№5 ჩემმა ქმარმა ყველაფერი გამიყიდა, მიმატოვა და რაიონში წავიდა საცხოვრებლად
როცა ჩემს ქმარს გავყევი ცოლად, საკმაოდ კარგი მაცხოვრებელი იყო. უფრო სწორად, როცა უმაღლესში ჩააბარა და სასწავლებლად რაიონიდან თბილისში ჩამოვიდა, მშობლებმა ბინა უყიდეს, გაუწყვეს ავეჯით, ტექნიკით და დაასახლეს. მარტო ვცხოვრობდით, არაფერს გვაკლებდნენ და თუ რამით შეეძლოთ დახმარება, უკან არ იხევდნენ. ერთი სიტყვით, მის მშობლებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. თავად კი ფუქსავატი და მუქთახორა აღმოჩნდა. დაჯდა სახლში, გადაიდო ფეხი ფეხზე და იმით კმაყოფილებოდა, რასაც მიუტანდნენ. მამაჩემმა ბევრჯერ გამოუნახა სამსახური, მაგრამ არ იკადრა მუშაობა. ბოლოს თავი დაანება, მიხვდა, რა კაცთანაც ჰქონდა საქმე და რომ არსად ივარგებდა. აჰყვა უბნის ბიჭებს და სმა და თამაში დაიწყო. სამსახურიდან დაბრუნებულს სახლიდან ხან ტექნიკა დამხვდა გატანილი და გაყიდული, ხან სამკაული და ბოლოს, ავეჯსაც მიადგა. ამის გამო აყალ-მაყალი მქონდა, ვეჩხუბებოდი, მაგრამ ჩემს სიტყვებს ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორედან გამოუშვებდა ხოლმე. შვილებსაც რცხვენოდათ, სულ ნასვამი რომ იჯდა სახლის წინ, სკვერში, თავისნაირ ძმაკაცებთან ერთად. მოკლედ, ერთ დღესაც გამოაცხადა, სახლი უნდა გავყიდო, ფული მჭირდებაო. გადავირიე, გადამეკეტა გონება და წყობიდან გამოვედი. უკან არ იხევდა, გაიძახოდა: ჩემია და უნდა გავყიდოო. რომ ვკითხე, რაში გჭირდება ბინის გაყიდვა ან მე და ბავშვები სად უნდა წავიდეთ-მეთქი, მიპასუხა: რაიონში უზარმაზარი სახლ-კარი მაქვს, წამობრძანდით და იქ იცხოვრეთ, ფული მჭირდება და მორჩაო. როგორც გავარკვიე, უთამაშია და საკმაოდ სოლიდური თანხა წაუგია. რასაკვირველია, არ ვთანხმდებოდი სახლის გაყიდვას, მაგრამ ჩხუბითა და ყვირილით დავიღალე და მივუშვი თავის ნებაზე. სახლი გაყიდა, ჩვენ პატარა ბინა გვიგირავა და თავად რაიონში წაბრძანდა და ამხელა კაცი ისევ მშობლების კისერზე დაჯდა. ზუსტად ვიცი, იქ გამჩერებელი არაა, ცოტა ხანში ისევ დაბრუნდება და სხვის სახლშიც გადასარევად წამოწვება და მოითხოვს ნაირ-ნაირებს. სხვა გზა არ დამიტოვა, შვილები მშობლებს უნდა მივაბარო და თავად უცხოეთში წავიდე, იქნებ ორი კაპიკი მოვაგროვო, თან ბავშვები ვარჩინო და თან სახლის ფულიც მოვაგროვო. ამას წინათ დარეკა და მითხრა: გავიგე, უცხოეთში აპირებ წასვლას და არ გაბედო, ვიცი მე შენი ფულის მოგროვება, უნდა დაინგრიო ცხოვრებაო. ისე მელაპარაკება, თითქოს ჩემი ბრალი იყოს, რაც დამემართა და რის გამოც ვაპირებ წასვლას, ჩემი შვილებისგან შორს. თან უჩემოდ ვერ ძლებს, ეჭვიანობს და თან ხელის განძრევაც არ უნდა. სიამოვნებით დავჯდები მეც მასავით სახლში და მივირთმევ იმას, რასაც მომიტანენ, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი? მრცხვენია, ჩემი ამბავი რომ საჯაროდ გამომაქვს, მაგრამ მინდა, ყველას ვუთხრა, რომ თუ კაცი მუშაობაზე უარს ამბობს, იცოდეთ, ის ცხოვრებაში არ გამოგადგებათ, სულ თქვენს კისერზე იჯდება, გაგამწარებთ, გაგაკოტრებთ და ბოლოს ქუჩაში დაგტოვებთ. მე ისეთ კაცებზე არ ვამბობ, ვისაც არ უმართლებს და დროებით უმუშევარია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ იმის გამო, რომ მუშაობა არ გინდა, ამ პრინციპზე ხარ, ყველაფერს ყიდი და ბოლოს, ცოლ-შვილს მიატოვებ და რაიონში მშობლების კისერზე დაიწყებ ცხოვრებას, ამას რა ჰქვია? ერთი სიტყვით, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი, თავს უნდა ვუშველო და სანამ შემიძლია, შვილებს გვერდით დავუდგე. მათ მამის იმედი არა აქვთ, მე – ქმრის და საკუთარი თავები როგორმე უნდა გავიტანოთ. უმისობას კი ავიტანთ. ის მაინც მეცოდინება, რომ სახლში დაბრუნებულს არაფერი დამხვდება გაყიდული.
მაკა, 36 წლის.