№5 როგორ ვუშველოთ ყელის ტკივილს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ყელში სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადება ვითარდება, მაგალითად, ანგინა, ქრონიკული ტონზილიტი, ლარინგიტი და ასე შემდეგ. პატარებში ფართოდაა გავრცელებული ყელის კატარი (ლორწოვანის ანთება). ის შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გავრცელებამ. მის განვითარებას ხელს უწყობს ცივი ჰაერი, ზედმეტად ცხელი და ცივი საკვები და ასე შემდეგ. ბავშვების ძირითადი პრობლემა, რომელიც ყელის დაავადებებს უკავშირდება, ანგინაა. ეს არის ნუშურების მწვავე ინფექციური ანთება და ის ყველაზე მეტად შემოდგომასა და ზამთარში იჩენს ხოლმე თავს. მისი ძირითადი გამომწვევი სტრეპტოკოკული ინფექციაა. დაავადების დაწყება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სხეულის გაციებასთანაც.
ყელის მწვავე ტკივილს აპროვოცირებს ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვი აირებითა და ქიმიური ნივთიერებებით; ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (გრიპი, პარაგრიპი, რინოვირუსული და ადენოვირუსული ინფექცია, ქუნთრუშა, ყივანახველა, დიფტერია, წითელა, ინფექციური მონონუკლეოზი) და მათთან დაკავშირებული პათოლოგიები (ფარინგიტი, ადენოიდები, ტონზილიტი და ლარინგიტი); წელიწადის ცივი პერიოდისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურა, რაც იმუნურ სისტემას აქვეითებს და ინფექციათა სწრაფი გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის; ცხვირის სავალებში ადენოიდური წანაზარდების გაჩენა, სურდო, ძგიდის გამრუდებით გამოწვეული ცხვირის ნორმალური ფუნქციის დაქვეითება; ყელის ზედმეტი გადაძაბვა – ბევრი ლაპარაკი, ყვირილი, ხმამაღალი სიმღერა. ყელის ტკივილსა და ხმის ჩახლეჩას განსაკუთრებით ხშირად უჩივიან პედაგოგები, ლექტორები და მსახიობები – ადამიანები, ვისთვისაც ხმას პროფესიული მნიშვნელობა აქვს. ამის გამო ისინი იძულებულნი არიან, ყელს განსაკუთრებით მოუარონ. ყელს აღიზიანებს, აგრეთვე, მეტისმეტად ცხარე, ძმრიანი, მდოგვიანი, ცხელი და ცივი სასმელ-საჭმლის სწრაფი მონაცვლეობა, სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.
მწვანე ჩაი ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, სასარგებლოა თითქმის ყველაფრისთვის. ინფექციებისთვის კი ნამდვილი მისწრებაა. დალიეთ მწვანე ჩაი და ნაკლებად გექნებათ ყელის ტკივილების პრობლემაც. შეგიძლიათ მისი სავლებად გამოყენებაც.
1 ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი, თაფლი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალს. ეს არის ერთ-ერთი ეფექტური სავლები. დალევა რეკომენდებული არ არის.
1 ჭიქა წყალში ჩაასხით ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და შემდეგ დალიეთ. შესაძლოა, არასასიამოვნო დასალევი იყოს, მაგრამ ბაქტერიების გასანადგურებლად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.
1 ჭიქა წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, მოურიეთ, რომ მარილი წყალში მთლიანად გაიხსნას. შემდეგ დაამტეთ 1 კოვზი სავლები სითხე. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცესის შესრულება რეკომენდებულია კბილების გახეხვის შემდეგ, აუცილებელია ეს მარილწყალი ყლუპ-ყლუპად დალიოთ.
სალბი და ექინაცეა – ეს არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ყელის ტკივილებისგან გასათავისუფლებლად. აადუღეთ ნახევარი ჭიქა წყალი, შემდეგ შეურიეთ ექინაცეა და სალბი თითო კოვზი და მოათავსეთ სპრეის ბოთლში. ნახევარი საათის შემდეგ, ყოველ 2 საათში ერთხელ შეისხით ყელში. ყელის ტკივილისგან, მაქსიმუმ, 3 დღეში გათავისუფლდებით.
ძირტკბილა – ამ მცენარეს თანამედროვე მედიცინაში აქტიურად იყენებენ. მას აქვს ასპირინის მსგავსი თვისებები. აქედან გამომდინარე, ის დაგეხმარებათ, რომ ყელის ტკივილმა ნაკლებად შეგაწუხოთ. პროფესორების კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძირტკბილა ასუფთავებს სასუნთქ მილსაც. ძირტკბილას წვენით დამზადებული სავლები ძალიან ეფექტურია. აადუღეთ წყალი და შეურიეთ ძირტკბილას წვენი, დაელოდეთ 5 წუთით და შემდეგ გამოივლეთ.