კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ევროპაში აღიარებულმა ქართველმა თავადმა ტიტულს მუსიკა ამჯობინა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ერეკლე ორბელიანი (1901-1954 წლები) იყო ქართველ ბაგრატიონთა სახლის მემკვიდრე, ამერიკის სათვისტომოს ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. ცნობილი პიანისტი და „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის პირველი დირექტორი. ადამიანი, რომელსაც, სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნება არ ეღირსა.
  ბაგრატიონთა ჩამოშორება ქართლ-კახეთის სამეფო ტახტიდან რუსეთმა ალექსანდრე პირველის მანიფესტამდე დაიწყო. 1801 წელს ბატონიშვილთა ერთი ჯგუფი, ერეკლე მეორის შვილები – იოანე, ბაგრატი და მიხეილი – იმპერატორ ალექსანდრე პირველის კორონაციაზე მიიწვიეს პეტერბურგში. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ ისინი სამშობლოში აღარ გამოუშვეს. იქიდან მოყოლებული, ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლები ძალდატანებით არაერთხელ გადაუსახლებიათ საქართველოდან. მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა სამშობლოში დარჩენა, საქართველოდან არ წასულან და სამშობლოში განისვენებენ ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, დიდი პაპის, ერეკლე მეორის მოსახელე, ერეკლე ბატონიშვილი, მისი მეუღლე და ქალიშვილები. ალექსანდრე ბატონიშვილის შვილიშვილმა, ერეკლე ორბელიანმა კი პაპის ბედი გაიზიარა და ემიგრაციაში გარდაიცვალა. ერეკლე ორბელიანი დაიბადა 1901 წლის ნოემბერში, თბილისში. მშობლებმა უფროს ვაჟს სახელგანთქმული სარდლის, თამაზ ორბელიანის სახელი დაარქვეს, უმცროსს კი პაპის – ერეკლესი. ორბელიანთა ოჯახისა და უფროსი ვაჟის შესახებ თავის მოგონებებში მოგვითხრობს თამაზის თანაკლასელი თავადაზნაურთა გიმნაზიიდან, მიხეილ დადიანი. მოგონებები ემიგრაციაში, ჟურნალ „კავკასიონში” დაიბეჭდა. მათი თანაკლასელები, ასევე, ყოფილან შემდგომ ემიგრაციაში წასული ახალგაზრდები: ბერეჟიანი, თოხაძე, ჯორჯაძე, ჯინჭარაძე, მზარეულიშვილი, გედევანიშვილი, ძმები – ფაშალიშვილები, ანდრონიკაშვილები, ვაჩნაძეები. თამაზი ემიგრაციაში არ წასულა. როგორც ევროპული ენების კარგი მცოდნე, ინგლისელებთან მუშაობდა თარჯიმნად და მერე უკვალოდ გამქრალა.
  ძმის მსგავსად, ერეკლემაც კარგად იცოდა უცხოური ენები, ამასთან, ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა მუსიკის დიდი ნიჭი. თბილისში ქართული გიმნაზიისა და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, გერმანიაში განაგრძო სწავლა, ერთი წლის შემდეგ კი, როგორც პიანისტი, უკვე კონცერტებით გამოდიოდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ – საფრანგეთსა და იტალიაში. ევროპის მერე კონცერტებით მოიარა ამერიკის შეერთებული შტატები და ლათინური ამერიკის ქალაქები. გამოდიოდა იტალიელ მომღერალ ბენიამინო ჯილისთან ერთად. ყველგან დიდი წარმატება ჰქონდა და პრესა დადებითად აფასებდა მის გამოსვლებს.
1941 წელს ერეკლე ორბელიანი სან-ფრანცისკოში მერი ლი მაკნაიტზე დაქორწინდა, მაგრამ 1945 წელს ისე გაშორდა, რომ მემკვიდრე არ დარჩენია (წყარო – „ვიკიპედია“).
  ირაკლი მახარაძე (მკვლევარი, კინორეჟისორი): ერეკლე ორბელიანი ბაგრატიონთა მხრიდან მეფე ერეკლე მეორის შთამომავალი და ორბელიანთა ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. მამამისი – ჯამბაკურ-ორბელიანი მდიდარი მემამულე და ,,ქართული დრუჟინის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ, დედა –  მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ქართული გიმნაზიისა და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ერეკლემ სწავლა გერმანიაში განაგრძო. ნიჭიერი პიანისტი კონცერტებს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ევროპის სხვა საკონცერტო დარბაზებში მართავდა.
 იმ დროს პარიზიდან დაბრუნებული მხატვარი ლადო გუდიაშვილი გაზეთ „კომუნისტში“ წერდა: „პარიზში ცხოვრობს ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ირაკლი ორბელიანი, რომელმაც უკვე სამი კონცერტი გამართა. მის კონცერტებს აუარებელი ხალხი ესწრებოდა. ფრანგულმა პრესამ ორბელიანი კარგად მიიღო. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ”. ერეკლე ორბელიანმა წარმატებით მოიარა ამერიკის შეერთებული შტატები და ლათინური ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფოები. როგორც წესი, მის კონცერტებს ყოველთვის დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. როგორც ერთი გაზეთი წერდა, მსმენელები გულით ესალმებოდნენ „ყოფილ ქართველ თავადს, რომელმაც ტიტულს მუსიკოსობა ამჯობინა“.
ამერიკაში ტურნეს დროს მოხდა საქართველოს გასაბჭოება და ორბელიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენა არჩია, სადაც წარმატებული საკონცერტო მოღვაწეობა განაგრძო. ცნობილი რუსი პიანისტი და კომპოზიტორი, ასევე ემიგრანტი სერგეი რახმანინოვი აცხადებდა, რომ მისი ნაწარმოებების საუკეთესო შემსრულებელი ერეკლე ორბელიანი იყო. თუმცა, მან სუსტი ჯანმრთელობის გამო მუსიკალური კარიერა ვეღარ გააგრძელა. ორბელიანი ასევე წერდა მუსიკას ემიგრანტი პოეტების, შალვა ამირეჯიბისა და სიმონ ბერეჟიანის, ლექსებზე და ხშირად თვითონვე ასრულებდა ხოლმე.
– კიდევ რა ვიცით მისი ცხოვრების შესახებ?
– ერეკლე ორბელიანი გახლდათ ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და სულისჩამდგმელი, რომლის ხელმძღვანელადაც ის ორჯერ აირჩიეს – 1936-1939 და 1944-1945 წლებში. 1950 წელს ერეკლე ორბელიანმა, თეიმურაზ ბაგრატიონმა, პავლე კვარაცხელიამ და ლეო დუმბაძემ დააარსეს „ქართველ ამერიკელთა ლიგა”, რომლის მემორანდუმში ნათქვამი იყო: „ჩვენი ერის ინტერესების აუცილებლობა მოითხოვს, ამ გადამწყვეტ მომენტში აქ ისმოდეს საქართველოს ხმა“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, „ცივი ომის” დროს, ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, „ამერიკის ხმის“ რედაქციამ ქართულ ენაზე დაიწყო მაუწყებლობა, რომლის პირველი წამყვანი ერეკლე ორბელიანი გახდა. ქართულად მაუწყებლობა საშუალებას იძლეოდა, რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი ქართველებისთვის თავისუფალი სამყაროდან მიეწვდინათ ხმა. 1952 წლიდან ქართულს სხვა განყოფილებებიც (სომხური, აზერბაიჯანული, უკრაინული) შეუერთდა, რომელსაც „საბჭოთა კავშირის სექცია” უწოდეს. მის ხელმძღვანელად ერეკლე ორბელიანი დაინიშნა, მაგრამ ცოტა ხანში, 1954 წლის 31 მარტს, 53 წლისა, ის ლეიკემიით გარდაიცვალა.

скачать dle 11.3