№5 რაში ეხმარება ადამიანს ღმერთის შიში და არის თუ არა ყველაფერი სასიამოვნო ქრისტიანისთვის ნებადართული
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ეკლესიაში სიარული, სულის ცხონება, მაგრამ არ მოსწონთ დღეს იქ არსებული მდგომარეობა. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, როგორი უნდა იყოს ჩვენი შიში უფლის მიმართ, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე არსებული წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ისეთი ტაძრები უნდა შევარჩიოთ, სადაც სწორად ტარდება ღვთისმსახურება და ეკლესიურად სწორად ცხოვრობენ. როგორ ქადაგებენ კი არა, ეკლესიურად როგორ ცხოვრობენ. რადგან შეიძლება, მოძღვარი კარგი მქადაგებელი იყოს, მაგრამ მისი ეკლესიური და სულიერი ცხოვრება სულაც არ იყოს სწორი. ამიტომ, ისეთ მოძღვართან უნდა მივიდეთ, წმიდა მამათა დაფუძნებით რომ ცხოვრობს და ჩვენც არ გაგვიჩნდება ეკლესიიდან წასვლის სურვილი. ადამიანებიც იმიტომ მიდიან ეკლესიიდან, რომ იქაც ვეღარ ხედავენ სიყვარულს, რაც უკვე აღარსად არის – აღარც ოჯახში, აღარც ნათესავებში. ეს სიყვარული ეკლესიაშიც რომ იკარგება, მერე უკვე მრევლიც მიდის იქიდან. დიდი მამები ამხელდნენ ხოლმე: ტაძარში ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი ლოცულობდაო, ასე იქნება ახლაც. არ არის საჭირო წირვა-ლოცვის დროს დაყენებული ხმა, გუნდის გუგუნი. ყველაფერი მარტივად და უბრალოდ უნდა ხდებოდეს და დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ ვიქნებით თვითკმაყოფილები, გვეგონება: ეკლესიაში ვიყავი, აღსარება ვთქვი, ვეზიარე, ყველაფერი კარგად იქნებაო, პირიქით, შესაძლოა, ყველაფერი აირიოს. ღმერთს ძალიან უყვარხარ და როდესაც ხედავს, რომ მას არ ესაუბრები, მისკენ არ მიდიხარ, არაფერს სთხოვ, სამაგიეროდ, შენნაირ მონას სთხოვ დახმარებას, მაშინ განრისხდება და გეტყვის: ვინ გაეკრა, შვილო, შენთვის ჯვარზე, ვინ ეწამა? სამწუხაროდ, ჩვენ რაღაც სექტას ვემსგავსებით და ეს არ არის მართლმადიდებლობა.
– როგორ მივხვდეთ, რომ რაღაც სექტას არ დავემსგავსეთ და მართლმადიდებლები ვართ, ანუ რა არის მართლმადიდებლობა?
– მართლმადიდებლობაა, როცა ყოველ დილით დგები, სახარებას კითხულობ, გიხარია, ადიდებ უფალს და სულ ინტერნეტში არ ხარ ჩაფლული. ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ეკონტაქტები, მოიკითხავ, გაინტერესებს მათი ამბები. დღეს დრო არ აქვთ ცოცხალი ურთიერთობისთვის – ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რატომ ვამბობთ, რომ ტაძრები ცარიელდება? იმიტომ, რომ ქრისტეს ერთგულები აღარ არიან. ადამიანი არ იზრდება სულიერად. გათხოვდა და მიატოვა ეკლესია, სამსახური დაიწყო და მიატოვა ქრისტე.
– ხშირად ჩვენ ვაშავებთ ბევრ რამეს და შემდეგ სხვას ვაბრალებთ.
– თუ გვინდა, რომ განსაცდელსა და მწუხარებაში თავი კარგად ვიგრძნოთ, საკუთარი თავი უნდა დავადანაშულოთ. როდესაც საკუთარ თავს შევიცნობთ, მივხვდებით, რომ ყველაფერი ჩვენი საზღაურია. არსებულ მდგომარეობაში სხვებმა კი არ მიგვიყვანეს, ჩვენ მივედით. ამაზე დიდი აღსარება არ არსებობს. მივიდეთ მოძღვრებთან და სულიერი ცხოვრება დავიწყოთ იმით, რომ ვაღიაროთ, არსებულ მდგომარეობაში ყოფნა ჩვენი ბრალია, არა მეგობრების, არა ღმერთის. ამის გარეშე არ არსებობს სულიერი ცხოვრების დაწყება, სულიერი სიმშვიდე. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, უფრო მშვიდი, მიმტევებელი იქნება, არავის განიკითხავს. ადამიანს მადლიერების გრძნობა მუდმივად უნდა ჰქონდეს და ყოველდღიურად მადლობდეს უფალს. მაგრამ ჩვენ მადლობას მაშინ ვიხდით, როცა ახალ მანქანას ვიყიდით, დავქორწინდებით, სამსახურს შევიცვლით. ამ დროს გვახსენდება ღმერთი: მამაოსთან ავალ და პარაკლისს გადავახდევინებ, ისიც, თუ მამაო შემახსენებს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ღმერთს ამქვეყნიდან ნაადრევად გაჰყავს რომელიმე ადამიანი ან ბავშვი, ეს ღმერთის ნებაა. თუ ბავშვი იბადება, გვიხარია, რომ უფლის ნებით დაიბადა, მაგრამ, როცა ამქვეყნიდან გაჰყავს, მაშინ რატომ არ ვამბობთ, რომ ესეც უფლის ნებით მოხდა. ღმერთი ბოროტი არ არის, მან ის ბავშვი რაღაც დიდ განსაცდელს აარიდა. როდესაც ღმერთს დროზე ადრე გაჰყავს ადამიანი, ბუნებრივია, ეს დიდი მწუხარებაა, მაგრამ უფლის ნებაში ნუ ჩავერევით და კარგად დავფიქრდეთ: რატომ გაიყვანა ღმერთმა ესა თუ ის ადამიანი ამქვეყნიდან.
– მამაო, ღმერთისადმი შიშის გრძნობას უნდა განვიცდიდეთ?
– რატომ უნდა მეშინოდეს ღმერთის, მე ის მიყვარს, – ამას ბევრი ამბობს. ძველ აღთქმაში სიბრძნე ეწოდება იესო ქრისტეს, ეს იგივე ჭეშმარიტებაა, სიცოცხლეა. ბრძენი ადამიანი ყველაფრისგან სასარგებლოს იღებს, ხოლო უგუნური – სიამოვნებას. პავლე მოციქული ამბობს: ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ მარგებსო. ბრძენია ის, ვინც დაცემულ სამყაროში – ეკლესიაში იქნება თუ მის გარეთ, ვიღაცას უსმენს ან თავად საუბრობს, ეს სასარგებლოა მისთვის. თუმცა, ჯერ შენ უნდა იცოდე, რა არის სასარგებლო და მერე უთხრა სხვას. თუ ადამიანს არ გააჩნია ღვთის შიში და სიბრძნე, ის არ არის ქრისტიანი, ეკლესიური და მას არაფრის ეშინია. ბევრ ადამიანს ეშინია იმის, რომ გაჰკიცხავენ და ამის შიშით არ აკეთებს. სირცხვილის გრძნობა რომ ეუფლებათ, რა თქმა უნდა, კარგია, ესე იგი, მათში სინდისია შემორჩენილი. მაგრამ, ზოგჯერ არის მდგომარეობა, როცა ადამიანი სირცხვილის გრძნობას კარგავს. როცა ადამიანებს რაღაცის ძალიან ეშინიათ, ხშირად ამბობენ: ასეთ დროს ყველაფერი დამავიწყდა და შევცოდეო. კი არ უნდა შესცოდო, უნდა გაგახსენდეს იესოს ლოცვა. გადაიწერო პირჯვარი, მოძებნო სახარება, ფსალმუნები და ლოცვები წაიკითხო – ნუგეში მაშინვე მოვა, რადგან ღმერთი შენთან იქნება. ღმერთი ვისთან არის? ვინც ყველაზე შეშინებული, ყველაზე დამფრთხალია და ყველაზე მეტად საჭიროებს მის დახმარებას. ისე მოვა ამ ადამიანების აღსასრული, რომ მთელ ცხოვრებას აგონიაში, ყოყმანსა და ჭოჭმანში გაატარებენ. ვერ გამოიტანენ დასკვნას – რა გააკეთონ. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, თქვი: „იყოს ნება შენი, უფალო!”