№4 რის ნაკლებობას განიცდიან დღევანდელი ქრისტიანები და რატომ არის პატრიოტიზმის, ეკლესიის, პატრიარქის დაცვის მიზნით აგრესიის გამოვლენა დაუშვებელი
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
დღეს ადამიანები ხშირად ვიჩენთ აგრესიას ერთმანეთის მიმართ, ხშირად ვჩხუბობთ, შეუვურაცხყოფთ მოყვასს. თავხედობაც საკმაოდ ბევრია ჩვენ ირგვლივ. რატომ ხდება ასე, ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– დღეს, სამწუხაროდ, თავხედობა ნორმად იქცა. ხშირად ვხედავთ, როგორ თავხედობს ადამიანი. ტონად იქცა – თუ არ ითავხედე, სხვა ითავხედებს. გარკვეულწილად, თავხედობა ადამიანის მხრიდან თავის დაცვად იქცა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცხოვრებამ, დრომ მოიტანა, ფილმებმა, გადაცემებმა, სადაც ხშირად არის უხეშობა, ბილწსიტყვაობა, აგრესია. სამწუხაროდ, ტაძარშიც შეიძლება თავხედურად მოიქცე. იმაზე უნდა ვისაუბროთ რაც ჩვენთან, ჩვენს წიაღში ხდება. ადამიანი შეიძლება, ტაძარში შემოვიდეს დაღლილი, ტვირთმძიმე და ამ დროს მას ისე დაელაპარაკოს მესანთლე ან სტიქაროსანი, რომ საერთოდ აღარ მოუნდეს ეკლესიაში მოსვლა. ადამიანს ისეთი სიყვარულით უნდა მივუთითოთ, რომ მას გული გაუთბეს და ეკლესიაში დარჩენის სურვილი გაუჩნდეს. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანს ძალიან უხეშად მიმართავენ და ეს ბევრ დაბრკოლებას ქმნის. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ისე თავხედურად დამელაპარაკა სტიქაროსანი ან ეკლესიის მსახური, რომ ეკლესიაში მოსვლის სურვილი აღარ მაქვსო. ყველას მინდა, შევახსენო: სჯობს, წისქვილის ქვა ჩამოიკიდოს, ვიდრე ვინმე დააბრკოლოს უფლისკენ მიმავალ გზაზეო. ანუ ასეთი ქცევა დაღუპვას უქადის ადამიანს. დღეს, ეს დაძაბული სიტუაცია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ მგლები გახდნენ, ასახვას ჰპოვებს ეკლესიურ ცხოვრებაზე. სტიქაროსანი, ვითომ წესრიგისკენ მოგიწოდებს, მაგრამ თავად არის წესრიგის დამრღვევი. მას ხომ შეუძლია, სიყვარულით, თბილად მოგმართოს, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან თავად მასში არ არის წესრიგი. სტიქაროსნებს გამორჩეული სულიერება უნდა ჰქონდეთ, შინაგანი სიმშვიდე, სიყვარული და ამაზე მოძღვრებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება. ხშირად ჩვენ ეროვნული ნიშნით, რომ ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია ან პატრიარქის დაცვის მიზნით, იმდენ უხეშობას, აგრესიას ვამჟღავნებთ, რომ ყოვლად დაუშვებელია.
– ეს ძალიან ხშირია დღევანდელ რეალობაში.
– ერთადერთ შემთხვევაში განრისხდა მაცხოვარი, მრისხანება მასაც დაეუფლა, მაგრამ მას ცოდვა არ ჩაუდენია, შოლტი გააკეთა და პირუტყვები გამორეკა ტაძრიდან. ისეთი უმსგავსობა ხდებოდა, რომ მაცხოვარმა ხმა აიმაღლა: მამაჩემის სახლი სალოცავი ადგილია და თქვენ ავაზაკების ბუნაგად გადააქციეთო. არ მინდა, რომ დღესაც იგივე თქვან. ჩვენ თავად არ უნდა გადავაქციოთ ტაძარი ავაზაკებისა და თავხედი ადამიანების შესაკრებლად. არ მესმის, რატომ ხმაურობენ ადამიანები წირვაზე, რომლებიც ეკლესიაში ლოცვისთვის მიდიან ან ზიარებაზე მისვლისას სხვა ადამიანს რატომ უნდა მიარტყას ხელი, რატომ არის ხოლმე ამხელა ჩოჩქოლი. ადამიანი ვერ ხვდება, რას და ვის ეზიარება და ცდილობს პირველი მივიდეს. ერის სული შემოვიდა ეკლესიაში, ეკლესიის სული იკარგება და ეკლესია ერული ხდება. ბერი ხდება, ვითარცა ერი, არადა ერი უნდა გახდეს, ვითარცა ბერი. დადგება დრო, ბერი იქნება, ვითარცა ერი და ერი – ვითარცა ეშმაკიო. ანუ ეკლესიურ ხალხს აღარ ექნება სულიერება, სიმშვიდე და ერის ხალხი გახდებიან, როგორც ეშმაკეულები. რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე და ჩემს კოლეგებზე ვსუბრობ. შეიძლება, ისე მოვიქცე მე ან ჩემი კოლეგა, რომ ჩვენში ვერანაირი სულიერება ვერ დაინახონ.
– ხშირად თავხედობას სათქმელის პირში, პირდაპირ თქმას მიაწერენ ხოლმე.
– ბოლო დროს ხშირად ვხედავთ აშკარა უზნეობას, თავხედობას და ასევე, ვპასუხობთ. თუ იმავე საშუალებით ცდილობთ წესრიგის დამყარებას, თქვენ უარესი შფოთის შემომტანი ხართ. ქრისტემ გვითხრა: თუ შემოგარტყამენ, მეორე ლოყა მიუშვირეო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადვილად დასაჩაგრი ადამიანი უნდა იყო, არამედ იმას, რომ აგრესიას აგრესიით არ უნდა უპასუხო. უნდა უთხრა: რატომ იქცევი ასე – ოღონდ მშვიდად. ღმერთი ჩვენს თავზე, ეკლესიაზე გარკვეულ კატაკლიზმებს უშვებს, რომ ეს განსაცდელები გადავიტანოთ, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ. სხვანაირი ტონით თუ ვისაუბრებთ უფრო მოგვაქცევენ ყურადღებას. ოჯახშიც შვილი ეთავხედება მშობლებს, ქმარი – ცოლს და ცოლი – ქმარს, ასევე ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გამოსწორება ეკლესიებიდან, საკუთარი თავიდან, ოჯახებიდან უნდა დავიწყოთ. ვიღაც უხეშად მოგმართავს, შენ ღიმილით მიმართე.
– დღევანდელ რეალობაში ერის გავლენა უფრო დიდია თუ ბერის?
– ერის გავლენა ეკლესიაზე უფრო ძლიერია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, უამრავი სიწმიდე გვაქვს, მაგრამ მე, როგორც სასულიერო პირი, ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანას არ ემჩნევა ეკლესიურობა. ბევრი მარხულობს, მაპატიეთ და ფარისევლურად. როდის იწყება მარხვა, აქედან-აქამდე, ხომ? რა მეჭმევა, რა არ მეჭმევა? იმას კი არ მეუბნება: დავიღალე შურით, ბოღმით, მასწავლეთ, როგორ არ ვიყო შურიანი და ბოღმიანიო. გასტრონომიული მხარე უფრო მეტად აინტერესებთ ხოლმე, ვიდრე სულიერი. ძველი აღთქმის ეკლესია ჭეშმარიტი ეკლესია იყო, მაგრამ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა შეცვალეს რჯული, შემოიღეს თალმუდი, რაც იყო ჭეშმარიტი; ისე დაამახინჯეს, გაართულეს, რომ ხალხს უჭირდა დაცვა. ჩვენც იმდენად გავართულეთ ეკლესიური სწავლებები, რომ ადამიანებს აკრძალვების გარკვეული კასკადი ჰგონიათ: ეს არ შეიძლება, ეს არ გააკეთო. სიყვარულზე მათ არავინ ელაპარაკება. პირიდან გამომავალი ბილწავს ადამიანს – ეს უნდა გვახსოვდეს. ვინც ნამდვილად ეკლესიურია, კარგი მღვდელია, მრევლია, ეპისკოპოსია, ისინი არც ჩანან.