№5 რისთვის სჭირდება მარიტა როხვაძეს საყვარელ მამაკაცთან განშორებები
ნინო კანდელაკი ანი რევია
მართალია, გასული წელი მომღერალ მარიტა როხვაძისთვის დიდი ცვლილებების მომტანი არ ყოფილა, მაგრამ ახალი წელი, აქტიურად დაიწყო და იმედი აქვს, ასევე გაგრძელდება. გავრცელდა ჭორი, თითქოს ის საყვარელ მამაკაცს დაშორდა და ევროპაში გამგზავრებას აპირებს. რასაკვირველია, ეს ამბავი თავად მარიტასთან გადავამოწმეთ და ამბებიც გამოვკითხეთ.
მარიტა როხვაძე: გასული წელი, ასე თუ ისე, ნორმალური იყო – არც ძალიან გადასარევი და არც ძალიან ცუდი. ამ წლისგან კი დიდ და კარგ სიახლეებს ველოდები, როგორც კარიერაში, ისე პირადში. რომ ვაკვირდები, ყოველი ახალი წელი, ჩემთვის ერთნაირად დგება – სულ გარეთ ვარ. კონცერტებზე მიწევს გამოსვლა და ძირითადად, ქუჩაში ვარ. ძველით ახალ წელსაც ბაკურიანში მქონდა გამოსვლა.
– პოსტი დადე: ამ ახალ წელს ნაძვისხეც და ჩიჩილაკიც მე ვარო. ეს რას ნიშნავდა?
– მწვანე სამოსში ვიყავი გამოწყობილი და თავზე ხუჭუჭა პარიკი მედო. შესაბამისად, ნაძვისხეც მე გახლდით და ჩიჩილაკიც (იცინის). ასე რომ, სახლში არც საახალწლო დეკორაციები ამიწყვია და არც ნაძვისხის მორთვა დაგვჭირდა, მე მოვირგე მისი იმიჯი. მაინც არ ვართ სახლში და ვისთვის აგვეწყო?
– დადის ხმები, თითქოს საყვარელ ადამიანს დაშორდი. ეს მართალია?
– ჩვენ, სულ ვჩხუბობთ და ვიბუტებით. ერთფეროვნება არცერთს არ გვიყვარს, ამიტომ, ხან ნაჩხუბარი ვართ და ხან შერიგებული. ზოგადად, პირად ცხოვრებაში ურთიერთობებს „ექშენი“ უხდება, უფრო საინტერესო ხდება (იცინის). არის რაღაცები, რაშიც ერთმანეთს ვერ ვეწყობით და ძირითადად, ამის მიზეზი ჩემი მოუცლელობაა. სწორედ ამაზე ბრაზდება ჩემი საყვარელი მამაკაცი. ზოგადად, ცვალებადი ხასიათი მაქვს და ეს ყველაფერზე აისახება – ურთიერთობებზეც, იმიჯზეც...
– ახლა რა ეტაპი დგას შენს პირად ცხოვრებაში, როგორც მე გავიგე, ცალ-ცალკე ცხოვრობთ?
– არა, კარგად ვართ, ნორმალურად და არც ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. თუმცა, არც იმას უარვყოფ, რომ გვაქვს ერთ-ორკვირიანი განშორებები და ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამთ, ჩვეულებრივად ვუყურებთ. ეს განშორებები ხშირადაც არ ხდება და თუ ხდება, უფრო აძლიერებს სიყვარულს. ახლაც, რაც ახალი წელი დადგა, სულ დაკავებული ვარ, კონცერტები და გადარბენები მაქვს, მაგრამ, პირადისთვის სულ მოცლილი ვარ.
– მერე, რომ ამბობენ, თვალი თვალს რომ შორდება, სიყვარული ნელდებაო?
– ჩვენ არ ვაძლევთ ერთმანეთს იმის საშუალებას, რომ თვალი თვალს და გული გულს ხშირად მოშორდეს. როცა შორს ხარ, მონატრება გიასმაგდება და უფრო სხვანაირად ახარისხებ ურთიერთობას – რამდენად გიყვარს, რამდენად აფასებ და ასე შემდეგ. ასე რომ, მართალია, მე არ გამიგია ჭორი, თითქოს საყვარელ მამაკაცს დავშორდი და ვერც მოვიდოდა ჩემამდე, მაგრამ მართლა ტყუილია.
– ბოლო პერიოდში, ხშირად იცვლი იმიჯს...
– ეს ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია. ამ ბოლო დროს ფერადი, ხუჭუჭა პარიკები „დავამუღამე“ და ძალიან მომწონს. სხვათა შორის, იმდენი ექსპერიმენტი ჩავუტარე საკუთარ თმას, ახლა ვასვენებ და პარიკი კარგი გამოსავალია. „ჯადოსნობებიც“ ჩავიდინე – რვა კილო დავიკელი და ჩაცმის სტილიც შევიცვალე – სადღესასწაულო და ბრჭყვიალა გოგოს იმიჯი მოვირგე. მე მომწონს და ვფიქრობ, მიხდება.
– როგორ ფიქრობ, რამდენად გაგიმართლა ცხოვრებაში, რამდენად ბედნიერი ხარ და თუ გიგზავნის იღბალი იოლ წარმატებებს?
– იღბლიანი ვარ, რასაც ვაკეთებ მიფასდება, მაგრამ ჩემამდე იოლად, დაუმსახურებლად და ლანგრით არაფერი მოდის. არც მინდა, მოვიდეს. ხომ იცით, ქარის მოტანილი, ისევ ქარს მიაქვს. ყველაფერს შრომა სჭირდება. მე კი ჩემი შრომით ყველაფერს ვაღწევ. რაც შეეხება, ბედნიერი ვარ თუ არა, კონკრეტულად არც კი ვიცი, რაშია ბედნიერება. ხანდახან ისეთი სისულელეები მაბედნიერებს – თუნდაც, კარგი ფილმი ან მულტფილმი... მოკლედ, უცნაური რაღაცებიც მაბედნიერებს. ახლა, ჩემს ცხოვრებაში ქაოსია. დაღლილი ვარ, თუმცა საყვარელი საქმისგან დაღლა მიღირს. უბრალოდ, ხანდახან ძილი მინდება და დრო არ მყოფნის (იცინის). ძირითადად, ღამე მიწევს სიმღერა, დღე მძინავს და გაბრუებული ვარ. ვხუმრობ ხოლმე, არ მყოფნის დღე-ღამეში 24 საათი და დაამატეთ-მეთქი (იცინის).
– მიუხედავად იმისა, რომ სულ იღიმი და ბრჭყვიალა იმიჯიც მოირგე, ძალიან ჩაკეტილი გოგო ხარ და შენი სამყარო გაქვს, სადაც ყველას არ უშვებ. ხომ არ ვცდები?
– ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყარო და გარკვეულწილად, ჩაკეტილია, მაგრამ მე არ მიყვარს წუწუნი და პრობლემებზე საუბარი. არ მიყვარს ნეგატიურის სხვებისთვის თავს მოხვევა, მირჩევნია, ჩემში „შევინახო“. ალბათ, ამიტომაც ჩანს, რომ თითქოს ჩემს სამყაროში „ჩაკეტილი“ ვარ.
– თუ არის ადამიანი, ვისაც შენს პირად პრობლემებს უმხელ?
– კი, რასაკვირველია! დედაჩემი არის ადამიანი, ვისაც ყველაფერს ვუყვები, პირად პრობლემებსაც და ყოველთვის მამშვიდებს, გვერდით მიდგას და მიგებს. საბედნიეროდ, არ მომხდარა რაიმე საშინელება ჩემს ცხოვრებაში და არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ. თუმცა, პატარ-პატარა პრობლემები მაქვს ხოლმე და ვუმკლავდები. დეპრესია უფრო სუსტი ნებისყოფის ადამიანების დამახასიათებელია, ვინც თავის თავს ვერ ერევა. მე კი არასოდეს ვნერვიულობ ორ რამეზე – რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება. ეს გამოვიმუშავე. ზოგადად, ყველაზე მეტად ჩემს თავზე მუშაობა შემიძლია და ეს კარგად გამომდის. ამიტომაც, ვფიქრობ, არ ვარ სუსტი ადამიანი.
– ადამიანებს თუ ენდობი და თუ გამხდარხარ „კეთილმოსურნეთა“ მსხვერპლი?
– ადამიანებს დიდი ხანია, აღარ ვენდობი. ყოველთვის სარგებლობენ ჩემი კარგი დამოკიდებულებითა და კეთილგანწყობით. ბევრჯერ გავმხდარვარ, ეგერეთ წოდებული, „კეთილმოსურნე“ ადამიანების მსხვერპლი. გულიც უტკენიათ, ჭორებიც აუგორებიათ, მაგრამ გამოვიმუშავე და აღარ ვაქცევ ყურადღებას. განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებიან, როცა მყარად დგახარ, წარმატებული ხარ და წინ მიდიხარ. ამ დროს ამჩნევ, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და ვინ – ყალბი. ასე რომ, ყველას ცხოვრებაში დგება სამეგობროს „გადახალისების“ მომენტი და ჩემთანაც დადგა.
– ისიც გავიგე, თითქოს, უცხოეთში აპირებ წასვლას. ამაზე რას მეტყვი?
– შემოთავაზებები იყო ევროპიდან, რაზეც სერიოზულად ვფიქრობდი და ახლაც, ვფიქრობ. ვერ დავკრავ ფეხს და ჩემს ქვეყანას სამუდამოდ და დიდხანს ვერ დავტოვებ, მაგრამ ცოტა ხნით – რატომაც არა?
– მერე, საყვარელი მამაკაცი?
– საყვარელ მამაკაცსაც წავიყვან და უფრო ადვილად გავჩერდები (იცინის).