარაკი, რომ გარემო თავისუფალია, რადგან თავისუფლებასა და დიქტატურაში სრულიად სხვადასხვა ღირებულებებია. ეს ძალიან ფასეული რამაა. ფასეულია, რომ დღეს ჩვენი ციხეები არ არის სავსე პოლიტიკური პატიმრებით, რომ შეიძლება, სოციუმში ილაპარაკო უკიდურესად კრიტიკულად. ეს ის მონაპოვარია, რაც არასდროს გვქონია სახელმწიფოებრივად. იმის თქმა მინდა, რომ პასუხისმგებლობის მქონე სოციუმსა და პიროვნებას შეუძლია, ორმხრივად დაინახოს რეალობა. ამით აღმოაჩინოს საყრდენი და შეცვალოს რეალობა. უპრობლემო რეალობა არც ერთ ქვეყანაში არ არის. ამდენად, კონფლიქტები და პრობლემებიც ნორმალურია, მაგრამ თავისუფალ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავში ნახოს საყრდენი და ბერკეტი ცვლილებისთვის. ჩვენ ეს გვაკლია.
– ადამიანს რატომ მოსწონს, როდესაც თავს აცოდებს სხვას? მივაქციე ყურადღება იმასაც, რომ ტენდენციად იქცა, რად გვინდა საზეიმო განათებები და გასართობი ღონისძიებები, გადავურიცხოთ ის თანხა, ვისაც უჭირს. ცხადია, ვისაც უჭირს, უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ამ დახმარების პრიცესში რატომ უნდა ვიგლოვოთ და თავი დავისაჯოთ? აი, ეს უკიდურესობები საიდან მოდის?
– ჩვენ იმ რეალობიდან, რომელიც არ მოგვწონს, გამოგვიყვანს მეორე მხარის დანახვა: დღესასწაულის, სიხარულის, კარგად ყოფნის. ეს მდგომარეობა დაგვანახვებს გამოსავალს. თუ არ გვექნა განათებული ქუჩები, თუ არ გვექნა აღქმა დღესასწაულის, სიხარულის, თუ არ იქნა ხალისი, თუ არ შეიქმნა გარემო, რომელშიც ადამიანი კარგ გუნება-განწყობილებაზე იქნება, ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. ამას სჭირდება რეჟისურა, დადგმა. ისევე, როგორც ცალკეულ პიროვნებებს საკუთარ ოჯახებში შეაქვთ სიხარული, ბედნიერება და ქმნიან განწყობას ქცევით, საჩუქრით, სიტყვით, კულტურული ფენომენით, ასეთივე ფუნქცია უნდა აიღოს თავის თავზე ვინმემ სოციალური გარემოს შესაცვლელად და ხალისის შემოსატანად. დღეს უფრო სჭარბობს რეჟისურა, რომ კარგ ტონად ითვლება წუწუნი. ეს ნევროტულობა აიტაცეს პოლიტიკურმა პარტიებმაც, კარგად შეფუთეს და ამ ნევროტიზაციის პროცესში თავიანთი წვლილი შეიტანეს. ნეგატივის ძალიან კარგი რეჟისორები გამოგვიჩნდა – უპირველესად, პოლიტიკური პარტიების სახით. მათ მისდევს მასმედიაც. თვით ნეიტრალურმა მასმედიამაც კი აიტაცა ეს ნეგატიური მოწოდებები, რომლებიც ვიწროპარტიულია თავისი არსით, მაგრამ ხდება ეროვნული, როდესაც ასეა გაბატონებული. ვხედავთ, რომ ჩვენს რეალობაში ეს საფუძვლიანად დამკვიდრდა.
– არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად აქვთ დაცდილი წუწუნი, თორემ რეალურად არც უქონელები არიან და არც უბედურები. ეს ხასიათის თვისებაც ხომ არ არის?
– ერთი მხრივ, ეს არის ნევროტული, მეორე მხრივ, სტერეოტიპული და საბჭოთა რეალობიდან მოდის. ექოსავით უნდა გაიმეორო, რაც იოლია. ამას არ სჭირდება არანაირი ანალიტიკური და შემოქმედებითი მიდგომა, პიროვნული ხმა. ამიტომ გადამდებია, იმას გარდა, რომ ექოს გახმოვანება იოლია, რაც ჩვენთან სასიამოვნოდ განიცდება, ერთიც წუწუნებს, მეორეც, ყველანი წუწუნებენ. თანხვედრაა სრული, დისონანსი არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი საზოგადოება არაფრის შემცვლელი არ არის.