№4 რატომ მისცა სტალინმა ბერიას სხვებთან შედარებით მეტი თავისუფლება
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერია ერთადერთი თანამდებობის პირი იყო სტალინურ სახელმწიფოში, რომელიც დამოუკიდებელ მოქმედებას ბედავდა და საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებდა... პროფესორი ბენიამინ ზელენსკი წერს: „რაც უნდა საკვირველი იყოს, ლავრენტი ბერია, არც თუ ისე იშვიათად, სტალინთან შეუთანხმებლად მოქმედებდა და ლოკალური ხასიათის საკითხებს, ძირითადად, თავადვე წყვეტდა. ლაპარაკია საქართველოსა და იმ პერიოდზე, როდესაც ლავრენტი ბერია საქართველოს პარტიული ლიდერი იყო. იმ დროს ბერია პოლიტბიუროში არ ირიცხებოდა და საკავშირო გადაწყვეტილებების მიღებაშიც არ მონაწილეობდა. თუმცა, საქართველოში განხორციელებულ ბერიასეულ რეფორმებს, რომლებიც თავიდან ყოველთვის ლოკალური ხასიათის იყო, შემდგომ საკავშირო მნიშვნელობა ენიჭებოდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ინერგებოდა“. აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი ყვებოდა: „ბერია ჭკვიანი კაცი იყო და შესანიშნავად იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ის არასოდეს გააკეთებდა იმას, რაც სტალინის რისხვას გამოიწვევდა. საქართველოს ცეკას პირველი მდივნობის პერიოდში (განსხვავებით შემდგომი პერიოდისგან) ლავრენტი პავლეს ძეს გონებაშიც კი არ გაუვლია, რომ ერთპიროვნულად შეხებოდა სტრატეგიულ სფეროს და როდესაც მსგავსი საკითხი დგებოდა, ბერია ან ტელეფონზე ურეკავდა სტალინს და ეთათბირებოდა, ან სულაც მოსკოვში მიფრინავდა და პირადად ხვდებოდა ბელადს. ანუ, ლავრენტი ბერიამ იმთავითვე იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა, რომ უფსკრულში არ გადაჩეხილიყო და ამას შესანიშნავად ახერხებდა. სტალინს შესაშური ინტუიცია, ადამიანების ამოცნობის უნიკალური ნიჭი და კადრების შერჩევის შეუდარებელი უნარი ჰქონდა. ბელადმა ბერიაში ის ადამიანი ამოიცნო, ვინც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. არც შემცდარა და აქედან გამომდინარე, მას მეტი უფლებებიც მიანიჭა. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი სტალინის მხრიდან. ბელადი აკვირდებოდა ბერიას საქციელს, მის ქმედებებს და შეიძლება, დანამდვილებით ითქვას, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ ტესტი ასი პროცენტით ჩააბარა...“ ღვაწლმოსილი აკადემიკოსის თქმისა არ იყოს, სტალინისთვის ტესტის ჩაბარება იოლი საქმე არ იყო და რა თქმა უნდა, ეს ყველას არ შეეძლო. ლავრენტი ბერია უნდა ყოფილიყავი, რომ ბელადის ჩანაფიქრი ამოგეცნო და როგორც ჩვენში იტყვიან, ისე გემოქმედა, არც მწვადი დაგეწვა და არც შამფური. სწორედ ასე იქცეოდა ლავრენტი პავლეს ძე ბერია და სტალინისგან მიცემულ დამოუკიდებლად მოქმედების ლიმიტს წარმატებით იყენებდა. ის (ბერია) ქვეყნისა და იდეოლოგიზირებული პოლიტიკის ინტერესებს დიდი წარმატებით ამთხვევდა თავისი სამშობლოს, საქართველოს ინტერესებს და ამაში შეუდარებელი იყო...
ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „ბერიამ საქართველოს ცეკას პირველი მდივნობისას, ეროვნული რეფორმების თვალსაზრისით, ბევრ ცნობილ ქართველ მეფეზე მეტი მოასწრო. მარტო ის რად ღირს, რომ როდესაც მთელი საბჭოეთი სკოლაში მხოლოდ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორიას სწავლობდა, ბერიამ უნიკალური, ქართულენოვანი, რუსულენოვანი, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სახელმძღვანელოები დაამზადებინა, დააბეჭდინა და სასკოლო პროგრამებში ჩართო. ამგვარად, გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში საქართველოს მოსწავლეები (ყველა ეროვნებისა) საფუძვლიანად ეცნობოდნენ საქართველოს ისტორიას. ეს კი პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ბერიას ძალისხმევით, საქართველოში ხუთჯერ გაიზარდა ქართულენოვანი სკოლების რაოდენობა. სკოლები აშენდა მაღალმთიან რაიონებში. იქ საუკეთესო პედაგოგებს გზავნიდნენ და ხელფასსაც ორჯერ მეტს უხდიდნენ, ვიდრე ქალაქში მოღვაწე მასწავლებლებს. ეს იყო ძალიან პროგრესული ნაბიჯი ერში მწიგნობრობის განვითარებისთვის და ბერიამ რომ საქართველო დატოვა და სამუშაოდ მოსკოვში გადავიდა, ქართველი მოსახლეობის 96 პროცენტმა წერა-კითხვა იცოდა. ბერიასვე ძალისხმევით, სკოლებში სავალდებულო საგანი გახდა სამხედრო მომზადება და ტანვარჯიში. ესეც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ერის (ქართველების) განვითარებისთვის, რადგან ბერია ბავშვობიდანვე უნერგავდა ქართველებს მივიწყებული მებრძოლის კულტს, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესს. როგორც ცნობილია, სტალინი განსაკუთრებით აღაფრთოვანა იმან, რომ ბერიამ საქართველოს სკოლებში სამხედრო საგნის სწავლება შემოაღებინა და გასცა ბრძანება, რომ ანალოგიური გაეკეთებინათ მთელი საბჭოთა მასშტაბით. და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან სტალინი დიდი ომისთვის ემზადებოდა და სამხედრო საქმის სწავლება სკოლებში ამ მზადებას დიდად წაადგებოდა. ერთი სიტყვით, ინოვატორი ბერია, მართალია, სტალინის უსიტყვო სანქციით მოქმედებდა, ზოგი მიმართულებით დამოუკიდებლადაც, მაგრამ მაინც სამართებლის წვერზე დადიოდა და ბოლომდე არ იყო დაზღვეული...“
როი მედვედევი არ ცდება, როდესაც ბერიას კარიერულ სვლას სამართებლის წვერზე სიარულს ადარებს და არა მარტო საბჭოთა მთავრობა, არამედ მთელი საბჭოთა ხალხიც ამ გზით მიდიოდა. თუმცა ბერია ძალიან ოსტატურად მიაბიჯებდა ამ სამართებელზე სტალინის სიცოცხლეში და ალბათ, ბედის ირონიაა, რომ ბელადის გარდაცვალების მერე მან ეს გზა ტრაგიკულად დაასრულა.
დიმიტრი ლიხაჩოვი წერდა: „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ფაქტი, რომ ბერიას მიერ ინიცირებულ-დანერგილი ყველა სიახლე ხრუშჩოვის ბრძანებით მოსპეს. თავად კი შეთქმულთა ბანდამ კარგი ვერაფერი მოიფიქრა და ბერიას მიერ წინ დაძრული საბჭოეთი ისეთ ჭაობში შეიყვანეს, სადაც ის საბოლოოდ დაიხრჩო...“ ასე დაასრულა ხრუშჩოვმა ბერიას პროგრესული რეფორმატორული მოძრაობა, რასაც საბოლოოდ დიდი ქვეყნის დანგრევა მოჰყვა.“