№5 რატომ ირჩევენ დიდი ქვეყნები ერთმანეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს და რა არჩევნის წინაშე დადგება საქართველოს პოლიტიკური სპექტრი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
2008 წელს საკუთარ ტყავზე ვნახეთ, თუ როგორ უპირისპირდებიან მოქიშპე მხარეები ერთმანეთს სხვა ქვეყნის, ერთ-ერთის მოკავშირის, ტერიტორიაზე (როდესაც პუტინმა, რაკი ბუშს ვერ დაარტყამდა, საქართველო ცემა), ახლა უკრაინის მაგალითზე ვხედავთ დასავლეთ-რფ-ის დაპირისპირებას და სულ ბოლოს ირან-აშშ-მაც ერაყის ტერიტორიაზე გაუსწორეს ერთმანეთს ანგარიში: აშშ-მა ირანელი გენერალი სოლეიმანი ერაყში ააფეთქა, ხოლო ირანმა ერაყში დისლოცირებულ აშშ-ს სამხედრო ბაზაზე მიიტანა იერიში (თუმცა ამერიკული მხარისთვის უდანაკარგოდ). მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ძლიერნი ამა დედამიწისანი სწორედ სხვების სიცოცხლის ხარჯზე აფართოებდნენ თავიანთი გავლენის სფეროებს (ამის დასტურია პირველი და მეორე მსოფლიო ომებიც, დედამიწის მეექვსედის „გაწითლების“ ჩათვლით), ოცდამეერთეში თითქოს გამოიკვეთა ტერიტორიები, ერთგვარი პოლიგონები, სადაც კონკურენტები კბილებს მოუსინჯავენ ხოლმე ერთმანეთს. აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ ამ ახლებურ ტენდენციაზე.
– მესამე სამყაროს ქვეყნები არაოფიციალურ პოლიგონებადაა ქცეული?
– სხვათა შორის, ისინი ყოველთვის ასე იბრძოდნენ, ყოველ შემთხვევაში, შეერთებული შტატების არსებობის განმავლობაში, რომელიც უფრო ახალგაზრდა ქვეყანაა, თუმცა უწყვეტი ტრადიციით, როგორიც დაფუძნდა, დღემდე ისეთია, განსხვავებით რუსეთისგან, რომელმაც უამრავი რამ გადაიტანა. ამით რუსები არ განსხვავდებიან სხვა ძველი სახელმწიფოებისგან, უბრალოდ, ბევრ რამეს უფრო ველური ფორმით აკეთებენ. სულ ასე ხდებოდა – მანამდე ინგლისი და რუსეთი იყვნენ მეტოქეები ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში. ეს გადაიბარა შეერთებულმა შტატებმა, უფრო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სწორედ მას შემდეგ სხვის დაფებზე თამაშობენ. უშუალოდ ერთმანეთს არასდროს ეხებიან და, მგონია, რომ არც შეეხებიან, იმდენად ეშინიათ ერთმანეთის, რუსებს უფრო ეშინიათ, ცხადია, მაგრამ ამერიკელებსაც საკმაოდ ეშინიათ და ამაში დავრწმუნდი გასული საუკუნის 90-ან წლებში შტატებში ყოფნისას. მხოლოდ პოლიტიკურად მამაცი ადამიანები გვიჭერდნენ მხარს დამოუკიდებლობაში, დანარჩენები დაზაფრულები იყვნენ, მამა ბუშის თამადობით. ამიტომ ამაში ახალი არაფერია, უბრალოდ ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მოვხვდით მათ სფეროში და, რა თქმა უნდა, მათაც ასე ურჩევნიათ. რადგან პატარა კონფლიქტიც რომ მოხდეს მათ შორის, დიდი ალბათობით, ეს გადაიზრდება დიდ ომში. ერთგვარი პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს ორივეს, კარიბის კრიზისმა გამოავლინა ეს. არ შეხებიან ერთმანეთს, მაგრამ კუბის გამო კინაღამ შეეხნენ. ეს იყო, ალბათ, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს მიადგნენ პირდაპირ და უფრო საბჭოეთმა დაიხია უკან, თუმცა კენედიმაც ვერ ივარგა და ბევრი ფიქრობს, რომ კენედის მკვლელობა, თუ ეს შინაური ძალების მიერ განხორციელდა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. მას ვერ გადაირჩევდნენ, მოიგებდა მეორე ვადას, პოპულარული გახდა ძალიან, სხვათა შორის, მეუღლის წყალობითაც, თორემ დიდი ვერაფერი პრეზიდენტი იყო. აშშ-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ელიტამ ჩათვალა, რომ კენედიმ ვერ ჩააბარა გამოცდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თვალწინ სწორედ საბჭოთა გემებმა დაიხიეს უკან. საბჭოეთში გადააყენეს ხრუშჩოვი, საბჭოეთს შეეძლო გადაყენება, ისეთი ტიპის სახელმწიფო იყო. სხვათა შორის, 2008 წელს იმდენი ამერიკელი ინსტრუქტორი იყო ჩვენთან, რომ ომი თუ გაგრძელდებოდა, შეიძლებოდა, შეხებოდნენ კიდეც ერთმანეთს, ოღონდ ჩვენი საფარველით. ისეთი ხალხიც იყო ამერიკაში, რომ გვსაყვედურობდნენ, რატომ ერთი და ორი თვე არ გავაგრძელეთ ომი. რის ფასად დაუჯდებოდა ეს ჩვენს ქვეყანას, ეს კიდევ ცალკე თემაა.
– 2009 წელს ჩავწერე ფელგენგაუერი, რუსი სამხედრო ექსპერტი, ვითომ არაპუტინისტი და არაიმპერიალისტი, მაგრამ ისინი არასდროს უშვებენ ხელიდან შესაძლებლობას, დაგვამცირონ და ვითომ სასხვათაშორისოდ თქვა, თქვენი ჯარი ისე სწრაფად გაიქცა, რუსულმა არმიამ ვერ მოახერხა თავისი ამოცანის შესრულება, თორემ მეტი ზიანის მოყენებას აპირებდაო. მე ვუთხარი, აი, რა სარგებლობა მოაქვს სწრაფად სირბილს, მოწინააღმდეგეს მიზნის მიღწევაში უშლი-მეთქი ხელს. თუმცა მისი ცინიზმი არ იყო სასიამოვნო მოსასმენი. თურმე, ამერიკელებსაც ეს უსაყვედურიათ ჩვენთვის.
– თავიანთი ჯარი გაიხსენონ, 5 მილიონი კაცი რომ ჩაჰბარდა ტყვედ გერმანელებს და თვე-ნახევარში ნაცისტების არმია რომ მოსკოვს მიადგა. სერბები რომ არ აჯანყებულიყვნენ იუგოსლავიაში, ერთი თვით ადრე დაიწყებოდა ეს ომი, ყინვაც არ მოუსწრებდა. ჰიტლერის გამარჯვება – მტერს, მაგრამ გაიხსენონ 5 მილიონი დეზერტირი და რამდენი კაცი ირიცხებოდა ვლასოვის „რუსსკაია ოსვობოდიტელნაია არმიაში“?! სტალინმა სანამ, ეგრეთ წოდებული, გადამღობავი რაზმები არ შემოიღო, რომლებიც ზურგიდან ესროდნენ უკანდახეულებს, ყველა გამორბოდა. ცნობილი განკარგულება – „არც ერთი ნაბიჯი უკან“ – სხვა კი არაფერი იყო?! უბრალოდ, „ენ კა ვე დეს“ ჯარები იდგნენ და ერეკებოდნენ ბრძოლაში. ამიტომ ბევრს ნუ ლაპარაკობენ. ჩვენები, რატომღაც, არ პასუხობენ ამას. ომი ხანგრძლივი თემაა და ვინ მოიგებს საბოლოოდ, ამასაც ვნახავთ. ზოგი ომი ერთ კვირას გრძელდება, ზოგი – ერთ წელს, ზოგი – რამდენიმეს და ასწლიანი ომებიც კი გვახსოვს. ამ ომს ჩვენ მოვუგებთ მათ. იმას გარდა, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი ჯარი არ გამოქცეულა, რეზერვისტები შეყარა სააკაშვილმა, ჩააცვა ფორმა და ხალხს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ჩვენი ჯარი გამოდიოდა. არადა ჯარმა შეაკლა თავი და იმიტომაც აქვს ერთ-ერთი მაღალი რეიტინგი. ამას რუსებიც აღნიშნავენ, სამხედრო პროფესიონალები. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილიც ომობდა, ეს ფაქტია. სხვათა შორის, საბჭოეთში გამოდიოდა დარგობრივი ენციკლოპედიები, ისტორიის ენციკლოპედიაში შეტანილი იყო „გაწითლების“ ისტორიები, ბაქოსა და ერევანში წითელი არმიის შესვლა დასრულდა ნახევარ დღეში, ჩვენთან კი ორთვიანი გაშმაგებული ომი მიდიოდა, ეწერა, მოწინააღმდეგე გადმოვიდა კონტრშეტევაზე და კინაღამ დაამარცხაო. ეროვნული მთავრობა რომ გვყოლოდა, სულ სხვა ამბავი იქნებოდა, რადგან მაშინ ჰაერში სამხედრო უპირატესობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. იმის თქმა მინდა, რომ, არ მიყვარს უცხოური სიტყვები, მაგრამ ჩემს გარდაცვლილ მეგობარ გერმანე ფაცაციას უყვარდა სიტყვა „ლატენტური“, ანუ ფარული და, აი, ახლა ვხედავთ ლატენტურ ომს აფხაზეთთან დაკავშირებით. ჯერ ადრე ითქვა ლუკ კოფის მიერ, რომ მეხუთე პუნქტი არ გავრცელდეს აფხაზეთ-ცხინვალზე და ასე მივიღოთ „ნატოშიო“, შემდეგ იგივე თქვა „ნატოს“ ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. ჩიტების ენაა პოლიტიკა, რაც ჩვენს არც ძველ ხელისუფლებას ესმოდა და არც ახალს ესმის და არც ისეთ გამობრძმედილ პოლიტიკოსს, როგორიც შევარდნაძე იყო, იმიტომ რომ სულ სხვა პოლიტიკას იყო მიჩვეული. ცნობილია, რომ ყოფილები თავს უფლებას აძლევენ, თქვან ის, რასაც ვერ ამბობს თანამდებობაზე მყოფი პირი. თურქებს ევროკავშირში მიღებას რომ უწელავდნენ სხვადასხვა მიზეზით, ერდოღანამდეც კი, როდესაც არც დიქტატურა იყო და არც ავტორიტარიზმის ნიშნები, ბოლოს რომ იკითხეს თურქებმა, რატომ – მუსლიმანები რომ ვართო, მათ უპასუხა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ძალიან ავტორიტეტულმა, დესტენმა, დიახ, მაგიტომო. ეს რომ ეპასუხა რომელიმე მოქმედ სახელმწიფო მეთაურს, იქნებოდა სკანდალი, იმიტომ რომ ახლა ტოლერანტობის ეპოქაა და პირდაპირ არავინ არაფერს ლაპარაკობს.
– ახლა რატომ განაახლეს რუსებმა ომის ლატენტური ფაზა?
– რუსებმაც ჩათვალეს, რომ რეალური ხდება „ნატოში“ მიღება და მათი იმედი ის იყო, რომ ამ ორი კონფლიქტით, ერთი მხრივ, ჩვენ დაგვაშანტაჟებდნენ, მეორე მხრივ, დასავლეთსაც ხელს შეუშლიდნენ ჩვენს მიღებაში, რასაც, ანუ ჩვენი მიღების შეფერხებას სააკაშვილმა ძალიან შეუწყო ხელი. უნდოდა-არ უნდოდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგი რომ სააკაშვილზე ოცნებობს, მათ გასაგონად ვამბობ. მეორე მხრივ, ჩვენ გავიგონეთ დაჟინებული წინადადებები დე-ფაქტო აფხაზეთის პოტენციური პრეზიდენტისგან, ბჟანიასგან. შამბასგან არ მიკვირს, იმიტომ რომ სულ ამ ჭკუაზე იყო. ვცდილობ, გავარკვიო, ეს თვითონ გაბედა ბჟანიამ, რომელიც, ასევე, უშიშროების თანამშრომელი იყო და ამიტომ თავს ბევრის უფლებას აძლევს (აფხაზები და ოსები რომ შევადაროთ – აფხაზები გაცილებით მეტს უბედავენ რუსებს, ვიდრე ოსები), თუ სანქცირებული იყო მოსკოვიდან, თუმცა რაღაც დოზით, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნებოდა. ლატენტური ომის კონტექსტშია შემოთავაზება: არ გინდათ ამერიკელების გეგმა და აფხაზეთის პრობლემა მოგვარდებაო. რუსი სახეს შეინარჩუნებს, რომ აი, აფხაზეთის ახალმა „ხელისუფლებამ“ დაიწყო ამაზე ლაპარაკი და, თან, იტყვიან, ხომ გეუბნებოდით, აფხაზებს დაელაპარაკეთო.
– მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ უბრალოდ, დამატებით დროს იგებს სათავისოდ რუსეთი ამ შემოთავაზებით.
– რა თქმა უნდა, მათ პრობლემები აქვთ, რა ცვლილებებიც ჩაატარა პუტინმა – საკადროც და კონსტიტუციურიც, ეს კრიზისიდან გამოსავლის ძებნაა. მისი რეიტინგი დაეცა, ქვეყანა არ ვითარდება არც ერთი თვალსაზრისით, ერთადერთი, დგას იმაზე, რომ ირან-ამერიკის გართულებული ურთიერთობისა და ირანისთვის ისევ სანქციების დაწესების ფონზე, ნავთობი გაძვირდა. აქვთ ეს საშუალება და იყენებენ. ვთქვათ პირდაპირ – ბენზინგასამართი სადგურია. ქვეყანა არ აწარმოებს არაფერს ფასეულს, რომ სხვაგან გაყიდონ, იარაღის გარდა. ამდენად, მგონია, რომ ეს ომი, ლატენტური სახით, განახლდა და ძალიან საინტერესოა, ჯერ ერთი, იმიტომ რომ არ არის გამოხატული ფიზიკურად და პოლიტიკური მეთოდებით მიმდინარეობს და, მეორე – ჩვენთვის მაინც წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდება. უბრალოდ, არჩევანი ჩვენ გვექნება გასაკეთებელი და კარგია, როდესაც არჩევნის საშუალება აქვს ქვეყანას. ღმერთი ადამიანსა და ქვეყანას სჯის, თუ არჩევნის საშუალებას არ აძლევს და ჩვენი რელიგიაც ამას გულისხმობს, უფალმა შექმნა ეს ყველაფერი, მაგრამ თავისუფალი ნების პრინციპით. ტაქტიკურად თითოეული ადამიანი თავისით წყვეტს თავის ბედს, განსხვავებით მუსლიმანური ფატალიზმისგან ან პროტესტანტულისგან. სუსტებისა და ნაძირლების თავის გამართლების საშუალებაა, ღმერთი რასაც გადაწყვეტს, ის იქნებაო. ღმერთი არ წყვეტს შენს ნაძირლობასა და სისულელეს, შენს შეცდომებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ომია, რასაც თქვენ ბრძანებთ და რასაც ფიზიკური გამოხატულებაც აქვს ხოლმე და, ალბათ, ექნება ერთ ხანს სხვადასხვა ადგილას. ჩვენთან ამ ომმა მიიღო თითქმის აშკარა პოლიტიკური ბრძოლის სახე და მე მიკვირს, რომ ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ არც პოლიტიკოსები და არც მედია-საშუალებები, გასაგებია, რომ წარმოდგენა არ აქვთ – არც ჩვენს პოზიციას და არც ოპოზიციას, სამწუხაროდ, მედიის უმრავლესობასაც – პოლიტიკაზე. ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, სინამდვილეში კი, ძალიან საინტერესო ამბავი ხდება ჩვენ თვალწინ. უბრალოდ, მგონია, რომ ჩვენ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ.
– ხედავთ საფრთხეს, რომ ეს ლატენტური ომი გადავიდეს ცხელ ფაზაში? იმიტომ რომ პოლიგონად მონიშნული ტერიტორია ვართ უკვე.
– მე ვფიქრობ, არა. რუსები ამჯერად ვერ გაბედავენ ამას, თან – უკრაინა აიკიდეს, ძალიან მძიმე ამბავი.