№4 რის გამო ტიროდა ვერკა ჯაჯანიძე ფინალამდე ორი საათით ადრე და რა აკრძალვებს არ უწესებს მას მეუღლე
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ვერკა ჯაჯანიძე და ირაკლი შალიკაშვილი 5 წელია, რაც დაქორწინდნენ და მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ირაკლი მუდმივად უდგას მეუღლეს გვერდში და გულშემატკივრობს.
ვერკა ჯაჯანიძე: პირველი რეპეტიციიდანვე გული მიგრძნობდა, რომ ფინალში ვიქნებოდით. ერთი ის იყო პრობლემა, რომ გიას ხშირად უწევდა მოსკოვში წასვლა, მეტი დრო რომ ჰქონოდა, უფრო მეტად გამოაჩენდა თავის შესაძლებლობებს, რადგან ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ადამიანია. უკმაყოფილო რაზეც ვარ და რასაც ხალხი ვერ ხვდება, ის არის, რომ მან ცეკვაში ისეთი რაღაცები გააკეთა, რომელი ტექნიკაც ჟიურის არ ესმოდა. ჩემთვის ჟიურიში არაპროფესიონალები ისხდნენ. პროფესიონალი მხოლოდ ლიზი მორი იყო, რომელიც ყველა შოუს არ ესწრებოდა. როცა ჩვენ ჩა-ჩა-ჩა ვიცეკვეთ, ჟიურიში რომ პროფესიონალი ყოფილიყო, აღნიშნავდა, რომ ჩვენ პროფესიონალი წყვილის კომპოზიცია ვიცეკვეთ, რომელიც საკმაოდ რთული იყო და გიამ კი საქართველოში ბევრ პროფესიონალ მოცეკვავეზე მეტი ტექნიკური დეტალი შეასრულა. მაგრამ ისეთი შეფასება გვქონდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო.
– როგორ რეაგირებდით ამ ყველაფერზე?
– იმდენად პლასტიკური იყო, რომ ძალიან მაგრად გამოსდიოდა, სხეული მოჰყვებოდა და ბევრ რამეს გრძნობდა, რასაც პროფესიონალი მოცეკვავეებიც ვერ გრძნობენ ხოლმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გაემარჯვა, რადგან გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ასრულებდა, ტექნიკურ მხარესაც ძალიან კარგად ფლობდა.
ირაკლი შალიკაშვილი: გია მძაფრად რეაგირებდა ხოლმე ყველაფერზე, რადგან ძალიან მონდომებული იყო და არ იზარებდა, მთელი გულით იყო ჩართული. ცეკვის იქითაც ბევრი დადებითი შემიძლია, ვთქვა მასზე. ძალიან შეგნებული ადამიანია, რაც მთავარია ქართველია, სულ ამბობდა: ერთი სამშობლო გვაქვსო. ძალიან სწყდებოდა გული ამ ყველაფერზე.
ვერკა: ცოტა გაოგნებული იყო. კონკურსის შემდეგაც ვნახეთ ერთმანეთი. პატარა ბავშვებიც კი ამბობდნენ: ვერკას და გიას არაფერი აჩუქესო. ფინალის შემდეგ ვნახე და როცა მისი აზრი მოვისმინე, ძალიან მეტკინა გული. უხერხულად არის და ცოტა გაოცებულია. არ ილანძღება, შეგნებული ადამიანია, თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი იყო მისთვის შოკი, გაუგებარი და გაოცებულია ამ ყველაფრით.
ირაკლი: ეკრანზეც ხომ ემჩნეოდა ემოციები და შემდეგ გასახდელშიც თქვა: მე ვხვდები, რისი ბრალია ეს ყველაფერი: პუტინი, რუსეთი, მე რომ ქართული არ ვიციო... გული მეტკინა.
ვერკა: გიას არ უბრძოლია ესმესებისთვის, ხალხს მიენდო და სხვათა შორის, ბევრი მწერდა, მეუბნებოდა, რომ ჩვენს ნომერზე ზარი არ შედიოდა.
ირაკლი: ვერკას გვერდზე სრულიად უცხო ადამიანები წერდნენ, რომ ვერკასთან და გიასთან ვერ რეკავდნენ, ზარი არ გადიოდა.
ვერკა: ეს ჩემი სამსახურია, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ, იმდენად უგემურად მოხდა ეს დაჯილდოება, თუნდაც ტელეფონის ან საგზურის გადაცემა, რომ ტაში დამეკრა თუ რა უნდა მექნა, ვერ მივხვდი. ძალიან უხერხული სიტუაცია იყო, მომერიდა მისი. თორემ მისგან იმდენი თბილი სიტყვა მივიღე, ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი. დაჯილდოება რომ დაიწყო, ხელების გაშლა დამიწყო, ზურგის შექცევები: გავიდეთ, აქ რა გვინდაო.
ირაკლი: სრულიად უცხო ადამიანები წერდნენ, ვერკას და გიას რომ ვუყურებდით დაჯილდოებაზე, ჩვენ ვგრძნობდით თავს დამნაშავედო.
– რა გითხრათ ჟიურიმ?
– ირაკლი მაქაცარია ორივეს ჩაგვეხუტა და გვითხრა: მადლობა მოთმინებისთვისო. ალბათ, ხუაკინს ყველაზე ნაკლებად მოსწონდა გია და ამასაც ვამჩნევდით.
ვერკა: როცა ხუაკინი ლათინური ცეკვის კუთხით ვერ გაფასებს, არ იცის, ქართულ ტურში, ილიკო რომ ცხრიანს გიწერს და ხუაკინი 8-იანს, ცოტა არასასიამოვნოა.
– ირაკლი, ერთია, რომ ეს ვერკას სამსახურია და მთელი პროექტის განმავლობაში რომ ასე ისტრესები – ეს უკვე მეორე საკითხია?
ვერკა: ეს ჩემზე მეტად იყო ჩართული. მე არ ვიყავი მზად და ეს უკვე „იმედში“ იყო.
ირაკლი: შენზე რაც არ არის დამოკიდებული და შენს საყვარელ ადამიანს ეხება, რომ ვერ ეხმარები, უფრო ნერვიულობ. როგორც არაპროფესიონალი, თავიდანვე ვგრძნობდი მიკერძოებას სხვა წყვილების მიმართ და ამაზე უფრო მეტად ვიძაბებოდი. გიაში იმას ვაფასებ, რომ ბოლო დღემდე ხალხს მიენდო და მეცოდება, რადგან უფრო მეტ სიყვარულს ელოდებოდა. თან, ამათი მესამე ადგილი ისე გამოაცხადეს, ხალხიც არ ელოდა, არაორგანიზებული იყო. ტელეფონიც მანამდე მოათრიეს, 5 წუთით ადრე თქვეს, მესამე ადგილს შეხვდებაო. მინდოდა, გიას ქართველებში მეტი სიყვარული დაენახა.
ვერკა: პროექტის განმავლობაში ირაკლიმ ვერკა დაკარგა, რადგან დილით ადრე გავდიოდი და შუაღამეს შემოვდიოდი. აღიარე, რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია გვქონდა: ველოდები პროექტის დასრულებას, რომ ჩვენთვის მოიცალოო. გვერდში კი სულ მიდგას, მაგრამ უკვე ესეც შოკში იყო. ძალიან დიდი სტრესი მივიღეთ.
ირაკლი: ფინალამდე არასდროს ყოფილა ვერკა და ეს პროექტი თუ ასეთი რთული იყო, არ მეგონა. მე დავიღალე და ვერკას რა დაემართებოდა. პროექტი, სტუდია, იაკობთან ვარჯიში, ძალიან დატვირთული იყო, ეს იცოდა „იმედმა“ და მეგონა, რომ დაუფასებდნენ. არ ვამბობ, რომ სხვა არ შრომობდა ან ამათ უნდა მოეგოთ, უბრალოდ, შეიძლებოდა, მესამე ადგილიც უფრო ლამაზად ყოფილიყო.
– ეს დაძაბულობა, სტრესი თქვენს ურთიერთობაზეც ხომ არ აისახა?
ვერკა: რამეს განსაკუთრებულს რომ მეტყოდნენ, ეგრევე მოდიოდა ირაკლის ესემესი: საღოლ, ძალიან მაგარია, გილოცავ!
ირაკლი: 5 წელია, ერთად ვართ, ეჭვიანობა ღმერთმა დამიფაროს. გია ძალიან შეგნებული ადამიანია და ვერკამაც კარგად იცის, რა არის სწორი და რა – არა.
ვერკა: კონტერპორარში სასიყვარულო ნომერი გვქონდა და ერთი თამამი მოძრაობა ჩამისვეს. ირაკლისთვის არ მითქვამს, ვიფიქრე, რომ არც მას და არც საზოგადოებას არ ესიამოვნებოდა. ქორეოგრაფს ვუთხარი: მოდი, ეს მოძრაობა ამოვიღოთ-მეთქი. ქორეოგრაფი შლის ხელებს: რატომო. მეც ავდექი და ირაკლის დავაბრალე: ჩემს ქმარს არ სიამოვნებს-მეთქი. ერთი დღეა და ქორეოგრაფი მიდის ირაკლისთან: რატომ ამომაღებინეო და მე არაფერ შუაში ვარო. ვიღაცები ამბობდნენ: ამას ვერ ჩაიცვამს, ქმარი დაუშლის, დედამთილს არ მოეწონებაო. მე გამიმართლა, რომ ამ მხრივ, პრობლემა არ მაქვს, არ ვარ დაძაბული, რომ ირაკლის ვკითხო: ეს კაბა მოკლეა, რა ვქნა და ასე შემდეგ. ჩემი მამამთილი ისე მგულშემატკივრობდა, ფინალის დღეს ჩამოვიდა.
ირაკლი: მანამდე არ ჩამოდიოდა, რომ გამოვარდეს ფეხებს მოვიჭრიო. აუთსაიდერში რომ იდგნენ, ძალიან ნერვიულობდა, მამაჩემს წნევა ჰქონია მაღალი. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ასჯერ ვუთხრათ ერთმანეთს, მიყვარხარო. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ასჯერ კი არ მწერს, მიყვარხარო, მოვიდა და მითხრა: მე თვითონ არ მესიამოვნებოდა ეს მოძრაობა და შენ რას ფიქრობო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისე, ის მოძრაობა მართლა არ მომეწონებოდა, მაგრამ არაფერს ვეტყოდი.
ვერკა: არანაირი მიზეზი და პრობლემა არ არსებობს ჩვენს ურთიერთობაში, რაშიც ერთმანეთს ვერ გავუგებთ. სტრესი იყო, ბევრი შრომა და ახლა დამთავრდა. თუმცა, ისედაც ისეთი გრაფიკი მაქვს, მთელი დღე ვერ მხედავს: სტუდიაში თუ გამომივლის და იქ მნახავს. ეს არ მოსწონს და მწერს ხოლმე: იქნებ დღეს მაინც მოხვიდე, დაისვენოო. ახლა მე და იაკობი ვიბრძვით იმისთვის, რომ საერთაშორისო მასშტაბით დიდ წარმატებას მივაღწიოთ. შესაბამისად, ირაკლის ბევრი რამის მოთმენა მოუწევს. მოთმინების უნარი ჯერჯერობით კარგი აქვს, იმედია, არ აფეთქდება.
ირაკლი: მოსათმენად ჯერ არ მაქვს საქმე. ყველას უნდა ისეთი ცხოვრება, რომ გეცალოს, მაგრამ ორივე ვშრომობთ და ეს ჩვენი შვილისთვის, ოჯახისთვის არის.
ვერკა: ფინალში 5 საათია ლაივამდე და ჩემი კაბა არ არის დასრულებული. ჩავიცვი და იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ ეგრევე ირაკლის ვეუბნები: აქ წადი, ეს ინათხოვრე, ეს მომიტანე. გოგოები ამბობდნენ: ვაიმე, როგორი ქმარი ჰყავს ვერკასო.
ირაკლი: მეც ძალიან ვინერვიულე: ფინალია, რას ატირებთ, შეუკერეთ ახალი-მეთქი. 2 საათში ფინალია და ეს ზის და ტირის. ყველა ძალიან ჩაერთო, ლაშამ ჯოხაძემ ახალი კაბა შექმნა, სასწაულები ჩაიდინა.
– ვერკაც მზრუნველია?
– ხომ ამბობენ, მამაკაცი ძლიერიაო, კაცს უფრო მეტად უყვარს სითბო, ვიდრე ქალს. რთულია ძალიან, ბევრს წარმოუდგენლადაც მიაჩნია, რომ ასეთი მეუღლე გყავდეს, რომელიც ამდენად დატვირთულია. მე დღეს არ გამიგია, რომ მოცეკვავეა, ეს თავიდანვე მქონდა გააზრებული. ყველაზე მეტად იმაზე ვნერვიულობ, რომ მინდა, დაისვენოს, არ გამოიფიტოს.
– დემეს, ალბათ, სულ ენატრება დედა.
ვერკა: ძალიან გულნატკენი ვარ. ფაქტობრივად, ვერ ვნახულობდი ხოლმე. მერე ხმოვან ესემესებს მწერდა: მომენატრე, მოვიწყინე უშენოდ, მალე მოდიო.
ირაკლი: გაიზარდა დემე, უფრო კაცური გახდა. მეუბნება ხოლმე: მამი, ჩვენ ხომ კაცები ვართ, დედას თუ ვინმე გააბრაზებს, ჩვენ უნდა მოვერიოთო. იცავს: დედას, რატომ უთხარი ხმამაღლა, არ გააბრაზოო.