№4 ბიძინა მახარაძე: სურვილებს თუ მიჰყევი, მოკლავ კიდეც ვინმეს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: ბიძინა.
გვარი: მახარაძე.
პროფესია: იუმორისტი, ინჟინერი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბავშვობის ყველაზე პირველი მოგონებაც კი მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ხაშურში ბაბოსთან დამტოვა დედამ და როცა ის დაბრუნდა, საწოლს ვიყავი ჩაბღაუჭებული. მაშინ დამეუფლა გრძნობა, რომელიც დღემდე შემომრჩა მეხსიერებაში –დედა ვიცანი, შემრცხვა, მივტრიალდი და ბებიას ჩავეხუტე. ისე, უზრუნველყოფილი ოჯახიდან ვიყავი და გადასარევი ბავშვობა მქონდა.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– გენებმა. ბაბუა იყო მომღერალი, ლოტბარი, მსახიობობდა კიდეც. მამა შვიდკაცაში მღეროდა. ორივე მათგანს ბრწყინვალე იუმორის გრძნობა ჰქონდა, უფრო მეტიც, მამას დაუოკებელი მოთხოვნა ჰქონდა, რომ ეცინებინა ვინმე. მეც გავაგრძელე მათი საქმიანობა. სხვათა შორის, ნიცშეს აქვს ნათქვამი, უნდა აკეთო ის, რასაც ბაბუაშენი აკეთებდაო. ისე, ინჟინერ-ელექტრიკოსი ვარ და 10 წელი ვიმუშავე მოსკოვში. „კომაროვის“ სკოლა დავამთავრე და მერე „გეპეიში“ გავაგრძელე სწავლა.
– პროფესიული ჩვევა...
– იმდენად მექანიკაში გადამივიდა ჩემი პროფესია, რომ გაუცნობიერებლად ქუჩაშიც ვმუშაობდი და შემეშინდა. მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, რომ ასე არ შეიძლება, უნდა გამიჯნო.
– მშობლების როლი...
– როგორც ყოველთვის – დიდია დედის როლი. მამა ტიპური ქართველი იყო, იმუშავებდა, წავიდოდა, ძმაკაცებს ნახავდა, გადაჰკრავდნენ და დროს ატარებდნენ. დედას, გონიოში თუ კი რამე წრე გაეგონა, ყველგან დავყავდი – ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდაში.
– მეშინია...
– არ დავკარგო ცხოვრების ინტერესი. მიზნის მიღწევა იწვევს ინტერესის დაკარგვას. მარადონა რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ფეხბურთში და თასით შევიდა გასახდელში მწვრთნელს ჰკითხა: გავხდი ჩემპიონი და აწი რა ვქნაო.
– ადამიანში ვაფასებ...
– რაც უფრო ვაკვირდები ჩვენი ერის ცხოვრებას, მით უფრო მესმის იმათი, ვინც ეძებს უღალატო ადამიანს. თურმე, ეს ყოფილა ძალიან დიდი პრობლემა ჩვენში.
– მწამს...
– მიზნების და მისკენ მიმავალი გზების. ჩემი ცხოვრებაც ეგ არის, რაღაცას დაისახავ და მერე მიდიხარ. უნდა გჯეროდეს შენი თავის, მაგრამ თვითდაჯერებული არ უნდა იყო.
– მაღიზიანებს...
– უზრდელი ხალხი, ადამიანები, რომლებიც კულტურას მოკლებულები არიან. როცა ერთი ადამიანი თავისი არსებობით ხელს უშლის მეორე ადამიანს, ამაზე გამაღიზიანებელი ჩემთვის არაფერია.
– რა არის ბედისწერა?
– არსებობს კოსმოსური ძალები, რომლებსაც თავადაც ვგრძნობ. იქიდან მოდის შეკვეთები, პირობები, კონტრაქტიც კი, ის გეუბნება, რა, როგორ უნდა გააკეთო. მფარველი ანგელოზის დონეზე მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობ: ასე თუ წახვალ, ასე გააკეთებ, მაშინ დაგეხმარები. შესაძლებელია, ვცდები, მაგრამ ზემოთა ძალებს თავიანთი რჩეულები ჰყავთ, რომლებიც სჭირდებათ თავიანთი პროექტის განსახორციელებლად. პირადად მე მუდმივად მაქვს მინიშნებები ცხოვრებაში. მაგალითად: თუ დიდი რაოდენობით ჯოხიანი კაცები ჩემგან მიდიან ცუდს უნდა ველოდო. 2011 წელს ფილმში, მთავარ როლში მიღებდნენ, იქ იყო სცენა, სადაც ჩემ წინ იდგა სასახლე, დაიწვა დედაჩემი და ეს ამბავი უნდა მეგლოვა. რეჟისორებს ვეუბნებოდი, მთელი ცხოვრება იმას ვფიქრობ, როგორ გავაცინო ხალხი, ეს რა როლი მომეცით-მეთქი. 19 დუბლი ვითამაშე, ძალიან გამიჭირდა. მაშინვე გამკრა თავში, ეს ტყუილუბრალოდ არ ხდება-მეთქი. ოქტომბერში დავამთავრეთ გადაღებები და ნოემბერში დედა გარდაიცვალა.
– სიზმრების გჯერათ?
– კი. ხშირად მიხდება სიზმრები. წამიკითხავს, რომ სიზმარი საკუთარ თავთან საუბარია. მე სიზმარში მაქვს გრძნობები, რომლებიც ცხადში არ გამაჩნია. ოღონდ ამას ვერ აღვწერ. რჩება სიზმარში და რეალობაში არ მომყვება. 1994 წელს თბილისიდან მოსკოვში წავედი, იქ უნდა ჩავწერილიყავი. მესიზმრება, თვითმფრინავით მივდივარ და მოსკოვში არშესული ჰაერში გაჩერდა, დაჯდა და პილოტმა მითხრა, რომ მეტს ვეღარ წავიდოდა. ფეხით ვიარე, ძლივს შევაღწიე მოსკოვში... და ეს ყველაფერი ზუსტად ამიხდა.
– ის, რაც თქვენთვის უპატიებელია...
– ასაკში რომ შედიხარ, ყველაფერს პატიობ, ბაბუის ინსტინქტები გიჩნდება. ახალგაზრდობაშიც არ ყოფილა ისე, რომ ვინმესთვის რამე ვერ მეპატიებინა. უნდა იცოდე, რომ შენი თავი შენ გეკუთვნის და გარემოს არ უნდა დაეყრდნო. მაშინ ტყუილსაც და ყველაფერს მარტივად შეეგუები.
– თქვენი ცხოვრების მთავარი შეხვედრა...
– 14-15 წლის ვიქნებოდი, როცა ტელევიზორში რაიკინი დავინახე. მაშინ მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში.
– მეუღლის როლი...
– ყოველთვის დიდია. ჩემს პირველ ცოლს ვეუბნებოდი, შენ რომ სტალინს გაჰყოლოდი ცოლად, ერთ კვირაში ის კრემლში დამლაგებლად იმუშავებდა-მეთქი.
– სიყვარული – ეს არის...
– ყველაფერს რომ მოიცავს, ის გრძნობაა. თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი დოზით არ უნდა გქონდეს. სამხრეთელებს გაგვაჩნია დიდი დოზით, რაც მზის სიჭარბის გამოა. ის, რასაც ჩვენ სიყვარულს ვარქმევთ, არის ენერგია, რომელიც მოდის მზიდან. სამხრეთში მზე ჭარბადაა და ამიტომ არის ჩვენს ორგანიზმში დიდი გრძნობები და ვნებები. ზომიერ ზონაში ზომიერადაა, ჩრდილოეთში – ნაკლებად. ამ მხრივ, ჩვენ, ცოტა არ იყოს, დასჯილები ვართ, რადგან პარტნიორში გადაჭარბებული დოზით ვეძებთ იმავე გრძნობას, ასე კიდევ სადაა. ამ ყველაფერს კი უკმაყოფილება მოჰყვება.
– სიყვარულს წესები აქვს?
– არა, ეს სტიქიაა. ნიცშე წერს, რომ სიგიჟესთან არის ახლოს. მე შევადარე წითელა ბატონებს – ერთხელ თუ მოიხადე და გადარჩი, რადგან დიდი ვნებები გელის და ამ დროს ტვინი ითიშება, მეორე სიყვარული შეგიძლია, თავისუფლად გადალახო. მთავარი პირველია, მას თუ გადაურჩი, მერე უკვე გიმარტივდება.
– იდეალური ქალი არის...
– ქალსა და მამაკაცს შორის არის ორი ძირითადი რამ: მამაკაცი – ეს არის თავდასხმითი ინსტინქტები, ქალი – თავდაცვითი. თუკი ქალს არ გაუმართლა ცხოვრებაში, თავდაცვითი ინსტინქტები გადასდის თავდასხმითში და ის ხდება უსქესო. ქალი, რომელმაც გაიარა რაღაც მანძილი ცხოვრებაში და მას არ დასჭირდა თავდასხმითი ინსტინქტების გამოყენება, აი, ის რჩება ქალად და ის არის იდეალური.
– ქალს ალამაზებს...
– თავისი ადგილის ცოდნა. ეს ბევრმა არ იცის. ქალი ხანდახან აფართოებს ჩარჩოებს, გადის მისი სქესისთვის დამახასიათებელ საზღვრებს და ეს უკვე ცდება მის სილამაზეს.
– შეგშურებიათ?
– კი, როგორ არა, ოღონდ იშვიათად. არსებობს კეთილი და ბოროტი შური. ხანდახან მიხუმრია კიდეც, ჩემს პროფესიაში ვისი უნდა შემშურდეს-მეთქი, აქ არ ვგულისხმობ კუმირს, ის სულ სხვა რამაა.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– სამაგიეროს გადახდის სურვილი მქონია, მაგრამ სურვილს თუ მიჰყევი, მოკლავ კიდეც ვინმეს. აქ ჩვენთვის, სამხრეთელებისთვის, უჩვეულო მექანიზმი უნდა ჩართო – გონება, რომელიც ჩვენს გრძნობასთან შედარებით ნაკლებია. თუ ჩართავ და მოერევი, მაშინ უკვე ქრისტიანობასთან ახლოს ხარ. მეც დამიძლევია ეს.
– ეჭვიანი ხართ?
– კი, ვიყავი. ეჭვიანობას თუ ჩავუღრმავდებით, მისი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ერთეული კომპლექსია.
– როდის ყვირით?
– ერთხელ ეჭვიანობის ნიაგადზე იმხელა ვიყვირე, ეჭვიანობის ობიექტს რომ დავურეკე, ხმა არ მქონდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ყვირილი.
– ვემალები...
– კონფლიქტს. საერთოდ, უკონფლიქტო ადამიანი ვარ. ბავშვობაშიც ვერ ვხვდებოდი, რა აჩხუბებდათ მეგობრებს ერთმანეთთან. ყოველთვის ვაშველებდი და ვარიგებდი მათ.
– ვემტერები...
– მტერი არაფრის ვარ, მაგრამ წინააღმდეგი – კი. როცა ადამიანმა რამე არ იცის და არც ცდილობს, გაერკვეს, მის თავზე და ტვინზე ცოტა დრო დახარჯოს, ეს არ მომწონს.
– მაკომპლექსებს...
– ის, რომ მგონია, ყველა ჩემზე ბედნიერია. შეიძლება, ეს იუმორისტების ბედია.
– რას აგროვებთ?
– იუმორისტულ ჟურნალებს – 300 ცალი მაქვს. ასევე, იუმორისტულ წიგნებს და საინტერესო კოლექციაც მაქვს.
– როდის იტყუებით?
– ძალიან იშვიათად, თუმცა მამაკაცი, რომელიც არ იტყუება, არ მოსწონთ ქალებს. მე მშველის ჩემი იუმორი, მაგრამ პირად ურთიერთობაში ყოველთვის მიჭირს კომპლიმენტის თქმა.
– ვნანობ...
– არაფერს, სინანულს არ აქვს აზრი. იმავე გზას გავივლიდი ყველანაირად. ერთადერთი, რუსეთში რომ დავრჩენილიყავი, იქ უფრო მეტი ინტერესი იქნებოდა ჩემ მიმართ. იქ უყვართ სცენიური ხელოვნება, აქ კი – მეტ-ნაკლებად.
– როდის ზარმაცობთ?
– ქართველს, თან გურულს, არ გამომდის მის გარეშე (იცინის). სხვათა შორის, ტვინი ყოფილა ისეთი წარმონაქმნი, რომელსაც სულ უნდა, რომ ეძინოს და დალიოს ალკოჰოლი. ეს ყოფილა ტვინის შეკვეთა. ვცდილობ, არ მოვუსმინო ხოლმე.
– რისთვის იბადება ადამიანი?
– იმისთვის, რომ განიცადოს ევოლუცია, მეოცე საუკუნის ადამიანი უნდა განსხვავდებოდეს მეცხრამეტესგან და პირიქით. ეს არის ადამიანის მისია.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– ბაბომ რომ მითხრა ერთხელ... ბაღში ვიყავით და რაღაცას თესავდა, მე, ზარმაცი, კიდევ ვიდექი და ვუყურებდი... ელიჩკა ბაბო, ეს როდის დამთავრდება, არ გეზარება-მეთქი. შვილო, არასოდეს იფიქრო იმაზე, როდის დაამთავრებ საქმეს, შენ აკეთე და როცა იქნება, იქნებაო.