№5 როგორ უნდა დავიცვათ ხელის კანი აქერცვლისა და გაუხეშებისგან
ნინო კანდელაკი ანი რევია
როცა გარეთ ყინავს და შიშველი ხელებით გასვლა გიწევთ, რთულია, შეინარჩუნოთ ხელის კანის სიგლუვე. ამ დროს მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არ კმარა. უმჯობესია, ხელები ცხიმის შემცველი საპნით დაიბანოთ, კვირაში ერთხელ კი – ზეთოვანი აბაზანები გაიკეთოთ.
სიცივეს, ქარსა და ყინვას შეუძლია, ხელის მტევნების ნაზი კანის გამოშრობა, გაუხეშება, გაღიზიანება, შეწითლება და შეშუპება გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა კანის ინტენსიური კვება და ყოველდღიური, ელემენტარული ზრუნვა. უნდა გამოიყენოთ ეთერზეთების ან მცენარეული ზეთების აბაზანები. ისინი შეიცავენ ამინომჟავებს, რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ კანის მდგომარეობაზე.
საუკეთესო არჩევანია:
ჟოჟობას ზეთი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს და პროტეინებს, ასევე ვიტამინ B12, რომელსაც აქვს რეგენერირებისა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ატმის ზეთი იცავს კანს აქერცვლისგან, თანაბარს ხდის. მის ფერს იდეალურია თხელი კანისა და მასაჟისთვის.
ხის ზეთს კი აქვს გამაახალგაზრდავებელი, შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
აქვე, გასწავლით როგორ უნდა გაიკეთოთ პილინგი ხელებისათვის სახლის პირობებში: სქლად დაფქული ყავა შეურიეთ ზეთში, წაისვით ხელის მტევნების კანზე და შეიზილეთ. გაიჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
ნუ წაისვამთ ხელებზე სახისათვის განკუთვნილ საცხებს და ლიფტინგებს. გაითვალისწინეთ, რომ ყინვაში, სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე, ხელის მტევნებზე უნდა წაისვათ მკვებავი საცხი. ამ დროის განმავლობაში კანი მოასწრებს მის შეწოვას. ხოლო, ხელის კანი ყინვისაგან რომ არ აიქერცლოს, რომ არ გაწითლდეს და დასკდეს, საცხი უნდა დაიტანოთ ხელებზე დღეში რამდენჯერმე. ეცადეთ, არ დაიბანოთ ხელი უშუალოდ ქუჩაში გასვლის წინ. ასევე, არ დაიბანოთ ხელი ძალიან ცხელი ან პირიქით, ძალიან ცივი წყლით. დაბანის შემდეგ კი აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ. სიცივეში ატარეთ, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ხელთათმანი და საოჯახო საქმეები აუცილებლად რეზინის ხელთათმანებით აკეთეთ. კვირაში ერთხელ კი ჩაიტარეთ ხელის სპა-მოვლა – გამოიყენეთ ხელის სკრაბი, ნიღაბი და ნატურალური კრემი.
აქვე, შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც ადვილად დაამზადოთ:
ხელის სკრაბი – კარგად აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 2 სუფრის კოვზი სელის ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 1 ფორთოხლის გახეხილი ცედრა, 1 ჩაის კოვზი კოჭა და 2 სუფრის კოვზი ზეთი. წაისვით დაბანილ ხელზე, წრიული მოძრაობით კარგად შეიზილეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ხელის ნიღაბი – შეურიეთ ერთმანეთს 2 სუფრის კოვზი ჰერკულესი, 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, ზეითუნის ზეთი იმდენი, რომ მასა სქელი არაჟნის კონსისტენციის გამოვიდეს, დაამატეთ მიკროტალღურ ღუმელში გამდნარი ნახევარი შოკოლადის ფილა და 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი. ნიღაბი წაისვით ხელის კანზე, წამოიცვით ხელებზე პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახლში მომზადებული ხელის კრემი – 1 ფოთოლი ალოე გახეხეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი ქაცვის ზეთი, 15 გრამი კაკაოს ცხიმი. ცხელი წყლის აბაზანაზე, ჯერ კაკაოს ცხიმი გაადნეთ და შემდეგ, ჩაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. რომ გაცივდება და შესქელდება, მაცივარში შეინახეთ და წაისვით ყოველდღიურად, რათა ხელის კანი აქერცვლისგან დაიცვათ.