№4 კოწახურით მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კოწახური, როგორც სამკურნალო მცენარე, უძველესი დროიდან არის ცნობილი. ჯერ კიდევ ძველ ბაბილონსა და ინდოეთში მას იყენებდნენ, როგორც სისხლის გამწმენდ საშუალებას. ძველი ბერძნები და რომაელები კოწახურის ნაყოფისა და ფოთლებისგან კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებებს ამზადებდნენ, ინდოეთში ეს იყო მატონიზირებელი, მსუბუქი გამხსნელი, ასევე, წყურვილის მოკვლის საშუალება. ძველ ეგვიპტეში მისი მეშვეობით იწმენდნენ სისხლს. ასევე, ორგანიზმს შლაკებისგან ათავისუფლებენ.
ხალხურ მედიცინაში კოწახური გამოიყენება გულის კუნთის გასამაგრებლად, პანკრეასის ფუნქციების მოშლის, მალარიის, რევმატიზმის, დიზენტერიის, ფილტვის ტუბერკულოზის, ჰეპატიტის, ღვიძლისა და თვალების დაავადებების დროს, ასევე, როგორც სისხლის აღმდგენელი და საფერშლო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში – სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება.
კოწახურის წვენი პოლივიტამინებით სავსე ელექსირია, რომელიც გულის კუნთს ამაგრებს, წნევას აქვეითებს, ხსნის ნაღვლის ბუშტის სპაზმს და ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ექიმები კოწახურის წვენის მიღებას პაციენტებს ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ავიტამინოზის დროს და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლადაც ურჩევენ. მის მოსამზადებლად მწიფე ნაყოფი წვენსაწურში გამოვწუროთ და დასატკბობად თაფლი ან შაქარი დავამატოთ. წვენი აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ. ზამთრისთვის შესანახად წვენი უნდა წამოვადუღოთ და მოვხუფოთ.
სასარგებლოა კოწახურის მატონიზირებელი ჩაი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთ ჩაის კოვზ კოწახურის ფოთოლს ან ნაყოფს ასხამთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, აყენებთ ნახევარი საათით და სვამთ დღეში სამჯერ.
ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს: აიღეთ კოწახურის ხის დაქუცმაცებული ქერქი – ნახევარი ჩაის კოვზი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ მაინც.
ნაყოფის ნაყენი კი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ კოწახურს ვასხამთ ერთ ჭიქა მდუღარეს და ერთი საათი ვაყენებთ. უნდა მიიღოთ 1-2 სადილის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ. მას იდეალური ნაღველმდენი ეფექტი აქვს.
ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროსა და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატებს, ქინინის მსგავსად, სიცხის დამწევი ეფექტი აქვს. გამოირჩევა სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებებით. კოწახურის ფესვები და ქერქი (ალკალოიდები) რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმელებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით, ნიკრისის ქარის, რევმატიზმისა და წელკავის (წელის გაშეშების) დროს.
კოწახურის ქერქი მიიღება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში, დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ.