№6 არსებობს საფრთხე, რომ რამდენიმე სენატორმა და კონგრესმენმა ტრამპი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დაიყოლიონ
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მართალია, კორონავირუსმა გადაფარა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ვლადიმირ პუტინი ცვლილებებს ატარებს, რომლებსაც, ცხადია, კონკრეტული მიზანი აქვს. მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება, ძირითადად, იმაზე მსჯელობს, თუ რატომ ჩამოალაბორანტა დმიტრი მედვედევი და პრემიერად დანიშნა მიშუსტინი, ვფიქრობ, არანაკლებ საინტერესოა, რომ რამზან კადიროვი აგერ უკვე ორი კვირაა, აღარ ასრულებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობას და ამასობაში სკამს გამოემშვიდობა „რუხ კარდინალად“ წოდებული ვლადისლავ სურკოვიც. რა არის ამ გადაჯგუფებების საბოლოო მიზანი? – ამ თემას ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.
– რა მიზნით გადანაწილდა სახელისუფლო ვერტიკალი კრემლში?
– თუ ელცინის პერიოდში „რუხი კარდინალები“ იყვნენ ჩუბაისი და ბერეზოვსკი, სურკოვი იყო რეალური „რუხი კარდინალი“ პუტინის კარზე. მან შეიმუშავა კონცეფცია, რის მეშვეობითაც პუტინმა გაამაგრა თავისი სისტემა. სურკოვი, ფაქტობრივად, კურირებდა ჩრდილო კავკასიის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პროექტებს; იმავე, ცხინვალის ომის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ვლადისლავ სურკოვია და, მესამე, მან მოახერხა, რომ პუტინს შეექმნა რეგიონული კლანური დაჯგუფებები, რომლებიც კარგად აბალანსებდა ურთიერთობას თვითონ კრემლის შიგნით. მაგრამ, როგორც ჩანს, ნორმანდიის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და, მით უმეტეს, რომ სურკოვს დაეშალა ვერტიკალი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მან ძალიან სუსტად იმუშავა ყირიმის ანექსიის პირობებშიც და, რაც ყველაზე საინტერესოა, როგორც ჩანს, პუტინმა სურკოვს არ აპატია ისიც, რომ დე-ფაქტო აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია თანდათან გამოვიდა კრემლის გავლენის სფეროდან.
– ფიქრობთ, რომ გამოვიდა? ბჟანია, რა, დამოუკიდებლად მოქმედებს? ან ანქვაბს ვერ აკონტროლებენ თუ აფხაზ კრიმინალებს?
– კრიმინალების ამბავი უფრო აფხაზეთში არსებული არასტაბილური და არეული სიტუაციის გამოძახილია. ქურდების ჩარევა უფრო რუსეთიდან ჩარიცხული ფულის ნაკადის გაკონტროლებას უკავშირდება, კრემლს ესეც არ მოეწონა. მოგეხსენებათ, კრემლს არ უყვარს „კანონიერი ქურდების“ ჩარევები. თავის დროზე პუტინმა სოჭის ოლიმპიადის გამო ურთიერთობა გააბა „დედ ჰასანთან“ და სხვებთან, დადო მათთან დროებითი ზავი, მაგრამ იცით, საბოლოოდ, ეს როგორ დასრულდა. „დედ ჰასანს“ თავს დაესხნენ, რამდენიმე კრიმინალი აღმოჩნდა ციხეში, მანამდე ლიკვიდირებული იქნა ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ივანკოვი. ბუნებრივია, ეს სპეცსამსახურის გარეშე არ მოხდებოდა. კრემლს არ უყვარს, თავისი სპეციფიკური თანამოძმეების, ჩეკისტების გარდა, სხვა სტრუქტურების ჩარევა პოლიტიკურ დონეზე და აფხაზეთში „კანონიერი ქურდების“ ჩარევაც სურკოვს ჩაუთვალეს მინუსად. შემთხვევითი არ იყო, რომ სოხუმში სურკოვამდე ჩავიდა უშიშროების საბჭოს პირველი მდივნის მოადგილე ნურგალიევი, რომელიც არის პატრუშევისა და სეჩინის, ანუ ძალოვნების დაჯგუფების წევრი. როგორც ჩანს, ძალოვნებმა გადაიბარეს ძალაუფლება და ისინი გააკონტროლებენ ჩრდილო კავკასიასა და მთლიანად კავკასიასაც. ეს ამის მაჩვენებელია. ადრე ვთქვი, რომ პუტინმა გააძლიერა ლიბერალური დაჯგუფება-მეთქი, მაგრამ, მგონი, შევცდი – ამით მან გააძლიერა ძალოვნების კლანიც. უბრალოდ, ლიბერალურ, სანკტ-პეტერბურგის კლანს მისცა კარტბლანში ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსებზე, ხოლო ძალოვნებს – კარტბლანში რეგიონულ პოლიტიკაზე.
– ჩრდილო კავკასიაში ძალთა და გავლენების გადანაწილება როგორ აისახება ჩვენზე, თუ აისახება?
– აისახება, ცხადია. სურკოვი და კადიროვი უფრო ჩრდილო კავკასიაში არსებულ სიტუაციას არკვევდნენ და ჩვენთვის ნაკლებად სცხელოდათ. მათთვის ნაკლებად იყო საინტერესო, რა ხდებოდა ჩვენი ქვეყნის შიგნით. მათთვის ხელსაყრელი იყო ის დე-ფაქტო სიტუაცია, რაც არსებობდა, თუნდაც, საქართველოში, სომხეთში. სხვათა შორის, სურკოვი სომხეთის მიმართულებასაც ხელმძღვანელობდა და ფაშინიანის ეს რევოლუცია მას სისუსტეში ჩაუთვალეს. როგორც ჩანს, რადგან პუტინმა ჩეკისტებს გადააბარა კონტროლი, რუსეთი გაააქტიურებს ჩვენზე ზეწოლას. იმიტომ რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დაიძაბა...
– ფიქრობთ, რომ დაიძაბა? რამდენიმე კონგრესმენისა და სენატორის დამოკიდებულება ამერიკული სახელმწიფოს დამოკიდებულებაა? ისე, საინტერესოა, მათ ტრამპი მოსწონთ?
– აქ ერთი ნიუანსია. ტრამპის ადმინისტრაციას ნაკლებად ადარდებს, რა ხდება კავკასიაში. ანუ ტრამპმა შეიძლება, ყური დაუგდოს იმ ჯგუფის რჩევებს, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ. მიშა სააკაშვილის აპოლოგეტებს ვერ დავუჭერ მხარს, იმიტომ რომ ჩემი მტრები არიან, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის ან არ უნდა, იცოდეს, როგორ კეთდება რეალური პოლიტიკა. დღემდე ვერ გავიდნენ იმ დაჯგუფებაზე, რომლებიც აშშ-ში იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ. ამ გადაწყვეტილებას კი იღებენ ისინი, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ საქართველოს. ტრამპის გუნდის წევრებიც კი გადმოვიდნენ ნეოკონსერვატორების „ვორდინგზე“. ანუ ტრამპსა და ნეოკონსერვატორებს შორის შეიძლება, მიიღწეს პოლიტიკური კონსესუსი საქართველოსადმი. ესაა მთავარი საფრთხე. დღეს იმპიჩმენტია ტრამპის მთავარი პრობლემა და მას ბევრი სხვა პრობლემაც აქვს, ირანი, უკრაინა. თან, საქართველოსადმი ტრამპს საკმაოდ ცუდი ასოციაციები აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილმა ის, ფაქტობრივად, „გადააგდო“. ამდენად, შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაცია დაეთანხმოს ამ კრიტიკას. ესაა ყველაზე საშიში მომენტი. მე ვარ რეალისტი, არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა და ამიტომ ვამბობ, რომ ამ საშიშროებას ვხედავ. ასეთი ზეწოლების ფონზე შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაცია დაითანხმონ. მინდა, ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, რომ აშშ-ს აქვს რამდენიმე „წითელი ხაზი“. კერძოდ, მათი ინტერესების კლასიფიკაცია ოთხგვარია: სასიცოცხლო ინტერესები, მთავარი, მნიშვნელოვანი და პერიფერიული. მთავარი ინტერესებია, მაგალითად, აშშ-ის ბიზნესინტერესების დაცვა ნებისმიერ ადგილას, გეოსტრატეგიული პროექტების მხარდაჭერა და ანაკლიის პროექტიც ასეთი პროექტია. საქართველო, გასაგებია, თავს იკავებდა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისგან, არ შეუერთდა სანქციებს. არ ვამბობ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ამიტომ უფრო მეტი სიფრთხილე მოგვეთხოვებოდა, ვიდრე სხვა ქვეყანას. მაგრამ ისე მოხდა, რომ რუსეთი გახდა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. რუსი ტურისტების რიცხვი გაიზარდა. ეს ამერიკელებს არ გამორჩენიათ და ყოველთვის ამის გამო გვაკრიტიკებდნენ. ნიუანსებს აღარ შევეხები. პომპეომაც განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი თქვენთვის მნიშვნელოვანიაო, მაგრამ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა. ეს ყველაფერი კი გადადის იმ „წითელ ხაზებში“ და ასეთ დროს რას მოიმოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია, არავინ იცის. თან – „ქართულ ოცნებაში“ დილეტანტი შემადგენლობაა. როგორ შეიძლება, ირაკლი კობახიძე გაუშვა ამერიკაში, როდესაც მას კომუნკაციის პრობლემა საქართველოშიც აქვს?! შედეგიც ვნახეთ. აი – ეს არის დღეს მთავარი პრობლემა. და, როგორც კი, აშშ-საქართველოს ურთიერთობა შევიდა არასასურველ სტადიაში, კრემლმა მაშინვე გააძლიერა ჩეკისტური მიმართულება რეგიონში. სხვათა შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს კურატორობას გაუწევს დიმიტრი კოზაკი. სურკოვი შეცვალა დიმიტრი კოზაკმა. ვინცაა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ – მთავარი მომლაპარაკებელი, იმავე, მინსკის ხელშეკრულებების. მანამდე სწორედ კოზაკმა მოახერხა დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარება და გამოირჩევა ხისტი მიდგომებით. შედარებით ლიბერალი სურკოვის შეცვლამ ხისტი კოზაკით, რომელიც, ასევე, კარგი მომლაპარაკებელიცაა, უკვე გამოკვეთა რუსეთის დამოკიდებულება ჩვენდამი აშშ-სთან ცოტა გართულებული ურთიერთობების ფონზე.
– კადიროვს რას ერჩოდა კრემლი?
– როგორც ჩანს, კადიროვის მიმართ გაშვებულია სასიგნალო გზავნილი: ან დაეტიე და იცოდე შენი ადგილი და როლი, ან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კადიროვი ჩაანაცვლონ კრემლისადმი უფრო ლოიალური და ჩეკისტებისთვის მისაღები ფიგურით. არც იმას გამოვრიცხავ, კადიროვს რამე ფედერალური თანამდებობა შესთავაზონ. ამის გათვალისწინებით, კადიროვი, როგორც ჩანს, გაერიდა დროებით, იმიტომ რომ მას ეშინია ლიკვიდაციის. თუ არ ვცდები, 2016-2017 წლებში მისი ლიკვიდაციის რამდენიმე მცდელობა იყო, რომლებიც შემდგომ შეფუთეს, როგორც თითქოს ისლამური სახალიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმები, მაგრამ ამის უკან, სავარაუდოდ, იდგნენ ჩეკისტები. ფაქტია, რომ ჩრდილო კავკასიაში გაძლიერდნენ კადიროვის მტრები და ეს კადიროვს არ გამოეპარებოდა.
– იმის თქმა გინდათ, რომ კადიროვმა დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა?
– კადიროვის განეიტრალება ასე მარტივი არ არის, პუტინი არ არის ყოვლისშემძლე ჯო. კადიროვის ხისტად ჩამოცილება სარისკოა კრემლისთვის, რადგან მან შექმნა თავისი ვერტიკალი ჩეჩნეთში და მის გარეშე არაფერი წყდება. კადიროვზეა დამოკიდებული ჩეჩნეთის ლოიალობა რუსეთისადმი. ამასთან, კადიროვს ჰყავს 24 000-ანი გასამხედროებული დაჯგუფება, რომლებიც კადიროვის ჩამოშორების შემთხვევაში, შესაძლოა, დაუპირისპირდეს მოსკოვს და დაიწყოს მესამე ომი. არ არის გამორიცხული, რომ კადიროვის გასამხედროებული ნაწილი შეუერთდეს ისლამური სახალიფოს ჩრდილო კავკასიურ ვილაიეთს და ამის შემდეგ იქ ვითარება როგორ განვითარდება, არავინ იცის. ასევე, ინგუშეთშიც მნიშვნელოვანი მღელვარებებია და კრემლს დიდი ძალისხმევის გაღება უწევს, რომ როგორმე გაანეიტრალოს. ამან შეიძლება, ააფეთქოს ჩრდილო კავკასია და მოვლენების განვითარების სცენარი როგორ წარიმართება, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა და რაც პირდაპირ აისხება ჩვენზე.
ამას მოწმობს მხოლოდ ის ფაქტიც, რომ ჩეკისტების კლანმა უკვე გადაიბარა კავკასიის კურატორობა. მათ შორის, საქართველოზეც და არა მარტო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამის ფონზე გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, მაქსიმუმ, 2-3 თვის შემდეგ. როგორც ჩანს, ახლა კადიროვთან მიდის მოლაპარაკებები. დიდი ალბათობით, ჩემი აზრით, კადიროვს დაიყოლიებენ და შეარიგებენ ჩეკისტებთან. არ არის გამორიცხული, რომ კადიროვი პირდაპირ საქართველოს მიმართულებით გადმოისროლონ დაზავების შემდეგ. მით უმეტეს, რომ კრემლი შეეცდება საქართველოს აშშ-სთან დაპირისპირების გამოყენებას.