№5 როგორ უცდიდნენ ფრანგი კინოვარსკვლავი ქალბატონები ავლიპ ზურაბიშვილს
ავლიპ ზურაბიშვილი შემოვლაზეა პალატებში. პალატაში ერთ პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:
– აბა, ჯემალიკო, როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ?
– რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.
– რათა, რა მოხდა?
– გადამრევენ ეს ქალები! (ეტყობა ამ „პროფილით“ მოხვდა სტაციონარში).
– რაო, რა უნდათ?
– მეც კაცი ვარ, ადამიანი. განა ამდენი შემიძლია?
– მიამბობ, რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია?
– კი ბატონო, ოღონდ არ გამთქვათ. ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კი – ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი? ავლიპმა მალე იპოვა გამოსავალი:
– კარგი. შენ მიდი იმ შენს მირეი მატიესთან, ხვალ საღამოს ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ, შეგენაცვლები. გაიგე შენა?
– აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა.
– შენ როგორ ხარ? – ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას.
– ცუდად, ექიმო.. მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამ მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა რა!...
აბა, ანალოგს რაღა მოფიქრება უნდოდა?
– მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.
– მართლა? – ამოისუნთქნა ჟორჟიკამ.
– ჰო მართლა, მართლა. თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და ხომ არ მოვატყუებ? – უთხრა ავლიპმა, მაგრამ მაშინვე გამოერკვა, – იჰ, ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... – წამოხტა და გავარდა პალატიდან.