№5 როგორ დაახევინა თურქებს უკან გურულმა ფირალმა მელქისედეკ გუნთაიშვილმა და რა ჯილდო იყო დაწესებული მისი მოკვლისთვის
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
1945 წელს სოჭში, ქართველ მეცნიერებთან შეხვედრისას, სტალინს უთქვამს, რომ მას ძალიან უყვარს გურული სიმღერები, გაუხსენებია მომღერალი სიმონიშვილი და აგრეთვე, კარგი მომღერალი და ვაჟკაცი გუთნიაშვილი, „რომელიც სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ და ჩვენს პერიოდში მოკლესო“. ანზორ ერქომაიშვილის ვარაუდით, „ეს გუთნიაშვილი... უნდა იყოს მელქის გუნთაიშვილი, ალბათ, დაბეჭდვის დროს დაუშვეს შეცდომა, თორემ გვარი – გუთნიაშვილი გურიაში არ არსებობს”.
ირაკლი მახარაძე (მკვლევარი, კინორეჟისორი): მელქისედეკ გუნთაიშვილი დაიბადა 1873 წელს. ფირალად პირველად 1889 წელს გავარდა. ფირალებს შორის ის ყველაზე მეტ ხანს იყო ტყეში. მელქისედეკს ჰყავდა ბიძა სიმონა, რომელსაც ბატონმა ცოლის შერთვის ნება არ მისცა. სიმონს ბევრი არც კი უფიქრია, შუბლში ტყვია დააჭედა და ტყეში გაიქცა. შემდეგ ქობულეთში გადავიდა, მონახა სახლიკაცები, დასახლდა და იქვე გარდაიცვალა. 18 წლის მელქისედეკი ბათუმში მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა. იმავე წლებში დაქორწინდა. 20 წლისამ შეიძინა იარაღი და გავარდა ფირალად. იგი შეიპყრეს და ქუთაისში გადააგზავნეს, სადაც მას 12-წლიანი კატორღა მიუსაჯეს, სამუდამო გადასახლებით სახალინზე. ოთხ წელიწადში გამოიქცა. ერთხანს აზერბაიჯანში იმალებოდა, შემდეგ სოხუმში აღმოჩნდა, სადაც ტერაქტების სერია მოაწყო და 17 სტრაჟნიკი მოკლა. სოხუმში გუნთაიშვილის დაჭერისათვის ხელისუფლებამ ჯილდო – ხუთი ათასი მანეთი დააწესა.
აფხაზეთიდან ის ეპისკოპოსის ანაფორით, პარიკითა და წვერით შენიღბული გამოიპარა. თურმე, გემზე მას, როგორც მაღალი რანგის სასულიერო პირს, დიდი პატივით ეგებებოდნენ. მელქისედეკი მშობლიურ სოფელ კვირიკეთში დაბრუნებისთანავე ჩაება ტერორისტულ საქმიანობაში და პოლიციელებზე თავდასხმასა და იარაღის გატაცებაში მონაწილეობდა. მთავრობამ ისევ დაუწყო დევნა, მისი შეპყრობისთვის აქაც ჯილდო დაწესდა.
ფირალი რომ ვერ მოიხელთეს, დედამისი და მისი ძმა – აპოლონი დააპატიმრეს. განსრისხებულმა გუნთაიშვილმა მაზრის უფროსის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ამხანაგებმა არ დაანებეს – ყველას ააწიოკებენო. მაშინ მელქისმა წერილი მისწერა: რას კადრულობ, მოხუც ქალს რომ ციხეში აგდებო. თუ ასეა, მაშინ შენ ცოლ-შვილს მოვიტაცებ და ტყეში წავიყვანო. მაზრის უფროსმა ეს წერილი მიიღო და მესამე დღეს დედამისი ციხიდან გამოუშვა.
გუნთაიშვილი ერთ ხანს ცნობილი ქართველი ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის დიდი ბაბუის, გიგოს ოჯახში იმალებოდა. დღე ოდის სახურავზე იმალებოდა, ღამით კი ჩამოდიოდა და სამზადისში ძმებ ერქომაიშვილებთან ერთად ქეიფობდა და მღეროდა. მელქისას იმდენად კარგი ხმა ჰქონდა, რომ ერთხელ მისთვის არტემ ერქომაიშვილს უთქვამს: „შენ რომ მთავრობა შეგირიგდეს, აუცილებლად ჩემს გუნდში ჩაგრიცხავო“. ... ერთ საღამოს გიგოსთან აღელვებული ალფეს თოიძე მოვიდა და თქვა, ამაღამ სტრაჟნიკები მაკვანეთში მოდიან... როგორც ჩანს, საიდანღაც გაიგეს, რომ მელქისი თქვენთან აფარებს თავსო. ძმები ერქომაიშვილები მელქისთან ერთად ტყეში გავიდნენ...
ერთი საათის წასული არც იქნებოდნენ მელქისი და ძმები ერქომაიშვილები, რომ სტრაჟნიკებიც მოვიდნენ, მაგრამ მათ დახვდათ რამდენიმე მომღერალი, რომლებიც სამზადში ქეიფობდნენ და არაჩვეულებრივად მღეროდნენ. პოლიციის უფროსი მათ სიმღერებს მოჯადოებული უსმენდა.
გუნთაიშვილი სხვა ცნობილ ტერორისტებთან ერთად გაერთიანებული იყო წითელ რაზმში და ნასაკირალის ბრძოლაშიც მათთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მას ბევრი ტერორისტული აქტი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ორი სარკინიგზო ეშელონის გაძარცვა და პოლკოვნიკ კრილოვის მოკვლა. ირკუტსკში მან გენერალი მიშლევსკი მოკლა, 1905 წელს კომიტეტმა გუნთაიშვილს ბათუმში ვინმე ალექსეევის მოკვლა დაავალა. მელქისი მას ბაზარში დაესხა თავს, დაჭრა, მაგრამ ალექსეევი ხალხმრავლობამ იხსნა, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ის საქართველოში აღარ გამოჩენილა. აზერბაიჯანში მელქისი და კოლია შავიშვილი „საქმეზე“ იყვნენ წასულნი. ისინი გასცეს, დააპატიმრეს და გურიაში გამოაგზავნეს. მაგრამ დაპატიმრებულებმა ნატანების სადგურში გაქცევა მოახერხეს.
ერთხელ მაზრის უფროსმა, მახარაძემ კრება მოიწვია, იქ მოსული ქალი და კაცი უშვერი სიტყვებით აგინა და კიდევ ერთხელ დაემუქრა იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც ფირალთა მფარველებს ელოდათ. გუნთაიშვილი თავის ამხანაგებთან ერთად, ღამით მაზრის უფროსს წამოადგა სახლში. მახარაძეს სუფრა გააშლევინეს, იქეიფეს, შემდეგ დაემუქრნენ: „...თუ კიდევ ასთები გაბედე, იცოდე, მოგკლავ, ვერსად დაგვემალები...“
1918 წელს თურქეთმა ოზურგეთი და გურიის ნაწილი დაიკავა, ჯარი ძარცვავდა და აწიოკებდა მოსახლეობას. გუნთაიშვილმა, სხვებთან ერთად, პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა თურქების წინააღმდეგ და როგორც ამბობენ, დიდი ზარალი მიაყენა. „...თურქეთის მთავარსარდალმა იკითხა... ყოველ ფრონტზედ სიმწყნარე მაქვს და აქანა ვინ არის ასეთი... სულ სროლა არის ყოველდღე და ღამე, რაში არის საქმე, აღარ ვიცი. ამდენი ხალხი, ფრონტიდან მოვდივარ და არ დამკარგვია. მაშინ უთხრენ თურქეთის მთავარსარდალს, რომე ამ ადგილას ცხოვრობს მელქისი გუნთაიშვილი, ვინ იცის, ძალოვანი ძალას ხმარობდნენ, მაგრამ ვერაფერი დააკლენო...” თურქებმა, თურმე, მოლაპარაკება გამართეს გუნთაიშვილთან და ჯარი ორი კილომეტრით უკან დასწიეს.
გასაბჭოების შემდეგ მელქისედეკ გუნთაიშვილი ქობულეთში კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი ძმის დახვრეტის გამო „ტროიკის“ ერთ-ერთი წევრი – თავართქილაძე მოკლა, ისევ აიღო ხელში თოფი და ძველ პროფესიას – ფირალობას დაუბრუნდა. მას ამჯერად საბჭოთა მილიცია დასდევდა.
მელქისედეკ გუნთაიშვილი და მისი მეგობარი ფირალები, შამილ დარჩია და ჯამბულეთა ღლონტი, თურქეთის გავლით საფრანგეთში აპირებდნენ გაქცევას. ისინი ოზურგეთთან ახლოს, ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს, მაგრამ გასცეს და მათ მილიციონერთა დიდი რაზმი დაესხა. ორმხრივი სროლის შედეგად გუნთაიშვილი დაიჭრა, შამილს მისი დატოვება არ სურდა, მაგრამ მელქისედეკმა აიძულა, წასულიყო. დაჭრილი ბოლომდე იგერიებდა მტერს, მაგრამ ის მაინც ჩაიგდეს ხელში, ცხენის ძუაზე გამოაბეს და მანამდე ათრიეს, სანამ არ მოკვდა.