№5 როგორ აღმოჩნდა თბილისში ნაპოლეონის ვიოლინო „იმპერატორი“
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„იმპერატორი“
1968 წლის 9 მარტი კვირა დღე იყო. დილის 10 საათი სრულდებოდა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის ბინაში სამთავრობო „ვეჩეს“ (მაღალსიხშირიანი ტელეფონი) ზარის ხმა გაისმა. ასეთ დღესა და დროს შევარდნაძეს მოსკოვიდან თუ დაურეკავდა ვინმე ან ცეკას პირველი მდივანი მჟავანაძე, ისიც ძალიან იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა. მინისტრი ყურმილს დასწვდა და ელოდა რა ზემდგომების ხმის გაგონებას, მშვიდად უპასუხა:
– გისმენთ.
– მოსკოვისა და მჟავანაძის ნაცვლად, შევარდნაძეს საქართველოს კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი ურეკავდა, რომელსაც ხმაში უხერხულობა ეტყობოდა. კომპოზიტორმა მინისტრს მორიდებულად უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო ედუარდ, ასეთი ადრეული ზარისთვის, მაგრამ თქვენთან გადაუდებელი საქმე მაქვს.
– გისმენთ, ბატონო ოთარ. რა ხდება? – საქმიანად იკითხა შევარდნაძემ.
– ბატონო ედუარდ, ახლა ჩემ გვერდით მუსიკოს-შემსრულებელი ვარლამ სანაძე იმყოფება. მისი თხოვნით გაწუხებთ. მას აქვს თქვენთან საქმე და თუ შეგიძლიათ, დაელაპარაკეთ, – თქვა თაქთაქიშვილმა.
ვარლამ სანაძე ცნობილი მევიოლინე იყო. არა ერთი კონკურსის ლაურეატი.
– რა თქმა უნდა, გადაეცით ყურმილი, – თქვა შევარდნაძემ. შემდეგ სანაძის სალამზე სალმითვე უპასუხა. მუსიკოსმა კი უთხრა:
– ბატონო ედუარდ, თქვენთან პირისპირ მინდა საუბარი, თანაც, სასწრაფოდ და იქნებ შეძლოთ და შემხვდეთ?
– ბატონო ვარლამ, ეს საუბარი ხვალისთვის რომ გადავდოთ, არ გამოვა?
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ბატონო ედუარდ, მაგრამ მართლა გადაუდებელი საქმე მაქვს, – დაჟინებით თქვა სანაძემ.
– კარგი. გასაგებია, ბატონო ვარლამ. ახლა თერთმეტის ათი წუთია. თერთმეტ საათზე სამინისტროში გელოდებით. მორიგე გაფრთხილებული იქნება და პირდაპირ ჩემთან ამოგიყვანენ. შეხვედრამდე! – თქვა შევარდნაძემ და „ვეჩეს“ ყურმილი აპარატზე დადო.
ზუსტად დილის 11 საათზე უკიდურესად აღელვებული ვარლამ სანაძე ედუარდ შევარდნაძის კაბინეტში შევიდა და მისალმების შემდეგ მინისტრს უთხრა:
– ბატონო ედუარდ, გუშინ აგარაკზე ვიყავი, წყნეთში და ამ დილით დავბრუნდი. კარადა გავაღე, რომ ვიოლინო მენახა და ის იქ აღარ დამხვდა. ვიღაცას მოუპარავს. ეს ვიოლინო კი ანტონიო სტრადივარიუსის უნიკალური ქმნილებაა, რომელიც ოსტატმა 60 წლის ასაკში დაამზადა. ვიოლინოს „იმპერატორი“ ჰქვია და თავისი ჟღერადობით სტრადივარიუსის ვიოლინოებისგანაც კი აშკარად გამოირჩევა. ვიოლინო ნაპოლეონთან მოხვდა. იმპერატორი თავად უკრავდა მასზე და ყველგან თან დაჰქონდა. 1812 წელს მოსკოვშიც წაიღო, მაგრამ, რომ გარბოდა, დარჩა. შემდგომი 105 წლის განმავლობაში ვიოლინომ არაერთი პატრონი გამოიცვალა. 1917 წელს კი სახელმწიფო საცავიდან გაქრა და დაკარგულად ითვლებოდა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ის ბაბუაჩემს მოუპარავს და რომ არავინ მიმხვდარიყო, ჩუმად განმარტოვდებოდა ხოლმე მთაში და იქ უკრავდა. ერთი სიტყვით, ამ ვიოლინოს უკანონოდ ვფლობდით. მეც, ბაბუასავით, მთაში განმარტოებული ვუკრავდი ხოლმე „იმპერატორზე“. ახლა კი ის მოიპარეს და დახმარებას გთხოვთ. იქნებ მოძებნოთ ეს უნიკალური ინსტრუმენტი და სახელმწიფოს მაინც დაუბრუნოთ.
– გასაგებია, – თქვა შევარდნაძემ და დაამატა, – ვიოლინო რომ ბაბუათქვენმა მოიპარა, ამის გახმაურება არ გვინდა. ძებნაში კი საუკეთესო თანამშრომლებს ჩავრთავ და იმედია, ვიპოვით.
კაპრიჩიო #24
ვიოლინო „იმპერატორის“ ძებნას საუკეთესო ქართველი მაძებრები შეუდგნენ და მათ მალევე დაადგინეს, რომ მხოლოდ ნოდარ ბაქანიძემ იცოდა, რომ უნიკალური ვიოლინო, „იმპერატორი“ ვარლამ სანაძეს ჰქონდა და მას საიდუმლოდ ინახავდა. ბაქანიძეც ძალიან ცნობილი ვირტუოზ-შემსრულებელი და სანაძის უახლოესი მეგობარი იყო. ამიტომ მაძებრებმა ივარაუდეს, რომ ვიოლინო ან თავად მან მოიპარა, ან შეკვეთით მოაპარინა პროფესიონალ ქურდს. ეს ვერსია ხელქვეითებმა შევარდნაძეს მოახსენეს. მინისტრმა კოპები შეკრა. კაბინეტში გაიარ-გამოიარა და გამომძიებლებს უთხრა:
– კრინტი არავისთან დაგცდეთ ბაქანიძეზე. ეს საქმე ჩუმად უნდა მოგვარდეს. მე მას პირისპირ დაველაპარაკები და ვიოლინოს დავაბრუნებინებ. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც ვირტუოზ შემსრულებელს საუკეთესო ინსტრუმენტის ფლობის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა და ამის გამო დანაშაულზე წავიდა.
13 მარტს, ანუ ქურდობიდან მეოთხე დღეს, ედუარდ შევარდნაძემ ნოდარ ბაქანიძე თავის კაბინეტში მიიწვია და თავისი ხელქვეითების ვერსია ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უთხრა. ვირტუოზმა მევიოლინემ თავი დაუქნია მინისტრს და უთხრა:
– დიახ. „იმპერატორი“„ჩანჩურას“ მე მოვაპარინე. 500 მანეთი წინასწარ გადავუხადე, მეორე 500 მანეთი კი ვიოლინოს მიღების მერე უნდა მიმეცა, მაგრამ 10-ში ის შეხვედრაზე არ მოვიდა. სახლშიც არ დამხვდა. ალბათ, გაიგო ვიოლინოს ნამდვილი ღირებულება, რომელიც მილიონი დოლარი ღირს. მიიმალა, რომ თვითონ გაყიდოსო.
„ჩანჩურა“ ცნობილი ქურდი კოტე სალია იყო, რომელსაც ნოდარ ბაქანიძე ბავშვობიდან კარგად იცნობდა, რადგან ერთ უბანში გაიზარდნენ. სალია სამჯერ იყო ნასამართლევი. შევარდნაძემ ბაქანიძე გაუშვა, თან, მკაცრად გააფრთხილა, რომ თბილისიდან არსად გასულიყო, თავის ხელქვეითებს კი „ჩანჩურას“ მოძებნა დაავალა. მილიცია ფეხზე დადგა. კოტე სალიას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეძებდნენ, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს და ვერავის გაეგო „იმპერატორიანად“ ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ.
ქურდობიდან ერთი კვირის შემდეგ მოულოდნელად ნოდარ ბაქანიძეც გაუჩინარდა და მილიცია უკვე მასაც ეძებდა. 24 მარტს კი ორთაჭალჰესთან მეთევზეებმა „ჩანჩურას“ ცხედარი აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ცნობილი ქურდი მოწამლული იყო. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ „ჩანჩურა“ ბაქანიძემ მოკლა და დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით, მტკვარში გადააგდო. თავად კი მოპარული ვიოლინოთი გაუჩინარდა. შევარდნაძე და გამომძიებლები მომხდარით შოკირებული იყვნენ. ბაქანიძის ძებნა გაააქტიურეს და ვირტუოზი შემსრულებელი „იმპერატორის“ გატაცებიდან ერთი თვის მერე, 9 აპრილს მაღალმთიანი აჭარის ერთ პატარა, თურქეთის მოსაზღვრე სოფელში დააპატიმრეს. ვირტუოზი შემსრულებელი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის ბუნებაში განმარტოებული, „იმპერატორზე“ პაგანინის კაპრიჩიო ¹24-ს ასრულებდა.
ბაქანიძემ განაცხადა, რომ „იმპერატორი“ პირადად მან მოპარინა „ჩანჩურას“, მერე კი მოწამლა და მტკვარში გადააგდო, რათა კვალი დაეფარა და გამოძიება ცრუ კვალზე გაეშვა. ბაქანიძე თურქეთში არალეგალურად გადასვლასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებას გაგმავდა, სადაც „იმპერატორის“ მეშვეობით მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინე უნდა გამხდარიყო. მუსიკოსს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს და კლინიკაში მოათავსეს, სადაც მან თავი ჩამოიხრჩო.
სტრადივარიუსის ვიოოლინო „იმპერატორი“ კი ძვირფასი მუსიკალური ინსტრუმენტების საცავს გადასცეს მოსკოვში, სადაც ის დღემდე ინახება.