№4 როგორ გადაარჩინა ბესო ზანგურმა დედა სიკვდილს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ახალ წელს ახალ სახლში შეხვდა. რამდენიმე წლის წინ მან, დედის ავადმყოფობის გამო, საკუთარი ბინა გაყიდა, რის შემდეგაც ქირით უწევდა ცხოვრება. ბესოს დედა, ქალბატონი ეთერ მამაცაშვილი ინსულტის შემდეგ 48 დღე აპარატზე იყო შეერთებული და მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა... მსახიობი გულწრფელად გვესაუბრა მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე.
ბესო ზანგური: ახალ წელს ახალ სახლში შევხვდით. ტაბახმელაში, ტყის პირას შევიძინეთ აგარაკი, სადაც ჩვენს პატარა ელენესთან და ოჯახის წევრებთან ერთად შევეგებეთ ახალ წელს. ახლა ვარ ჩემთვის, მშვიდად, მაგრამ მთლად წყნარადაც ვერა, რადგან პატარა შვილები მყავს (იცინის). სრული იდილია მაქვს: სახლში მხვდება ჩემი მეუღლე, სამი შვილი, უსაყვარლესი ძაღლი, საღამოობით სანადიროდ გავდივარ, ოჯახი ერთად ვვახშმობთ და მშვენივრად ვგრძნობ თავს. ტყეში ავიშენე სახლი და ტყეში ვცხოვრობ, თავად ვილამაზებ ჩემს ყოფას. რაღაც პერიოდი დღესასწაულები ჩემთვის გამქრალი იყო. პატარა ელენემ შემოიტანა სინათლე ჩემს ცხოვრებაში, მისი დაბადების შემდეგ ყველაფერი კარგად აეწყო, დედაც გამოკეთდა.
– ბესო, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნე დედაზე...
– ჩემი და დედას ურთიერთობა ყოველთვის განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული მიზეზების გამო, მამა ხშირად არ იყო ჩვენ გვერდით, დედას მარტო უწევდა ჩემი და ჩემი ძმის გაზრდა. მერე წლებმა და ამ ცხოვრებამაც ისე დაგვაახლოვა, რომ მე და დედა ერთმანეთის განუყრელი მეგობრები, მესაიდუმლეები გავხდით. თავად რეანიმაციის ბავშვთა ექიმია და ძალიან მეხმარებოდა შვილების გაზრდაში. ერთ დღეს ბატონ რობერტ სტურუასთან ერთად ვქეიფობდი, როცა ჩემი მეუღლის ზარი შემოვიდა, მითხრა: ბესო, დედა ცუდადაა. ერთი, რაც მახსოვს, ჩემს წარმოდგენაში ყველაფერი უცებ დაინგრა – ისეთი ადამიანი არის, მისი ცუდად გახდომა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. არ მახსოვს, როგორ მივედი საავადმყოფოში. მისი ქერა თმები საკაცეზე რომ დავინახე, იქ დამთავრდა ყველაფერი. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება ერთ რამეს მეუბნებოდა: ბესო, მე თუ ოდესმე ინსულტი მომივა, აუცილებლად მოითხოვე ჩემი აპარატიდან გამორთვაო. მისი დიაგნოზიც ინსულტი იყო – ინტელექტუალური ნაწილი „აფეთქდა“ და ადამიანი წაიშალა... საშინელი 48 დღე გავიარე, როდესაც დედა აპარატზე იყო შეერთებული. ამ 48 დღის განმავლობაში გარკვეულ ხარჯებს დავეჯახე, ექვსი თვის ნაყიდი სახლის, მანქანის გაყიდვა მომიწია. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და რომ მკითხა, რა უნდა გვექნა, არ ვიცი-მეთქი ვუპასუხე. კარგი ცხოვრებიდან შევედით 12 კვადრატში... სამჯერ მიმიყვანეს, რომ აპარატიდან გამომერთო, მაგრამ უარზე ვიყავი. ერთ ღამესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ საავადმყოფოში მივსულიყავი, რათა მისი თბილი სხეულისთვის ხელი დამედო – უკვე აპარატიდან ჰყავდათ მოხსნილი და მხოლოდ წამლებით უნარჩუნებდნენ სიცოცხლეს. მაშინვე მამა ლუკას გადავურეკე, სიტუაცია ავუხსენი. მამა ლუკა პატრიარქთან მივიდა და უთხრა რა ამბავიც იყო – გაყვანის ლოცვაზე მიეცა კურთხევა. პატრიარქს უთქვამს, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის პარაკლისი გადაეხადა. შევედი რეანიმაციაში, დაიწყო ლოცვა მამაომ და მითხრა, რომ მეც მელოცა. დავიმუხლე დედასთან, ხელზე დავადე ხელი, უკვე ძალიან ცივი იყო ეს ხელი. ვუთხარი: დედა, ყველამ მიმატოვა, არავინ ჩემს გვერდზე აღარაა და ახლა შენც მიდიხარ. ყოველთვის მეუბნებოდი, თუ ამ მდგომარეობაში იქნებოდი, აპარატიდან გამომერთე, მაგრმამ უჩემოდ მოგხსნეს, ვიცი, რომ გესმის ჩემი და ამ ერთხელ გთხოვ, ახლა არ დამტოვო და მერე, როცა შენ მოგინდება, მაშინ წადი-მეთქი. ცრემლები წამომივიდა და ამ დროს დედამ გაახილა თვალები. უცებ ჩამიკრა მისი ცისფერი თვალი და დახუჭა. ზემოთ ავხედე კარდიოგრამის აპარატს, რომელზეც ხაზი იყო, არანაირი გულისცემა არ ფიქსირდებოდა და ეს ხაზი ამოძრავდა, ორგანიზმმა დაიწყო მუშაობა. მამაოს ლამის ლოცვანი გაუვარდა ხელიდან. მერე იყო მეორე საკითხი, რად გინდა დედა, რომელიც იქნება მცენარე. მაგრამ, ერთი წამით არასოდეს მიფიქრია, რომ დედა ვერ გამოკეთდებოდა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ის ყოფილიყო ადამიანი და არა მცენარე. მე და ჩემი მეუღლე დავსხედით და ვთქვით, არის მომენტი, როცა უნდა გავიწყვიტოთ ნამუსი და ვითხოვოთ დახმარება. ყველა ახლობელს ვწერდით 20-30 ლარი ესესხებინა. ასე ვაგროვებდით მკურნალობის თანხას, რომელიც ძალიან დიდი იყო. საავადმყოფოდან აპარატურა სახლში გამოგვატანეს. ისეთი პაციენტი იყო, ხელს არავინ ჰკიდებდა, მომვლელსაც კი ვერ ვპოულობდით. თუმცა, საბოლოოდ მე და გვანცამ დავაყენეთ ფეხზე. ბევრი ვიბრძოლეთ და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი.
– დღეს როგორ არის?
– დღეს დედა სახლში რჩება მარტო. როცა ამბობდნენ, რომ თვალს ვერ გაახელდა. ერთადერთი, ვერ მეტყველებს, მაგრამ მჯერა, რომ ეს დროის ამბავია. არ ვნებდები. როცა მე და დედა სადმე მივდიოდით, ერთად ვცეკვავდით ხოლმე და ამ დროს მეჭორავებოდა, ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც გულახდილად ვსაუბრობდით. ცეკვის დროს ვუყვებოდით ერთმანეთს ყველა იმ საიდუმლოს, რასაც ისე ვერასოდეს ვეტყოდით. აუცილებლად იქნება ის დღე, როდესაც ჩვენ კვლავ ერთად ვიცეკვებთ.
– ალბათ, ამ ყველაფრის შემდეგ სასწაულების დაიჯერე...
– რა თქმა უნდა, აბსოლუტური სასწაულია, რომ დედა მომვლელის გარეშე, მარტო რჩება. სამი წელი გავიდა იმ დღიდან და ცოტა ფეხს ვერ იმორჩილებს, მაგრამ სიარული შეუძლია. სამწუხაროდ, ტრაგედიები ხდება, ზოგს დედა ეღუპება, ზოგს – შვილი, მაგრამ ადამინისთვის იმედი მეორე ადამიანია. ჩემთვის მთავარია, როცა ადამიანს უჭირს, მეორე ადამიანი ეიმედებოდეს. რატომღაც, საქართველოში ადამიანობის მთავარი ღერძი დავკარგეთ და ერთმანეთის იმედი აღარ გვაქვს. ეს არც პოლიტიკის ბრალია და არც არაფრის... იმ დროს, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, არც ერთი ადამიანი გვერდზე არ მყავდა. ვიყავი აბსოლუტურად მარტო. ტელეფონს რომ დავხედე, ნომერიც ვერ ვნახე; ვინც ჩემს გვერდზე გაჩნდებოდა. მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში რა არ მტკენია და რა არ გადამხდენია, მაგრამ ყველაზე მტკივნეულად მახსოვს ის წამი, როდესაც სულ მარტო, მხოლოდ ღმერთის იმედად ვიყავი.