№5 რატომ ჩამარხა ბევრმა ადამიანმა ნაგროვები ფული მიწაში 1226 წელს
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
სპარსელი ისტორიკოსის – ალა ალ-დინ ათა მალიქ იბნ მუჰამად ჯუვეინის (1226-1283) მონათხრობით, ტფილისთან ჯალალედინის მიერ ქართული ჯარის ნაწილების დამარცხების დროს ტფილისის გარნიზონიც საბრძოლველად გამოსულა გარეთ. სპარსელი წერს: „ციხეში მყოფთ (ესე იგი ტფილისის გარნიზონმა) რომ ეს ამბავი ნახეს, ხელები საბრძოლველად გაიწვდინეს. მაგრამ როცა ლაშქარი წინ წადგა და ვარსკვლავთა გამგმირავი ისრებისა და ჯიგრის მწველ ბოძალთა ტყორცნით შეაწუხეს და შეავიწროვეს ისინი, ყიზ-მალიქის (იგულისხმება რუსუდან მეფე) ხაზინა წყალში ჩაყარეს და მეორე დღეს პატიება ითხოვეს. სულთანმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და პირადად იდგა, სანამ ის ხალხი მის საგუშაგოებს ჩაუვლიდა და აფხაზის საზღვარს (ესე იიგი დას. საქართველოს) მიაღწევდა“.
სინამდვილეში საქმე სხვაგვარად ყოფილა.
რამდენიმე თვით ადრე, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჩვენი ჯარი დამარცხდა გარნისში. ასეთ რამეს ქართველები გადაჩვეულები იყვნენ.
შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში გავრცელდა ხმა, რომ ლორეშიც ვერ შეაჩერეს ჯალალედინი ჩვენებმა და ის ქვემო ქართლს რბევა-რბევით შემოესია და ძარცვავდა. საკვებს იმარაგებდა, რომელიც ბევრი სჭირდებოდა მრავალრიცხოვან ჯარს და ბევრიც დასჭირდებოდა ალყის დროს. ალბათ, ვერ წარმოედგინა ჯალალედინს ტფილისის მალე აღება.
ქვემო ქართლში ვინც გადარჩებოდა, მთებსა და ციხესიმაგრეებს შეაფარებდა თავს. მართალია, რუსუდანის სახელმწიფო მოშლილი იყო, მაგრამ, გარკვეული ორგანიზება მაინც იქნებოდა ინფორმაციის გავრცელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცულ ადგილებში გადასაყვანად.
ალბათ, ბევრი დედაქალაქისკენაც გამოიქცა ტფილისის მიმდებარე სოფლებიდან, დაბებიდან და ქალაქებიდან. ტფილისი დიდი და კარგად გამაგრებული ქალაქი გახლდათ. ქართული ჯარის ნაწილებიც იდგა ქალაქთან, ქალაქში და ისანსა და დედა-ციხეში. ქართველებს წარმოუდგენლადაც კი მოეჩვენებოდათ, ჩვენი უძლეველი ქვეყნის დედაქალაქს რამე თუ მოუვიდოდა. მათ, ბოლო ასი წლის განმავლობაში მხოლოდ ქართული ჯარის ტრიუმფალური დაბრუნებები ახსოვდათ და გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმები ტფილისსა და ტფილისის შემოგარენში.
ალბათ, საკვებიც მომარაგებული ექნებოდათ. ჯარს, ქალაქის ხელმძღვანელობასა და ტფილისს შემოხიზნულებიც შემოიტანდნენ.
იმ დროს, საკმაოდ განვითარებული იყო ჩვენი სამშობლოს ეკონომიკა. ჯერ კიდევ არ იყო პატრონყმობა სრულიად შეცვლილი ბატონყმობით (პატრონყმობა გაცილებით ჰუმანური იყო ბატონყმობაზე). ას წელზე მეტი გასულიყო, რაც მტერს არ დაერბია საქართველო. მშვიდობიანად ცხოვრებამ შედეგი მოიტანა – ქონება დაგროვდა. მოსახლეობას ფულიც ჰქონდა, მათ შორის უბრალო ხელოსნებსა და მიწისმოქმედებსაც. შიშიანობის გამო ბევრმა უბრალო ადამიანმა მიწაში ჩამარხა წლების განმავლობაში ნაგროვები ოჯახის ფული (დიდი რაოდენობის თანხა არა, მაგრამ, მაინც), ქართველი მეფეებისა და ასევე, უცხოელი მბრძანებლების მიერ მოჭრილი მონეტები, ჩვენთან ხომ სხვა სახელმწიფოების ფულიც შემოდიოდა. თან ხომ არ წაიღებდნენ ციხესიმაგრეში თუ ტფილისში (ფულის მიწაში დამარხვა, რა თქმა უნდა, სხვა დროსაც ხდებოდა, მაგრამ უფრო მეტად შიშიანობის დროს). მშრალი საჭმელი მოიმარაგეს და თან წაიღეს, სადაც უნდა შეეფარებინათ თავი.
ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს ყველა მდიდარი იყო და ყველამ დააგროვა ფული. ღარიბებიც იყვნენ მაშინდელ საქართველოში, ქვრივ-ობლებიცა და ღატაკებიც. მაგრამ დღევანდელი, 1992 წელს ჩამოყალიბებული პოლიტელიტისაგან განსხვავებით, დიდი საქართველოს მესვეურები ნამდვილი ქრისტიანები იყვნენ და კარგად ესმოდათ – ხელისუფლება პასუხისმგებელია იზრუნოს მოქალაქეების გამოკვებაზე, ჯანმრთელობასა და სახლ-კარზე. ამიტომ, მთელი სახელმწიფო შემოსავლის 10 პროცენტი, მეათედი, „ნაათალი“ მათთვის იყო გამოყოფილი და ურიგდებდათ ღატაკებს. მათთვის უფასო სამკურნალოებიც არსებობდა და ღამის გასათევებიც.
როგორც ვთქვით, ბევრი დედაქალაქს შეეფარა, რადგან ტფილისთან იყო კონცენტრირებული ქართული ჯარის საუკეთესო ნაწილები, კარგად იყო შემოზღუდული და გამაგრებული დედაქალაქი. ქალაქის თავდაცვას ხელმძღვანელობდნენ ძმები, ბოცო და მემნა ბოცოსძეები, გამოცდილი მეომრები და სარდლები.
ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, როცა ჯალალედინი მოადგა ტფილისს, ტფილისში ათეულობით ათასი, სავსებით შესაძლოა, ასი ათასი ადამიანიც იყო გამაგრებული. ადგილობრივები, ტფილელნი, რომლებიც ქალაქის აუღებლობის იმედით დარჩნენ დედაქალაქში და მათზე უფრო მეტი – გარშემო დაბებიდან, სოფლებიდან და პატარა ქალაქებიდან შემოხიზნულები დედაქალაქის გალავანს.
ტფილისი მაშინაც მრავალეროვანი ქალაქი იყო. ბევრი არაქართველიც ცხოვრობდა: ებრაელები, არაბები (ჯერ კიდევ ტფილისის საამიროს დროიდან), სპარსელები, სომხები და ალბათ, სხვებიც.
ჯუვეინი არაფერს ამბობს ფაქტზე, რამაც ხელი შეუწყო ჯალალედინის მიერ ტფილისის აღებას. ჯალალედინის მადიდებელ მაჰმადიანს სურდა ტფილისის აღება მხოლოდ მაჰმადიანი სულთნის ნიჭისთვის და მისი ჯარის სიძლიერისთვის მიეწერა.
ჯალალედინი ვერაგი და ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო. თავიდანვე, ქართველებთან ომს მან რელიგიური შინაარსი მისცა. ამან, პირველ ეტაპზე, სანამ ჯალალედინის ვერაგობაში დარწმუნდებოდნენ საქართველოსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაჰმადიანები, ჯალალედინი რეგიონის მუსლიმანების თვალში ურწუნოთა დამამხობელ მხსნელად, ისლამის გამამარჯვებელ-გამავრცელებლ გმირად აქცია.
ტფილელი მაჰმადიანები ჯალალედინის დასახმარებლად შეითქვნენ. როგორღაც მოახერხეს, ალყაშემორტყმული ქალაქიდან ვიღაც გააპარეს. ალბათ, მათი მოციქული ბრძოლების დროს შეუმნევლად ჩამოშორდა ქართულ ჯარს, მით უმეტეს, ბევრი დაიღუპა და მაჰმადიანების აგენტი-მოღალატე ადვილად გაეცლებოდა იქაურობას. ალბათ, მივიდა ჯალალედინის ბანაკში, ჩაბარდა, აუხსნა მცველებს, რისთვისაც იყო მისული. ის მიიყვანეს ჯალალედინთან, რომელსაც ტფილელი მაჰმადიანების გეგმა გადასცა. რა თქმა უნდა, ჯალალედინი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.
არც ისაა გამორიცხული, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მაჰმადიანი ტფილელი, ტყვედ ჩავარდა. ის მიიყვანეს ჯალალედინთან, რომელმაც დააშინა, გამოუშვა ტფილისში და შემოუთვალა ტფილისელ მაჰმადიანებს, თუ არ დამეხმარებით ტფილისის შიგნიდან გატეხვაში, მაინც ავიღებ, და რომ ავიღებ, არც თქვენ დაგინდობთო.
ვინ იცის...
არც პატიება უთხოვია ქართულ გარნიზონს, როგორც ჯუვეინი წერს. თუმცა, ეს უკვე სხვა ამბავია.