№4 ნუკა მარგველაშვილი: ქორწილი ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, ბაბუა ოპერის გამოჩენილი მომღერალი თენგიზ ზეინკლიშვილი იყო, პროფესიად მსახიობობა აირჩია და როგორც ამბობს, ეს ის პროფესიაა, რომელიც ძალიან ბევრის გაკეთების შესაძლებლობას გაძლევს ნებისმიერ საქმეში.
ნუკა მარგველაშვილი: რაც სერიალში – „მისამართის გარეშე“ – ყველაზე მეტად მომწონს და რის გამოც ამ როლს დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, არის ჩემი გმირი, რომელიც იმ პერსონაჟებისგან, როგორებიც აქამდე მითამაშია, რადიკალურად განსხვავდება. „გოგონა გარეუბნიდან“ და „დიდ შესვენებაშიც“, დაახლოებით, ერთი ტიპაჟის – ტუტუცი, უზნეო გოგოს როლები მქონდა. ამჯერად, როგორც კი მითხრეს, რომ ფსიქიატრის როლზე იყო საუბარი, მაშინვე დავინტერესდი. მერე აფერისტიც რომ აღმოჩნდა, ხომ საერთოდ (იცინის). უკვე გამოიკვეთა, რომ ფსიქიატრი მხოლოდ აფერისტიც არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოროტი არაა. ეს ადამიანი ძალიან განსხვავდება ჩემგან. დეპრესიული ქალია და ამ მდგომარეობიდან გამოძრომას ტყუილით ცდილობს. მეც ვყოფილვარ ცუდად, მაგრამ აფერისტობისთვის არ მიმიმართავს. ამ ყველაფერთან ერთად, გამჭრიახი ადამიანია. რაც ამ პერსონაჟმა ჩაატარა, ამას ნამდვილად სჭირდება ნიჭი. კარგი არაა, მაგრამ ამდენი ადამიანი ასე ოსტატურად მოატყუა... მე ვფიქრობ, რომ მეც ვარ გამჭრიახი, შემიძლია, თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში ვიპოვო გამოსავალი.
– პრაქტიკულად რაში გამოგიყენებია ეს შესაძლებლობა?
– მაგალითად, გამიკეთებია „ივენთი“, რომელზეც არ მოსულა კონკრეტული მომღერალი და სიმღერა საკუთარ თავზე ამიღია, როცა ეს საერთოდ არ მქონდა გათვლილი, მაგრამ გამოვმძვრალვარ სიტუაციიდან. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ ოჯახში დავიბადე და მთელი ცხოვრებაა, ვმღერი, თავს მომღერალს მაინც არ ვუწოდებ. ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელსაც არ გამოვყოფ, როგორც პროფესიას. ამიტომ, აბსოლუტურად განსხვავებული მომღერლის მოსასმენად მოსული ადამიანისთვის კონცერტის გამართვა, ალბათ, არის გამჭრიახობა და სითამამე.
– არაკარიერულ ამბებში?
– ხუთი წლის განმავლობაში დავდიოდი მართვის მოწმობის გარეშე. ხუთჯერ გამაჩერა პატრულმა და არცერთხელ არ დამაჯარიმა. ალბათ, ესეც გამჭრიახობაა. ოღონდ არ დავეჯარიმებინე და ისეთ კონცერტებსა და სპექტაკლებს ვდგამდი, ისე ვეხვეწებოდი, ბოლოს ერთმანეთს ეუბნებოდნენ, კარგი, ცოდოაო. ძლივს რომ დავაყენე საშველი მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას და რუსთავში მივდიოდი, ისევ და ისევ თავხედურად, მანქანით, გზაზე პატრულმა გამაჩერა. მაშინ უკვე გამოჩენილი ხულიგნების სიაში ვიყავი და არ გრცხვენია, მერამდენედ გაჩერებთო, მითხრა (იცინის). რაც მართვის მოწმობა ავიღე, მას შემდეგ, ერთხელაც არ გავუჩერებივარ. არადა, ძალიან მინდა, ვუთხრა, რომ ავიღე (იცინის). ბოლოს, უკვე ნევროზი ჩამომიყალიბდა. პატრულის ყოველ დანახვაზე ცუდად ვხდებოდი. თუმცა, ძალიან გამიჭირდა გამოცდის ჩაბარება პრაქტიკულ ნაწილში და მეხუთე ჯერზეც რომ ჩავიჭერი, მე თვითონ მივედი ფსიქოლოგთან (იცინის). ბოლოს და ბოლოს, მართვის მოწმობა რომ ავიღე, სასწაული შეგრძნება მქონდა. ეგეთი ბედნიერი მარტო მაშინ და შვილის გაჩენის დროს ვიყავი. მეგონა, ოქსფორდი დავამთავრე (იცინის).
– მუსიკალურ ოჯახში დაიბადე და ალბათ, ბუნებრივი იქნებოდა, მათ გზას რომ გაჰყოლოდი.
– ძალიან არ უნდოდათ ჩემი ოჯახის წევრებს, რომ ამ გზით წავსულიყავი. ბაბუა ოპერის მომღერალი იყო და თავიდანვე ჩაგვინერგა, რომ სცენაზე ძალიან ბევრი ტკივილი იყო და არ ვემეტებოდით იმ სირთულეებისთვის. თუმცა, არცერთმა არ დავუჯერეთ. ვწერდი და ყველა მირჩევდა, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, მაგრამ არ მინდოდა და თეატრალური ავირჩიე. ისეთი ამბავი მოყვა ჩემს ჩაბარებას, რომ დღეს არ ვარ ისეთი წარმატებული, როგორიც იმ მომენტში (იცინის). მეგონა, რომ იქიდან უნდა დაწყებულიყო საოცრებები, მაგრამ ასეც არ გამოვიდა. ამ პროფესიაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ არასდროს ხარ საკუთარ თავზე დამოკიდებული. ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული და თუ ამ პროფესიით არ ვარ დაკავებული, არ ვფიქრობ, რომ დავიღუპე. მსახიობობა არის პროფესია, რომელიც აბსოლუტურად ყველა სხვა საქმის კეთებაში გეხმარება. ეს პროფესია ძალიან მეხმარება პიარშიც, რითაც აქტიურად ვარ დაკავებული.
– მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი წინააღმდეგი იყო, არც სიმღერაზეც არ გითქვამს უარი.
– ძალიან იშვიათად მინდება სიმღერა, მხოლოდ შესაბამის გარემოში. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მოთხოვნადი ვარ ამ კუთხით. რომ ვიყო, კი ბატონო. უხეშად რომ ვთქვა, ამაზე არც „ვჩალიჩობ“. ძალიან პრეტენზიული მსმენელი ვარ და ჩემსასაც კარგად ვხედავ. ხმაც არ მიწყობს ხელს, სულ რომ ვიმღერო და ყველა იმ მომღერლის მშურს, ვისაც შეუძლია, ყოველდღე იმღეროს. მე ერთხელ რომ ვიმღერებ, მერე ორი კვირა ვერ ვლაპარაკობ, რაც ჩემი ცხოვრების არასწორმა წესმა გამოიწვია. ჩემი ყველა საქმიანობა მაინც მსახიობობას უკავშირდება, იმიტომ რომ ჩემთვის სცენაა მნიშვნელოვანი. როლს ასრულებ, მღერი თუ ივენთი მიგყავს, მთავარი მოტივაციაა, გარშემო მყოფები დააინტერესო. მე ამას ვახერხებ – ხან სიმღრით, ხან როლებით, ხან ივენთებით.
– პირადი ცხოვრება...
– მყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ და მყავს შვილი პირველი ქორწინებიდან. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ბანალური მიზეზების გამო, მაგრამ ძალიან მშვიდობიანად დავიშალეთ. დღეს მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, მას თავისი ოჯახი ჰყავს. ძალიან ცივილური ურთიერთობა გვაქვს და ვიყოფთ ბავშვს კვირის განმავლობაში (იცინის).
– ახლა არ გიფიქრია ქორწინებაზე?
– 18 წლის ასაკში და დღეს ძალიან სხვადასხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას. მაშინ მნიშვნელოვანი იყო თეთრი კაბა, ქორწილი. მგონია, რომ ეს არის ჩემი ტრავმა, დღეს ქორწილი ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში. ძალიან მაგრად გაკეთებულ ქორწილსაც რომ ვუყურო, ვფიქრობ ხოლმე, როგორ არ ეზარებათ-მეთქი? მე თვითონ ხუთასკაციანი ქორწილი მქონდა, იმიტომ, რომ გამომდინარე ასაკიდან, ჩვენ არავინ არაფერი გვკითხა, უფროსებმა გადაწყვიტეს. მერეც თვლიდნენ, რომ ჩვენ ბავშვები ვიყავით და მათთვის უნდა დაგვეჯერებინა, ამანაც ცუდად იმოქმედა. პატარები ვიყავით, მაგრამ მე ვფიქრობ, როცა ადამიანები ამ გადაწყვეტილებას იღებენ, შეცდომაც უნდა დააცადო. დღევანდელი ურთიერთობა არის მშვიდი, წყნარი, სტაბილური. ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარია, შენ გვერდით მყოფი ადამიანი იყოს შენი მეგობარი, გქონდეთ ბევრი საერთო და პატივს სცემდეთ ერთმანეთს. ზუსტად ვიცი, რომ ესაა სიყვარული. ვარდები და თეთრი კაბა აღარ მინდა. ვთვლი, რომ თანაცხოვრება უდრის ქორწინებას.
– ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ამას მაინც მოჰყვება ხოლმე კითხვები, უსიმოვნო საუბრები.
– ასეა და ძალიან ბანალური პასუხი მაქვს – არ მაინტერესებს. გაქაფულები ვარჩევთ სხვის ცხოვრებას, ამით იცვლება რამე? 32 წლის ასაკში ვისწავლე, რომ უნდა ვიცხოვრო ჩემთვის და არა ვიღაცისთვის.
– შვილი სპორტითაა დაინტერესებული?
– კი, მორაგბეა. არ მღერის, სმენაც არ აქვს, რაც ძალიან მიხარია. სულ არაა აუცილებელი, ყველამ იმღეროს. უცებ მოვიხედე და დიდი ბიჭია. ძალიან ვცდილობ, მის აზრს პატივი ვცე და ყველანაირად გავუგო.