№5 ექიმის რჩევები
კითხვა: თითქმის 2 წელია, იღლიაში მაქვს მეჭეჭი. ზომაში არ იზრდება. მაინტერესებს, საშიშია თუ არა და მოშორება თუ არის საჭირო?
პასუხი: თუ ხშირია ტრავმირების საფრთხე, მაშინ მეჭეჭის მოშორება სჯობს. უნდა მიმართოთ დერმატოლოგს ან ონკო-დერმატოლოგს.
კითხვა: მაინტერესებს, სუპინატორიანი ფეხსაცმელი ბავშვისთვის აუცილებელია თუ სასურველია?
პასუხი: სპეციალური სუპინატორიანი ფეხსაცმელი რეკომენდებულია მაშინ, როცა ბავშვს აქვს ორთოპედიული პრობლემა. მისი ტარების აუცილებლობას განსაზღვრავს ორთოპედი. სხვა შემთხვევაში ბავშვმა უნდა ატაროს ჩვეულებრივი ფეხსაცმელი. რაც შეეხება ახლად ფეხადგმულ ბავშვებს, უცხოეთში უპირატესობას ანიჭებენ ფეხშიშველ სიარულს, თუმცა ეს ჩვენთან მხოლოდ წლის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი.
კითხვა: რა შეიძლება გამოიწვიოს მუხლებზე დადებული ლეპტოპით მუშაობამ?
პასუხი: ეს გამოიწვევს კიდურების გადაღლას.
კითხვა: მაინტერესებს, 28 წლის ბიჭისთვის საღამოს საათ-ნახევარი უწყვეტი, ნელი საირული ზედმეტი დატვირთვა ხომ არ არის გულისთვის (გული გამოკვლეულია და პრაქტიკულად ჯანმრთელი ვარ). ასევე დილით გაღვიძებიდან რამდენ ხანშია რეკომენდებული ფეხით სეირნობა?
პასუხი: ნელი სიარული არავითარ ზიანს არ მოგაყენებთ, ზოგადად კი დატვირთვა უნდა აკონტროლოთ იმის მიხედვით, სიამოვნებს თუ არა ეს თქვენს ორგანიზმს. დილით, თუ დატვირთვა საუზმის შემდეგ გსურთ, სასურველია, საუზმიდან მინიმუმ ნახევარ საათში ისეირნოთ.
კითხვა: მაინტერესებს, რომელია E ვიტამინით მდიდარი საკვები?
პასუხი: E ვიტამინი, იგივე ტოკოფეროლი, ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მას შეიცავს ხორბალი, სოია, სიმინდი, გაღივებული ხორბალი, შვრია, ჭვავი, მზესუმზირა, მიწის თხილი, ნიგოზი, მცენარეთა თესლები და მცენარეული ზეთები.
კითხვა: რა ტიპის დაავადებაა პარკინსონული დისტონია? არის თუ არა პროგრესირებადი?
პასუხი: პარკინსონული დისტონია არის დისტონია ანუ კუნთების უნებლიე შეკუმშვა, დაკავშირებული პარკინსონის დაავადებასთან. მის პროგრესირებას განსაზღვრავს პარკინსონის დაავადების პროგნოზი.
კითხვა: მყავს 1 წლის პატარა, რომელსაც დაუდგინდა მუცლად ყოფნის პერიოდში გადატანილი ტვინის ინფარქტი. გთხოვთ ამიხსნათ, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს პრობლემა? ორსულობა პრობლემური არ მქონია.
პასუხი: ტვინის ინფარქტის მიზეზი თქვენი ბავშვისთვის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევით აიხსნება. მისი მიზეზი კი შესაძლოა ყოფილიყო სისხლძარღვთა თანდაყოლილი დეფექტი სისხლის წებვადობის მატებით და ასე შემდეგ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე