№4 რის გამო გაუმწარდა ბავშვობა კახა ლოსაბერიძეს და რატომ უნდოდა მას „კანონიერი ქურდობა“
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კახა ლოსაბერიძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მისმა პერსონაჟმა ძალიან მალე განიცადა ცვლილებები და მაყურებლისთვის საკმაოდ საინტერესო გახდა.
კახა ლოსაბერიძე: ერთ მშვენიერ დღეს ეკა მჟავანაძემ დამირეკა, როგორც ალბათ, ყველას, ვინც ამ სერიალში მონაწილეობს და მეც „ჩემი ცოლის დაქალების“ ნაწილი გავხდი. თავიდანვე დავინტერესდი ჩემი პერსონაჟით. ბევრი ასეთი ტიპი მინახავს ცხოვრებაში. სერიალთან ერთად ისიც ვითარდება, მასში მეტამორფოზა ხდება. თავიდან შეიძლება სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ამ პერსონაჟის მიმართ მაყურებელს, მაგრამ, შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მამუკამ გამოავლინა გულკეთილობა, უბოროტობა და მიხვდა, რომ მხოლოდ მუშტებზე არ უნდა იყუროს. რასაც იმ გარემომ შეუწყო ხელი, რომელშიც ის მოხვდა. ალბათ, სოციუმმა განაპირობა მისი მანამდელი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. თავის სოციუმში განებივრებული იყო, იქ მუშტებზე ყურებაც ბუნებრივად მიიჩნეოდა. თან მოჭიდავის შვილია და ესეც ბევრ რამეს განაპირობებდა. შეიძლება, ამ ფაქტორების გამო ქუჩაშიც მის მხარეს იჭერდნენ და ეს ყველაფერი აქამდე „იჭერდა“. ახლა ნელ-ნელა გამოდის ამ რეალობიდან.
– გგავს რამით?
– ალბათ, მგავს ფანატიკური სიყვარულით. ბოროტი არც მე ვარ. რაც შეეხება განსხვავებას, მე, ალბათ, მამუკაზე სწრაფად ვფიქრობ და მასზე სწრაფად ვხვდები რაღაცებს (იცინის). ცხოვრებაზეც მეტი მაქვს ნაფიქრი. რაც შეეხება ჩხუბს და მუშტებზე ყურებას, არც ვიცი, ეს ვის უნდა, მაგრამ შეიძლება, მაინც მოხვდე მსგავს სიტუაციაში. თუმცა ამითაც რადიკალურად განვსხვავდები მისგან. მთელი ცხოვრებაა, მაქსიმალურად ვცდილობ, კონფლიქტური სიტუაციები სიტყვითა და ცივილური ფორმით მოვაგვარო.
– გოგოს გამო შენ არ გქონია დიდი ამბავი?
– კი, მაგრამ ჩემი ურთიერთობის არა, სამეგობროს წევრის გოგოს გამო – კი, გარკვეულ ასაკში.
– როგორი იყო შენი ბავშვობა?
– დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 90-იანი წლებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად, ლაღი ბავშვობა მქონდა. ცელქი ბავშვი ვიყავი და ჩემი ყოფაქცევის გამო დედაჩემს ხშირად იბარებდნენ სკოლაში. თუმცა, პარალელურად, ვსწავლობდი კიდეც და ბოროტიც არ ვყოფილვარ. გაკვეთილის პირველ 15 წუთს კლასში ვატარებდი და მერე, ყელში რომ ამოვუვიდოდი მასწავლებელს, დერეფანში მიშვებდა (იცინის).
– მსახიობობა როგორ გადაწყვიტე?
– სკოლის პერიოდში ჩემმა ქართულის მასწავლებელმა „კაცია ადამიანის“ ნაწყვეტი დადგა და რადგან ბუთხუზა ბავშვი ვიყავი, ვის ვითამაშებდი, თუ არა ლუარსაბ თათქარიძეს?! მახსოვს, რომ იმ ემოციებმა, ტაშმა და მაყურებლის მხრიდან თბილმა დამოკიდებულებამ, თავიდანვე მომხიბლა. სცენაზეც კომფორტულად ვგრძნობდი თავს. კიდევ უფრო ადრეულ ბავშვობაში, სკამებს დავდგამდი ტელევიზორის ფორმას მივცემდი, უკან დავდგებოდი და ვლაპარაკობდი. გარდატეხის ასაკში გადავწყიტე, რომ ეს პროფესია უნდა ამერჩია და სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე კიდეც თეატრალურში. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, ერთი წლის განმავლობაში, წინასაკურსო სპექტაკლს ვთამაშობდით ილიაუნის თეატრში. შემდეგ ვიყავი რკინის თეატრში. უკვე სამი წელია, სიღნაღის თეატრის მსახიობი ვარ. ხშირად დავდივართ გასტროლებზე და ახლაც, ამერიკაში წასასვლელად ვემზადებით.
– როგორია უცხო ქვეყნის მაყურებელთან შეხვედრა?
– უკვე ვიყავით იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთსა და თურქეთში. სპექტაკლებს, ძირითადად, ქართველი ემიგრანტებისთვის ვთამაშობთ ხოლმე. ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი – უამრავი ისტორია, ცრემლები და დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან.
– რეალურადაც შეყვარებული ხარ, როგორც სერიალში?
– ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელთან ერთადაც ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა პოლონეთში სწავლობს, დოქტორანტურაზე და საქართველოში მალე დაბრუნდება. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ რამდენიმე თვეა, რაც ერთად ვართ.
– როგორია ის გოგო, ვინც ასე გიყვარს?
– ძალიან ბეჯითი და შრომისმოყვარეა. მარკეტინგის მენეჯმენტს სწავლობს. თუ საქმეს ხელს მოჰკიდებს, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. საოცრად რომანტიკულია და მგონია, რომ ამ ამბავში ტოლს არ ვუდებთ ერთმანეთს (იცინის). მგონია, რომ ოდესმე ერთად მოვყვებით ჩვენს ამბავს.
– არ გიჭირთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა?
– ახლა „მაზოლზე“ დამაჭირეთ ფეხი (იცინის). კი, რთულია, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ ემოციურად ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ ამ ფიზიკურად დისტანციურ პერიოდში, რომელიც მალე დამთავრდება.
– სერიალის მსგვასად, თუ გქონია შემთხვევა, რომ ადამიანთან ურთიერთობა ომით დაგიწყია და მეგობრობით გაგიგრძელებია?
– კი, მთლად ასეთი ომით არა, მაგრამ დაძაბულ ფონზე გამიცნია ადამიანი და შემდეგ, რადიკალურად სხვა კონტექსტში გაგრძელებულა ჩვენი ურთიერთობა.
– უიმედოდ შეყვარებული ყოფილხარ?
–კი – ბაღშიც, სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც (იცინის). მაგრამ რაღაცები, ალბათ, ბედნიერად მთავრდება და ალბათ, ოდესმე მე და ჩემი მეორე ნახევარი მოვყვებით ამ ამბავს.
– ყველა დროს ის გიყვარდა?
– ყველა არა, მაგრამ სკოლის ასაკიდან – კი. ბაღიდან მოყოლებული, ყოველთვის სიყვარულით ვცხოვრობდი, თუმცა, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
– ძალიან ცელქი ვიყავიო, კონკრეტული ისტორიები არ გახსოვს?
– სიცელქესთან დაკავშირებით, არა. მაგრამ მახსოვს, სკოლაში დაგვაწერინეს თემა – „ვინ მინდა გამოვიდე“. მაშინ ექვსი წლის ვიყავი და დავწერე, რომ მინდოდა, ქურდი გამოვსულიყავი, მგონი, კანონიერი (იცინის). თუმცა, არ ვიცი, რატომ. კიდევ ფეხბურთელობა მინდოდა სიგიჟემდე, მაგრამ ფიზიკური მონაცემები არ მიწყობდა ხელს. ძალიან ბუთხუზა ვიყავი სკოლის დამთავრებამდე. მერე თეატრალურის გამო დავიკელი ორმოცი კილოგრამი. ჩაბარებამდე ერთ-ერთმა რეჟისრომა მითხრა, ამ ფორმაში შანსი არ გაქვსო. მან ამ ფრაზით, ფაქტობრივად, დაამთავრა ჩემი ცხოვრება. ავდექი და პირველად რა დიეტასაც წავაწყდი, მისი დაცვა დავიწყე. სამ-ოთხ თვეში დავიკელი. პარალელურად, აბიტურიენტი ვიყავი და წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა სწავლის პარალელურად შიმშილი. იმუნიტეტის დავარდნა, გულის წასვლები. ერთხელ ლიფტში საშინლად გავხდი, მაგრამ იმდენად მინდოდა მსახიობობა, მზად ვიყავი, ამ მიზნისთვის სიცოცხლეც გამეწირა. ვერც მაშინ და ვერც ახლა, ვერ წარმომიდგენია სხვა სფერში ყოფნა. იმ წამს დამიმთავრა ცხოვრება იმ ადამიანმა, ვინც მითხრა, რომ ამ წონით მსახიობობის შანსი არ მქონდა. არადა, ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჭამა და ლოყები ისე მქონდა დაწითლებული, უფროსკლასელი გოგოები მოდიოდნენ და მჩქმეტდნენ. გამწარებული ვიყავი (იცინის).