№4 ვნებების ტყვეობაში
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #51-3(994)
იხ. „თბილისელები“ #51-3(994)
***
ანიკოს, ალბათ, არასდროს დაავიწყდებოდა კაცის სახის გამომეტყველება, როცა მან ცოლის ხმა გაიგონა და ნერვიულობისგან კისერგაშეშებულმა ადგილიდან დაძვრაც კი ვერ მოახერხა. ქალი ანიკოსთან მივიდა, გვერდით დაუდგა და ქმარს განგმირავი მზერა მიაპყრო. სიჩუმემ რამდენიმე წუთს გასტანა და ეს წუთები კაცისთვის ნამდვილ განსაცდელად იქცა.
– ესე იგი, მე ბოზი ვარ? – თქვა დიანამ დამარცვლით, – შენი შვილების დედა, შენი ცოლი ბოზია და ამას საჯაროდ აცხადებ.
– დიანა... შენ? აქ რა გინდა? – ხმა ჩაუწყდა კაცს, თვალები მახეში გაბმული ნადირივით დააცეცა და კარისკენ გააპარა მზერა.
– კარი ჩაკეტე, ანიკო, თორემ ეს მხდალი კურდღელივით გაიქცევა აქედან. მე კი ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ.
ანიკომ კარი გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. დიანამ კმაყოფილებით გაიღიმა. მერე გაფითრებულ ქმარს მიუბრუნდა.
– ესე იგი, შენ ჩემს ფეხმძიმობასთან კავშირი არ გაქვს და ერთად არ ვცხოვრობთ, ხომ?
კაცმა სახე ხელისგულებში ჩამალა და საწყლად წამოიძახა:
– რა გინდათ ჩემგან... რას ითხოვთ ჩემგან და რატომ ცდილობთ, გამანადგუროთ?
– ჰმ, ამ არარაობას უყურე? შეხედე, თურმე, ჩვენ ვანადგურებთ. საკუთარ ტყუილებში ისეა გახლართული, ახლა რომ ვკითხო, შენი შვილის მამა ვინ არის-მეთქი, მეტყვის, არ ვიციო.
ანიკომ მუცელზე დაიდო ხელი.
– ჩემს შვილს ასეთი მამა არაფერში სჭირდება. და ეს მისი შვილი არ არის.
დიანამ თავი დაუქნია.
– მართალი ხარ. არც ჩემს შვილებს სჭირდებათ ასეთი მამა. ვნანობ, რომ დავუჯერე და შანსი მივეცი. ვნანობ, რომ ამ ნაძირალასთან ერთად მომავლის გეგმებს ვაწყობდი. ვნანობ, რომ საშუალება მივეცი, შენც მოეტყუებინე. ჩემს არაჩვეულებრივ შვილებს კი ყველა საშუალებით დავიცავ ნაძირალა, ცრუ, უთავმოყვარეო და სულმდაბალი მამისგან.
– მოიცა, ეს რას ნიშნავს? – გამოერკვა კაცი. ჯერ ანიკოს შეხედა, მერე ცოლს და ბოლოს ისევ კარისკენ გაიხედა.
– ჩემი მანქანისა და სახლის გასაღები მომეცი! – მკაცრად მოსთხოვა ცოლმა, – შენს ნივთებს კაფეში მივიტან და იქ დაგიტოვებ. სხვა სამსახური მოძებნე. არანაირი სურვილი არ მაქვს, სამუშაო ვუშოვო კაცს, რომელიც ბოზს მიწოდებს და პირველივე შემხვედრთან მამცირებს. მაპატიე, ანიკო, მაგრამ შენ მაინც სრულიად უცხო ადამიანი ხარ ჩემთვის.
ანიკომ დაუფარავი სიძულვილით შეხედა კაცს...
– როგორ შეგიძლია, ასეთი უსინდისო იყო. საიდუმლო სამსახურში ხარ და ხშირად ამიტომ ვერ მნახულობ, ხომ? კაფეში, დაცვაში ძლივს აგიყვანეს ცოლის ხათრით. ფუი, გული მერევა შენზე. როგორ გამჯობინე ჩემს ქმარს. ასეთი ბრმა როგორ ვიყავი. .
– მე როგორც შემეძლო, ისე მიყვარდით ორივე! – დაიყვირა კაცმა, – რა ჩემი ბრალია, თუ თქვენ მხედავდით ისეთს, როგორიც თავად გინდოდათ, რომ ვყოფილიყავი.
– გასაღებები მომეცი! – მკაცრად გაუმეორა ცოლმა, – ყველაფერი დამთავრდა, არ მჭირდები, აღარ მჭირდები!
კაცმა უხალისოდ ამოიღო ჯიბიდან გასაღებების აცმა.
– დიანა, წამოდი, სახლში ვილაპარაკოთ. ძალიან გთხოვ, არ გინდა ისტერიკა. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.
ქალმა ხმამაღლა გაიცინა და ანიკოს მიუბრუნდა.
– გესმის? როგორი მზრუნველია, ხედავ? თუ გინდა, დაიტოვე, მე მართლა აღარაფერში მჭირდება.
– დიანა, სისულელეს ნუ ლაპარაკობ! – წამოიძახა კაცმა.
ქალმა უსიტყვოდ გამოჰგლიჯა ხელიდან გასაღებების აცმა და კარი გაიჯახუნა. კაცი კი თითქოს ერთ ადგილს მიაჯაჭვესო, თავდახრილი იდგა და საკუთარ ფეხსაცმელებს ჩაჩერებული რაღაცას ბურტყუნებდა.
– აქ რატომ ხარ? – ზიზღით მობრიცა ტუჩები ანიკომ, – წადი, გამოეკიდე შენს ცოლს, იქნებ კიდევ გაპატიოს.
– როგორ გააფუჭე ყველაფერი. ცოტა დრო არ მომეცი და ახლა იძულებული ვარ, წავიდე, რა ვქნა. ხომ გაიგე, რომ ყველაფერი მის ხელშია. მანქანაც კი წამართვა. როგორ უნდა ვიყო უმანქანოდ?
ანიკო გაფითრდა.
– მთელ ამ ამბავში მარტო ის გადარდებს, რომ უმანქანოდ დარჩი? გაეთრიე ჩემი სახლიდან და არ გაბედო როდისმე ჩემი სახელი კიდევ ახსენო. არც ამ ბავშვს ნახავ არასდროს. თუმცა, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ საერთოდ გადარდებს შენი შვილები.
– აი, ეგ უკვე აღარ არის შენი საქმე. მე ჩემი შვილები ძალიან მიყვარს. ცოლიც, სხვათა შორის. შენ კი მატყუებდი. გინდოდა ამ ორსულობით გეიძულებინე, ცოლად მომეყვანე. ალბათ, შენი ქმრისგან დაფეხმძიმდი. ყოჩაღ, შენმა ბოროტმა ჩანაფიქრმა გაამართლა.
ანიკომ იგრძნო, როგორ იფეთქა მასში დაგუბებულმა რისხვამ. პატარა მაგიდაზე პლასტმასის საფერფლეს მოჰკრა თვალი, ხელი სტაცა და კაცს მთელი ძალით ესროლა.
– გიჟი ხარ. როგორ ვნანობ, რომ შენთან საერთოდ მქონდა ურთიერთობა. ცხოვრება დამინგრიე!
ქალმა ყურებზე აიფარა ხელები და თვალები დახუჭა. აღარ დაუნახავს, როგორ წავიდა კაცი. კარის მიხურვის ხმაც სადღაც, შორიდან ჩაესმა. იატაკზე დაჯდა და ატირდა.
***
სულ ოდნავ წამოზრდილ მუცელს კარგად უფარავდა ულამაზესი, საგანგებოდ შერჩეული კაბა. ქალის ფერმკრთალი სახე კიდევ უფრო მიმზიდველი ჩანდა რესტორნის მოციმციმე ნათურების შუქზე. კაცი შორიდან უმზერდა ქალს. ანიკო ვერ ხედავდა ქმრის სიყვარულით სავსე გამოხედვას. დიახ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ასე არ ხდებაო. მაგრამ ადამაინი ყველაზე არაპროგნოზირებადი არსებაა და თანაც ყველაზე ინდივიდუალური. სოფო გიას მიუახლოვდა.
– ცუდია, რომ ერთმანეთი ასე აწვალეთ. ცუდი იდეა იყო მისი მოტყუებაც. მაგრამ რადგან ასე გადაწყვიტე, იბრძოლე მისთვის. არ დანებდე. არ მოგცემ ამის უფლებას! – უთხრა მკაცრად და გამამხნევებლად გაუღიმა.
– საერთოდ ვერ მამჩნევს. მთელი საღამო ერთხელაც არ შემოუხედავს, – თქვა კაცმა.
– ბევრი საქმე ჰქონდა. დაიღალა, მაგრამ უნდა ვაღიარო, ყველაფერს შესანიშნავად გაართვა თავი.
– ზუსტად ისეთია, როგორიც იმ პერიოდში, ცოლად რომ გამომყვა. არავინ იქნებოდა ჩემზე ბედნიერი ჯერ მე რომ არ დამეშვა შეცდომა და მერე ჩემს გაუაზრებელ საქციელს ის გაუცხოვება არ მოჰყოლოდა. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მგონი, ეს საუკეთესო გამოსავალია. მიხარია, რომ თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მთავარია, ყველაფერი მოგვარდეს და აქ აღარ დავტოვებ. კონტრაქტი გამიგრძელეს. წავალ და წავიყვან. მაგას, ტასოს და პატარას. ვერავინ გაიგებს, რომ ჩემი შვილი არ არის. ან, იქნებ ჩემი შვილიცაა...
სოფომ გაოცებით შეხედა მეგობარის ქმარს
– მაოცებ, მართლა...
– ჰო, მეც მიკვირს. რაღაც მოხდა ჩემში. ძალიან მნიშვნელოვანი. მალე უნდა დაველაპარაკო. ერთ თვეში უკან უნდა დავბრუნდე. სასტუმროშიც დიდხანს ვერ დავრჩები. დედაჩემმაც კი არ იცის, რომ ჩამოვედი. ტასუნაც ისე მომენატრა..
სოფომ თავი დაუქნია.
– სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. როცა ანიკომ ის წერილი მომწერა, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. არ ვიცი, იმ მომენტში მის გვერდით რომ ვყოფილიყავი, რას გავაკეთებდი. შეიძლება, ასეთი გადაწყვეტილება არც მიმეღო. მანძილმა გვიშველა. როცა სიბრაზემ გადამიარა, დავფიქრდი. მივხვდი, რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რომ მე მომიყვა თავისი ტკივილის შესახებ.
– მაშინ, მიდი და უთხარი, რომ გიყვარს, – უთხრა სოფომ.
– შენ ასე ფიქრობ?
– ეს ერთადერთი საშუალებაა, გაიგო რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე. მიდი! უნდა მიხვიდე, – შეაგულიანა სოფომ, – ყველაფერი გააკეთე, რომ უკანდასახევი გზა არ დაუტოვო.
***
ანიკო დაიღალა, მაგრამ სამუშაო იყო ერთადერთი საშუალება, რაც თავის სადარდელზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, წარსულს სამუდამოდ წაშლიდა მეხსიერებიდან. საკუთარ თავს ვერ პატიობდა.
– კარგი საღამო გამოვიდა... – ქალი შემობრუნდა და გაფითრდა. კაცმა გაუღიმა. ანიკო უყურებდა და სათქმელს თავს ვერ აბამდა.
– ვიცი, ცოტა განერვიულე, მაგრამ ასე უნდა მოვქცეულიყავი. გინდა, ვილაპარაკოთ?
– შენთან საუბარი მეც მინდოდა, შეიძლება, ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ვიცი, სხვა უკეთესი დრო აღარ მექნება. გამბედაობა მიმტყუნებს.
ანიკომ მუდარით მიაპყრო ლამაზი, ოდნავ ნამიანი თვალები.
კაცი გაფითრდა.
– ვიცი, რისი თქმა გინდა, – ჩაილაპარაკა მან, – მაგრამ მარტო შენ არ ხარ დამნაშავე მომხდარში. მე უკვე ყველაფერი მოვიფიქრე. ახლა შენზეა.
ჩვენი შანსი უნდა გამოვიყენოთ.
– გია. არ ვიცი, მართლა აღარ ვიცი... – ანიკომ უმწეოდ მიმოიხედა. მართა ჯოზეფს ელაპარაკებოდა. რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. მათთვის არავის ეცალა და ანიკომ იგრძნო, როგორ სჭირდებოდა ბოლომდე „დაცლა“, იმის ბოლომდე თქმა, რაც გულზე ლოდივით აწვა.
– გია, ჩემს ფეხმძიმობას რა ვუყოთ. ეს ის მოცემულობაა, რომელსაც ვერ შევცვლით.
კაცი ისე შებარბაცდა, თითქოს ფეხქვეშ ნიადაგი გამოაცალესო. ანიკო მიხვდა, რომ ნათქვამით კაცი შოკში ჩააგდო. მაგრამ გია ამისთვისაც მზად იყო.
– ამ ბავშვს აუცილებლად გააჩენ, – მტკიცედ თქვა მან, – და ის ჩემი შვილი იქნება.
დასასრული