№5 თავში ავარდნილი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ კომბლე რა კაციაო?!
მართალია, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას დაჰპირდნენ, რომ თებერვალში საპროტესტო აქციების ახალ ტალღას განაახლებდნენ (ოღონდ ისიცაა ვერ ვიტყვით, რომ მანამდე დიდად აუტეხეს კრამიტებს რაკი-რუკი), თუმცა ხელისუფლებამაც დაიჭირა თადარიგი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შემოღობა. ცხადია, მას არც ოპონენტები ჩამორჩნენ და აწ უკვე შემოღობვას აპროტესტებენ (მოკლედ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ ნაკადშია).
ამასობაში კი, გაერთიანებული ოპოზიციის რიგებშიც გაიბნენ შავ-შავი კატები. კერძოდ, მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ აქაურმა თავკაცმა (გრიგოლ ვაშაძემ) განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები, არც მეტი, არც ნაკლები, მისი ექსკლუზიური მოთხოვნაა გაერთიანებულ ოპოზიციასთან უნისონში, მოძრაობა „სირცხვილია” აბობოქრდა.
სახელდობრ, შოთა დიღმელაშვილმაც, თავის მხრივ, აცნობა საზოგადოებას, „შეგახსენებთ, ეს (ანუ გრიგოლ ვაშაძე) ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.“
უფრო მეტიც, ორჯერ გამარჯობა რომ ვუთხარით, თავში აუვარდაო. რაც მთავარია, სიტყვებს დოკუმენტიც მოაყოლა: შენახული ჰქონიათ, როგორც თავად უწოდებენ, „ისტორიული დოკუმენტი“, რომელშიც ჩამოწერილია 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა. ისიც გაგვიმხილა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შეუთანხმდნენ, რომ, თუ სცენით სარგებლობა უნდოდათ, ამ მოთხოვნებს არც არაფერს აკლებდნენ და არც ამატებდნენ და გამომსვლელთა პარიტეტიც დაუწესეს (თანაც, გამომსვლელებს „სირცხვილია“ შეარჩევდა).
მაგრამ, რაკი უბედურება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შავი კატა მარტო არ მოდის, გრიგოლ ვაშაძე იქით მთავარმა „გირჩმა“ უარყო, აქეთ – ეკატერინე ბესელიამ („ნაცმოძრაობასთან“ არაფერი მესაქმებაო), თვით თამარ ჩერგოლეიშვილიც განუდგა, ხოლო მანამდე ნინო ბურჯანაძემ დადო პირობა (და მერე რა, რომ ქართველი პოლიტიკოსი და პირობა იგივეა, რაც მაიმუნი და სათვალე), რომ ვერ გადაიტანს „ნაციონალების“ მობრუნებას (ჭეშმარიტად შეუცნობია გზანი მშობლიური ოპოზიციისანი).
რთული სათქმელია, სადამდე გაგრძელდება პოლიტიკური განდაგანა, თუმცა ჯერჯერობით აქტუალურია რიტორიკული კითხვა: კომბლე (ანუ გრიგოლ ვაშაძე) რა კაციაო?!