№4 არანაირი სამხილი
დელი ჰამეთი
პენსიაზე გასული სამეფო ადვოკატი, სერ ედვარდ პელისერი სიმშვიდით ტკბებოდა, როცა მოულოდნელად სახლში ახალგაზრდა ლედი ეწვია და დახმარება სთხოვა. გოგონას მადლენ ვოენი ერქვა და ძმასთან, მეთიუსთან ერთად დეიდის სახლში ცხოვრობდა. ამავე სახლში კიდევ მათი ნათესავები – ცოლ-ქმარი უილიამი და ემილი ცხოვრობდნენ. დაახლოებით სამი კვირის წინ დეიდა, მის კრებერი, თავის ოთახში თავგატეხილი იპოვეს, თუმცა მკვლელის კვალზე პოლიცია ჯერ კიდევ არ იყო გასული. მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული ინფორმაციით, სახლში ნაღდი ფული იყო და მის კვალს ვერსად მიაგნეს, პოლიციამ ძარცვის ვერსია თავიდანვე გამორიცხა, რადგან დაადგინა, რომ მკვლელობის მომენტში სახლში უცხო არავინ ყოფილა და ვერც ვერავინ შევიდოდა. ამიტომ მკვლელის ძებნა სახლის მობინადრეებს შორის დაიწყეს. ამ ლოგიკით, მკვლელი მის კრებერის ოთხი ნათესავიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო. მადლენს უნდოდა; ამ საქმისთვის ხელი სერ ედვარდ პელისერს მოეკიდა და სიმართლე გაერკვია. მადლენი იმედს არ კარგავდა, რომ მკვლელი ვინმე გარეშე პირი აღმოჩნდებოდა. საქმის ვითარება კი ასეთი იყო: მკვლელობის დღეს, ჩაის დალევის შემდეგ, ყველა თავ-თავის ოთახში გაიკრიფა. მადლენი კერავდა, მეთიუ სტატიას ბეჭდავდა, უილიამი თავის მარკებს ახარისხებდა, ხოლო ემილი საერთოდ ჩაიზეც არ ჩამოსულა, რადგან თავი სტკიოდა. წამალი მიიღო და ოთახში დარჩა. როდესაც რვის ნახევარზე მოახლე ვახშმისთვის სუფრის გასაწყობად ჩამოვიდა, დეიდა ლილი უკვე მკვდარი იყო. მკვლელმა მას თავში პრეს-პაპიე ჩასცხო, შემდეგ კი ანაბეჭდები წაშალა. მოახლემ თქვა, რომ სახლში უცხო არავინ შემოსულა. ყველა ფანჯარა შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ვერც იმას იტყოდა ვინმე, რომ მის კრებერის სიკვდილით ოთხი ნათესავიდან რომელიმემ განსაკუთრებული სარგებელი ნახა. ქალმა ოთხივეს ერთნაირი თანხა უანდერძა, სულ 80 ათასი ფუნტი. რაც მთავარია, არცერთს აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დეიდა ასეთი მდიდარი იყო. ისინი ყოველთვის ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ.
სერ ედვარდი მკვლელობის ადგილზე მეორე დღეს გამოცხადდა. უპირველესად, იკითხა, გარდაცვლილი ბოლოს ვინ ნახაო. როგორც გაირკვა, ბოლოს დეიდა ლილი მოახლემ ნახა – წერილები და ხურდა მოუტანა. დღისით ის ბანკში იყო და გადასახადები გადაიხადა. მადლენმა თქვა, რომ ამ მოახლეს ბოლომდე ენდობოდნენ. მართა მათ სახლში 30 წელი მსახურობდა და პატიოსნების განსახიერება იყო. მადლენთან საუბრის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ლანჩის დროს დეიდამ და ემილიმ იჩხუბეს. ერთმანეთს შეჰყვნენ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ემილიმ განაცხადა, ამ სახლში აღარ ვიცხოვრებო. დეიდამაც არ დაუთმო: რაც მალე წახვალ, მით უკეთესიო. თუმცა, ეს ყველაფერი ცხელ გულზე ნათქვამი ცარიელი სიტყვები იყო. კიდევ ერთი დეტალი: მადლენის ძმა, მეთიუ ყელამდე იყო ვალებში.
უილიამისა და ემილის დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, ორივენი აცხადებდნენ, რომ საკუთარ ოთახებში იყვნენ და არაფერი გაუგიათ. რაც შეეხება მეთიუს, ის სერ ედვარდს საერთოდ არ დაელაპარაკა. გამოაცხადა, შეხვედრაზე მეჩქარებაო. სერ ედვარდს ისღა დარჩენოდა, მოახლეს გამოლაპარაკებოდა.
– სახლში მცხოვრებთაგან მკვლელობას ვერც ერთი ვერ ჩაიდენდა ისე, რომ მე არ გამეგო, – უთხრა მან სერ ედვარდს, – კიბის საფეხურები ისე ჭრიალებს, ზევიდან რომ ვინმე ჩამოსულიყო, აუცილებლად გავიგონებდი. მართალია, მისტერ მეთიუ ზედა სართულზე არ ყოფილა, აქვე სამზარეულოს გვერდით ოთახში იყო, მაგრამ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა.
– დარწმუნებული ხართ, რომ სახლში არავინ შემოსულა?
– ჩემ გარეშე ამას როგორ გააკეთებდა? კარი ხომ მე უნდა გამეღო?
– თუ მის კრებერი ვინმეს ელოდებოდა და კარი თავად გააღო? ასეთი რამ შესაძლებელია?
– შესაძლებელია, მაგრამ საეჭვოა...
მართა ამ კითხვამ ცოტა დააბნია. ეს უცნაური იყო. თუმცა, სერ ედვარდს მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებოდა, ადამიანებს კარგად იცნობდა. ნუთუ სახლის რომელიმე ბინადარს აფარებდა ხელს?
– მაშ ასე, იგი ბოლოს თქვენ ნახეთ, არა?
– დიახ. მას ანგარიშები და ხურდა მივუტანე. ფულს თან ატარებდა საფულით, თუმცა ქეშად ბევრი არასდროს ჰქონდა. როგორც გითხარით, მე მხოლოდ ხურდა მივუტანე. მახსოვს, წუწუნებდა, ეს ახალი ექვსპენსიანი რას ჰგავს, ძველი სჯობდაო. ძლივს დავარწმუნე, რომ ყალბი არ იყო.
სერ ედვარდი მადლენთან ერთად გარდაცვლილის ოთახში შევიდა და იქაურობა დეტალურად დაათვალიერა. გარდაცვალების დღეს მიღებული წერილებიც ნახა, საფულეც ამოატრილა და იქ მართლაც ხურდის მეტი არაფერი იყო. ხელჩასაჭდი ვერაფერი იპოვა. სახლიდან გამოვიდა და ქუჩას ჩაფიქრებული გაუყვა. ამ დროს ვიღაც მხარზე შეეხო. სერ ედვარდი შეხტა. ეს მეთიუ იყო.
– სერ ედვარდ, – წარმოთქვა მან, – მინდა, წეღანდელი უხეშობისთვის ბოდიში მოგიხადოთ. რაც გინდათ, მკითხეთ, მზად ვარ გიპასუხოთ.
– თქვენ მე უკვე დამეხმარეთ, – უპასუხა სერ ედვარდმა. თან, სადღაც მეთიუს უკან, სივრცეში იყურებოდა, – დამეხმარეთ იმით, რომ ამ ადგილზე გამაჩერეთ და მე ისეთ რამეს მივაქციე ყურადღება, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ შევამჩნევდი.
მან ქუჩის მეორე მხარეს რესტორანზე მიუთითა. რესტორანს „ოცდაოთხი შაშვი“ ერქვა.
– სახელი ცოტა უცნაური აქვს, მაგრამ სამზარეულოს არა უშავს, – უთხრა მეთიუმ.
– გასინჯვას ვერ გავბედავ, – გამოეხმაურა სერ ედვარდი, – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე თქვენი დაიწყო, მაშინდელი ლექსები მაინც მახსოვს. თუ არ ვცდები, ორიგინალში ეს ასე ჟღერს: „გაუმარჯოს ექვს პენს, ჭვავს და ოცდაოთხ შაშვს“.
სერ ედვარდი შემობრუნდა. ისევ უკან, სახლში შევიდა და სახლში შესული პირდაპირ გარდაცვლილის ოთახისკენ გაემართა, კომოდიდან მისი საფულე გამოიღო და გადმოაპირქვავა. დიახ, მეხსიერებამ არ უღალატა. ზარი დარეკა. მართა მაშინვე იქ გაჩნდა. მეთიუს სთხოვა დაგვტოვეო და მოახლეს მიმართა:
– თუ არ მეშლება, თქვენ თქვით, რომ ცოტა იჩხუბეთ კიდეც რაღაც ახალი ექვსპენსიანისთვის. უცნაურია, რომ ამ ხურდებში ახალი ექვსპენსიანი საერთოდ არ არის. ორი კი ვიპოვე, მაგრამ ორივე ძველია. ხვდებით, ეს რას ნიშნავს? იმ საღამოს ამ სახლში ვიღაც კიდევ იყო. ის, ვისაც თქვენმა ქალბატონმა ექვსპენსიანი მისცა. ყველაფერი დამთავრდა, მართა. თავადაც ხედავთ, მთავარი უკვე ვიცი.
ქალი სკამზე მძიმედ დაეშვა და ცრემლები წამოუვიდა.
– თავიდან მართლაც ვერ გავიგონე ზარი. თუმცა, მაინც გადავწყვიტე, გავსულიყავი. მე სასტუმრო ოთახში კართან იმ დროს მივედი, როდესაც მან თავში ჩაარტყა. ქალბატონის წინ, მაგიდაზე დაგორგლილი ხუთფუნტიანები ეწყო. ვიცი, მან ეს სწორედ ფულის გამო გააკეთა. ეგონა, სახლში მარტო იყო, რადგან კარი თავად გააღო. შიშისგან გავქვავდი. შემდეგ შემობრუნდა... ჩემი ბიჭი, ჩემი შვილი... ის ყოველთვის რთული ბავშვი იყო. მე მას მთელ ჩემს ფულს ვაძლევდი. უკვე ორჯერ იჯდა ციხეში. ქალბატონს ყოველთვის კეთილი გული ჰქონდა. შემოუშვა და ის ექვსპენსიანი მისცა. ფული კი მაგიდაზე ეყარა. ისინი იქ იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ქალბატონს საჭმელი შევუტანე და ეშმაკი შეუჩნდა ჩემს ბენს... მან ის მოკლა. რა უნდა მექნა? ის ხომ ჩემი შვილია. მე იგი გარეთ გავაგდე, თავად სამზარეულოში დავბრუნდი და ჩვეულ დროს ვახშამი მოვამზადე. ძალიან ცუდად მოვიქეცი, სერ. იგი ქვეყნიდან გაიქცა. ფულიც ჰქონდა. არც კი ვიცი, ახლა სადაა.
– მაშინ შესაძლოა, სახრჩობელას გადაურჩეს, თუმცა ამის იმედი მცირეა. ახლა წადით და მადლენს დაუძახეთ. უთხარით, ყველა მოვიდეს. სიმართლე მათაც უნდა იცოდნენ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ