№5 ნინო მუსერიძის ფონდი „შენთვის“ და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი – შანსი უშვილო წყვილებისთვის
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი
ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების გასაუმჯობესებლად, უშვილო წყვილების დასახმარებლად, მარადისობის შენარჩუნების სურვილით, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაფუძნდა ექიმი-ემბრიოლოგის, ჰისტომორფოლოგის, მედიცინის დოქტორის, ნინო მუსერიძის ფონდი „შენთვის“.
ქალბატონი ნინო მუდმივად ცდილობს, საკუთარი თავი ახალი მიმართულებით აღმოაჩინოს და თავისი ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტ სასიკეთო საქმეს მოახმაროს. ცოტა ხნის წინ, მისი ხელმძღვანელობით, გაიხსნა ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი – GGRC. დიდი პროფესიული წარსულით, უახლესი მიდგომებითა და ტექნოლოგიით, ყველაზე თანამედროვე აპარატურით, საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალთა გუნდით, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი მალე დაიმკვიდრებს ყველაზე საიმედო და ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულების სახელს რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. GGRC -ის გუნდი აცხადებს, რომ აქ დაგიბრუნებენ დაკარგულ იმედს და შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს ჯანმრთელ მომავალზე ქართული გულისხმიერებით და გერმანული პუნქტუალობით იზრუნებენ.
ნინო მუსერიძე: ცოტა ხნის წინ გავხსენით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი, ჩვენი პარტნიორები გერმანელი ექსპერტები, სვეტლანა და ივან ჰოფმანები არიან – რეპროდუქციული მედიცინის სფეროში აღიარებული გერმანელი დედა-შვილი. მათ დიდი ხნის შრომის შედეგად, ახლახან ბერლინში გახსნეს ასეთივე კლინიკა, რომელიც მუშაობს აისო სტანდარტის სრული დაცვით და მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში. ბერლინში მხოლოდ მათ აქვთ მიკროტესას მიკროსკოპი და მალე კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებენ პაციენტებს.
რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, გერმანულ ხარისხსა და სტანდარტებზე ვართ ორიენტირებული. ვაპირებთ, გავიაროთ აკრედიტაცია და ჩვენც მივიღოთ აისო სერტიფიკატი. გარდა რეპროდუქტოლოგებისა, გვყავს გინეკოლოგები, უროლოგები, თერაპევტები, ენდოკრინოლოგები და ერთ გუნდად ვმუშაობთ ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობისთვის.
– ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა ფონდი „შენთვის“ დაფუძნებიდან, რა შედეგები გაქვთ ამ პერიოდში?
– ამაყი ვარ, რომ გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი – ფონდი „შენთვის“, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა და ჩვენი შრომის ნაყოფი უკვე სახეზეა – 800-ზე მეტ ადამიანს აქვს გავლილი უფასო კონსულტაცია, დაიბადა 9 ბავშვი, გვყავს 32 ორსული, ფონდს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჩვენთან მოსული 800 პაციენტიდან, დაახლოებით, 10 პროცენტს არ ჰქონია არც ერთი ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან. ბევრს ვერც წარმოედგინა, რომ ასეთი სერვისის უფასოდ მიღება იყო შესაძლებელი. ძალიან მიხარია, რომ შევძელით იმ ადამიანების დახმარება, ვისაც, პრაქტიკულად, არ ჰქონდათ ბუნებრივი ორსულობის შანსი და ხელოვნური განაყოფიერებით ჩვენ მათ დედობის სიხარული ვაჩუქეთ. 2020 წლიდან ეს ფონდი ჩვენი ახალი კლინიკის ბაზაზე აგრძელებს ფუნქციონირებას და ის კიდევ ერთ ახალ დატვირთვას შეიძენს. ქართულ-გერმანული კლინიკის პაციენტების 70 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ფონდში ირიცხება და სოციალურად დაუცველი ქართველი წყვილების რეპროდუქციული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი კლინიკის შემოსავლის 30-40 პროცენტი უცხოელი პაციენტებისგანაა, რითიც ვეხმარებით ჩვენს ქართველ პაციენტებს.
– როგორ დაახასიათებთ იმ გუნდს, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა?
– მინდა, მადლობა ვუთხრა მთელ ჩემს გუნდს. მათთან ერთად მოვდივარ უკვე ბევრი წელია, ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანის დახმარებაა, იმ საქმის ღირსეულად კეთება, რომლის შედეგიც ახალი სიცოცხლის მოვლინებაა. ჩემი გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს აკეთებს პაციენტების დასახმარებლად. ჩვენთვის ეს არ არის ბიზნესი, ეს არის ცხოვრების წესი.
– როგორია თქვენი კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა?
– გვაქვს უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ჩამოვიტანოთ მიკროტესას მიკროსკოპი. თავდაპირველად ჩვენი პარტნიორები ჩამოვლენ გერმანიიდან და ჩვენს უროლოგებთან ერთად ჩაატარებენ ოპერაციებს. სრულად ათვისების შემდეგ კი უკვე დამოუკიდებლად გავაგრძელებთ მუშაობას.
ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჰაერის სისუფთავეს ლაბორატორიაში. ვაპირებთ, შევიძინოთ სპეციალური დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ჰაერის თითოეული ნაწილაკიც კი მოწმდება, ეს დაგვეხმარება იდეალური გარემოს შექმნაში, რათა ემბრიონმა ჰაერთან შეხვედრის დროს მინიმალური სტრესი მიიღოს და შესაბამისად, კიდევ უფრო მაღალი შედეგები გვქონდეს.
– ცნობილია, რომ თქვენი ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებსაც აძლევს შანსს, გახდნენ მშობლები.
– როდესაც ონკოლოგიურ პაციენტებს უტარდებათ ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და სხვა პროცედურები, ხშირ შემთხვევაში, მათი რეპროდუქციული ფუნქცია ზარალდება, ვიცით, რომ ონკოლოგია დღეს განაჩენი აღარ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენც ვზრუნავთ ასეთ პაციენტებზე, რათა გამოჯანმრთელების შემდეგ ისინი მშობლები გახდნენ. არსებობს კვერცხუჯრედისა და სპერმის ბანკი, რომელსაც მაქსიმალურად ვეფოფინებით. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისათვის და ვზრუნავთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ სრულფასოვანი ოჯახების შენარჩუნება და ჰყავდეთ ჯანმრთელი შვილები.
– უშვილობა ცდება კონკრეტული ოჯახის პრობლემას, რა კეთდება ქვეყანაში იმისთვის, რომ ეს პრობლემა უფრო გლობალურად მოგვარდეს?
– ნამდვილად, უშვილობა მხოლოდ წყვილის პრობლემა არ არის და ხშირად სოციალურ პრობლემად გარდაიქმნება ხოლმე. ის საზოგადოების პრობლემაა და ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც საქართველოა, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოებრივი დონის პრობლემაა. არაზუსტი სტატისტიკით, საქართველოში ყოველი მე-6 წყვილი უშვილოა და არც ერთი პროგრამა მათ მკურნალობას, მედიკამენტებს, პროცედურებს არ აფინანსებს. ჩვენ ვცდილობთ, ავწიოთ პირველი აგური და ვაჩვენოთ სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო სექტორს, რომ ეს არაა მძიმედ და რთულად დასაძლევი თემა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უშვილობა სადაზღვევო პროგრამების მიერ ფინანსდება. იმედი მაქვს, ეს ჩვენთანაც მალე მოხდება და ამით დიდი საქვეყნო საქმე – დემოგრაფიული საქმე გაკეთდება. მანამდე კი ჩვენი გუნდი, ჩვენი ფონდი „შენთვის” იზრუნებს ახალი სიცოცხლისათვის და დავდებთ ჩვენს წილ აგურს ამ მადლიან საქმეში.
– ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC-ის ეგიდით, მალე ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩატარდება საქართველოში, რას ეხება და რა მნიშვნელობის იქნება ეს ღონისძიება?
– GGRC-ის ეგიდით და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით, 1 თებერვალს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩავატარებთ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას – „უშვილობა 35+“. პირველად საქართველოში კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფი. კონფერენციაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ასევე, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. აქვე გაიმართება ჩემი და პროფესორ ვლადისლავ კორსაკის ერთობლივი წიგნის პრეზენტაცია.
კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. დარეგისტრირებულ და მონაწილე სერტიფიცირებულ უროლოგებს, ენდოკრინოლოგებს, რეპროდუქტოლოგებსა და მეან-გინეკოლოგებს მიენიჭებათ 6 (I ტიპის) UPG ქულა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.